USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 2 მაისს?
თარიღი:  501

2 მაისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი იოანე, რომელი იყო ხუცესი, ძველი ლავრისა პალესტინასა შინა (VIII)

19 (02.05) აპრილი

ღირსი იოანე, რომელი იყო ხუცესი ძველი ლავრისა პალესტინასა შინა (VIII), ახალგაზრდა იყო, როცა დატოვა სახლ-კარი, იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად წავიდა და საღვთო შურით აღძრული დაემკვიდრა ღირსი ხარიტონის (ხს. 28 სექტემბერს) ლავრაში, რომელიც უძველესი იყო პალესტინის სავანეთა შორის. ეს ლავრა მდებარეობდა ბეთლემთან ახლოს, მკვდარ ზღვასთან. გამუდმებული მოღვაწეობით წმიდა იოანემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. კეთილმსახურებით გამორჩეულ ბერს მღვდლად დაასხეს ხელი. თავისი წმიდა ცხოვრებით მან შორს გაითქვა სახელი.

მოწამენი ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე (+303)

19 (02.05) აპრილი

წმიდა მოწამენი ქრისტეფორე, თეონი და ანტონინი (+303) იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ჯარში მსახურობდნენ. ისინი წმიდა დიდმოწამე გიორგის (ხს. 23 აპრილს) წამებას ესწრებოდნენ, იხილეს მომხდარი სასწაულები, წმიდანის სარწმუნოება და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეომრებმა წარმართი მეფის მსახურებას ქრისტეს მხედრობა არჩიეს, განიძარცვეს ოქროს სარტყლები და იმპერატორის წინაშე განაცხადეს, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ. ქრისტეს ახალი აღმსარებლები ციხეში ჩაყარეს. მეორე დღეს იმპერატორმა მხედრებს სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ წმიდანები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და ადიდებდნენ მაცხოვარს. დიოკლეტიანეს ბრძანებით ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე ცემეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს. ეს მოხდა 303 წელს.

მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმელი ეპისკოპოსი

19 (02.05) აპრილი

მღვდელმოწამე პაფნუტი იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო. მან მრავალი ტანჯვა-წამება დაითმინა წარმართთაგან, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

არსებობს ვარაუდი, რომ მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინის საბადოებში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დევნილობის დროს.

მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა. წმიდანის კანონი დაიწერა ხატმბრძოლობის ერესის მძლავრობის დროს (842 წლამდე).

წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX)

19 (02.05) აპრილი

წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX) ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების დროს ცხოვრობდა. წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად. განიდიდა წმიდა ცხოვრებით და ხელდასხმულ იქნა ანტიოქიის პრუსაიდის ეპისკოპოსად.

იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) მიერ წმიდა ხატთა თაყვანისცემის აკრძალვის ჟამს წმიდა გიორგი კონსტანტინეპოლს ჩავიდა, ეპისკოპოსთა კრებაზე ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და მოუწოდა იმპერატორს დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. წმიდანმა უარი განაცხადა ტაძრიდან ხატების გატანაზე, რისთვისაც დაიჭირეს და გადაასახლეს (+დაახლ. 813-820).

წმიდა ტრიფონ კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+933)

19 (02.05) აპრილი

წმიდა ტრიფონი - კონსტანტინეპოლის პატრიარქი (+933) სიყრმეში აღიკვეცა ბერად. ამ დროს ბიზანტიაში მეფობდა იმპერატორი რომანოზი (919-944), რომელსაც სურდა პატრიარქის კათედრაზე აღესაყდრებინა თავისი უმცროსი ძე თეოფილაქტე. როცა პატრიარქი სტეფანე (925-928) გარდაიცვალა, თეოფილაქტე 16 წლისა იყო. იმპერატორმა ღირს ტრიფონს სთხოვა, პატრიარქის თანამოსაყდრე ყოფილიყო თეოფილაქტეს სრულწლოვანებამდე.

ღირსმა ტრიფონმა მორჩილებით მიიღო საპატრიარქო მსახურების სიმძიმე და სამი წლის განმავლობაში ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. როცა თეოფილაქტე 20 წლის გახდა, იმპერატორმა წმიდა ტრიფონს შესთავაზა, უარი ეთქვა პატრიარქის ხარისხზე. ღირსი ტრიფონი შეუძლებლად მიიჩნევდა გამოუცდელი ყმაწვილის საჭეთმპყრობელობას და უარი განაცხადა იმპერატორის წინადადებაზე. იმპერატორმა საბაბი ვერ მონახა პატრიარქის გადასაყენებლად, მაგრამ ისარგებლა კესარიის ეპისკოპოსის თეოფილეს ვერაგობით.

თეოფილე მივიდა ღირს ტრიფონთან, მოუწოდა გადაწყვეტილება, მაგრამ ურჩია, წინასწარი ზომებიც მიეღო: მის უწიგნურობაზე იმპერატორის აზრის გასაბათილებლად ფურცელზე დაეწერა თავისი სრული ტიტული. უბოროტო პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრებაზე სუფთა ფურცელზე დაწერა „ტრიფონი - ნებითა ღვთისათა არქიეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ახალი რომისა, პატრიარქი მსოფლიოსა“. იმპერატორის ბრძანებით ხელმოწერას ვერაგულად დაამატეს შემდეგი წინადადება: „პატრიარქის ტახტს ვტოვებ მხოლოდ იმიტომ, რომ თავს ღირსად არ ვთვლი“. როდესაც ეს ნაყალბევი წაიკითხეს, წმიდა ტრიფონი პატრიარქის სასახლიდან გააძევეს. ღირსმა ტრიფონმა სულგრძელად დაითმინა საშინელი ღალატი, მონასტერში დაბრუნდა და აღსასრულამდე იქ ცხოვრობდა (+933). მისი გვამი კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და პატრიარქთა საძვალეში დაკრძალეს.

ღირსი ნიკიფორე იღუმენი

19 (02.05) აპრილი

ღირსი ნიკიფორე იღუმენი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ და ცნობილ ოჯახში. მშობლები, ანდრია და თეოდორა ქრისტიანულად ზრდიდნენ შვილს. მათი სიკვდილის შემდეგ ნიკიფორემ მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და ქალკედონში გაემგზავრა. ღირს ნიკიფორეს მოეწოდა წმიდა ანდრიას მონასტრის მკაცრი ცხოვრების წესი და იქვე დარჩა სამოღვაწეოდ.

მან ისეთი არაჩვეულებრივი გულმოდგინება გამოამჟღავნა ლოცვასა და შრომაში და ისეთი მონდომება მოთმინებასა და მოღვაწეობაში, რომ მალე იღუმენმა ფინიკიის კუნძულზე გაგზავნა საქადაგებლად და დაადგინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენად.

ღირსმა ნიკიფორემ კუნძულზე გაატარა 33 წელი და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ღირსმა იღუმენმა ძმებს სთხოვა, ხომალდზე აეყვანათ, თვითონ კი ხომალდის პატრონს უთხრა: „მშვიდად იყავით, სული ჩემი უფალთან მიდის, გვამი კი ქალკედონზე წაიღეთ, წმიდა ანდრიას ლავრაში“, ხომალდმა მშვიდობით მიაღწია ქალკედონამდე. წმიდა ანდრიას მონასტრის მამებმა პატივით დაკრძალეს წმიდა მოღვაწის ცხედარი.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის