USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 19 ოქტომბერს?!
 126

წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა (I)

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს:

- „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს“ (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენით დაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაც ყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნების შესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ:

- „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“ (იოანე 20, 27).

მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც, თომამ შეჰღაღადა:

- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იქვე, მუხლი 28).

ეს მოვლენა ცხადზე უცხადესაც გვარწმუნებს ჩვენ ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით, არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).

თომა ძალზე წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებში და ველურ ხალხებთან უხდებოდა წასვლა, მაგრამ ჩვენებაში მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და უბრძანა, ყოველთვის მხნედ იყავი და ნურაფრის გეშინის, რადგან მეც მარადის შენთან ვიქნებიო. მალე თომამ ისიც შეიტყო უფლისაგან, თუ როგორ უნდა მიეღწია ამ ქვეყნამდე...

იმავე ხანებში შემდეგი მოვლენა მოხდა:

ინდოეთის მეფემ გუნდაფორმა დიდი, ბრწყინვალე სასახლის აშენება ისურვა თავისთვის და ერთ-ერთი ვაჭარი, სახელად ავანი, პალესტინაში გაგზავნა - წადი იქ და ისეთი გამოცდილი ხელოვანი ხუროთმოძღვარი მომინახე, ვისაც შეეძლება რომის იმპერატორთა მსგავსი სრა-სასახლე ამიგოსო. სწორედ ამ ვაჭარ ავანთან ერთად გაგზავნა უფალმა თავისი მოციქული: როცა ავანი პალესტინაში ხელოვან ხუროთმოძღვარს ეძებდა, მას თომა შეხვდა და უთხრა, მე სამშენებლო ხელოვნებაში დიდად გამოცდილი კაცი ვარო. ავანმაც მაშინვე დაიქირავა იგი, ხომალდზე აიყვანა, და მალე, ზურგის ქარის ამოვარდნისთანავე, ისინი ინდოეთისაკენ გაემგზავრნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ქალაქის ნავთსაყუდელს მიადგნენ, სადაც მეფის ასულის ქორწილი იყო და მეფე განურჩევლად ყველას იწვევდა ქორწილში. ავანი და თომაც მივიდნენ საქორწინო ნადიმზე. აქ თომამ ერთ-ერთ მის შეურაცხმყოფელს ღვთისგან სასჯელი უწინასწარმეტყველა. ეს წინასწარმეტყელება საოცარი სიზუსტით აღსრულდა იმავე დღეს, რამაც ხალხს შიშის ზარი დასცა. მეფესაც აუწყეს მომხდარის შესახებ. მეფემ თავისთან მოუწოდა თომას და უთხრა:

- შემოდი ჩემს სასახლეში  და აკურთხე დღეს გათხოვილი ჩემი ასული!

მოციქულიც შევიდა სასახლეში და კეთილკრძალულებაში დაუწყო დამოძღვრა ახლად დაქორწინებულთ - დაიმარხეთ ქალწულება, შეურყვნელად შეინახეთ უმაკოება და ასეთი ხვედრი ბევრად უმჯობესი იქნება თქვენთვისო. ბოლოს ილოცა ქალ-ვაჟისათვის, აკურთხა ისინი და განეშორა. ძილში ახლადდაქროწინებულებმა იესო ქრისტე იხილეს, რომელიც თომას სახით გამოეცხადა მათ და სიყვარულით იკრავდა გულში. მეფის ასულის ქმარმა, რაკი იფიქრა თომა დაბრუნებულაო, ჰკითხა:

- შენ ყველაზე ადრე გახვედი ჩვენგან, როგორღა აღმოჩნდი ისევ აქ?

უფალმა კი მოუგო:

- მე თომა კი არა, მისი ძმა ვარ! და ყველა, ვინც უარყოფს ამა ქვეყანას და მე გამომყვება თომასავით, მხოლოდ ჩემი ძმა კი არ იქნება მომავალ დაუსრულებელ ცხოვრებაში, არამედ ჩემი მემკვიდრეც, რადგან მთელს ჩემს სამეუფოსაც დაიმკვიდრებს! ჰოდა, თქვენც, შვილნო ჩემნო, ნუ დაივიწყებთ ყოველივე ამას, რაც ჩემმა ძმამ თომამ გირჩიათ. და თუკი მისი რჩევისამებრ უმანკოდ დაიმარხავთ თქვენს ქალწულებას, მაშინ უხრწნელი გვირგვინების მიღების ღირსნი გახდებით ჩემს ზეციურ სრა-სასახლეში!

(ქალწულების და უქორწინებელი ცხოვრების ამგვარი განდიდება სულაც არ მოწმობს იმას, თითქოს ცოლ-ქმრული ცხოვრებით შეუძლებელი იყოს ადამიანთა ხსნა. მაგრამ ეკლესიის ძველი წმიდა მამების სწავლებით, ქალწულების დამმარხველნი უმაღლეს საზღაურს მიიღებენ ცათა სასუფეველში, რასაც იოანეს გამოცხადებაც მოწმობს (14, 1-5). ამიტომაც ყოვლის წინასწარმხედველი უფალი, რომელმაც უწყის ამ ახალდაქორწინებულთა სულიერი ძალები, მოუწოდებს კიდეც მათ ქალწულებრივი ცხოვრებისაკენ, რათა მთელი ცხოვრება ღმერთის სამსახურს მიუძღვნან. აღსანიშნავია, რომ ბერძნულენოვანი დედნის ამ ადგილას თომას ცხოვრებისა, უფალი იმასაც ეუბნება ქალ-ვაჟს, რომ თუკი ისინი შვილებს გააჩენენ, ისინი სნეულნი, ბოროტნი და უბედურნი იქნებიანო.)

ამის თქმაზე უფალი უხილავი გახდა; მათ კი, ძილისაგან აღდგომილებმა, ერთმანეთს აუწყეს სიზმრისეულ ჩვენებაში ნახული. როცა მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე უნახავთ, წამოდგნენ და მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე, ხოლო უფლისაგან მოსმენილი სიტყვები ღრმად დაიმარხეს გულში, როგორც ძვირფასი მარგალიტები.

დილით მეფე შევიდა ახალდაქორწინებულთა საძილე ოთახში და ერთმანეთისაგან მოშორებით მსხდომნი ნახა ისინი. გაკვირვებულმა იკითხა, რატომ ხართ ასე მოშორებულნი ერთმანეთსო.

მათ კი პასუხად მიუგეს:

- ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით ღმერთს ძალა მოგვანიჭოს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე შევძლოთ სრული კეთილკრძალულების დამარხვა, როგორც ახლა ვინარჩუნებთ, რათა ზეციურ სასახლეში ვიქნათ შემკულნი უხრწნელი გვირგვინებით. ასე აღგვითქვა ჩვენ უფალმა, რომელიც აქ  გამოგვეცხადა!

მაშინ მეფე მიხვდა, რომ უმანკოების დაცვა მათ სწორედ იმ უცხო კაცმა ჩააგონა, რომელიც გუშინ იყო სასახლეში. ამის გამო ხელმწიფე განრისხდა და მაშინვე გაგზავნა მსახურნი, რათა შეეპყროთ თომა და მასთან მიეყვანათ. მაგრამ ისინი ამაოდ დაეძებდნენ წმიდა მოციქულს, რადგან იგი ავანთან ერთად უკვე ხომალდზე ასულიყო და ინდოეთისაკენ გამგზავრებულიყო...

ინდოეთს ჩასულნი, ისინი მეფე გუნდაფორს წარუდგნენ და ვაჭარმა ავანმაც უთხრა ხელმწიფეს:

- აი, მეფეო, მოგიყვანე კიდევ პალესტინიდან ხელოვანი ხუროთმოძღვარი! იგი აგიგებთ თქვენ სრა-სასახლეებს, როგორიც თქვენს უდიდებულესობას მოენებება!

მეფეს გაუხარდა და ის ადგილიც უჩვენა თომას, სადაც სასახლის აგება სურდა, მისი ზომებიც განუსაზღვრა და დიდძალი ოქრო მისცა მშენებლობისთვის, თვითონ კი სადღაც გაემგზავრა.

როცა მეფისგან ესოდენი ოქრო მიიღო, თომამ ღარიბ-გლახაკთათვის დაიწყო მისი დარიგება, ამასთან, დაუღალავად დაშვრებოდა სახარების ქადაგებაში, მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელსაც სცემდა მათ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ამასობაში იმ ჭაბუკმა, რომელმაც თავის ახლადშერთულ მეფის ასულთან ერთად წმიდა მოციქულის რჩევით, აღთქმა დადო უმანკოება დაემარხა, შეიტყო, რომ თომა ინდოეთში ქადაგებდა ქრისტეს და მეუღლითურთ ჩამოვიდა მასთან. წმიდა თომამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა ისინი და წმიდა ნათელიც სცა. ნათლობის სახელად ქალიშვილმა პელაგია მიიღო და შემდგომში თავისი უმანკო სისხლიც დაღვარა ქრისტეს რწმენისათვის, ჭაბუკს კი ნათლობის სახელად დიონისე ეწოდა და შემდგომში ეპისკოპოსის წოდების ღირსიც გახდა. მოციქულისაგან კურთხევის მიღების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ღვთის სახელის დიდებას განავრცელებდნენ, მრავალ ურწმუნოს მოაქვევდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ქრისტეს ეკლესიებსაც აფუძნებდნენ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში...

რამდენიმე წლის შემდეგ ინდოეთის მეფემ მსახურნი გააგზავნა წმიდა თომა მოციქულთან, რათა შეეტყო მალე დასრულდებოდა თუ არა სამეფო სასახლის აგება. მანაც დააბარა მსახურთ, გადაეცათ ხელმწიფისთვის, რომ მხოლოდ სახურავის დადგმაღა იყო დარჩენილი. მეფეს ძალზე გაუხარდა, რადგან ეგონა, თომა მართლაც დიდებულ სასახლეს უშენებდა ამქვეყნად. ამიტომ კიდევ გამოუგზავნა დიდძალი ოქრო და უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სასახლის მშენებლობა და უმშვენიერესი სახურავი დაედგა მისთვის.

როცა თომამ კვლავ მიიღო მეფისაგან დიდძალი ოქრო, თვალნი და ხელნი ზე-აღაპყრო ცისკენ და მადლობა შესწირა ღმერთს:

- გმადლობ შენ, კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ სხვადასხვა საშუალებებით განაგებ კაცთა ხსნას!

და მიღებული ოქრო კვლავ იმათ დაურიგა, ვინც შემწეობის სათხოვნელად მიდიოდა მასთან, თვითონ კი კვლავ გულმოდგინედ განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მეფემ შეიტყო, რომ თომას, თურმე, ჯერ არც დაუწყია მშენებლობა და რომ მთელი ოქროც ღარიბ-გლახაკთათვის დაურიგებია; რომ იგი ხელმწიფის ბრძანების აღსრულებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში დადის, რომელიღაც ახალ ღმერთს უქადაგებს ადამიანებს და მრავალ სასწაულსაც აღასრულებს. ამის გამო მეფე დიდად განრისხდა და უმალვე მსახურნი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. და როცა იგი მეფეს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა ჰკითხა:

- თუ ააშენე ჩემი პალატნი?

წმიდა თომამ მიუგო:

- დიახ, ავაშენე, თანაც ყველაზე მშვენიერნი და დიდებულნი!

მაშინ მეფემ უთხრა:

- აბა, მაშ წავიდეთ და ვნახოთ შენს მიერ აშენებული სასახლე!

- ამქვეყნიურ ცხოვრებაში შენ ვერ შესძლებ იმ სასახლის ნახვას! - მიუგო მოციქულმა. - მხოლოდ როცა განეშორები ამა ქვეყანას, მაშინღა შესძლებ მის ხილვას, სიხარულით დასახლდები მასში და სამარადისოდ იცხოვრებ იქ!

მეფემ იფიქრა, დამცინისო და შეურაცხყოფად მიიღო თომას სიტყვები. ამიტომ ბრძანა იგიც და მისი ჩამომყვანი დიდვაჭარი ავანიც საპყრობილეში ჩაეგდოთ, სადაც ორივე ტანჯვა-წამებით სიკვდილის მოლოდინში უნდა ვნებულიყო. მეფეს განზრახული ჰქონდა ოთხში ამოეღო ისინი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინა და შემდეგ კოცონზე დაეწვა. საპყრობილეში ყოფნისას ავანმა უსაყვედურა მოციქულს და უთხრა:

- შენ მეც მომატყუე და მეფეც გააწბილე, როცა ხუროთმოძღვრად გაგვაცანი თავი. და აი, ახლა შენ უსარგებლოდ დაგიხარჯავს მეფის ოქრო და ჩემი სიცოცხლეც წაგიწყმედია! შენი გულისთვის ვევნები მე, უდანაშაულო კაცი, და საშინელი სიკვდილითაც უნდა მოვკვდე! მეფე გულსასტიკი კაცია და მოგვაკვდინებს!

წმიდა მოციქულმა დაამშვიდა ავანი და შემდეგი სიტყვებით ანუგეშა:

- ნუ გეშინია! ჩვენი სიკვდილით დასჯის დრო ჯერ არ დამდგარა! ჩვენ ცოცხალნი დავრჩებით და თავისუფლებიც ვიქნებით, მეფე კი დიდ პატივს მოგვაგებს იმ პალატთათვის, რომლებივ მე მისთვის ზეციურ სამეფოში ამიგია!

იმავე ღამეს მეფის ძმა მძიმედ დაავადდა, მეფესთან მსახურები გაგზავნა და შეუთვალა:

- შენი ურვისაგან მეც დავსევდიანდი, და აი, ახლა ამ სევდისაგან მძიმე სნეულებამ შემიპყრო, რომლისაგანაც აწ ვკვდები!

და მართლაც, სულ მალე ამის შემდეგ მეფის ძმა აღესრულა კიდეც. მეფეს დაავიწყდა უწინდელი წყენა და კიდევ უფრო დიდმა მწუხარებამ შეიპყრო: უნუგეშოდ იურვოდა და მწარედ დასტიროდა საყვარელი ძმის სიკვდილს. ხოლო უფლის ანგელოზმა, რომელმაც აღიტაცა მომკვდარის სული, ზეციურ სამკვიდრებელში აღიყვანა იგი, მოატარა ყოველივე და მრავალრიცხოვანი დიდებული, საუცხოოდ ნაგები და ბრწყინვალე სრა-სასახლე აჩვენა, რომლთა ერთი განსაკუთრებით გამორჩეული და ისეთი მშვენიერი იყო, რომ მისი აღწერა ვერ ძალ-ედვა ადამიანის ენას.

და მაშინ ჰკითხა უფლის ანგელოზმა მომკვდარის სულს:

- ამ სასახლეთაგან რომელში ირჩევდი ცხოვრებას?

მეფის ძმის სულმა იმ, ყველაზე მშვენიერ სასახლეს შეხედა და მიუგო:

- მე რომ ნება დამრთონ თუნდაც რომელიმე კუნჭულში ვიცხოვრო ამ სასახლისა, მეტს არაფერს ვისურვებდი!

მაშინ ანგელოზმა უთხრა:

- შენ არ ძალგიძს ამ სასახლეში იცხოვრო, რადგან იგი შენს ძმას ეკუთვნის, რომლის ოქროთიც აუგია იგი შენთვის ცნობილ უცხოტომელს - თომას!

- გევედრები, ბატონო! - მიმართა სულმა უფლის ანგელოზს, - გამიშვი ჩემს ძმასთან, და მე ვიყიდი ამ სასახლეს მისგან, რადგან მან ჯერ არ უწყის მისი სიმშვენიერე. და როცა ვიყიდი, მერე კვლავ დამაბრუნე აქ!..

