USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 18 ოქტომბერს?!
 133

18 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი გრიგოლ ხანძთელი,
კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861)

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა“.

ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა“.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდლობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა“.

სამღვდელო ხელდასხმის დროს უძლურთა მკურნალმა და ნაკლოვანებათა აღმვდებელმა საღვთო მადლმა უფრო საცნაურ-ჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა, „რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა“.

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, „შეცვალებადი პატივი ქუეყანისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაჲ, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაჲთა უჟამოჲ იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა“.

გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული“.

ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება და „ჴელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“. ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.

ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.

ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ „ღირსნი და სასწაულთმოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი, შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი“.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. „მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავანენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა“. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაჲ“.

მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტმბერს). სჯულის-კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო. ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲ, მაშინ წარემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ“.

კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: „სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩანდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ“. მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს“, - უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.

ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: „წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო“. მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: „ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი“, - მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.

ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა ზედა მოქანებული საშინელად“. ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.

ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად. მკვლელმა იხილა „სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცის-სარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა“. მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (VIII-IX)

ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-X საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენა - მინავლებული, ეროვნული თვითშეგნება - დაქვეითებული, არაბთა შემოსევებისგან და ქოლერის ეპიდემიისგან გაუდაბურებული და გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა. „ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი“ (წმ. ექვთიმე თაყაიშვილი). იწერებოდა აგიოგრაფიული ნაწარმოებები, ორიგინალური საგალობლებით ივსებოდა ლიტურგიკული კრებულები, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები... ამ პერიოდის ლიტერატურული ძეგლები იმდენადაა გამსჭვალული ეროვნულ-ქართული ხასიათითა და სულით, რომ ამ ხანას ჩვენი მწერლობის ეროვნული ხანა ეწოდა...

ცნობები ტაო-კლარჯეთში მოღვაწე დედათა და მამათა შესახებ შემოგვინახა წმ. გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ“. გიორგი მერჩულე ხანძთის უდაბნოში მოღვაწეობდა X საუკუნეში. მისი ზედწოდება - მერჩულე - რჯულის მცოდნეს, ღვთისმეტყველს უნდა ნიშნავდეს.

გიორგი მერჩულე გვაწვდის ცნობას წმიდა ნერსე III კათოლიკოსის შესახებ. ნერსე ეროვნებით სომეხი იყო. იგი აღიარებდა მართლმადიდებლურ (დიოფიზიტურ) მრწამსს და მოღვაწეობდა ქართველი მამების გვერდით (VI-VII საუკუნეებში ტაო-კლარჯეთისთვის თავი შეუფარებიათ სამშობლოდან დევნილ დიოფიზიტ სომხებს). წმიდა ნერსემ VII საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა იშხნის ტაძარს და იქვე მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით.

წმიდა ილარიონ კათოლიკოსი „მამაი და მაშენებელი წყაროსთავისაჲ“. სიწმიდისა და სიბრძნის გამო არჩეულ იქნა ქართლის კათოლიკოსად. ამ ხარისხში წმიდანის მოღვაწეობა მოიცავს პერიოდს დაახლოებით IX ს-ის 50-იანი წლების ბოლოდან 860 წლამდე. ქართლის კათოლიკოსთა სიაში წმიდა ილარიონი მოხსენიებულია გაბრიელ II-ის (დაახლოებით IX ს-ის 30-50-იანი წლები) შემდეგ და წმიდა არსენ I დიდის (დაახ. 860-887 წწ.) წინ.

წმიდა სტეფანე მტბევარი ტბეთის პირველი ეპისკოპოსი იყო. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი და ჰაგიოგრაფი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალური თხზულება „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“.

წმიდა ზაქარია ანჩელი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით, იგი წმიდა მეფსალმუნე დავითის მსგავსად ბავშვობიდანვე მწყემსის ლაღი და მკაცრი ცხოვრების წესით იზრდებოდა. წმიდანი ბავშვური გულწრფელობით შემოიკრებდა თავის თანატოლებს და საოცარი სიზუსტით იმეორებდა ეკლესია-მონასტრებში ნანახ და გაგონილ ღვთისმსახურთა მოქმედებებსა და სიტყვებს. ერთხელ მის ასეთი ბავშვურ თამაშობას შეესწრო ანჩელი ეპისკოპოსი, რომელმაც ყრმა ზაქარიას თავზე „ზეცით მოწევნული“ ნათლის სვეტი იხილა. ღვთის მინიშნებით სრულწლოვანებას მიღწეული წმიდანი მალე მთელი საძმოს მოძღვარი გახდა. მისი ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულებოდა: მან ლოცვით შეაჩერა კედელს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი, განდევნა მონასტრის ბაღ-ვენახს შესეული ფრინველები და კალიები, შემუსრა ორი საშინელი გველი, რომლის შიშით ძმები ვენახში ვეღარ მიდიოდნენ სამუშოად. ასეთი სიწმიდით გამორჩეული წმიდა ზაქარია მღვდელმთვარად იქნა დადგენილი ანჩის კათედრაზე.

წმიდა მაკარი ანჩელს წმიდა გრიგოლ ხანძთელის მიცვალების ჟამს, 861 წელს ეპყრა ანჩის კათედრა.

წმიდა ეზრა ანჩელი - „დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილი“ - X საუკუნის მოღვაწე იყო.

წმიდა საბა იშხნელი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და მისი ერთ-ერთი პირველი თანამზრახველი იყო. მან ხელმეორედ ააშენა წმიდა ნერსე კათოლიკოსის მიერ იშხანში აგებული ეკლესია, რომელიც უკვე დანგრეული იყო და მისი ეპისკოპოსი გახდა. წმიდა საბამ მტკიცე და შეუვალი ტონით დაანახა მეფე ბაგრატ კურაპალატს მიწიერ და ზეციურ მეუფებათა ურთიერთდამოკიდებულება, და ქრისტეს მეუფების უპირატესობა ყოველგვარ ამქვეყნიურ მეუფებაზე. „დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთა. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთა; შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნო მეუფე...“

წმიდა საბამ გულწრფელი თავმდაბლობითა და კრძალვით უმასპინძლა იშხნის ეკლესიის დასათვალიერებლად ჩასულ წმიდა გრიგოლსა და მეფე ბაგრატ კურაპალატს. მან წმიდა გრიგოლი თავის საეპისკოპოსო ტახტზე დასვა და თვითონ გვერდით მიუჯდა.

წმიდა იოანე - „ახალი იგი ქრისტეს მოწამე... სანატრელი“ - მოღვაწეობდა ხანძთის მონასტერში, იგი იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად; ქალაქ ბაღდადში სარკინოზებმა შეიპყრეს და წამებით აიძულეს ქრისტიანობის უარყოფა, მაგრამ მან სისხლის დათხევით დაამტკიცა მაცხოვრის სარწმუნოების ერთგულება.

წმიდა თეოდორე, ნეძვის მაშენებელი და წმიდა ქრისტეფორე, კვირიკეთის მაშენებელი, წმიდა  გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილები, მისი პირველი თანამზრახველნი და თანამდგომნი, მოძღვართან ერთად მოღვაწეობდნენ ჯერ ოპიზაში, შემდეგ კი ხანძთაში. წმიდა მამებმა გადაწყვიტეს საქართველოს დასავლეთ კუთხეში, აფხაზეთში წასვლა და იქ სამონასტრო ცხოვრების აღორძინება. გზად, სამცხეში მათ ადგილობრივმა აზნაურმა მირიანმა აღსაზრდელად მიაბარა უსაყვარელის შვილი, ექვსი წლის არსენი (შემდგომში ქართლის კათოლიკოსი არსენი დიდი; ხს. 25 სექტემბერს).

წმიდა გრიგოლ ხანძთელმა გადაწყვიტა, უკან დაებრუნებინა თეოდორე და ქრისტეფორე და თვითანაც აფხაზეთს გაემგზავრა. გზაში მან დაიმოწაფა ყრმა ეფრემი (შედგომში - აწყურის სასწაულთმოქმედი მღვდელმთავარი; ხს. 17 აპრილს). წმიდა გრიგოლმა ეფრემი და არსენი ხანძთაში დაბრუნებულ თეოდორესა და ქრისტეფორეს ჩააბარა აღსაზრდელად, თან პირობაც ჩამოართვა, რომ ყრმების აღზრდამდე ისინი ხანძთიდან არ წავიდოდნენ.

როდესაც ეფრემი და არსენი გაიზარდნენ „სრული სიბრძნითა“, წმიდა მამებმა დატოვეს ხანძთის უდაბნო და დააარსეს ნეძვისა და კვირიკეთის ცნობილი მონასტრები, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდნენ.

წმიდა ამბა გიორგი, ამონა, პეტრე და მაკარი მოღვაწეობდნენ ოპიზის უდაბნოში. ბერმონაზონთა სულიერი გამოცდილების გასაზიარებლად წმიდა გრიგოლ ხანძთელი რამდენიმე ძმასთან ერთად ოპიზის უდაბნოში წავიდა, სადაც მან ორი წელი გაატარა. იმ დროს ოპიზის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს წინამძღვრობდა წმიდა ამბა გიორგი, რომელიც სავანის მესამე იღუმენი იყო წმიდა ანდრიასა და წმიდა სამუელის შემდეგ. ამბა გიორგიმ „საღმრთოითა ცნობითა“ გულისხმაჰყო „ღირსებისა მათისა მადლი და შეიწყნარნა იგინი სიხარულით არა ვითარცა მოწაფენი, არამედ ვითარცა უზეშთაესნი მისა, რამეთუ პატივი ზეგარდამო ღმრთისა მიერ მონიჭებად იყო მათდა“. სწორედ ამ ნეტარი ოპიზელი მამების წმიდა ცხოვრებაზე დაკვირვებით განიმტკიცა წმიდა გრიგოლმა ლოცვის, მარხვის, სიმდაბლისა და სიმშვიდის სათნოებანი. ისტორიას შემორჩა 913 წელს ოპიზის უდაბნოში გადაწერილი წმიდა სახარება.

IX საუკუნის მეორე ნახევარში ზარზმაში წმიდა სერაპიონ ზარზმელმა (ხს. 29 ოქტომბერს) დააარსა ზარზმის ცნობილი მონასტერი. ამ მონასტერში გაბრწყინდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით წმიდა სერაპიონის ძმისშვილი წმიდა ბასილ ზარზმელი, ავტორი „სეაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა“. წმიდა ბასილიმ შემოგვინახა ცნობები ამ მონასტერში მოღვაწე სხვა მამების შესახებაც.

წმიდა გიორგი - „კაცი კეთილითა სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა“, წმიდა სერაპიონის შემდეგ წინამძღვრობდა ზარზმის სავანეს. წმიდა გიორგის შეენაცვლა წმიდა მიქაელი, რომელმაც წმიდა სერაპიონის წინასწარმეტყველებისაებ, დაიწყო მეორე ტაძრის მშენებლობა ზარზმაში. ეს საქმე განასრულა ზარზმის მომდევნო წინამძღვარმა - წმიდა პავლემ, „კაცმა, წამებულმა ყოვლისა მიერ ერისა“.

წმიდა ხვედიოსი, „კაცი მართალი და წმიდა“, დაყუდებული ბერი იყო და ხანძთის სანახებში მოღვაწეობდა. მას საღმრთო გამოცხადებით წინასწარ ეუწყა ხანძთაში წმიდა გრიგოლის ჩასვლის შესახებ და სიხარულით შეიწყნარა მასთან მისული ძმათა კრებული. წმიდა ხვედიოსმა დალოცა და თვითონაც ლოცვა-კურთხევა ითხოვა წმიდა გრიგოლ ხანძთელისაგან, თან ისურვა, ცალკე გამოქვაბულში განეგრძო ცხოვრება, რომ მარტომყოფობის აღთქმა არ დაერღვია. წმიდა ხვედიოსის გარდაცვალების შემდეგ მისი მღვიმე საოცარი კეთილსურნელებით აივსო.

წმიდა ეპიფანე წმიდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილი იყო. სასწაულთქმედებითა და სიმტკიცით შემკული მამა უდიდესი მორჩილებით და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მის წმიდა ლოცვას სნეულებისაგან სასიკვდილოდ განწირული მრავალი ადამიანი განუკურნავს. ეპიფანეს სიწმიდესა და მორჩილებაში მრავალჯერ დარწმუნებული წმიდა გრიგოლ ხანძთელი ძმებს მოუწოდებდა, ენახათ „სიმდაბლე საქმით სრული ეპიფანესი“.

წმიდა მატო მოღვაწეობდა ხანძთის უდაბნოში. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ იგი ორმოცი წლის განმავლობაში წინამძღვრობდა ამ მონასტერს და „ექმნა ყოველთა სახე კეთილისა“. მის სიწმინდეზე და ასკეტიზმზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ ხნის განმავლობაში მას დედებთან ერთად არასდროს უჭამია პური და არც არაფერი გამოურთმევია მათთვის უშუალოდ ხელიდან ხელში; ღრმად მოხუცებულმა და დასნეულებულმა წმიდანმა თავი აარიდა დედების ხელით მსახურებას, მამათა მონასტერში მოღვაწე თავის ნათესავს სთხოვა, თან წაეყვანა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

წმიდა ზენონი სამცხელი დიდგვაროვნის შვილი იყო. მას, სიყრმიდანვე ღვთისმსახურებით აღზრდილს, მონაზვნობა ჰქონია გადაწყვეტილი. განზრახვის შესრულებამდე ცოტა ხნით ადრე ერთმა „უკეთურმან კაცმან“ მისი და მოიტაცა. ცხენზე ამხედრებული და შეიარაღებული ზენონი გამოუდგა დის გამტაცებელს, მაგრამ გზაზე მტანჯველმა ფიქრებმა შეიპყრო: „მე ვარ ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს“. რომ დავეწიო და მოვკლა, სულს წარვიწყმედ, უკან რომ დავბრუნდე, ესეც სირცხვილიაო, და გადაწყვიტა: „აღთქუმა მონაზონებისა აწ აღვუსრულო უფალსა“. შემდგომში იგი წმიდა გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე გახდა.

„სათნოებათა საუნჯე, მონაზონებისა წესი წმიდა, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდე“ - წმიდა ზენონი ღრმა მოხუცებულობაში აღესრულა.

ხანძთის წინამძღვარი, მამა იოანე - ცნობილია იმით, რომ მან დაასრულა თავისი წინამორბედის, „ნათესავით აზნაურის“, მამა არსენის მიერ დაწყებული ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა. „ორნივე ესე ხანძთას მამობასა შინა აღესრულნეს“.

წმიდა ბასილი ხანძთელი გრიგოლ ხანძთელის დედის მსახური ქალის შვილი იყო. გრიგოლს მისთვის წინასწარ განუცხადებია, რომ იგი ხანძთის წინამძღვარი გახდებოდა.

წმიდა თეოდორე და მისი ძმა წმიდა იოანე ერთად მოღვაწეობდნენ ხანძთის მონასტერში. წმიდა თეოდორე მონასტრის წინამძღვარი იყო, სწორედ ამ წმიდა მამებს ახსენებს წმიდა გიორგი მერჩულე თავისი ცნობილი თხზულების - „წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ თანაავტორებად, თუმცა, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ისინი იყვნენ არა უშუალოდ თხზულების თანაავტორნი, არამედ ამ წმიდა საქმის მაკურთხეველნი და ხელმშემწყობნი.

ამავე მონასტერში მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულთქმედებით ცნობილი ბერი გაბრიელი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა მონასტერში მცხოვრებ სნეულ და მოხუცებულ ბერებს. წმიდა გაბრიელი ყველას მოუთხრობდა მისთვის ცნობილი მამების მოღვაწეობის შესახებ და მოუწოდებდა, მტკიცედ დაეცვათ მონასტერში ცხოვრების მამათა მიერ დადგენილი წესები.

წმიდა დიმიტრიოსი - ნეტარი დედის, წმიდა ფებრონიას გაზრდილი იყო. იგი წმიდა მამა გრიგოლ ხანძთელს დაემოწაფა და ეს „ქრისტეშემოსილი“ შვილი გრიგოლ ხანძთელისა „შერაცხილ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა“. იგი იხსენიება იმ წმიდა მამების გვერდით, „რომელთაგან მრავალნი უდიდესსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნენ და სასწაულნი დიდნი მათ მიერ იქმნებოდეს ხორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკვდილისა მათისა“. წმიდა დიმიტრიოსი იერუსალიმის სიწმიდეების მოსალოცად გაემგზავრა და იქ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან წერილი მისწერა წმიდა ფებრონიას და წმიდა გრიგოლ ხანძთელს.

წმიდა არსენი და მაკარი - „კეთილნი მონაზონნი, სრული სიბრძნით და სასწაულთა მოქმედნი“ წმიდა ეფრემ მაწყვერელის (ხს. 17 აპრილს) ნათესავები იყვნენ. ისინი იერუსალიმის საბაწმიდის მონასტერში მოღვაწეობდნენ და მუდმივი კავშირი ჰქონდათ ხანძთელ ბერებთან. წმიდა არსენი და მაკარი ხშირად წერდნენ წერილებს ხანძთაში მოღვაწე მამებს - მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ ქრისტესმიერი სიყვარული და დედაეკლესიისა და სამშობლოს თავდადებული მსახურება.

„დიდი შიო საკვირველთმოქმედი, რომელი, ვითარცა მთიები განთიადისა, ბრწყინვიდა ქვეყანასა ქართლისასა“, ბასილ ზარზმელის ცნობით იგი წმიდა მიქელ პარეხელის (ხს. 27 მაისს) მოძღვარი იყო.

წმიდა ბასილი და მარკელაოზი „სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“ წმიდა მიქელ პარეხელის მოწაფეები იყვნენ. მამა ბასილი, რომელიც წმიდა მიქელის შემდეგაც „პარეხთა მკვიდრი იყო“, მოძღვრის სიახლოვეს დაუკრძალავთ. სარწმუნოებით მისულებს წმიდა საფლავებიდან კურნება მიემადლებათ.

წმიდა დავითი - „წმიდათა უხორცოთა“ მსგავსი დიდი და სანატრელი მამა, „მაშენებელი მონასტერთა“, მიძნაძორის სავანეს წინამძღვრობდა. იგი იყო სულიერი მოძღვარი წმიდა ილარიონ კათოლიკოსისა.

წმიდა იაკობი - „მრავალფერი მადლით“ შემკული X საუკუნის დიდი მამა, თავდაპირველად შატბერდში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მიძნაძორის ხევში დამკვიდრდა და „ბრწყინვიდა... ვითარცა მთიები შორის ვარსკვლავთა“.

დიდი სოფრონ, სანატრელი მამაი, შატბერდის ეკლესიისა განახლებით აღმაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი“, ცნობილი საეკლესიო მწერალი იყო. სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია მისმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერელი წმიდა გიორგი მერჩილე მას იმ ბრძენ და სრულ მამათა რიცხვს მიაკუთვნებს, რომელთაგან ელოდა იგი „ცხოვრებისა ამის დაწერად“. ამავე მონასტერში მოღვაწეობდა წმიდა გრიგოლ შატბერდელიც. საბედნიეროდ, დროთა ავბედითობას გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია ამ მონასტერში შესრულებულმა და გადაწერილმა X ს-ის ისეთმა წერილობითმა ძეგლებმა, როგორიცაა: შატბერდის კრებული, უდაბნოს მრავალთავი, ჰადიშის, ჯრუჭისა და პარხალის სახარებების სახელით ცნობილი ხელნაწერები.

წმიდა ზაქარიამ ააგო ბერეთელთის ცნობილი მონასტერი და სათავე დაუდო შემდეგომში აქ მცხოვრები წმიდა მამების სიწმიდითა და სიბრძნით მოღვაწეობას.

წმიდა ილარიონ პარეხელს, ამ წმიდა და ღმერთშემოსილ მამას, წმიდა გიორგი მერჩულე იხსენიებს, როგორც მისი დროის ერთ-ერთ თვალსაჩინო მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს.

წმიდა ილარიონი, უბისის მამასახლისი, დიდხანს მოღვაწეობდა იერუსალიმის საბაწმიდას ქართველთა მონასტერში. მოხუცებულობაში წმიდა მამა საქართველოში ჩამოვიდა და ხანძთის მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. უაღრესად წიგნიერ და განათლებულ წმიდა ილარიონს დაევალა უბისის ეკლესიის აშენება და იქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.

წმიდა ფებრონია მოღვაწეობდა სამცხეში, მერეს დედათა მონასტერში. წმიდა ფებრონიასა და წმიდა გრიგოლ ხანძთელს საღმრთო სიყვარული და გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.

წმიდა ფებრონიას სიწმიდესა და სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წმიდა მამათა კრებული „თვინიერ დედისა ფებრონიას განზრახვისა“ საქმესა არა ხელ-ჰყოფდა. წმიდა ფებრონიას ჩააბარა წმიდა გრიგოლ ხანძთელმა მეფე აშოტ კურაპალატის (წმიდა მოწამის; ხს. 29 იანვარს) სახლიდან ძალით წამოყვანილი ქალი, რომლის მიმართაც მეფეს „გარდარეული სიყვარული“ ჰქონდა. წმიდა ფებრონიამ შეძლო, მეფისთვის მტკიცე უარი ეთქვა დედაკაცის სასახლეში დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ წმიდა ფებრონიას ზეციური ანგელოზები აუწყებდნენ ღვთის ნებას.

წმიდა ფებრონიასთან ერთად მოღვაწეობდა წმიდა თემისტია, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მერეს დედათა მონასტერში მწირველ მღვდელ წმიდა მატოს. როგორც თვითონ წმიდა თემისტია აღნიშნავდა, ისეთი მოკრძალებული იყო მათი უმრავლესობა, რომ წმიდა მატოს უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არ მიუღია არასდროს.

მერეს დედათა მონასტერში დაყუდებით მოღვაწეობდა წმიდა ანატოლე („რომელსა უწოდეს ანტონიოს“). ზეციურ უხორცო ძალთა მსგავსი ცხოვრებით გაბრწყინებულ წმიდა დედას ხშირად ეცხადებოდნენ ანგელოზები. სანატრელ დედებს თემისტიასა და ანატოლეს ანგელოზთაგან ეუწყათ მათი მოძღვრის, წმიდა მატოს ამქვეყნიდან განსვლაც.

წმიდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმიდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა წმიდა ანასტასია. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, შემორჩენილია მისი საერო სახელი - ბევრელი. იგი მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერეს დედათა მონასტერს. მეფე ადარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრელი დედათა მონასტერში მივიდა და იქ აღიკვეცა ანასტასიას სახელით.

წმიდა ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით აზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა.

წმიდა ანასტასიას ყოფილი მეუღლე, მეფე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს წმიდა ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა წმიდანისაგან. წმიდა ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისათვის: „ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ხორცით“, რის შემდეგაც ადარნასე „მსწრაფლ ხოლო განიკურნა“.

სიწმიდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული წმიდა ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულთქმედებით ცნობილი წმიდანი მიცვალების შემგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა, მის საფლავთან განიკურნენ მისი დასნეულებული შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილთა განკურნებას წმიდა ანასტასიას საფლავთან.

ამ წმიდა მამათა და დედათა სისხლით და ოფლით ფაპოხილი ტაო-კლარჯეთის მიწა - საქართველოს უძველესი, ისტორიული ტერიტორია, რომელიც დღესაც ქართველებითაა დასახლებული, 1921 წლიდან (კომუნისტური რეჟიმის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ) თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში იმყოფება; საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კუთვნილი საეპისკოპოსო კათედრები და ეკლესია-მონასტრები ხშირად სომხეთის კუთვნილებად ცხადდება, მაგრამ ისტორიული სინამდვილის უგულებელყოფა შეუძლებელია.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღადგინა და თავის იურისდიქციაში ნომინალურად გამოაცხადა ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია; ზემოჩამოთვლილი წმიდანების სახით კი მოხდა ტაო-კლარჯეთში მოღვაწე, „დიდი სულიერებით, სასწაულთქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით“ გამორჩეულ ღირს მამათა და დედათა კანონიზაცია.

წმიდა მოწამე ხარიტინა (+304)

წმიდა მოწამე ხარიტინა ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა დაობლდა. მისი აღზრდა კეთილმსახურმა ქრისტიანმა, კლავდიუსმა იტვირთა. კლავდიუსს ღვიძლი შვილივით შეუყვარდა ღვთისმოშიში გოგონა. მან ხარიტინას გამოუყო ოთახი, სადაც ქრისტიანი ასულები იკრიბებოდნენ. მათგან უფროსები წმიდანს საღვთო სჯულს ასწავლიდნენ, მოძღვრავდნენ, უმცროსები კი თავად ხარიტინასგან სწავლობდნენ. ამ დროს დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო. ქრისტიანთა შესაპყრობად გაგზავნილი მეომრები ხარიტინასაც მიადგნენ, კლავდიუსს ქვითინი წასკდა, მკერდში ჩაიკრა ქალწული და მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწირა შვილობილის გადასარჩენად. მაგრამ ხარიტინამ თვითონ თხოვა მამობილს: „გამიშვი, ჩემო მეორე მამავ, იესო ტკბილის კვალზე გამიშვი, და ნუ წუხხარ, გიხაროდეს, რადგან უფალს მსხვერპლად შევეწირები!“ იგი ჩაბარდა გულსასტიკ მხედრებს, კლავდიუსი კი თან მიჰყვებოდა შვილობილს და აცრემლებული სთხოვდა: „მომიხსენე ზეცათა მეუფის წინაშე, როცა მარტვილთა დასთან ერთად წარუდგები მას!“

სამსჯავროზე მსაჯულმა დომიციანემ ხარიტინას ამპარტავანი და სხვების გამხრწნელი კერპი ქრისტიანი უწოდა. ამაზე ქალწულმა მიუგო: „ღვთისა და ერის წინაშე ვაღიარებ იესო ქრისტეს სახელს და გაკერპება ამ შემთხვევაში უმაღლეს სათნოებად მიმაჩნია; მაგრამ სრული სიცრუეა, თითქოს მე სხვებს ვრყვნი; მე მათ კი არ ვრყვნი, გარყვნილებას ვაშორებ“. დომიციანემ რისხვა დაიოკა და ქრისტეს მხევალს მოსთხოვა, მისი განდგომით შეურაცხყოფილი ღვთაებების გული მოელბო; თან წყალობა აღუთქვა. მაშინ მარტვილმა ზეცად აღაპყრო თვალები და წარმოთქვა: „შენ ერთს გეტრფი, იესო, სიძეო ჩემო; შენ თანა ჯვარს ვეცმი და ვცოცხლობ შენ თანა“. მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა ქალწულის აბუჩად აგდება დაიწყო - თმები მოაკვეცა, მაგრამ ნეტარს იგი იმავ წამს კვლავ წამოეზარდა; შემდეგ წმიდანი ცეცხლითა და მახვილით აწამეს, ზღვაშიც ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბოლოს ქრისტეს ტარიგმა ილოცა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (სავარაუდოა, რომ ეს მოხდა 304 წელს).

მღვდელმოწამე დიონისე - ალექსანდრიელი ეპისკოპოსი (+264-265)

მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი მდიდარი წარმართების ოჯახში დაიბადა. შემდგომ მან კარგი განათლება მიიღო და რიტორი გახდა. მოწიფულობას მიღწეული წმიდანი ეკლესიის ცნობილი მამის, ორიგენეს (III) გავლენით მოექცა ქრისტიანობაზე, დაემოწაფა მას და სათნოებებში წარმატებული, მალე ხუცესად აკურთხეს. 231 წლიდან დიონისე ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი გახდა, 247 წელს კი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ფრიად დაშვრა სხვადასხვა ერეტიკული სწავლებების, განსაკუთრებით, საველიანელთა მწვალებლობის სამხილებლად და აღმოსაფხვრელად.

იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას მშვიდი და მოსიყვარულე მღვდელმთავარი ერთგულ დარაჯად ედგა ქრისტიანთა სულებს და აღმსარებლობით ღვაწლში განამტკიცებდა.

წმიდა მამა ყველას დახმარებასა და ნუგეშისცემას ახერხებდა. ჟამიანობის დროს იგი თავის სამწყსოს მოუწოდებდა, შემწეობა აღმოეჩინათ, როგორც ქრისტიანი, ისე წარმართი ავადმყოფებისათვის და დაეფლათ მიცვალებულნი. იმ სულიერ შვილებზე, რომლებიც ამ კურთხევის შესრულებისას დაიღუპნენ, ნეტარი მწყემსმთავარი წერდა: „ამგვარად დატოვეს სიცოცხლე საუკეთესოებმა ჩვენს ძმათა შორის. ასეთი სიკვდილი - დიდი ღვთისმოსაობისა და მტკიცე სარწმუნოების ნაყოფი - არაფრით ჩამოუვარდება მოწამეობას“.

წმიდა დიონისე ორჯერ იყო გადასახლებული. იგი იმპერატორ გალიენუსის (260-268) დროს დაუბრუნდა თავის კათედრას და მშვიდობით მიიცვალა 264 ან 265 წელს. მართალია, წმიდა დიონისე მოწამეობრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმდენი ტანჯვა დაითმინა ღვთისთვის, რომ წმიდა ეკლესიამ იგი მარტვილთა დასში შერაცხა.

წმიდა დიონისე ალექსანდრიელმა დაგვიტოვა რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომი წმიდა წერილის განსამარტებლად და ერეტიკულ სწავლებათა უარსაყოფად. მისმა თხზულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანული აზროვნების განვითარების ისტორიაში და დიდი გავლენა მოახდინა IV საუკუნის ღვთისმეტყველებაზე.

წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელი (+დაახლ. 344)

5 (18) ოქტომბერი

წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელი, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, ქალღმერთ არტემიდეს ქურუმი იყო. იგი საკუთარმა დამ მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა წარმართებმა ნეტარი მარტვილი ნათლისღების თეთრ სამოსელში იხილეს, ქვებით ჩაქოლეს. ეს მოხდა დაახლოებით 344 წელს.

წმიდა მღვდელმთავარნი: პეტრე, ალექსი, იონა, ფილიპე და ერმოგენი,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საკვირველთმოქმედნი

რულიად რუსეთის მღვდელმთავართა: პეტრეს, ალექსისა და იონას საერთო მოსახსენებელი დღე პატრიარქმა იობმა დააწესა 1569 წლის 5 ოქტომბერს. 1875 წელს მათ რიცხვს მღვდელმთავარი ფილიპე შეუერთდა, 1913 წელს კი - მღვდელმთავარი ერმოგენი.

ნეტარი მღვდელმთავრების ცხოვრებები მათი მოსახსენებელი დღეების საკითხავებშია ჩართული: წმიდა პეტრესი - 21 დეკემბერს, წმიდა ალექსისა - 12 თებერვალს, წმიდა იონასი - 15 ივნისს, წმიდა ფილიპესი - 9 იანვარს, წმიდა ერმოგენისა კი - 17 თებერვალს.

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way