USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 15 მარტს?
თარიღი:  520

15 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326)

2 (15) მარტი

წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326), კვიპროსის ქალაქ კირიის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო. უსჯულო ლიკინიუსის დროს (307-324) იგი წარმართთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. კვიპროსის მთავარმა, საბინმა, ბრძანა, ეპისკოპოსი შეეპყროთ. ეს რომ წმიდანმა გაიგო, თვითონ გამოცხადდა მასთან და უთხრა: „მე ვარ ის, ვისაც ეძებ, მოვედი, რათა ვაღიარო ქრისტე ღმერთი”. მთავრის ბრძანებით თეოდოტე უმოწყალოდ სცემეს, ხეზე მიაბეს, ბასრი დანებით დასერეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ხუთი დღის შემდეგ მოწამე ისევ მიჰგვარეს საბინს, რომელმაც კვლავ სარწმუნოების გამოცვლა მოითხოვა მისგან. თეოდოტეს ქრისტეს ქადაგება არ შეუწყვეტია. ჯალათებმა წმიდანი რკინის მესრებზე დააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს, შემდეგ ფეხებზე ლურსმნები გაურჭვეს და სიარული აიძულეს. წმიდა თეოდოტეს წამების მოწმენი, მისი მოთმინებითა და ღვთივსულიერი სიტყვებით აღფრთოვანებულნი, აღიარებდნენ ქრისტეს. როცა ეს საბინმა გაიგო, წამების შეწყვეტა ბრძანა, წმიდანი კი დაატუსაღა.

მალე, წმიდა კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით, თავისუფლება მიენიჭა ყველა პყრობილ ქრისტიანს. სხვებთან ერთად განთავისუფლდა წმიდა თეოდოტეც. წმიდანი კირინში დაბრუნდა, სადაც ორი წელი იმსახურა ეპისკოპოსად, შემდეგ კი 326 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

წმიდა მოწამე ტროადი ჭაბუკი (III)

2 (15) მარტი

წმიდა მოწამე ტროადი ჭაბუკი (III) იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251) ეწამა ქრისტესთვის პონტოს ნეოკესარიაში. მისი წამება იწინასწარმეტყველა წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს. 17 ნოემბერს).

ღირსი აღათონ მეგვიპტელი (V)

2 (15) მარტი

ღირსი აღათონ მეგვიპტელი (V) მაკარი დიდის (ხს. 19 იანვარს) თანამედროვე იყო. ის ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა, თავს უდიდეს ცოდვილად თვლიდა და საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა. ერთხელ ღირს აღათონთან მივიდნენ ბერები და ჰკითხეს: „შენ ხარ მამა აღათონი?” „თქვენს წინ დგას ღვთის ცოდვილი მონა”, - უპასუხა ღირსმა მამამ. „ხმები დადის, თითქოს შენ ამპარტავანი და თავშეუკავებელი ხარ”, - გააგრძელეს ბერებმა. „სრული ჭეშმარიტებაა”, - მიუგო წმიდანმა. „კიდევ ამბობენ, რომ მატყუარა ხარ და სხვებს განიკითხავ.” „ესეც მართალია”, - დაუდასტურა მან. „თურმე ერეტიკოსიც ყოფილხარ,” – არ ცხრებოდნენ ბერები. „ეგ კი ტყუილია”, - იუარა წმიდა აღათონმა და დასძინა: „ყოველი ადამიანი ცოდვის შვილია, ბუნებითაა მიდრეკილი ბოროტისაკენ, ამიტომ არანაირი ცოდვა ჩვენთვის უცხო არაა, მაგრამ ერესი? – ეს ხომ შეგნებული უარყოფაა ღვთის ჭეშმარიტებისა!”

როცა ღირს აღათონს ჰკითხეს, რომელი ღვაწლია უმჯობესი ცხონებისათვის – გარეგნული თუ შინაგანი, მან მიუგო: „ადამიანი ხეს ჰგავს. გარეგან, ხორციელ საქმიანობას გამოაქვს ფოთლები, სულიერს _ ნაყოფი. წმიდა წერილი გვასწავლის: „ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედუას” (მთ. 3, 10), აქედან ცხადია, რომ უპირველესია ნაყოფი, სულიერი ღვაწლი, მაგრამ ხეს ამ ნაყოფის დასაცავად ფოთლებიც სჭირდება”.

ღირსი აღათონი გარდაიცვალა 435 წელს. უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში მდუმარე და ჩაფიქრებული იჯდა, თითქოს რაღაცას უთვალთვალებსო. ბერებს უთხრა, საკუთარ თავს ვხედავო უფლის სამსჯავროზე. „ნუთუ შენც გეშინია, მამაო?” – ჰკითხეს. „მე მთელი ჩემი შეძლებით აღვასრულებდი ღვთის მცნებებს, მაგრამ შემიძლია კი, დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ უფალს სათნოეყო ჩემი საქმენი? ვერ დავიჯერებ, სანამ არ ვიხილავ ღმერთს, ერთია ადამიანთა სამსჯავრო და სულ სხვაა ღვთის სამსჯავრო”, - ამის თქმისთანავე წმიდანი აღესრულა.

წმიდა 440 იტალიელი მოწამე (+579)

2 (15) მარტი

წმიდა 440 იტალიელი მოწამე (+579) ლანგობარდებმა (გერმანელთა ტომი) დახოცეს იმის გამო, რომ მათ თაყვანი არ სცეს კერპებს. წამებულთაგან მხოლოდ პრესვიტერ სანკტულის და გოსპიცი განდეგილის სახელებია ცნობილი.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის