USD 2.7374
EUR 2.9058
RUB 2.7753
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 13 ნოემბერს?!“
 90

13 ნოემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)

 საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული. ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი - „საზეპურო ერის“ თვისებები და ბზე - ის უვარგისი მინარევი, რომელიც არც ღვთისთვის შეიწირვის და ერისთვისაც საზიანოა.

„უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე. ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავლე მე სიმართლენი შენი“ - ვკითხულობთ ფსალმუნში. საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის მეფობის ჟამს „სიტკბოებით“ სწავლობდა ქართველი ერის ღვთის სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა: „გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვასწავლა“ ღვთის სიმართლე: ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა.

ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი“.

ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: „არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.

სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.

ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.

„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე, - „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე  ტჳნი დაეთხიის“... სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკვლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი“. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.

 წმიდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე - სამოცდაათთაგანნი (I)

წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე.

წმიდა სტაქოსი (რომ. 16,9) ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ ნეტარი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ამპლია (რომ. 16,8) ქალაქ დიასპოლის ეპისკოპოსი იყო, წმიდა ურბანოსი (რომ. 16,9) კი - მაკედონიისა. ისინიც წმიდა ანდრიამ აკურთხა მღვდელმთავრებად. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა უფლის მოწაფეები წამებით მოკლეს. წმიდა ნარკისი ათენის ეპისკოპოსი იყო, აპელოსი - თრაკიის ჰერაკლიისა, არისტობულე კი (რომ. 16,10) ბრიტანეთის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით (მის შესახებ იხილეთ 16 მარტის საკითხავში).

 წმიდა მოწამე ეპიმაქო (+დაახლ. 250)

წმიდა მოწამე ეპიმაქო პელუსიის მთაზე მოსაგრეობდა. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ალექსანდრიაში ეწამა დაახლოებით 250 წელს (ცნობები წმიდანის შესახებ იხილეთ 11 მარტის საკითხავებში).

 ღირსი მავრა (V)

ღირსი მავრა კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა. აქ მან დააარსა სავანე, სადაც მიიცვალა კიდეც მშვიდობით V საუკუნეში.

аналитика
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ორნი თეთრ სახლში: თვითკმაყოფილი ჯო ბაიდენი - ერთადერთი დემოკრატი პრეზიდენტი, რომელმაც თავის დროზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხა“

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ორნი თეთრ სახლში: ჯო ბაიდენის თვითკმაყოფილება - იგი ერთადერთი დემოკრატია, რომელმაც თავის დროზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხა“ (ავტორი - ტონი დაივერი), რომელშიც ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი პრეზიდენტის, თეთრი სახლის წარმავალი ბინადარისა და მომავალის გულთბილი შეხვედრაა გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 ხელი, რომელიც ჯერ კიდევ ოვალურ კაბინეტში მყოფმა ჯო ბაიდენმა გაუწოდა ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, თეთრი სახლის მომავალ ბინადარს დონალდ ტრამპს, არ იყო სავალდებულო, რომ მეგობრული ყოფილიყო. ბოლო თითქმის ექვსი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიების დროს, ორივე ერთმანეთს ულმობლად ურტყამდა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს „მძინარე ჯოს“ და „ნამდვილი საფრთხის განსახიერებას“ უწოდებდა, ჯო ბაიდენი კი, თავის მხრივ (ზოგჯერ კი პრესმდივნის პირით) აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპი ყველაფრით აკმაყოფილებს ფაშისტის სახელს.

თუმცა ჯო ბაიდენისათვის გარდამავალი ხელისუფლების პერიოდი (როცა ერთი მიდის და მეორე მოდის) ისეთ მომენტად იქცა, რომ მას შესაძლებლობა მიეცა მოხდენილად დახვედროდა ჯერ კიდევ სტუმრის სტატუსში მყოფ დონალდ ბაიდენს და ასევე მოხდენილად  დაშორებოდა. მან კამერების წინაშე ქვეყანას აცვენა, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებიდან  წასვლა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა პოლიტიკურ მტრობაზე მაღლა დააყენო.

 უფლებამოსილების გადაცემა, რასაკვირველია, ჯო ბაიდენისათვის ერთგვარი თვითკმაყოფილების გრძნობით იყო მოცული, რადგან იგი ჯერ-ჯერობით ერთადერთ დემოკრატ პრეზიდენტს წარმოადგენს, რომელმაც ორ არჩევნებში ერთხელ მაინც შეძლო რესპუბლიკელი  ექს-პრეზიდენტის დამარცხება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი შეგვიძლია, რომ თქვენი განთავსება თეთრ სახლში სასიამოვნო იყოს“, - უთხრა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს.

აღსანიშნავია, რომ „კოჭლ იხვს“ იისფერი ჰალსტუხი ეკეთა, რაც ორპარტიულობის ფერს შეესაბამება. მასპინძელმა სტუმრისადმი პატივისცემის ნიშნად ბუხარიც კი აანთო, რათა სიმბოლურად განეიტრალებულიყო ის მკვეთრი აცივება, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონში მოხდა.

სცენა, რომელიც დამშვენებული იყო წითელი ვარდებით და რომელიც ბუხრის ცეცხლის ალისფერ ათინათს უთავსდებოდა, უფრო მეტად მოგვაგონებდა ორი მოხუცი მამაკაცის შეხვედრას, რომლებიც ერთმანეთს თავს გადახდილ ისტორიებს უზიარებენ, ვიდრე პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რანდევუს, რომლის დროსაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურის პოსტის გადაცემის დეტალები იხილებოდა.

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის უკან, კედელზე, აშშ-ის დამფუძნებელი მამების სურათები ეკიდა, მათ შორის კი, ცენტრალურ ადგილზე, ფრანკლინ დელანო რუზველტის ფოტო, რომელსაც ჯო ბაიდენს ხშირად ამსგავსებენ. ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტები ორივე მხარის - დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მომხრე მასმედიის  კამერების ფოკუსში მოხვდნენ, რაც საკმაოდ ნიშანდობლივია.

ბევრი რამ შეიცვლა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2021 წლის იანვარში თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი დატოვა.

არჩეული პრეზიდენტის შეხვედრა წარმავალ პრეზიდენტთან - ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების დიდი ხნის ტრადიციას წარმოადგენს. მაგრამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დონალდ ტრამპმა წააგო, მაგრამ დამარცხება არ აღიარა, ასეთი შეხვედრა არ გამართულა: დონალდ ტრამპმა უარი თქვა ჯო ბაიდენის მიწვევაზე თეთრ სახლში.

ამჯერად მისტერ დონალდ ტრამპი თავისი გამარჯვებით იმდენადვე დიდსულოვანი იყო, რამდენადაც ჯო ბაიდენი თავის დამარცხებაში: „პოლიტიკა მკაცრი რეალობაა და ბევრ შემთხვევაში ჩვენთვის მაინცდამაინც დიდად სასიამოვნო არ არის ხოლმე“, - ფილოსოფიურად შენიშნა დონალდ ტრამპმა და ამით ჯო ბაიდენს მიანიშნა ის, რომ ჯო ბაიდენი იძულებული გახდა საპრეზიდენტო რბოლაზე უარი ეთქვა და ასპარეზი კამალა ჰარისისათვის დაეთმო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი საკმაოდ მწარედ აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს წინასაარცევნო კამპანიის დროს. „დღეს კი ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობს და მე ამას ვაფასებ“, - დაამატა ახლად არცეულმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ქცევაში აშკარად გამოსჭვიოდა ტრიუმფი, რომ იგი იმ კაბინეტს სამართლიანად დაუბრუნდა, რომლის დატოვება 2020 წლის არჩევნების შემდეგ იძულებით მოუწია.

„დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას იგივე ძალაუფლებრივი ჟესტები გვაჩვენა, რომლის ნახვასაც მივეჩვიეთ“, - ამბობს დარენ სტენტონი, ქცევითი საკითხების ექსპერტი, - მან ჟესტი „შპილი“ აჩვენა (ორივე ხელის თითები ერთად, პირამიდული სახით, ზემოთ მიმართული), რაც ავტორიტარულ ჟესტს წარმოადგენს. ვინ ასე აკეთებს, იგი თავის მოქმედებაში დარწმუნებულია“.

„ჯო ბაიდენს კი ხელები მუხლებზე ჰქონდა დადებული - ასეთი თავისუფალი და დამაჯერებელი პოზა იმის მიმანიშნებელია, რომ იგი ჯერ კიდევ პრეზიდენტია და სიტუაციას აკონტროლებს. ვერ ვიტყვი, მან ეს გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად გააკეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯო ბაიდენი ცდილობს აჩვენოს, რომ მისი რეპუტაცია შელახული არ არის“, - აღნიშნავს დარენ სტემტონი.

ორივე მამაკაცმა მოახერხა, რომ შეხვედრას ნორმალური სახე ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობაში მრავალი უხერხული ფაქტი და მოვლენა იყო მომხდარი.

არადა, ყველამ კარგად იცის, რომ დონალდ ტრამპი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თვლიდა, რომ ჯო ბაიდენს უსამართლოდ ჰქონდა მისი ადგილი დაკავებული თეთრ სახლში. თავის მხრივ, ჯო ბაიდენისათვის დონალდ ტრამპი ის „ცეცხლისწამკიდებელია“, რომელიც დანაშაულის ადგილზე დაუსჯელი დაბრუნდა.

თუმცა ორივეს მხიარული განწყობა და ღიმილი იმის დადასტურებად უნდა ჩავთვალოთ, რომ პრობლემა უკვე წარსულს ჩაბარდა.

2016 წელს, როცა ბარაკ ობამას თავისი ბოლო შეხვედრა ჰქონდა არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში, ისინი კამერების წინაშე სამი წუთი საუბრობდნენ. წარმავალი და მომავალი პრეზიდენტის ლაპარაკი მკაცრი და ცივი იყო - არცერთი არ იღიმებოდა.

2016 წელს არც ბუხარში არ გიზგიზებდა ცეცხლი. ბარაკ ობამას შავი კოსტიუმი ემოსა, თითქოსდა იგი დაკრძალვაზე იმყოფებოდა. არც ყვავილები არ ჩანდა - მათ როლს ვაშლით სავსე ვაზა ასრულებდა.

ამჯერად პრესკონფერენცია მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა. როცა ჟურნალისტები თბილი ოვალური კაბინეტიდან გარეთ გამოვიდნენ და კითხვებისათვის მოემზადნენ, დონალდ ტრამპმა ინიციატივა ჯო ბაიდენს დაუთმო. მასპინძელს კი არაფერი აღარ უთქვამს და კამერების წინაშე ისევ გაიღიმა.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/us/politics/2024/11/13/joe-biden-bowed-out-grinning-as-the-only-democrat-to-ever-b/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати