USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 13 თებერვალს?
дата:  798

13 თებერვალს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვეცხლონი, კვიროს და იოანე

და მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი

თეოდოტია, თეოქსისტა და ევდოქსია (+311)

31 (13.02) იანვარი

წმიდა უვეცხლო კვიროსი ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველა ავადმყოფს უსასყიდლოდ კურნავდა ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან, სახარების სწავლებას ქადაგებდა და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელი დევნილობისას კვიროსმა არაბეთის უდაბნოს მიაშურა, ბერად აღიკვეცა და დაუცხრომლად განაგრძო მოღვაწეობა, რისთვისაც უფლისაგან ყოველგვარი სნეულების კურნების მადლი მიენიჭა.

ამ დროს ქალაქ ედესაში ცხოვრობდა კეთილმსახური ქრისტიანი მხედარი იოანე. როცა დევნილობა დაიწყო, იგი იერუსალიმში წავიდა, სადაც წმიდა კვიროსის შესახებ შეიტყო და მისი ნახვის სურვილით აინთო. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მან მიაგნო უდაბნოში დაყუდებულ ბერს და მისი ერთგული მოწაფე შეიქნა. ერთხელ მამებმა შეიტყვეს, რომ ეგვიპტის ქალაქ კანოპში შეპყრობილი იყო ქრისტიანი ქალი ათანასია სამ ასულთან - თეოქსიტისთან, თეოდოტიასთან და ევდოქსიასთან ერთად. წმიდა მამებმა საპყრობილეში მოინახულეს მოწამეები და გაამხნევეს. როცა ამის შესახებ შეიტყო, ქალაქის მმართველმა კვიროსი და იოანე დაატუსაღა. ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებისათვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს (+311).

მოწამენი: ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე,

დიოდორე, კლავდიუსი, სერაფიონი და პაპი (+251)

31 (13.02) იანვარი

წმიდა მოწამენი ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, კლავდიუსი, დიოდორე, სერაფიონი და პაპი კორინთოში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას, 251 წელს. წმიდა ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე რკინის როდინში ჩასხეს და უზარმაზარი რკინის ფილთაქვით მოკლეს. წმიდა კლავდი ხელ-ფეხის მოკვეთით მოაკვდინეს, წმიდა დიოდორე დაწვეს, წმიდა სერაფიონს თავი მოჰკვეთეს, წმიდა პაპი კი ზღვაში დაახრჩვეს.

წმიდა მოწამე რიფენე კვიზიკელი

31 (13.02) იანვარი

წმიდა მოწამე რიფენე ქალაქ კვიზირიდან იყო. მან ჯალათებს ნებით მისცა თავი საწამებლად. მრავალფერი სატანჯველის დათმენისა და ქრისტეს მხნედ აღიარების შემდეგ წმიდანი გამძვინვარებულ ხარს დააფლეთინეს.

ღირსმოწამე ილია არდუნისი (+1688)

31 (13.02) იანვარი

ღირსმოწამე ილია არდუნისი მორეაში დაიბადა. იგი კეთილგონიერებითა და სიკეთით გამოირჩეოდა და სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ ბოროტის მიერ ცდუნებულმა ილიამ უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალევე შეინანა, ათონის მთას მიაშურა და ბერად შედგა. მან აქ რვა წელი დაჰყო მკაცრ ღვაწლში, მაგრამ სინდისის ქენჯნა ვერ დაიცხრო. წმიდანს აღეძრა სურვილი, სისხლით ჩამოებანა ცოდვით შესვრილი სული. მოძღვრის კურთხევით, სამშობლოში წავიდა და თურქების წინაშე თავი ქრისტიანად გამოაცხადა. უსჯულოებმა სასტიკად სცემეს იგი და მსაჯულს გადასცეს, მსაჯულმა კი მისი დაწვა ბრძანა. უფალმა განადიდა თავისი რჩეული - ცეცხლში არა თუ მისი სხეული, ტანსაცმელი და თმაც კი უვნებელი დარჩა. ქრისტიანებმა პატივით დაფლეს მოწამის ცხედარი.

წმიდა ათანასე, მეთონელი ეპისკოპოსი (IX)

წმიდა მღვდელმთავარი ნიკიტა, პეჩორელი დაყუდებული, ნოვგოროდელი (+1109)

31 (13.02) იანვარი

წმიდა ნიკიტა, ნოვგოროდელი ეპისკოპოსი ახალგაზრდა იყო, როცა კიევო-პეჩორის მონასტერში მივიდა და მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენმა გააფრთხილა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტამ ყურად არ იღო რჩევა. ერთხელ, მოსაგრე ცოდვით დაეცა: ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას, მისი თქმით, უკვე სრულყოფილებამდე ამაღლებულს, შეაგონა: „არ გინდა ლოცვა, მხოლოდ იკითხე და სხვებს ასწავლე, შენს მაგივრად კი მე ვილოცებ! “ ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოიჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი არა თუ საუბარი, სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა. კიევო-პეჩორელი ძმები მივიდნენ ცდუნებულთან და ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ კურთხევით დატოვა დაყუდების ადგილი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, ყველაზე მეტად კი მორჩილებისა და თავმდაბლობის მოგებას ესწრაფოდა. ყოვლადსახიერმა უფალმა ნეტარი ბერების ლოცვით იგი დაცემის სიღრმიდან სრულყოფილების მწვერვალზე აღამაღლა. შემდგომში წმიდანი ნოვგოროდის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულქმედების ნიჭიც მიემადლა. ღირსმა ნიკიტამ მშვიდობით მიისვენა 1109 წელს.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати