USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 2 ოქტომბერს?
თარიღი:  531

2 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი: ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი (+276)

წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. ერთხელ ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ყველგან თავაშვებული ღრეობა იყო გამართული. ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი მწუხარებით შესცქეროდნენ ამ ხმაურიან, უსჯულო ზეიმს და უფალს ევედრებოდნენ, ცხონების გზაზე დაეყენებინა გონდაბინდულები. ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა წმიდანები შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება დაიწყეს, რათა ძალით გადაედრიკათ კერპთმსახურებისაკენ. საბატი წამების დროს გარდაიცვალა, ტროფიმე კი სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილ ფრიგიის მმართველ დიონისესთან გაგზავნეს. უღმრთო დიონისემ ვერანაირი ძალისხმევით ვერ შეძლო ახოვანი ქრისტიანის მოდრეკა - წმიდანი ფსალმუნის ამ სიტყვებს იმეორებდა მხოლოდ: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან“ (ფს. 33,19). ბოლოს იგი საპყრობილეში ჩააგდეს. აქ ნეტარს ქრისტეს ფარული მიმდევარი - სენატორი დორიმედონტი აკითხავდა. როცა ამის შესახებ მტარვალებმა შეიტყვეს, ისიც დაატუსაღეს და მაცხოვრის სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. მარტვილმა უარი განაცხადა, რისთვისაც იგი ტროფიმესთან ერთად მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირებმა უფლის რჩეულებს პირი არ დააკარეს. მაშინ მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე (IV)

წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ერთხელ, ნადირობის დროს, კილიკიის მმართველი დომენტიანე გადააწყდა ბერს, რომელიც მშვიდად და ალერსიანად საუბრობდა გარსშემორტყმულ მხეცებთან. მონადირეთა დანახვაზე მხეცები დაფრთხნენ და დაიფანტნენ. ბერს ჰკითხეს, ვინ იყო და ამ უდაბნოში რატომ ცხოვრობდა, მან კი მიუგო, ზოსიმე მქვია, ქრისტიანი ვარ და ქალაქში იესო ქრისტეს მტრების გვერდით ყოფნას ნადირებთან ცხოვრება მირჩევნიაო. დომენტიანე დაემუქრა: „თუ ნაზარეველს ეთაყვანები, ნაზარეთში სახალხოდ სასტიკად გაწამებ და ქრისტეს უარყოფასაც გაიძულებო“, შემდეგ კი წმიდანს ჰკითხა, რა ძალით ათვინიერებდა ველურ ცხოველებს. მოხუცმა მიუგო: „მე - ქრისტიანი ვარ და ყოველი სული ქრისტეს ემორჩილება“. უღმრთოებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებელი მამა, ნაზარეთში წაიყვანეს და სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, კისერზე დიდი ლოდი გამოაბეს და რკინის ჩანგლებით სხეულის ჯიჯგნა დაუწყეს. ჯალათები მარტვილს ეუბნებოდნენ: „თუ მხეცებიც გემორჩილებიან, რომელიმე მათგანს უბრძანე, აქ გამოცხადდეს, მაშინ ჩვენც ვირწმუნებთ შენს ღმერთს“. ზოსიმე ლოცვით შეევედრა უფალს და უეცრად წამების ადგილას უზარმაზარმა ლომმა მოირბინა. ყველანი შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, ლომი კი წმიდანს მიუახლოვდა და მის კისერზე გამობმული ლოდი აღუმსუბუქა. მმართველმა ზოსიმეს სთხოვა, ნადირი დაეოკებინა, ჯალათებს კი წმიდანის ჩამოხსნა უბრძანა, რომ იგი იმპერატორთან წაეყვანა, მაგრამ ზოსიმემ წმიდა სული იქვე შეჰვედრა უფალს (წმ. ზოსიმეს ხსენება 4 იანვარსაც აღესრულება).

წმიდა კეთილმსახური მთავარი თეოდორე სმოლენსკელი და ძენი მისნი, დავითი და კონსტანტინე, იეროსლაველი საკვირველთმოქმედნი (XIII-XIV)

წმიდა კეთილმსახური მთავრის, თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა, დავითისა და კონსტანტინეს შესახებ იხილეთ 5 მარტის - წმ. მთავრების ნაწილთა აღმოყვანების დღის - საკითხავში. 19 სექტემბერს ეკლესია მათ მიცვალებას აღნიშნავს (XIII-XIV).

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის