USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 19 სექტემბერს?!
дата:  161

19 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ
კოლასეს შინა, რომელ არს ხონა (IV); ღირსი არქიპო (IV)

6 (19) სექტემბერი

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში დამო ინათლა.

მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს მიმართულება შეუცვალა. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს.

ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამენი: ევდოქსი, ზენონი და მაკარი (+311)

6 (19) სექტემბერი

წმიდა მოწამენი, ევდოქსი, ზენონი და მაკარი დიოკლეტიანეს მემკვიდრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ მოწამეობრივად.

როცა დიოკლეტიანემ ბრძანება გამოსცა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა მართლმორწმუნე, რომელიც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა, ქრისტიანთა გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის დიდგვაროვნებმა და სახელმწიფო მოხელეებმა, თავი აარიდეს მოსალოდნელ ტანჯვა-წამებას და სხვადასხვა ქვეყნებში გაიხიზნნენ. ევდოქსიმ დატოვა მაღალი თანამდებობა და მეუღლესთან - ბასილისასთან და მთელ სახლეულთან ერთად სომხეთის ქალაქ მელიტინას მიაშურა.

როცა ქალაქის მმართველმა წმიდანის ჩამოსვლა შეიტყო, მხედრები გაგზავნა მის მოსაძებნად. მეომრები შეხვდნენ გლახაკის სამოსელში გადაცმულ მარტვილს, ვერ იცნეს იგი და ევდოქსის ადგილსამყოფელი ჰკითხეს. წმიდანმა თავისი ვინაობა დამალა, სახლში მიიწვია მეომრები და ღამეც გაათევინა. მხედრებთან შეხვედრა მან უფლისგან მოწამეობრივი ღვაწლისთვის მოწოდებად აღიქვა და დილით სტუმრებს თავისი ვინაობა განუცხადა. მეომრები შეწუხდნენ და ევდოქსის შესთავაზეს, „არა განგცეთ ჩუენ კეთილი ეგე მასპინძელი ჩუენი, არცა მივაგოთ ბოროტი უცხოთმოყვარებასა შენსა“; მაგრამ მარტვილმა უარი განაცხადა. მან მეუღლეს მოუხმო, „განგებაჲ სახლისა თჳსისაჲ განუწესა“ და სთხოვა, ჩემი მოწამეობრივი აღსასრულის დღეს კი ნუ იგლოვ, იზეიმეო. ევდოქსის თან გაჰყვნენ მეუღლე ბასილისა და მისი მეგობრები - ზენონი და მაკარი. ქალაქის თავი წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვის საფასურად სიცოცხლის, მაღალი მდგომარეობისა და ქონების შენარჩუნება აღუთქვა, მაგრამ ნეტარი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. იქვე მდგომმა ათასზე მეტმა მეომარმა, ქრისტეს ფარულმა აღმსარებელმა, მიჰბაძა ნეტარს. შეცბუნებული მმართველი იმპერატორს დაეკითხა, როგორ მოქცეულიყო, „ხოლო მან უბრძანა, რაჲთა წინამძღუარნი იგი ესევითარისა მის კადნიერებისანი მძიმეთა სატანჯველთა შესთხინეს, ხოლო სხჳსა მის ერისათჳს, ვითარცა თჳთ ენებოს, ეგრეთ განაგოს“. წმიდა ევდოქსი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასასჯელად გაიყვანეს. აღსასრულის წინ მარტვილი იქვე მდგომ აცრემლებულ ბასილისასკენ მიბრუნდა, გაამხნევა და სთხოვა, მიმნად წოდებულ სოფელში დაეფლა მისი გვამი; შემდეგ მეგობარს - ზენონს უწინასწარმეტყველა, ერთად წარვდგებითო უფლის წინაშე. ამ სიტყვებით აღფრთოვანებულმა ზენონმა ხმამაღლა აღიარა ქრისტე. მეუღლის ხვედრის გაზიარების მოსურნე ბასილისამ უშიშრად ამხილა უსჯულო ხელისუფალი. ქალაქის თავი მიხვდა მხნე აღმსარებლის გულისწადილს, არ აწამა იგი და გააძევა. წასვლის წინ ნეტარმა დედამ მტარვალს მიმართა: შენი ხელით სიკვდილი თუ ვერ ვპოვე, გგონია, გვირგვინს დავაკლდები? დაფარულთა მხედველი ჩემი მეუფე მარტვილობის სურვილსაც აღსრულებულ ღვაწლად მიმითვლის და ჩემი ქმრის თანასწორ საზღაურს მომაგებს!

შვიდი დღის შემდეგ ევდოქსი ძილში ეჩვენა ბასილისას და ამცნო, ჩემს მეგობარსა და ეზოსმოძღვარ მაკარის გადაეცი, რომ მე და წმიდა ზენონი მის მოსვლას ველოდებითო. ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ გამოცხადდა მმართველთან, აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. ამ დროს კიდევ მრავალი ქრისტიანი ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგულებისათვის (+311-312).

წმიდა მოწამე რომილე და მასთან მრავალნი სხვანი (+107-115)

6 (19) სექტემბერი

წმიდა მოწამე რომილე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მხედართუფროსი იყო. ტრაიანე იმპერიის აღმოსავლეთში ჩავიდა იქ მკვიდრი ხალხების შფოთის ჩასაცხრობად და ჯარი დაათვალიერა, მეომართა შორის თერთმეტი ქრისტიანი აღმოაჩინა. ისინი მან დაუყოვნებლივ სომხეთში გადაასახლა. წმიდა რომილემ ამხილა იმპერატორი უღმრთოებასა და უგუნურებაში და თან აღიარა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. გააფთრებული ტრაიანეს განკარგულებით წმიდანი სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს.

სომხეთში გადასახლებული ქრისტიანი მხედრებიც სხვადასხვაგვარი სატანჯველებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი (III-IV)

6 (19) სექტემბერი

მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 9 ივლისსა და 6 სექტემბერს (ცხოვრება იხილეთ 9 ივლისის საკითხავში).

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი
და მასთან 11 მოწამე (+დაახლ. 250)

6 (19) სექტემბერი

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება მმართველ ვალერიუსის წინაშე, რის-თვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას.

ღირსი დავითი (VI)

6 (19) სექტემბერი

ღირსი დავითი მონასტერში მისვლამდე ავაზაკთა რაზმის მეთაური იყო ეგვიპტეში, ჰერმოპოლის უდაბნოში. მას მრავალი მკვლელობა და სხვა უსჯულოება უმძიმებდა სულს. როცა მოხუცებულობას მიაღწია, ნეტარმა გადახედა განვლილი ცხოვრების გზას და თავისმა შავბნელმა საქმეებმა ძრწოლა მოჰგვარა. სინანულით აღვსილმა, დატოვა ბანდა, მონასტერს მიაშურა და იღუმენს სთხოვა, საძმოში მიეღო. იღუმენი დიდხანს უარზე იდგა. არწმუნებდა მოსულს, ჩვენი ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლებო; დავითი კი დაჟინებით ითხოვდა თავისას, დაბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდა, დაიმუქრა, მე ცნობილი ავაზაკი დავითი ვარ და თუ მონასტრის კარებს არ გამიღებთ სინანულისთვის, დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას, დავარბევ სავანეს და ბერებსაც ამოვხოცავო. მაშინ იღუმენმა მიიღო ავაზაკი, ის კი, ყველას გასაოცრად, სამაგალითო ბერი დადგა და თავისი მკაცრი ღვაწლით მონასტრის ძმებს ბევრად გადააჭარბა. რამდენიმე ხნის შემდეგ უფალმა დავითს მთავარანგელოზი გაბრიელი მოუვლინა და ცოდვათა მიტევება აუწყა, ღირსმა მამამ ვერ დაიჯერა, რომ ისეთ დიდ ცოდვილს, როგორც ის იყო, უფალი ასე მალე შეუნდობდა. მცირედმორწმუნეობისა და უნდობლობისათვის დავითი დამუნჯდა და მხოლოდ კანონთა კითხვისა და საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის დროს უბრუნდებოდა მეტყველების უნარი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ამგვარი ცხოვრებით იცხოვრა მან მრავალი წლის მანძილზე, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა (VI).

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати