USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 15 ნოემბერს?!
 548

15 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე,
ანემპოდისტო და სხვანი მათ თანა (+დაახლ. 341-345)

2 (15) ნოემბერი

წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელები ზოროასტრიზმს მისდევდნენ - მზეს სცემდნენ თაყვანს. ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალული იყო, მაგრამ მეფე საპორი, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337) მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, თავისი მეფობის დასაწყისში ქრისტიანებს არ დევნიდა. მიუხედავად ამისა, მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღსავსე სპარსელი ქურუმები მოსვენებას ვერ პოულობდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ მათ დასაღუპავად. ასეთი შემთხვევაც გამოჩნდა: გარდაიცვალა კონსტანტინე დიდი და საპორმა ომი წამოიწყო მის მემკვიდრესთან, კონსტანციუსთან (337-361). სპარსეთის მეფეს დაბეჯითებით დაუწყეს იმის მტკიცება, რომ მის ქვეშევრდომ ქრისტიანებს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმორწმუნე მტრებთან და აწვდიდნენ მათ ყველაფერს, რაც ომში წარმატებისთვის იყო საჭირო. მეფემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქვეყანაში იმდენი ქრისტიანი აღმოჩნდა, რომ სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ: მეფის სასახლეც კი სავსე იყო ქრისტიანებით. სხვებთან ერთად მოშურნეებმა მეფესთან დაასმინეს მისი ერთგული კარისკაცებიც: აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო. განრისხებულმა თვითმპყრობელმა წმიდანების წამება ბრძანა. დაქანცული ჯალათები ორჯერ შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრამ უფლის რჩეულებს კვნესაც არ აღმოხდენიათ. თვით საპორმაც კი ვერ გაუძლო დაძაბულობას და გრძნობა დაკარგა. მოსულიერებულმა მტარვალმა აკვინდინეს, პიგასის და ანემპოდისტოს ჯადოქრობაში დასდო ბრალი და ბრძანა, კოცონს ზემოთ დაეკიდათ და კვამლით მოეხრჩოთ ისინი. წმიდანთა ლოცვით ცეცხლი ჩაქრა, საკვრელები კი, რომლითაც ისინი იყვნენ შებოჭილნი, დაიშალა. როცა მეფემ იკითხა, თუ როგორ მოხდა ეს, მოწამეებმა მას მრავალი ამგვარი სასწაულის მოქმედი ქრისტე უქადაგეს. გააფთრებულმა საპორმა უფლის სახელის გმობა დაიწყო. მაშინ მარტვილებმა შესძახეს: „დაიყავნ პირი შენი!“ - და მეფეც დამუნჯდა. შიშისა და მრისხანებისგან გონდაკარგული საპორი ცდილობდა, ენიშნებინა ხელქვეითთათვის, რომ ტუსაღები საპყრობილეში წაეყვანათ, მაგრამ ირგვლივ მყოფნი მას ვერაფერს უგებდნენ. ეშმაკეულქმნილმა მეფემ სიბრაზისაგან მანტია შემოიხია და მხეცივით დაიწყო ღმუილი. აკვინდინემ ლოცვის ძალით განკურნა მეფე, მაგრამ ამჯერადაც ყველაფერი წმიდანთა ჯადოსნობით ახსნეს და მათი წამება განაგრძეს. მარტვილები რკინის ცხაურზე გააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს. უფლის რჩეულებმა ლოცვა დაიწყეს. უეცრად წვიმა წამოვიდა და ცეცხლი ჩაქრა. მოწამეთა ლოცვით აღსრულებული სასწაულების მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე.

ერთ-ერთმა ჯალათმა, აფთონმა წმიდა მოწამეებს სახალხოდ სთხოვა შენდობა მიყენებული ტანჯვისთვის და ქრისტეს სახელისათვის სასიკვდილოდ გადადო თავი. დიდებულმა ელპიდიფორემ და მეფის დედამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი. საპორმა ბრძანა, აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო და მათთან ერთად ელპიდიფორე თავის მოკვეთით დაისჯებიან. როცა მარტვილები ქალაქის გალავნისკენ მიჰყავდათ დასახოცად, მათ ურიცხვი ხალხი მიაცილებდა. მეფის ბრძანებით მეომრებმა ყველა მათგანი - შვიდიათასამდე - ამოჟლიტეს. სხვებთან ერთად მოკლეს ელპიდიფორეც.

აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო მეფის დედასთან ერთად მეორე დღეს ცეცხლში გამოწვეს. წმიდანთა სიკვდილით დასჯის ადგილას ღამით მოსულმა ქრისტიანებმა უფლის რჩეულთა სრულიად უვნებელი ცხედრები იპოვეს და პატივით მიაბარეს მიწას.

ღირსი მარკიანე კვირელი (+388)

2 (15) ნოემბერი

ღირსი მარკიანე ახალგაზრდობაშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას, უდაბნოში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო განმარტოებით, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. ღამით, ფსალმუნთა გალობისას წმიდანი არასოდეს ანთებდა სანთელს, რადგან მისი სენაკი ღვთაებრივი შუქით იყო განათებული. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა ფლაბიანემ (ხს. 18 თებერვალს) და სხვა ეპისკოპოსებმა წმიდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, მაგრამ წმინდანმა ვერ დათმო განდეგილობით მოპოვებული უფალთან სიახლოვე. ღირსი მამა რჩევა-დარიგებისთვის მისულებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა. აღსასრულის წინ წმიდანმა თავის მოწაფეს, ევსების დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი კელიისგან მოშორებით. გარდაიცვალა IV ს-ის ბოლოს.

ღირსი მარკიანე 18 იანვარსაც იხსენიება.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати