USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 19 თებერვალს?
Date:  

19 თებერვალს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი მამაჲ ჩვენი არსენ იყალთოელი (+1127)

6 (19) თებერვალი

ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. მამამისი კახეთის თავადი იბად ვაჩნაძე იმ დროისათვის ცნობილი კაცი იყო. მან შვილს სამეცნიერო და საღვთისმეტყველო განათლება მიაღებინა.

სასულიერო და საერო მეცნიერების უბადლო მცოდნე „ბრძენი და მეცნიერი“ არსენ იყალთოელი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და „მოძღვარი სამეცნიერო“. წმიდა არსენმა დააარსა ცნობილი იყალთოს აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინების საქმეში.

სრული ბიოგრაფიული ცნობები წმიდა მამის შესახებ არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა. მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამრტოლის „ხრონოგრაფი“, აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში „დოგმატიკონი“ ეწოდება. იგი შემდგომ თანდათან შეივსო სხვადასხვა პირთა მიერ ნათარგმნი თხზულებებით.

სწავლის დამთავრების შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის (ხს. 18 იანვარს)ხელმძღვანელობით  დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

1114 წელს წმიდა არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ ყოფნისას თარგმნა მან „დიდი სჯულისკანონი“. გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში ვკითხულობთ: „ქრისტიანეთა წინამძღვარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოჴსენებულისა და ჩუენ ქართველთათჳს ფრიად ჭირთა თავმსდებელისა არსენი იყალთოელის თარგმნილი“. შემდეგ არსენი კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია.

წმიდა არსენი ესწრებოდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეულ კრებას. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ მოუწოდა „არსენ იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა“.

„ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი“ წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.

ღირსი ვუკოლი ზმირნელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 100)

6 (19) თებერვალი

ღირსი ვუკოლი წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო და მის მიერვე იკურთხა ზმირნის ეკლესიის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.

ღვთის მადლით, მწყემსმთავარმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი ერთგულად იცავდა სამწყსოს მწვალებლობათა წყვდიადისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 100-105 წლებში.

 

წმიდა ვუკოლის საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც სნეულებს სასწაულებრივ კურნავდა.

ღირსი ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი (VI)

6 (19) თებერვალი

ღირსი ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს (483-565) მეფობისას ცხოვრობდნენ და პალესტინაში, ქალაქ ღაზის მახლობლად, ამბა სერიდის მონასტერში მოსაგრეობდნენ.

ღირსი ბარსანოფი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე მეტად თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ამბა სერიდის მონასტერში მისული მამა ტაძრის მახლობლად მცირე კელიაში დაემკვიდრა (აღმოსავლეთში კელიები ხშირად კლდის გამოქვაბულებს წარმოადგენდა). მოგვიანებით ამ კელიაში დაეყუდა და აქ სიკვდილამდე 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მისი მოწაფე ღირსი იოანე, წმიდა ბარსანოფი კი სხვა ვიწრო სამყოფელში დაემკვიდრა, ისევ მონასტრის მახლობლად. ადამიანთაგან განრიდებულმა მოსაგრემ 50 წელი გაატარა სრულ მდუმარებასა და ლოცვაში. იგი მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა. დაყუდებაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მამამ სულიერი შეწევნის მთხოვნელთა დამოძღვრა დაიწყო. კითხვებზე პასუხს ის ღირსი იოანეს და ამბა სერიდის მეშვეობით აძლევდა მომსვლელებს, ზოგჯერ კი იოანეს ავალებდა მათ დამოძღვრას. ამბა სერიდი წმიდანის პასუხებს იწერდა. ღირსმა ბარსანოფიმ უდრტვინველად დაითმინა მრავალი მძიმე სნეულება და განსაცდელი, რის შემდგომაც უფალმა სასწაულთქმედების და წინასწარცნობის მადლით დააჯილდოვა. იგი განასხმიდა ეშმაკებს, კურნავდა უიმედო ავადმყოფებს, ამბა სერიდის მონასტრის მდუმარე ბერს - ექვთიმეს წმიდანმა უწინასწარმეტყველა, სხვა მრავალთან ერთად, ახდა. სნეულები და შეჭირვებულები შვებას პოულობდნენ წმიდა მამის სახელის ხსენებით და მის მიერ ნაკურთხი ნივთების შეხებით.

ღირსი იოანე წინასწარმეტყველი წმიდა ბარსანოფის მოწაფე იყო. მოძღვრის მორჩილებით მან სრულყოფილების მწვერვალს მიაღწია, მაგრამ თავმდაბლობისა და მოკრძალების გამო მასთან მოსულ სულიერი დამოძღვრის მსურველებს ღირს ბარსანოფისთან აგზავნიდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, მაგრამ ახალგარდაცვლილი ამბა სერიდის შემდგომ დადგენილმა ახალგაზრდა იღუმენმა ელიანმა შესთხოვა, ეცოცხლა კიდევ, თუნდაც ორი კვირის მანძილზე, რომ მონასტრის წეს-განგება ესწავლებინა მისთვის. ღირსმა მამამ შეისმინა ვედრება და, მართლაც, ორ კვირაში გარდაიცვალა. წმიდა ბარსანოფი შეესწრო მოწაფის სიკვდილს.

წმიდა ფოტი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+891)

6 (19) თებერვალი

წმიდა ფოტი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი IX საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. მამამისი ხატთაყვანისცემის დაცვისთვის მოწამეობრივად აღსრულებულა.

ფოტიმ ბრწყინვალე განათლება მიიღო: თანამედროვეთა მოწმობით, მას განსწავლულობით თავის საუკუნეში ტოლი არ ჰყავდა. ფილოსოფიის, მედიცინის, ასტრონომიისა და ღვთისმეტყველების ამ შესანიშნავ მასწავლებელთან სხვადასხვა მეცნიერებებს ეუფლებოდნენ იმპერატორის ტახტის მემკვიდრე მიხეილი და მომავალი სლავთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი კირილე. ფოტის პირველი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეჭირა სენატში, მაგრამ სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა მონაზვნობისკენ მიდრეკილ მის სულს.

 

857 წელს იმპერატორ მიხეილის თანამმართველმა, ბარდამ კონსტანტინეპოლის კათედრიდან გააძევეს პატრიარქი ეგნატე და მის ნაცვლად ფოტის დადგინება გადაწყვიტა. მომავალ წმიდანს ამ მაღალი ხარისხისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ მისი არ შეისმინეს: ექვსი დღის განმავლობაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და შობის დღესასწაულზე პატრიარქადაც აკურთხეს. მალე გადაყენებული მღვდელმთავრის მომხრეებმა შფოთი დაიწყეს. 861 წელს მღელვარების ჩასაცხრობად მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც დაადასტურა ეგნატეს გადაყენება და ფოტი პატრიარქად დაამტკიცა. პაპი ნიკოლოზ 1 იმედოვნებდა, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ახალი მესაჭე მისი ნების აღმსრულებელი იქნებოდა, მაგრამ, როცა იმედები არ გაუმართლდა, ფოტი ანათემას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული, სიცოცხლის აღსასრულამდე წმიდანს უხდებოდა დაუცხრომელი ბრძოლა პაპის თვითნებობასთან და მის მიერ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფის ცდებთან. 864 წელს ბულგარეთი საკუთარი ნებით მოექცა მართლმადიდებლობაზე. როგორც ვარაუდობდნენ, ბულგარეთის მეფე ბორისი პატრიარქმა ფოტიმ მონათლა, რის შემდეგაც ახალმოქცეულ ქვეყანაში მთავარეპისკოპოსი და მღვდლები გაგზავნა. შემდეგ, წმიდა ფოტის კურთხევით, ბულგარეთში გაემგზავრნენ წმიდა კირილე და მეთოდე – სლავურ ენაზე ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად. პაპის მომხრეებმა შეძლეს, რომ ქვეყანაში აღმოსავლელი მქადაგებლებისადმი უნდობლობა გაეღვივებინათ. ამასთან, გერმანელთა თავდასხმებით შევიწროებული მეფე მიხეილი იძულებული შეიქმნა, დახმარება დასავლეთში ეძია და პაპს მიმართა თხოვნით, ბულგარეთში თავისი ეპისკოპოსები გამოეგზავნა. ახალნერგ ქვეყანაში ჩამოსულმა პაპის ლეგატებმა აქ ლათინთა სწავლებისა და წეს-ჩვეულებების დანერგვა დაიწყეს, ამასთან ირწმუნებოდნენ, რომ პატრიარქ ფოტის მიერ აღსრულებულ მღვდელმოქმედებებს ძალა არ ჰქონდა და ნათელღებულ ბულგარელებს ხელმეორედ სცხებდნენ მირონს. ეს იყო მთელი კონსტანტინეპოლის ეკლესიის დიდი შეურაცხყოფა. მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა და უსჯულოების მამხილებელმა წმიდა ფოტიმ აღმოსავლეთის ეკლესიებს დაუგზავნა ეპისტოლეები, რომლითაც აუწყა ისინი პაპის ქმედებების შესახებ და ამცნო, რომ რომის ეკლესია მართლმადიდებლობას ემიჯნებოდა არა მარტო წეს-ჩვეულებებით, არამედ სწავლებითაც და მათ ანტიქრისტეს მსახურები უწოდა.

867 წელს, იმპერატორ მიხეილის მკვლელობის შემდეგ, სამეფო ტახტი მიიტაცა ბასილი მაკედონელმა. მღვდელმთავარმა ფოტიმ უშიშრად ამხილა მკვლელი. ამის გამო ის გადააყენეს პატრიარქობიდან, მონასტერში გამოამწყვდიეს და მის ნაცვლად ეკლესიის მესაჭეობა კვლავ ეგნატეს მიანდეს. მღვდელმთავარ ფოტის მოქმედების გამოსაძიებლად მოწვეულ კრებას პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს ხელმოსაწერად წარუდგინეს სიგელები, რომელთა მიხედვითაც მთელი ეკლესია პაპის სამსჯავროს უნდა დაქვემდებარებოდა. აღმოსავლელი ეპისკოპოსები არ დაყვნენ პაპის ნებას და ლეგატებთან გაცხარებული კამათი წამოიწყეს. კრებაზე გამოძახებულმა ფოტიმ დუმილით მოისმინა მისი დაპატიმრების უსამართლო განაჩენი. ბოლო კითხვაზე – ხომ არ მოინანიებდა წმიდა ფოტი მის დანაშაულს, მღვდელმთავარმა უპასუხა: „იქნებ თქვენ გადაიფიქროთო რამე”.

შემდგომ მოვლენები ისე წარიმართა, რომ ბულგარეთიდან განდევნეს ლათინი ღვთისმსახურები და პატრიარქმა ეგნატემ ისევ თავისი ეპისკოპოსები გაგზავნა ქვეყანაში. 879 წელს, ეგნატეს სიკვდილის შემდეგ, მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც კვლავ ცნო ფოტი კანონიერ მწყემსმთავრად.

 

იმპერატორ ბასილის მემკვიდრის, ლეონის დროს მღვდელმთავარ ფოტის მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და 886 წელს კათედრიდან გადააყენეს. წმიდა მამა არმონიის მონასტერში გამოამწყვდიეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი მრავალტანჯული სიცოცხლე.

მართლმადიდებლური ეკლესია თაყვანს სცემს ფოტის, როგორც პაპის თვითნებობისაგან აღმოსავლეთის ეკლესიის მხურვალე დამცველს, როგორც ღრმად განსწავლულ ღვთისმეტყველს, რომელმაც დაგვიტოვა მრავალი ნაშრომი ლათინთა ცდომისა თუ სხვა ერესების სამხილებლად, წმიდა წერილის განსამარტავად და სხვა სარწმუნოებრივი საკითხების გასარკვევად.

წმიდა მოწამენი: დოროთეა, ქრისტინა, კალისტა და თეოფილე (+288-300)

6 (19) თებერვალი

წმიდა მოწამე დოროთეა კაბადოკიის კესარიაში ცხოვრობდა. იგი იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, 288 ან 300 წელს ეწამა წმიდა ქრისტინასთან, კალისტასთან და თეოფილესთან ერთად.

წმიდა დოროთეა კეთილმსახური ქრისტიანი ქალწული იყო და გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მორჩილებითა და კეთილგონიერებით. მმართველ საპროკიუსის ბრძანებით შეპყრობილმა წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად აწამეს. მოუდრეკელი ქალწული დებს – ქრისტინასა და კალისტას ჩააბარეს. ისინიც ადრე ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ წამების შიშით განუდგნენ ჭეშმარიტ ღმერთს და უსჯულო ცხოვრებას მიეცნენ. მმართველმა დებს დაავალა, დაეჯერებინათ დოროთეა, რომ წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მოხდა საპირისპირო, თავად დოროთეამ შეაჯერა განდგომილები, რომ ღვთის წყალობით ყველა მონანულს მიეტევება ცოდვები. წმიდანები კვლავ დაუბრუნდნენ ქრისტეს. ამისთვის მტარვალებმა ზურგებით მიაკრეს ისინი ერთმანეთს, ფისიან კასრში ჩასხეს და დაწვეს.

წმიდა დოროთეა კვლავ საწამებლად გადასცეს. იგი სიხარულით ითმენდა სატანჯველებს და სიხარულითვე შეხვდა სასიკვდილო განაჩენს. ერთმა სწავლულმა – სქოლასტიკოსმა თეოფილემ დაცინვით მიმართა ქალწულს: „ქრისტეს სასძლოვ, შენი სიძის ბაღიდან ვარდები და ვაშლები გამომიგზავნე”. წმიდანმა მშვიდად დახარა თავი. სიკვდილის წინ მან ლოცვისთვის დრო ითხოვა. როცა ლოცვა დაასრულა, მის წინაშე ანგელოსი წარსდგა მშვენიერი ჭაბუკის სახით და სპეტაკი ტილოთი სამი ვაშლი და სამი ვარდი მიართვა. ქრისტეს ტარიგმა ითხოვა, ეს ყველაფერი თეოფილესთვის გადაეცათ, რის შემდეგაც მას თავი მოჰკვეთეს. საოცარმა მოსაკითხმა თავზარი დასცა ქრისტიანთა მდევნელს, მან ირწმუნა მაცხოვარი და აღიარა ქრისტე. ამისთვის ისიც საშინლად აწამეს და მახვილით მოკლეს.

წმიდა დოროთეას უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს, მისი თავიც რომშია დასვენებული, ტროსტევერის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.

წმიდა მოწამე იულიანე (+312)

6 (19) თებერვალი

წმიდა მოწამე იულიანე ფინიკიის ქალაქ ემესიდან იყო. იგი 312 წელს ეწამა, იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას. იულიანე დახელოვნებული მკურნალი იყო, კურნავდა როგორც ხორციელ, ასევე სულიერ ავადმყოფსაც და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.

როცა წმიდა მოწამეები – ეპისკიპოსი სილვანი, დიაკონი ლუკა, და მოკი მკითხველი (ხს. 29 თებერვალს) მხეცების დასაგლეჯად მიჰყავდათ, იულიანე ამხნევებდა და გამანტკიცებდა მათ, რისთვისაც შეიპყრეს, ვიწრო ნაპრალში შეიმწყვდიეს, ხელებსა და ფეხებში გრძელი ლურსმანები ჩააჭედეს და ისე მოკლეს.

 

წმიდა მოწამენი: ფავსტა ქალწული, ევილასი და მაქსიმე (+305-311)

6 (19) თებერვალი

წმიდა ქალწულმოწამე ფავსტა და მასთან ერთად ევილასი და მაქსიმე დიოკლეტიანეს დროინდელ დევნულობისას ეწამნენ ქალაქ კვიზიკში (მიზია), 305-311 წლებს შორის.

ღვთისმოშიში ქრისტიანების ასული, ადრე დაობლებული ფავსტა მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა. ქრისტიანი ქალწული მმართველთან დაასმინეს და მანაც 80 წლის ქურუმი ევილასი გააგზავნა ფავსტის ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადასაცდენად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც იგი საშინლად აწამეს და ხის ყუთში ჩასვეს. მტარვალები ქანცის გაწყვეტამდე ცდილობდნენ გაეხერხათ, ან ცეცხლში დაეწვათ ყუთში გამოკეტილი მარტვილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ: არა მხოლოდ ქალწული, ღვთის მადლით დაცული ყუთიც უვნებელი რჩებოდა. ქურუმი ევილასი გააოცა ღვთის მადლის ასეთმა გამოვლინებამ, ირწმუნა და უშიშრად აღიარა ქრისტე.

მომხდარის გამოძიება მეფემ ეპარქ მაქსიმეს დაავალა, რომელმაც გაქრისტიანებული მოხუცის წამება დაიწყო. ევილასმა ფავსტას სთხოვა, ელოცა მისთვის, შემდეგ კი ახოვნად დაითმინა სატანჯველები. წმიდა ფავსტა მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ პირი არ დააკარეს მოწამეს. მაშინ მარტვილები მდუღარე წყალში ჩააგდეს, მოწამეები კვლავ უვნებლად რჩებოდნენ და ლოცულობდნენ ჯალათებისთვის.

წმიდანების სარწმუნოებითა და მოთმინებით გაოცებულმა მაქსიმემ შესთხოვა უფალს, მისთვისაც მოწყალე თვალით მოეხედა. უეცრად გაიხსნა ცა და ეპარქმა იხილა იესო ქრისტე ნათელმოსილ ანგელოზებთან, მთავარანგელოზებთან და სხვა წმიდანებთან ერთად. ამ საოცარი ჩვენებით შეძრწუნებულმა ხმამაღლა ღაღადჰყო: „უფალო, მიიღე ჩემი სულიც’’, გაიქცა ცეცხლზე შემოდგმული ქვაბისკენ, რომელშიც ცოტა ხნის წინ მისივე ბრძანებით ჩაყარეს წმიდა მარტვილები და შიგ გადაეშვა. ზეციდან გაისმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ!’’ და ამ მოწოდებით გამხნევებულმა და სიხარულით აღვსილმა ტარიგებმა უფალს შეჰვედრეს სული.

წმიდა მოწამენი: მართა, მარიამი და ძმა მათი ლიკარიონ ყრმა

6 (19) თებერვალი

წმიდა ქალწულმოწამენი: მართა და მარიამი დები იყვნენ და ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათ ქრისტესთვის მოწამეობის საღვთო შური არ ასვენებდათ და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ. ერთხელ მათი სახლის წინ წარმართმა მხედართმთავარმა ჩამოიარა. ასულები გამოვიდნენ მის შესახვედრად და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. მხედარმთავარმა თავიდან მათ ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ნეტარი დები დაჟინებით მისძახოდნენ მას თავიანთ აღმსარებლობას. მაშინ წარმართმა ორივენი შეიპყრო და ძმასთან - ყრმა ლიკარიონთან ერთად ჯვარს აცვა. მშობელი დედა უყურებდა შვილების ტანჯვას და მათ სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ბოლოს მართა და მარიამი შუბით მოკლეს, ლიკარიონს კი თავი მოჰკვეთეს.

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way