USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 19 ოქტომბერს?!
 129

20 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)

წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.

მოხევეები - „კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი“, ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით, იქაური ეკლესია-მონასტრები გვაცვიფრებენ თავიანთი სილამაზითა და მოუწვდომლობით. იქ თითქოს საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესიებს ისეთ ადგილებში, სადაც მისვლაც კი უკვე აღმსარებლობას უტოლდებოდა.

ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინოს ჯვარი ინახებოდა.

მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას გამოკვეთილი ყოფილა გამოქვაბული, რომელსაც ბეთლემს უწოდებდნენ. გამოქვებულში შესვლა მხოლოდ იქიდან ჩამოშვებული ჯაჭვის საშუალებით შეიძლებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იქ მრავალი საკვირველება ინახებოდა: „იტყუინ უფლისა აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა“.

მეფე გიორგი XII-ის უფროსი ძის დავით ბატონიშვილის (1776-1819 წწ.) ცნობით, იოსებ მოხევე „იყო ფრიად სიწმიდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღმრთისაჲთა აღვიდა მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამ მამათავრისა, რომელ ჯერეთცა არავინ აღსრულ არს მთასა მას და მოართო მეფეს ირაკლის ნაჭერი კარვისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთმოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა“.

აღესრულა 1763 წელს.

წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი (+290-303)

წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი რომაელები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მაქსიმიანეს გამორჩევით უყვარდა ერთგული კარისკაცები, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. ბოლოს მოშურნეებმა წმიდანები თვითმპყრობელთან დაასმინეს - წარმართულ ღვთაებებს თაყვანს არ სცემენო. იმპერატორმა ცრუღმერთების პატივსაცემად დიდი დღესასწაული გაიმართა. მაქსიმიანემ შენიშნა, რომ წმიდანები არსად ჩანდნენ, ძალით მოაყვანინა ისინი და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. უფლის რჩეულებმა მის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. განრისხებულმა მაქსიმიანემ მხედრული ხარისხები აჰყარა მარტვილებს, დედათა სამოსით შეამოსვინა და, ყელზე რკინის სალტეებშემოჭდობილნი, ბრბოს დასაცინად ატარებინა ქალაქის ქუჩებში. იმპერატორმა, რომელსაც არ სურდა, თვითონ ეწამებინა საყვარელი კარისკაცები, სირიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველს, ქრისტესმოძულეობით განთქმულ ანტიოქოსს გაუგზავნა ისინი. ანტიოქოსს თანამდებობა სერგისა და ბაქოსის წყალობით ჰქონდა მოპოვებული. „მამანო და მწყალობელნო ჩემნო! - მიმართა მან მარტვილებს, - მარტო თქვენი თავი კი არა, მეც შემიწყალეთ: არ მსურს გაწამოთ!“ მაცხოვრის მსასოებლებმა კი მიუგეს: „ჩვენთვის სიცოცხლე - ქრისტეა, მისთვის სიკვდილი კი - შესაძინელი“. მაშინ უღმრთო მმართველმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ბაქოსი, ხოლო სერგი საპყრობილეში გამოემწყვდიათ.

ბაქოსი წამების დროს აღესრულა ქალაქ ბარბალისში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე. მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად მიგდებული მისი ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს და ერთ გამოქვაბულში დაფლეს. იმავე ღამეს ბაქოსი ღამეული ჩვენებით გამოეცხადა სერგის და განამტკიცა. მეორე დღეს სერგის გრძელი და მახვილი ლურსმნებით მოსხმული რკინის ჩექმები ჩააცვეს და აიძულეს, სხვადასხვა ქალაქებში მიმომავალი ანტიოქოსის ეტლს ხლებოდა თან. სირიის ქალაქ როზათში მარტვილს ახალი მძიმე სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი მხნედ იტანდა წამებას და ფსალმუნებსა და ლოცვებს აღავლენდა ზეცათა მეუფის წინაშე. ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს (290-303

წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი (I)

7 (20) ოქტომბერი

წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი მოციქულთა სწავლების უშუალო გამგრძელებელი და მქადაგებელი წმიდა მამები მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.

კესარიოსი იტალიის ქალაქ ტარაკინიაში (შემდგომ - ტერაცინა) შეიპყრეს და აპოლონის ტაძარში წაიყვანეს, მაგრამ წმიდანის მოახლოებისთანავე საკერპო ჩამოიქცა და შიგ შეკრებილი ხალხი და ქურუმები ქვეშ მოიყოლა. ამ დროს კერპთმსახურებმა შეიპყრეს ქრისტიანი ხუცესი იულიანე. იმპერატორის ბრძანებით ორივე მოწამე ზღვაში დაახრჩვეს, მაგრამ, ღვთის ნებით, მათი წმიდა ცხედრები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მართლმორწმუნეებმა ისინი წაასვენეს და პატივით დაკრძალეს. ნეტარი კესარიოსის უხრწნელი ნაწილები ამჟამად რომშია დაცული.

წმიდა მოწამე პელაგია ტარსელი (+290)

წმიდა მოწამე პელაგია ტარსელი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამა ქრისტესთვის. მისი ცხოვრება იხილეთ 4 მაისის საკითხავში.

წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი (IV)

7 (20) ოქტომბერი

წმიდა მოწამე პოლიქრონიოს ხუცესი ბავშვობიდანვე ქრისტიანული მსოფლმხედველობით იზრდებოდა, იგი ღარიბი მიწათმოქმედის შვილი იყო. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, წმიდანმა დატოვა მშობლიური სახლი, კონსტანტინოპოლს მიაშურა და ერთი მდიდარი მეპატრონის ზვრებში დაიწყო მუშაობა. ბატონი გაოცებული იყო მისი მუყაითობით და საზღაურსაც უშურველად უხდიდა. აღებული ფულით ნეტარმა ტაძარი ააგო. არსებობს ცნობა, რომ პოლიქრონიოსი მედავითნის ხარისხში მონაწილეობდა I მსოფლიო კრების (325 წ., ნიკეა)სხდომებზე. მალე იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული არიანელმა მწვალებლებმა ღვთისმსახურების დროს მოკლეს ტაძრის საკურთხეველში (IV).

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way