USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 13 სექტემბერს?
Date:  147

13 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დადება პატიოსნისა სარტყლისა
ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა (395-408)

31 (13.09) აგვისტო

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღესრულა იმპერატორ არკადიუსის (395-408) დროს. ეს დიდი სიწმიდე, გადმოცემით, თავად ღვთისმშობელს ჩაუბარებია თომა მოციქულისათვის, შემდგომ კი მემკვიდრეობით გადაეცემოდა კეთილმსახურ ქრისტიანებს. მრავალი წლის შემდეგ, ლეონ ბრძენის (886-912) ზეობისას, ღვთისმშობლის სარტყელმა სასწაულებრივად განკურნა ბოროტი სულით შეპყრობილი იმპერატორის მეუღლე ზოია.

დედოფალს გამოცხადებით ეუწყა, რომ სნეულებისაგან ღვთისმშობლის სარტყლის შეხებით განიკურნებოდა. იმპერატორმა პატრიარქს დახმარება სთხოვა. მღვდელმთავარმა გახსნა დაბეჭდილი კიდობანი, რომელშიც სიწმიდე ინახებოდა, სნეულ დედოფალს შეახო და იგი მაშინვე განიკურნა. სამადლობლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი ილოცეს, შემდეგ კი სიწმიდე კვლავ კიდობანში ჩააბრძანეს.

აღსრულებული სასწაულის აღსანიშნავად დაწესდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის დადების დღესასწაული.

მღვდელმოწამე კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი (+258)

31 (13.09) აგვისტო

მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა. უფალმა გაუნათა გონება - გულწრფელად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ნათლისღებამდე წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ხუცეს სესილიუსთან დასახლდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს, კართაგენის ეპისკოპოს დონატუსის გარდაცვალების შემდეგ კი, 248 წელს, ერთხმად აირჩიეს მღვდელმთავრად.

ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ეკლესიის კეთილმოწყობასა და ღვთისმსახურებსა და მრევლში არსებულ მანკიერებებთან ბრძოლას. ამ დროს, ღვთისმოყვარე იმპერატორ ფილიპეს ზეობისას, ქრისტიანები საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ აფრიკელ მართლმადიდებლებს შორის დიდი ბოროტებაც შეიპარა: არსებულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში მათ თანდათან გაუცივდათ გული სარწმუნოების მიმართ - უწინდელი საღმრთო შური მიწიერი სიტკბოების, სიმდიდრისა და ფუფუნების ტრფიალმა შეცვალა, ერთმორწმუნეთა შორის არსებული ძმური სიყვარული განქარდა, გლახაკები აღარავის ახსოვდა. კვიპრიანე ცდილობდა, სიტყვითა და პირადი მაგალითით გამოეფხიზლებინა ქრისტიანები და სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზანი დაენახვებინა მათთვის.

ამასობაში ტახტზე ავიდა ღვთისმოძულე დეკიუსი (249-251), რომლის შესახებაც წმიდანმა წინასწარ შეიტყო სიზმრისეული ჩვენებით. დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა.

ეპისკოპოსი კვიპრიანე მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით გაიხიზნა, რომ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებით დახმარებოდა დევნილებს. კართაგენში კი ამაზრზენი ამბები დატრიალდა: ცხადად გამოჩნდა, თუ რა სახიფათოა შემსჭვალვა ამქვეყნიურ კეთილდღეობებზე, როგორ ანელებს ის ღვთის სიყვარულს. გულგრილმა ქრისტიანებმა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაიწყეს წარმართული მსხვერპლშეწირვის აღსრულება. ზოგიერთები არ სწირავდნენ კერპებს მსხვერპლს, მაგრამ ყიდულობდნენ მოწმობებს, რომ ეს წესი შესრულებული ჰქონდათ და ამგვარად ინარჩუნებდნენ სიცოცხლესა და ქონებას. განდგომილები ისე მრავლად იყვნენ, რომ მსაჯულები ვერ აუდიოდნენ უარყოფის ბარათების მიღებას და მომდევნო დღისთვის გადაჰქონდათ. თავის წერილებში წმინდა კვიპრიანე მოუწოდებდა ქრისტიანებს, მიემართათ ლოცვისთვის, როგორც ერთადერთი საიმედო იარაღისთვის, სთხოვდა ხუცესებს, ეზრუნათ სუსტებზე და უძლურებზე, ეღვაწათ დაცემულთა აღდგინებისათვის, ბრძანა, მთელი მისი ქონება გლახაკ მართლმორწმუნეთათვის დაერიგებინათ, რომ უპოვარების გამო არ მიმხრობოდნენ წარმართებს. იგი ითხოვდა, ჩაენიშნათ მოწამეთა მიცვალების დღეები, რომ შემდგომ ყოველწლიურად ამ დღეებში მათი ხსენება აღენიშნათ. წმიდა მამა ხარობდა მათ გამო, ვინც არ შეუშინდა მტარვალთა წინაშე ქრისტეს აღიარებას, მაგრამ შიშობდა, რომ ამ ღვაწლს ამპარტავნებაში არ ჩაეგდო აღმსარებლები და მამაშვილურად აფრთხილებდა: „დაე იყვნენ ისინი თავმდაბალნი, მშვიდნი და კეთილი მაგალითი მისცენ სხვებს შემდგომი მოქმედებითაც. ყველაზე მკაცრი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა. უფალმა ბრძანა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მთ. 24.13). დაე ჰბაძვიდნენ იესო ქრისტეს, რომელმაც სწორედ თავისი ვნების წინ გვიჩვენა თავმდაბლობის უდიდესი მაგალითი, ფეხები დაჰბანა რა თავის მოწაფეებს... ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა ეშინოდეთ მათ მტრის ხაფანგში მოხვედრისა, რომელიც, ნაგემები დამარცხებისთვის შურისძიების სურვილით აღძრული, მონდომებით ესხმის თავს ყველაზე ძლიერებს“.

კვიპრიანეს შიში გამართლდა: კართაგენის ეკლესიას განდგომილთა სულმოკლეობა იმდენად არ ტანჯავდა, რამდენადაც ზოგიერთი აღმსარებლის შეუფერებელი ამპარტავნება და საძრახი საქციელი. მათი ნაწილი, აღსრულებული ღვაწლით გაამაყებული, არღვევდა ეკლესიის წეს-კანონებს და საკუთარი სახელით აძლევდა წერილობით ნებართვებს იმ განდგომილებს, რომელთაც კრებულში დაბრუნება სურდათ; ეკლესიაში კი ოდითგანვე არსებობდა წესი, რომ მძიმე ცოდვილები მხოლოდ სრული მონანიების შემდეგ მიეღოთ უკან. გამოცდის ვადა იყო ერთი წლიდან სამ წლამდე, ცოდვის სიმძიმის მიხედვით, წეს-კანონების დარღვევამ ააღელვა რომისა და კართაგენის ეკლესიები და წარმოშვა განხეთქილება. რომაელმა ხუცესმა ნოვაციანემ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ღვთისგან განდგომილების უფლის ეკლესიაში მიღება ყოვლად დაუშვებელია და ვერანაირ სინანულს ვერ ძალუძს მათი ცოდვის აღხოცა. მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. წმიდა კვიპრიანე თავის ეპისტოლეებში გმობდა ნოვაციანელთა მწვალებლობას და იძლეოდა რჩევას, განდგომილებთან ურთიერთობაში შუალედური გზა აერჩიათ: თავი შეეკავებინათ ქარაფშუტული შემწყნარებლობისაგან, რომელიც შეცოდებულთაგან სინანულს არ ითხოვდა და ზედმეტი სიმკაცრისგანაც, სახარებისეული სწავლების სულს რომ არ ეთანხმებოდა.

ორი წლის შემდეგ, როცა დეკიუსი გარდაიცვალა, კვიპრიანე კართაგენში დაბრუნდა. მისი არყოფნისას მორწმუნეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადასაწყვეტად ნეტარმა მღვდელმთავარმა მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელმაც აღელვებულ ეკლესიაში მშვიდობის ჩამოგდება და ერთობის დამყარება სცადა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ტახტზე ავიდა გალიენე (253-268), რომელმაც განაახლა ქრისტიანთა დევნა. კვიპრიანემ ამჯერად გადაწყვიტა, დარჩენილიყო ეპარქიაში და მრევლი ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად მოემზადებინა.

მოლოდინის საპირისპიროდ, აფრიკის ოლქში მკვიდრ ქრისტიანებს ამჯერად დევნა თითქმის არც განუცდიათ, მაგრამ სხვა უბედურება დაატყდათ თავს - შავი ჭირის ეპიდემია. ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპებოდა. აქ ცხადად გამოჩნდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ძლიერება. მღვდელმთავარ კვიპრიანეს მადლმოსილი სიტყვებით და პირადი მაგალითით აღფრთოვანებული ქრისტიანები არც სიცოცხლეს და არც ქონებას არ ზოგავდნენ მიცვალებულთათვის საკადრისი პატივის მისაგებად და განწირულთა დასახმარებლად, ზოგი მათგანი საკუთარ სახლში იფარებდა ავადმყოფებს. ამ დროს დაწერა წმიდა მამამ წიგნი „სიკვდილიანობის შესახებ“, სადაც წუთისოფლის ამაოებასა და სწრაფწარმავლობაზე საუბრობს და ცდილობს, ქრისტიანთა გონება მომავალი, მარადიული ცხოვრებისაკენ მიმართოს.

ის-ის იყო, ჟამიანობა შეწყდა, რომ ბარბაროსები შეიჭრნენ კართაგენის მოსაზღვრე, ნუმიდიის ოლქში და მრავალი ქრისტიანი ტყვედ წაასხეს. წმიდა კვიპრიანემ მრევლს მიმართა: „არა მარტო გრძნობა, სჯულიც გვავალებს, გამოვისყიდოთ დატყვევებული თანამოძმეები: ქრისტე მკვიდრობს მათში“. კართაგენელმა მართლმადიდებლებმა, მართლაც, გულთან მეტად ახლოს მიიტანეს ნუმიდიელთა გასაჭირი და უხვი შესაწირი გაიღეს მათ გამოსასყიდად.

253 წელს ტახტზე ავიდა იმპერატორი ვალერიანე (253-260). მისი მეფობის პირველი ექვსი, მშვიდობიანი წლის მანძილზე კვიპრიანე გულმოდგინედ ზრუნავდა საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად, იმპერატორ ვალერიანეს თავისი კეთილგანწყობა ქრისტიანთა მიმართ საყვარელი კარისკაცის, ვალერიანე მაკრინეს წაქეზებით სიძულვილით შეეცვალა - სწორედ ამან გამოიწვია მაცხოვრის მსასოებელთა დევნის განახლება. კართაგენის პროკონსულმა პატერნემ მღვდელმთავარ კვიპრიანეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმიდანმა უარი განაცხადა როგორც ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ისე კართაგენელ მღვდელმსახურთა სახელებისა და ადგილსამყოფელის გაცხადებაზე. ამისთვის ნეტარი მამა ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლეს. დიაკონი პონტიუსი ნებით გაჰყვა მას თან. იმ დღეს, როცა წმიდა ეპისკოპოსი გადასახლების ადგილზე ჩავიდა, უფალმა სიზმრისეული ჩვენებით აუწყა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოწამეობრივად აღესრულებოდა. დევნილობისას წმიდანმა მრავალი ეპისტოლე და წიგნი დაწერა.

დაახლოებით 258 წელს ნეტარი მამა კურუბისიდან გაიწვიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. პროკონსულის ავადმყოფობის გამო სხდომა ერთი დღით გადაიდო. ის ღამე წმიდანმა ერთ-ერთი წარმართი მოხელის სახლში გაატარა. ქალაქში ცნობილი გახდა მისი ადგილსამყოფელი და ამ სახლის სიახლოვეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. დილით, როცა მღვდელმთავარი სამსჯავროს შენობისკენ წაიყვანეს, შეკრებილი ქრისტიანები თან გაჰყვნენ მას. მსაჯულმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რომ მოისმინა, ქრისტეს ტარიგმა ღაღადჰყო: „დიდება უფალს!“ ხალხმა კი იხუვლა: „ჩვენც მასთან ერთად გვსურს სიკვდილი!“ სიკვდილით დასჯის ადგილს რომ მიაღწიეს, კვიპრიანემ აკურთხა ყველა და განკარგულება გასცა, მისი სახელით ოცდახუთი ოქროს მონეტა ებოძებინათ ჯალათისთვის. შემდეგ საკუთარი ხელით აიკრა თვალები, ხელები იქვე მდგარ ხუცესსა და იპოდიაკონს შეაბორკვინა და ქედი მოუდრიკა მახვილს. ნეტარი მამა 258 წელს აღესრულა მოწამეობრივად. მისი წმიდა ცხედარი ღამით წაასვენეს და პატივით დაფლეს პროკურატორ მაკრობიუს კანდიდიანეს კერძო საძვალეში.

მოგვიანებით, კარლოს დიდის (771-814) დროს მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს საფრანგეთში.

წმიდა კვიპრიანე კართაგენელმა ძვირფასი მემკვიდრეობა დაგვიტოვა: ღვთივსულიერი თხზულებები და ოთხმოცი ეპისტოლე. ისინი მიღებულ იქნა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიმუშები და მსოფლიო კრებებზე (ეფესოს III და ქალკედონის IV) იკითხებოდა.

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+471)

31 (13.09) აგვისტო

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა 458 წელს, წმიდა კეთილმსახური მეფის, ლეონ დიდის (457-474) მეფობაში. ცნობებს მისი ცხოვრების შესახებ ვხვდებით წიგნში „ლიმონარი“, სადაც ჩართულია სალამის (ალექსანდრიის მახლობლად) სავანის ბერების, ღირსი მამების, სოფრონისა და იოანეს მონათხრობები. ის ბერები პატრიარქ გენადის დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღვთისმსახურები იყვნენ. მღვდელმთავარი გენადი გამოირჩეოდა სიმდაბლით, მოთმინებით, სიწმიდითა და თავშეკავებით.

ეკლესიაში წარმოქმნილი უკანონო ქმედებებისა და ცრუსწავლებების აღსაკვეთად წმიდა გენადიმ მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელზეც დაგმეს ევტიქის ერესი და აკრძალეს სიმონია (ხელთდასხმა საზღაურის საფასურად). მღვდელმთავარი ზრუნავდა იმაზე, რომ პირები, რომელთაც სასულიერო ხარისხის მიღება სურდათ, ღრმად ყოფილიყვნენ ჩახედული წმიდა წერილში.

კონსტანტინოპოლში ნეტარი გენადის პატრიარქობის დროს აშენდა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. ამავე ხანებში რომიდან ჩამოსულმა სენატორმა, სტუდიოსმა დააარსა მონასტერი, რომელიც სტუდიონის სავანის სახელითაა ცნობილი. ეკლესიის იკონომოსი წმიდა გენადის პატრიარქობის დროს იყო ღირსი მარკიანე (ხს. 10 იანვარს). მღვდელმთავარმა აკურთხა ხუცესად ღირსი დანიელ მესვეტე (ხს. 11 დეკემბერს). ნეტარი მამა ცამეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მშვიდობით მიიცვალა 471 წელს.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way