მართლაც, ანგელოზმა დააბრუნა სული სხეულში, და მომკვდარი ძმაც ხელმწიფისა უმალ გაცოცხლდა, თითქოსდა ძილისაგან გამოიღვიძაო. როგორც კი თვალი გაახილა, საოცრად გაკვირვებულ გარშემომყოფთ სთხოვა, სად არის ჩემი ძმა, სასწრაფოდ ჩემთან მოვიდესო. ძმის გაცოცხლების ამბავი რომ შეიტყო, მეფემ უზომოდ განიხარა, სასწაფოდ მასთან გაეშურა, და როცა პირისპირ იხილა იგი, ცოცხალი და სრულიად ჯანსაღი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მკვდრეთით აღმდგარმა კი ასე მიმართა:

- მეფეო! დარწმუნებული ვარ, რომ გიყვარვარ როგორც ღვიძლი ძმა! ვიცი ისიც, რომ უნუგეშოდ დამტიროდი, როცა აქ უსულოდ ვესვენე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი გათავისუფლება სიკვდილისაგან, შენი სამეფოს ნახევარსაც კი გაიღებდი ამისთვის!

- დიახ, ეს სრული სიმართლეა! - მიუგო მეფემ.

- მაშინ, თუკი ასე გიყვარვარ, - უთხრა ძმამ, - მხოლოდ ერთ საბოძვარს გთხოვ, და გევედრები, უარს ნუ მეტყვი!

მეფემ უპასუხა:

- ყოველივეს, რაც კი მაბადია ჩემს სახელმწიფოში, შენ გიბოძებ, ჩემს საყვარელ ძმას! - და ფიცითაც დაუდასტურა თავისი დაპირება.

მაშინ მკვდრეთით აღდგარმა ძმამ სთხოვა:

- მომეცი მე შენი სასახლე, რომელიც ცათა შინა გაქვს, და მისი სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება მიიღე!

ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე გაოგნდა და დიდხანს უსიტყვოდ იდგა, რადგან გაკვირვებისაგან მეტყველების უნარიც კი წაერთვა. ბოლოს კი ესღა თქვა:

- საიდან უნდა მქონდეს მე ცათა შინა სასახლე?!

- ჭეშმარიტად, რომ გაქვს! - წამოიძახა ძმამ. - შენ ნამდვილად გაქვს ცათა შინა ისეთი სასახლე, რომლის შესახებაც არაფერი უწყი და როგორიც არასოდეს გინახავს ამ მზისქვეშეთში! ეს სასახლე შენთვის თომამ ააგო, რომელიც საპყრობილეში ჩაგიგდია და სასიკვდილოდ გაგიწირავს! მე ვნახე ეს სასახლე და გაოცებული დავრჩი მისი ენითუთქმელი სიმშვენიერითა და დიდებულებით. მე ვითხოვე, თუნდაც მის რომელიმე კუნჭულში დამასახლეთ-მეთქი, მაგრამ ამის ნება არ მომცეს, რამეთუ ჩემმა წინამძღვარმა ანგელოზმა მითხრა:

- შენთვის შეუძლებელია აქ ცხოვრება, რადგან ეს სასახლე შენს ძმას ეკუთვნის, რომელსაც იგი შენთვის ცნობილმა თომამ აუგოო.

და მე ვევედრე ანგელოზს, გამოვეშვი შენთან, რათა მეყიდა შენგან სასახლე. და აი, ახლა შენს წინაშე ვარ და გევედრები: თუკი გიყვარვარ, მომყიდე შენი ზეციური სასახლე და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება-სამკვიდრებელი მიიღე!

მაშინ მეფემ დიდად განიხარა ყველაფრის გამო - ძმის ამქვეყნად მობრუნებისთვისაც და იმ სასახლისთვისაც, რომელიც მისთვის, თურმე, უცხოტომელ თომას აუგია. ამიტომ ასე უთხრა მკვდრეთით აღმდგარ ძმას:

- საყვარელო ძმაო! მე დავიფიცე, რომ არაფრისთვის გეტყოდი უარს, რაც ამქვეყნად ჩემს ხელმწიფებას ექვემდებარება. მაგრამ არ აღმიქვია შენთვის ის სასახლე, რომელიც ზეცაში ყოფილა აგებული. ამიტომ თუკი ასე გსურს, შეგიძლია მიიღო ის ხუროთმოძღვარი, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელსაც ძალუძს შენთვისაც ააგოს ასეთივე სასახლე!

თქვა ეს და უმალვე საპყრობილეში გაგზავნა მსახურნი, რათა წმიდა თომა და მისი ჩამომყვანი ვაჭარი ავანი ხელმწიფისათვის მიეგვარათ. და როცა ისინი მოიყვანეს, მეფე სასწრაფოდ შეეგება მოციქულს და ფერხთ შეუვრდა ვედრებით, შემინდე ჩემი ცოდვა შენს წინააღმდეგ, რადგან არ ვუწყოდი, რას ვიქმოდიო.

წმიდა მოციქულმა თომამ კი მადლობა შესწირა უფალ ღმერთს ასეთი წყალობისათვის და ორივე ძმის დამოძღვრა დაიწყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ისინი გულმხურვალედ იღებდნენ მოციქულის სიტყვებს და განათლდებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით. მალე თომამ წმიდა ნათელიც სცა მათ და ასწავლა ქრისტიანული ცხოვრება, ძმებმა კი მრავალრიცხოვან წყალობათა გაღებით საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინეს ცათა შინა.

წმიდა მოციქულმა თომამ ერთხანს მეფესთან და მის ძმასთან დაჰყო, განამტკიცა ისინი წმიდა რწმენაში, და შემდეგ კი გარემო ქალაქებსა და დაბა-სოფლებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ქმედითადაც იღვწოდა ადამიანთა ხსნისათვის.

და იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებით აღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი ცხადლივ დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაში სხეულითაც. რამეთუ როგორადაც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდით სწორედ წმიდა თომა მოციქულის მაშინდელი „ურწმუნოებით“, ასევე ამ შემთხვევაშიც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის - მარად ქალწულ მარიამის ზეცად აყვანაც სწორედ თომა მოციქულის დაგვიანების შედეგად შევიტყვეთ.

წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის...

ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით. აქ მან შემდეგი სასწაულით განამტკიცა ადამიანები ქრისტეს რწმენაში:

მელიაპორში, ერთგან, უჩვეულო სიდიდს ხე იდო, რომლის დაძვრაც ადგილიდან არათუ ადამიანებს, ვეება სპილოებსაც კი არ შეეძლოთ. წმიდა თომამ თავისი სარტყელი მოაბა ხეს და ნახევარიოდე საათის სავალზე წაიღო, სადაც უფლის ტაძრის მშენებლობაში გამოსაყენებლად გადასცა. ამის ხილვაზე მორწმუნენი კიდევ უფრო განმტკიცდნენ, ხოლო ურწმუნოთაგან მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოინათლნენ. წმიდა მოციქულმა აქ სხვა სასწაულიც აღასრულა, პირვანდელზე უდიდესი. ერთხელ ვინმე წარმართმა ქურუმმა საკუთარი ძე მოკლა და ბრალი ამაში წმიდა მოციქულს დასდო - თომამ მომიკლა ვაჟიშვილიო.

ხალხი ძალზე აღელდა. შეყრილმა ბრბომ შეიპყრო თომა როგორც მკვლელი და ქალაქის სამსჯავროს მოსთხოვა ტანჯვა-წამებით მოეკვდინებინათ იგი. და რაკი არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაუდასტურებდა მის უდანაშაულობას, წმიდა მოციქულმა თომამ თავად მიმართა მსაჯულსაც და ხალხსაც შემდეგი თხოვნით:

- გევედრებით, გამიშვით! მე მივალ მოკლულთან, ვკითხავ მოკლულს და ჩემი უფლის სახელით ვათქმევინებ, თუ ვინ მოჰკლა იგი!

ყველას გაუკვირდა ეს, და დათანხმდნენ ქურუმის მოკლულ ძესთან გაჰყოლოდნენ. როცა იქ მივიდნენ, წმიდა თომამ თვალები ზეცად აღაპყრო, ილოცა და შემდეგ მოკლულს მიმართა:

- ჩემი უფლის - იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ჭაბუკო, თქვა: ვინ მოგკლა?

და მიცვალებულმაც მაშინვე ხმა გასცა:

- მამამ ჩემმა მომკლა მე!

მაშინ ყველანი დიდად გაოცდნენ და ღაღადი იწყეს:

- დიდ არს ღმერთი, რომელსაც თომა ქადაგებს!

მოციქული გაათავისუფლეს, წარმართი ქურუმი კი, ამგვარად, თვითონ აღმოჩნდა იმ ორმოში, რომელიც თომასთვის ამოეთხარა. ამ სასწაულის შემდეგ დიდძალი ხალხი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან.

ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალამიდის ქვეყანაში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მეფე მუზდი ზეობდა. როცა ქრისტეს რწმენას ახარებდა იქ, მოციქულმა ერთი დედაკაცი მოაქცია, სახელად სინდიკია, რომელიც მეფის რჩეული მეგობრისა და ქვისლის ქარიზეს ცოლის, მიგდონიას ძმისშვილი იყო. სინდიკია მიგდონიასაც შეაგონებდა ჭეშმარიტების შეცნობას და ერთი ღმერთის რწმენას, რომელმაც შეჰქმნა მთელი სამყარო და რომელსაც წმიდა თომა ქადაგებდა. მაშინ მიგდონიამ უთხრა სინდიკიას:

- მე ვისურვებდი თვითვე მენახა ის კაცი, ჭეშმარიტ ღმერთს რომ ქადაგებს, და მისგან მომესმინა ქრისტეს მოძღვრება!

სინდიკიამ მიუგო:

- თუ ღმერთის მოციქულის ნახვა გსურს, ძველმანები ჩაიცვი, ვითომც უბრალო, ღარიბი დედაკაცი ხარ, რათა არავინ გიცნოს, და მერე მე წამომყევი!

მიგდონია ასეც მოიქცა და სინდიკიას გაჰყვა. წმიდა თომა მათ უბრალო და ღარიბ ადამიანთა შორის ნახეს, რომელთაც იგი ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ქალებიც ხალხს შეერივნენ და თომას საუბარს მიუგდეს ყური, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა უფალ იესო ქრისტეზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე, გეჰენიის ცეცხლსა და ცათა სასუფეველზე. ყოველივე ამას მიგდონია წრფელი გულით იღებდა და ირწმუნა კიდეც ქრისტე. სახლში დაბრუნებული, იგი სულ მოციქულის სიტყვებზე ფიქრობდა, თავის ძმისშვილ სინდიკიასაც სულ ქრისტეზე ელაპარაკებოდა, და ბოლოს უკვე მთელი არსებით შეიყვარა ქრისტე. ამ დროიდან მოყოლებული მიგდონია ყოვლგვარ ურთიერთობას გაურბოდა ურწმუნოებთან, როგორც უფლის მტრებთან, არც ესაუბრებოდა, არც წვეულებაზე მიდიოდა მათთან და, საერთოდ, უარს ამბობდა ყველანარი ამქვეყნიურ სიამეზე. მეტიც, მან გადაწყვიტა მეუღლეობრივი თანაცხოვრება შეეწყვიტა ქმართან. ამ გარემოებამ ღრმად დაამწუხრა მისი ქმარი, და რაკი ვერ შესძლო ეიძულებინა მიგდონისათვის გადაწყვეტილების შეცვლა, თვით მეფესთან მივიდა და სთხოვა მუზდის, იქნებ შენმა ცოლმა - ტერტინიამ მოახერხოს მისი დაყოლიებაო (ტერტინია და მიგდონია ღვიძლი დები იყვნენ). მართლაც, დედოფალი მიგდონიასთან მივიდა და ჰკითხა, რა მიზეზია, რომ შენს ქმარს არ ემორჩილებიო.

- ის წარმართია, - მიუგო მიგდონიამ, - ღმერთის მტერი, მე კი ერთი ჭეშმარიტი ღმერთის - იესო ქრისტეს მხევალი ვარ, და არ მსურს, რომ წავიბილწო ურწმუნო და არაწმინდა ადამიანთან თანა-ცხოვრებით! (წმიდა პავლე მოციქულის სწავლებით ეს გარემოება ხელს არ უნდა უშლიდეს ქრისტიანი ცოლისა და წარმართი ქმრის (ანდა პირიქით) თანაცხოვრებას (იხ. 1 კორინთ. 7, 12-14), რადგან ქრისტიან მეუღლესთან ცხოვრებით ურწმუნო ადამიანი განიწმინდება და შეიძლება მოიქცეს კიდევ. მიგდონია კი თვითვეა მკაცრი საკუთარი თავისადმი და უფლებაც აქვს ამისა.)

ტერტიანემაც, ამის გაგონებაზე, ისურვა შეეტყო, თუ ვინ არის იესო ქრისტე, რომელაც მიგდონია ჭეშმარიტ ღმერთად ხმობდა. მაშინ მიგდონიამ თომას მთელი ქადაგების შინაარსი მოუთხრო და შეაგონებდა - შენც ირწმუნე ჭეშმარიტი ღმერთიო. ტერტიანემაც, რაკი სურდა, უფრო მეტი შეეტყო იესო ქრისტეზე და უმჯობესად დამოძღვრილიყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, სთხოვა მაგდონიას, მანახე თომა, რათა თვით მისგან მოვისმინო ყველაფერიო. მიგდონიას რჩევით, მან ფარულად გაგზავნა მსახურნი მოციქულთან და თავისთან მოუწოდა. დედოფალთან მოსულ წმიდა თომას ორივე დედაკაცი მხურვალედ ევედრა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დაგვმოძღვრეო. მანაც ქრისტე უქადაგა დებს, რწმენის სინათლით განანათლა, ნათლობის ემბაზშიც განბანა და ღვთის მცნებათა აღსრულება და სათნო ცხოვრება ასწავლა. დედაკაცებმა ღრმად აღიბეჭდეს გულში ყოველივე ეს, რაც წმიდა მოციქულისაგან მოისმინეს, და გადაწყვიტეს მთელი ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ და მისთვის ემსახურათ სიწმიდითა და უმანკოებით, ისე, რომ არც თავიანთ მეუღლეებთან თანა-ეცხოვრათ, როგორც ურწმუნო ადამიანებთან.

წმიდა თომა კი საღმრთო ძალით განაგრძობდა მრავალრიცხოვანი სასწაულების აღსრულებას და ყოველგვარი სნეულების განკურნებას. მისი ქადაგების მოსმენით და საკვირველმოქმედების ხილვით ბევრნი მოიქცნენ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთაგან, არამედ თვით მეფის კარისკაცთაგანაც. მეფის ერთადერთმა ძემაც, სახელად აზანმა, ირწმუნა ქრისტე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან, რამეთუ თავის მოციქულთა მეშვეობით თვით უფალი იესო ქრისტე მოქმედებდა, განამრავლდებდა თავის ეკლესიას და ყველგან განავრცობდა თავისი სახელის დიდებას!

სასახლეში დაბრუნებული დედოფალი ტერტინია მარხვასა და ლოცვას მიეცა და უარს ეუბნებოდა ქმარს ხორციელ თანაცხოვრებაზე. მეფე გაკვირვებული იყო თავისი ცოლის ცხოვრებაში მომხდარი ასეთი ცვლილებით და ერთხელაც ასე უთხრა მეგობარსა და ქვისლს ქარიზეს:

- შენთვის მინდოდა ცოლი დამებრუნებინა და აი, ჩემიც დავკარგე! ესეც ისე მექცევა, როგორც მიგდონია - შენ!

ამის გამო მეფემ და ქარიზემ გულდაგულ გამოიკვლიეს მეუღლეთა ასეთი შეცვლის მიზეზი და შეიტყვეს, რომ, თურმე, ვიღაც გადამთიელმა, სახელად თომამ, ქრისტეს რწმენა ასწავლა დედაკაცებს და ჩააგონა მეუღლეობრივი თანაცხოვრება შეეწყვიტათ საკუთარ ქმრებთან. ისიც შეიტყვეს, რომ თომას ქადაგებების შედეგად მეფისწულსაც - აზანსაც ურწმუნია ქრისტე, სამეფო კარის ბევრ მსახურსაც და დიდმოხელესაც, უბრალო ხალხში კი ახალი რწმენის მიმდევართა რიცხვი ხომ უზომოდ დიდი ყოფილა. ამის გამო მეფეცა და მისი ქვისლიც დიდად განრისხდნენ და უბრძანეს მსახურთ, შეეპყროთ თომა და საპყრობილეში ჩაეგდოთ. მალე კი მეფის სამსჯავროს წარუდგინეს.

ხელმწიფემ ჰკითხა:

- ვინა ხარ შენ - მონა თუ თავისუფალი კაცი?

თომამ მიუგო:

- მე იმის მონა ვარ, ვისზეც შენ არა გაქვს ხელმწიფება!

- ვხედავ, რომ მზაკვარი მონა ყოფილხარ! - უთხრა მეფემ. - ალბათ, გამოქცეული საკუთარ ბატონს და ამ ჩვენს მიწა-წყალზე მოსული ხალხის წასახდენად და ჩვენი ცოლების შესაშფოთებლად... მაშ, თქვი, ვინ არის შენი ბატონი?

- ჩემი ბატონი არის უფალი ცათა და ქვეყნისა! - უპასუხა წმიდა მოციქულმა. - ღმერთი და შემოქმედი ყოველი ქმნილებისა. მან წარმომგზავნა აქ თავისი სახელის საქადაგებლად და ადამიანთა მოსაქცევად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მათი უწინდელი შეცთომილებიდან.

მეფე განრისხდა:

- შეწყვიტე, შე ცრუ კაცო, მზაკვრული საუბარი და მოისმინე ჩემი ბრძანება: როგორადაც შეაცდინე ჩვენი ცოლები შენი ცბიერობით და ჩვენზე ხელი ააღებინე, აი, ამგვარადვე ახლა ისევ დაგვიბრუნე მეუღლეები, თორემ განანებთ! რამეთუ თუკი არ იქმ იმას, რომ ჩვენი ცოლები კვლავ უწინდელი სიყვარულითა და ერთობით ცხოვრობდნენ ჩვენთან, მაშინ სასტიკი სიკვდილით მოგაკვიდებთ!

მეფის მკაცრ სიტყვებზე თომამ მკაცდრადვე მიუგო:

- არა ჯერ-არს ქრისტეს მხევლებისათვის მეუღლეობრივი თანაცხოვრებით ჰგიებდნენ უსჯულო ქმრებთან! არა ჯერ-არს მორწმუნეთათვის შეგინებულ და შებილწულ იქმნენ უკეთურ ურწმუნოთაგან.

ამის გაგონებაზე მეფე მუზდი საშინლად განრისხდა და ბრძანა წმიდა მოციქულის ტანჯვა-წამება დაეწყოთ. ჯერ გავარვარებული რკინის დაფები მოიტანეს, რათა თომა ფეხშიშველა შეეყენებინათ მათზე. მაგრამ როგორც კი მოციქულმა ფეხი შედგა მათზე, ანაზადად წყალი გაჩნდა მის ფეხქვეშ და განაგრილა რკინა. შემდეგ იგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და მთელი ღამე მის მგზნებარე ცეცხლში დატოვეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა ღუმელის კარი გააღეს, თომა ცოცხალი და სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან.

ამ სასწაულებმა ვერ შეაგონეს მეფე და ქარიზე, რომელმაც ასეთი რჩევით მიმართა ხელმწიფეს:

- აიძულე მას თაყვანი სცეს და მსხვერპლი შესწიროს ჩვენს „ღმერთს“ - მზეს, რათა ამით განარისხოს თავისი ღმერთი, რომელიც აქამდე უვნებლად იცავდა სატანჯველთაგან!

მაგრამ როგორც კი წმიდა მოციქული მზის კერპთან მიიყვანეს, იგი მაშინვე ცვილივით გადნა. მორწმუნენი უსაზღვროდ განიხარებდნენ შემოქმედი ღმერთის ასეთი ძლიერების ხილვის გამო, და ურწმუნოთაგანაც დიდი სიმრავლე შეეძინებოდა უფალს. კერპის მსახურნი კი ძალზე დრტვინავდნენ თომაზე მათი „ღვთაების“ მოსპობისათვის და მეფისაგან მოციქულის მოკვდინებას მოითხოვდნენ. მეფეც საგონებელში იყო ჩავარდნილი და აღარ იცოდა, რა საშუალება მოეფიქრებინა მის დასაღუპად; თუმცა ხალხის ეშინოდა, აგრეთვე თავისი მსახურებისაც და დიდმოხელეებისაც, რომელთაგან უკვე მრავალს ერწმუნა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად.

მაშინ მეფემ წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. ყველას ეგონა, მეფეს რაღაც სასწაულის ხილვა სურს მოციქულისაგანო. მაგრამ ხელმწიფემ, როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა. ამასობაში მეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდან გამოსულიყვნენ, მოციქულის კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცა მხედრების ხელში სასიკვდილოდ განწირულს ხედავდნენ, ცხარედ დასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვის აღსრულებისა, და როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისათვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისათვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა. სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხული (მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის). დაკრძალვის შემდეგ ისინი დიდხანს ისხდნენ მოციქულის საფლავთან ღრმად დამწუხრებულები. და აი, წმიდა თომა გამოეცხადა მათ ჩვენებაში და უბრძანა ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და რწმენაში განემტკიცებინათ ძმები. ისინიც დაბრუნდნენ და, წმიდა თომას ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას.

მეფე მუზდი და ქარიზე დიდხანს ტანჯავდნენ თავიანთ ცოლებს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ვერ დაიყოლიეს მეუღლეობრივ თანაცხოვრებაზე. და როცა მიხვდნენ, ვეღარ დავიმორჩელებთო, იძულებულნი გახდნენ თავისუფალი ცხოვრების ნება მიეცათ მათთვის, რადგან ხედავდნენ, რომ დედეკაცები უმალ სიკვდილს არჩევდნენ, ვიდრე მათთან ცხოვრებას. ასე, რომ ღვთისნიერი დები გათავისუფლდნენ ცოლ-ქმრული ცხოვრების უღლისაგან და მკაცრ, სათნო ცხოვრებას მიეცნენ: მარადის ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ უფალს, რითაც უდიდესი სარგებლობა მოჰქონდათ ეკლესიისათვის.

რამდენიმე წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტი სულისაგან იქმნა შეპყრობილი და მისი განკურნება ვერავინ შეძლო, რადგან მასში მეტად  სასტიკი დემონი დაბუდებულიყო. ხელმწიფე ძალზე შეურვებული იყო თავისი ძის სნეულებით, და რაკი სმენოდა, წმიდა თომას სიცოცხლის ჟამს მრავალი ბოროტი სული განუდევნია ადამიანთაგანო, გადაწყვიტა გაეხსნა მისი საფლავი, აეღო მოციქულის ერთი ძვალთაგანი და ყელზე შეება თავისი ვნებული ძისათვის, რათა ამგვარად გაეთავისუფლებინა ეშმაკისმიერ ქენჯნისაგან. და როცა ის იყო, დააპირა კიდეც განზრახულის შესრულება, რომ სიზმრისეულ ჩვენებაში წმიდა თომა გამოეცხადა და უთხრა:

- ცოცხალი არ გწამდი, და ახლა მკვრისგან გინდა შეწევნის მიღება? გარნა ნუ დარჩები შენს ურწმუნოებაში, და უფალიც ჩემი იესო ქრისტე მოწყალე იქნება შენდამი.

ამ ჩვენებამ კიდევ უფრო განაძლიერა მეფის სურვილი გაეხსნა მოციქულის საფლავი და განზრახული შეესრულებინა. მართლაც, გაემართა მეფე მუზდი წმიდა თომას დაკრძალვის ადგილას, გახსნა საფლავი, მაგრამ ვერაფერი ნახა იქ, რადგან ერთ ქრისტიან კაცს ფარულად აეღო მოციქულის წმიდა ნაწილები და მესოპოტამიაში გადაესვენებინა შესაფერის ადგილას. მაშინ ხელმწიფემ ერთი მუჭა მიწა აიღო იმ ადგილიდან, ნაჭერში გაახვია და თავის ძეს ჩამოჰკიდა ყელზე. ამასთან, ლოცვა-ვედრებით მიმართავდა უფალს:

- უფალო იესო ქრისტე! გევედრები, გენკურნე ჩემი ძე შენი წმიდა მოციქულის თომას ლოცვით! და მაშჲნ მეც გირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთად!

და როგორც კი დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა, ეშმაკმა მაშინვე დასტოვა მეფისწული და ყრმაც სრულიად განიკურნა. მეფე მუზდიმ ამის გამო ირწმუნა ქრისტეს და თავის ყველა დიდებულთან და მსახურთან ერთად წმიდა ნათელიც მიიღო მღვდელ სიფორისაგან. მაშინ უდიდესი სიხარულით აღვისო მორწმუნეთა გულები, რამეთუ კერპები ყველგან დაამხეს და მათი ტაძრებიც დაანგრიეს, ხოლო მათს ადგილას ქრისტიანული ეკლესიები ააგეს. ღვთის სიტყვა ყველგან იქადაგებოდა და ჭეშმარიტი სარწმუნოებაც წმიდა თომა მოციქულის ლოცვითი მეოხმყოფელობით მთელს ინდოეთში განმტკიცდებოდა.

ნათლობის მიღების შემდეგ მუზდი გულწრფელად ინანიებდა თავის უწინდელ ცოდვებს და ყველას ევედრებოდა ლოცვით შეწევნას. სიფორ ხუცესიც ყველა მორწმუნეს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ ხელმწიფეს:

- ილოცეთ მეფე მუზდისათვის, რათა მას წყალობით მოხედოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ყველა ცოდვაც მიუტევოს!..

მართლაც, მთელი ეკლესია ლოცულობდა მეფისათვსი, და მას ცოდვათა შენდობა მოემადლა: მოქცეული მეფე ღვთის სათნოდ ცხოვრობდა და დიდად შეეწეოდა ქრისტეს ეკელსიას. ხოლო იმ ადგილას, სადაც წმიდა თომა მოციქულის ნაწილები ესვენა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა.

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება შეწევნად ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა და პატივად და სადიდებლად ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, რომელსა შვენის თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ.

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.