USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 17 ოქტომბერს?
дата:  269

17 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი (+1642)

წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ - დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ეს გვარი მტრისა და თანამემამულეთა უგუნური საქციელის გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტა. ერთი შტო ქვემო და შიდა ქართლში დამკვიდრდა, მეორე კი - აჭარაში. წმიდა პატრიარქის შესახებ ძალიან მწირი ბიოგრაფიული ცნობები გვაქვს შემონახული. ვიცით მხოლოდ, რომ მის ძმას ლევანი ერქვა, რომლის ასული ელენე დავითის, თეიმურაზ I-ის ძის, მეუღლე იყო, ერეკლე I-ის დედა და არჩილ მეფის სიდედრი. ლევან დიასამიძე აქტიურად უჭერდა მხარს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან პოლიტიკურ კავშირს.

 როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს „იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. განმრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა... შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან“, აღზევდნენ „მეძავნი და ბილწების მოქმედნი“. მეფის ფუფუნებისადა ცოდვის მოყვარეობა თანდათანობით გადაედო ერს, „თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა... მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“.

 „სიმართლის მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი“, უპატიოქმნილნი, ცუდებად და შეუძლებლებად წოდებულნი, სასოებით იტანდნენ ყოველგვარ გასაჭირს.

 გაუჭირდა ერის სულიერ მამას, მას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეჰკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით გარკვეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა - სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: „მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო“. კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. წმიდა კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით, ქვეყანაში ისევ ცოცხლდებოდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.

 როსტომ-ხანი კარგად ხედავდა კათოლიკოსის ორიენტაციასა და ავტორიტეტს, ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად.

 როსტომ-ხანი და მისი თანამოაზრენი პირდაპირ ვერ ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ უდრეკი კათოლიკოსის ავტორიტეტს, ისინი აშკარა კონფლიქტს ერიდებოდნენ და ფარულად ამჯობინებდნენ მოქმედებას. როსტომი შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა მართლმორწმუნე კათოლიკოსი გზიდან ჩამოეშორებინა. მართლაც, მაჰმადიანმა მეფემ სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გამოძებნა, რათა წმიდა ევდემოზი კათოლიკოსობიდან გადაეყენებინა, თუმცა მის დასჯას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.

 მართალია ევდემოზის კათოლიკოსობიდან გადაყენების ამსახველი საბუთი შემორჩენილი არაა, მაგრამ არსებული ხელნაწერების მიხედვით 1638 წლიდან კათოლიკოსად ქრისტეფორე იხსენიება. ყოველივე ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ როსტომ-ხანის მმართველობით უკმაყოფილო ქართლის არისტოკრატიამ შეთქმულება  მოაწყო, რათა მაჰმადიანი მმართველის ნაცვლად ქრისტიანი მეფე თეიმურაზ I დაესვათ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ტახტზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი ევდემოზ კათოლიკოსი იყო.

 შეთქმულება გაიცა - ერთ-ერთმა მონაწილემ, სომხეთის მელიქმა როსტომ-ხანს ყველაფერი შეატყობინა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვარ ხერხს მიმართა და იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათოლიკოსი. შეთქმულთა ერთ-ერთი თავკაცი ნოდარ ციციშვილი პირველსავე წარუმატებლობისას დაფრთხა და სამცხეში გაიქცა, ხოლო ქართლის საზღვარზე გადმოსული თეიმურაზ I კვლავ კახეთში გაბრუნდა. როსტომს მხოლოდ სეხნია და ზურაბ ჩხეიძეები შეებნენ და უთანასწორო ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. როსტომ-ხანმა ატენის ციხე დაანგრია და ცხირეთში გამაგრდა, არც ამჯერად მოუცილებია დედოფალი და კათოლიკოსი გვერდიდან.

 წმიდა ევდემოზმა მაინც მოახერხა და შეუთვალა თეიმურაზს, ღალატს არ დაებრკოლებინა და დრო არ დაეკარგა, მაგრამ მისი წერილი ჯერ როსტომ-ხანს მიართვეს, წააკითხეს და შემდეგ მიუტანეს თეიმურაზს. როსტომ-ხანი გორის ციხეში დაელოდა აჯანყებულებს, შემდეგ შეთქმულთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. მართლაც, ისინი შეიპყრეს და დასაჯეს, ევდემოზ კათოლიკოსი კი თბილისში წამოიყვანეს და შურის ციხის (თბილისის ციხე, ნარიყალა) საპყრობილეში ჩაკეტეს.

 წმიდა ევდემოზი რამდენიმე თვე იყო საკანში. მთელი ამ ხნის მანძილზე იგი მხურვალედ ლოცულობდა და მკაცრი ასკეტური ყოფით ცხოვრობდა; თითქოს უკვე იცოდა თავისი მომავალი განაჩენის შესახებ - იგი უფრო მეტად ამხელდა მეფის ურჯულოებას და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

 გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბატონიშილი წერს: „შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ“. „ქართლის ცხოვრება“ კი გვიამბობს: „შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ... და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა“.

 როგორც ეტყობა როსტომ-ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციაული დასჯის ხერხი გამოუყენებია - მშვილდის ლარით და საბლით დაუღრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა.

 ქრისტიანობისთვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ფარულად წამოიღეს ქრისტიანებმა და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ ქართლში განუკითხაობა გამეფდა: „არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ იყვნეს ფუფუნეულ და ხორცთმოყუარე, რამეთუ თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიაისა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღვინისა და ზმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდნენ ურთიერთას სიძვა-მრუშებასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა, ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“. მაგრამ თავდადებული კათოლიკოსის თავგანწირვას ამაოდ არ ჩაუვლია, სწორედ მისმა სიკვდილმა შეუნარჩუნა ქართველ ერს ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის ერთგულება, დამპყრობთა ვერაგული პოლიტიკით გზააბნეულ ერს აჩვენა სარწმუნოებისა და ერისთვის თავდადების მაგალითი და ყოველივე ამას შედეგად ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება მოჰყვა.

 საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა კი ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 4 (17) ოქტომბერი დააწესა.

მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)

 მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი ათენის არეოპაგის წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე დიონისე არეოპაგელთან (ხს. 3 ოქტომბერს და 4 იანვარს) ერთად და შემდგომ ეპისკოპოსადაც აკურთხა. გადმოცემით, იეროთეოსი და წმიდა დიონისე ესწრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაკრძალვას. ნეტარი მამა I საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად.

წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი (III)

 წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი წმიდა დიონისე ალექსანდრიელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფეები იყვნენ. ფავსტო, ევსები და ქერიმონი დიაკვნებად მსახურობდნენ.

ევსების შემდგომ სირიის ლაოდიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდა ფავსტო დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამა, დანარჩენები მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში.

 მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელი (III-IV)

 მღვდელმოწამე პეტრე, კაპეტოლიელი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როგორც ქრისტიანთა მოძღვარი და წარმართობის შემმუსვრელი მღვდელმთავარი სპარსელებმა შეიპყრეს და კაპეტოლიიდან (ქალაქი იერუსალიმიდან დამასკოსკენ მიმავალ გზაზე) დამასკოში ჩაიყვანეს. აქ წმიდანი საშინლად აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. მარტვილის აჩეხილი სხეული ჯალათებმა ცეცხლს მისცეს, ფერფლი კი წყალს გაატანეს. ეს მოხდა III საუკუნის დასასრულს ან IV საუკუნის დასაწყისში.

 წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი - ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) (+305-306)

 წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი - ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) ანტიოქიელები იყვნენ. ისინი სირიაში აღესრულნენ მოწამეობრივად 305-306 წლებში.

 ღირსი ამონი (+დაახლ. 350)

ღირსი ამონი, მონაზონთა წოდების ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ეგვიპტეში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მასზე ზრუნვა ბიძამ იტვირთა და ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზარდა. წმიდანი ბიძის სურვილითვე დაქორწინდა, მაგრამ, ქალწულებრივი ცხოვრების მოსურნემ, ცოლი უბიწოების დამარხვაზე დაიყოლია. მეუღლეებმა თითქმის ორი ათეული წელი იღვაწეს ფარული ქალწულებრივი სიწმინდით, მარხვით, ლოცვითა და შრომით, შემდეგ კი, ცალ-ცალკე განაგრძეს მოსაგრეობა. ამონის მეუღლე სახლში დარჩა და აქ დედათა სავანე მოაწყო, თავად ამონმა კი ნიტრიის უდაბნოს მიაშურა, სადაც 22 წელი დაჰყო, სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.

 ღირსი მამა ხშირად აკითხავდა ხოლმე ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ერთხელ წმიდანთან მიმავალ მოსაგრეს უდაბნოში გზა დაებნა და დამაშვრალმა მხურვალედ შესთხოვა უფალს დახმარება. ლოცვის პასუხად ღრუბლებში გამოჩნდა ხელი, რომელმაც ნეტარს სავალ გზაზე მიანიშნა და წინ უძღოდა მას მანამ, სანამ მამა ანტონის მღვიმე არ გამოჩნდა.

 ღირსი ამონი დაახლოებით 350 წელს გარდაიცვალა. ანტონი დიდმა იხილა, თუ როგორ ამაღლებდნენ ანგელოზები ზეცად მის სულს.

 ღირსი პავლე (IV)

ღირსი პავლე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IV საუკუნეში. იგი უკვე მხცოვანი იყო, როცა ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) დაემოწაფა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის განჭვრეტისა და სულიერ სენთა კურნების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომელსაც თავისი წმიდა მოძღვარი ხან ელია წინასწარმეტყველს ადარებდა, ხან - იოანე ნათლისმცემელს და ხანაც - პავლე მოციქულს, საოცარი სიმდაბლითაც გამოირჩეოდა, ამიტომ „უბრალო“ შეარქვეს. ანტონი დიდი მასზე ამბობდა: „სარწმუნოებაში წარმატებულუბს მხოლოდ მცირე ეშმაკთა განსხმა ძალუძთ, თავმდაბლებს კი, როგორიც პავლე უბრალოა, თავად დემონთა მეუფებაზე აქვთ ხელმწიფება“.

 ნეტარი პავლე იხსენიება წელიწადში ორჯერ: 7 მარტს და 4 ოქტომბერს (იხილეთ 7 მარტის საკითხავი).

 წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია (IV)

 წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია ეფესოში ცხოვრობდნენ, სადაც დავიქტი ქალაქის თავი იყო. ღვთისმოშიშმა მამამ არ ისურვა, თავისი ქალიშვილი ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმინესთვის (305-313) მიეთხოვებინა, რისთვისაც იგი ქალაქ მელიტინში (სომხეთი) გადაასახლეს და თავი მოჰკვეთეს (+305-313). წმიდა კალისთენია მშვიდობით მიიცვალა ეფესოში დაახლოებით 318 წელს.

 წმიდა სტეფანე შალიანოვიჩი (+1515)

 წმიდა სტეფანე შალიანოვიჩი სერბეთის ქალაქ ჟუპაში დაიბადა კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. იმ ხანებში სერბებს ხშირად ესხმოდნენ თავს თურქები, რომლებიც აოხრებდნენ ქვეყანას. წმიდანი მხედრად მსახურობდა ლაშქარში და მხნედ იცავდა სამშობლოს. როცა ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო, გულმოწყალე მეომარი თავის ულუფას დამშეულებს აძლევდა. ქველისსაქმე, სიწმიდე, ლოცვა, მართლმადიდებლური სარწმუნოება და მოყვასის გულწრფელი სიყვარული განუყოფელი იყო მისგან. ნეტარი 1515 წლის 4 ოქტომბერს გავიდა ამსოფლიდან. რამდენიმე ხნის შემდეგ თურქებმა მის საფლავზე ნათელი შენიშნეს. მათ იფიქრეს, რომ აქ განძი იყო დაფლული, სამარე გათხარეს და სტეფანეს უხრწნელი სხეული იპოვეს. სერბმა მონაზვნებმა ფაშასგან გამოისყიდეს წმიდანის ცხედარი და ფრუშტის მთაზე მდებარე შიშატოვეცის სავანეში გადაასვენეს.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати