USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 13 იანვარს?
дата:  596

13 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი საბიანა, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი

31 (13.01) დეკემბერი

საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალი სიწმიდით. საქართველოს დედათა მონასტრებში მოღვაწე ქალები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ: გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი მოვალეობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც.

განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა - მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას - „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბიანამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და კეთილად აღზარდა“.

შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“.

წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 12,33). წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.

ღირსი მელანია რომაელი (+439)

31 (13.01) დეკემბერი

ღირსი მელანია რომაელი ძალიან მდიდარი და დიდგვაროვანი რომაელების ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე საღვთო სიყვარულით აღვსებული ქალწული თოთხმეტი წლის ასაკში მშობლებმა საკუთარი ნების წინააღმდეგ მიათხოვეს დიდგვაროვან ჭაბუკს, აპინიანეს. წმიდა მელანიამ აუხსნა თავის კეთილშობილ და გულისხმიერ მეუღლეს ქრისტიანული სარწმუნოების უმაღლესი სათნოებები და თან სთხოვა, ცოლ-ქმრობას ამოფარებულებს ფარულ ქალწულებაში გაეტარებინათ ეს წუთისოფელი. მეუღლემ მელანიას აღუთქვა: როცა ორი შვილი შეგვეძინება, ერთად განვერიდოთ ამსოფელსო. მალე მელანიამ შვა ასული. მელანიას მეორე მშობიარობა ნაადრევი და მძიმე აღმოჩნდა. დაიბადა ბიჭი, რომელიც ნათლისღებისთანავე გარდაიცვალა. ცოლის ტანჯვით გულშეძრული აპინიანე უფალს ევედრა, მელანიასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, თან აღთქმა დადო, რომ ცხოვრების დარჩენილ ნაწილს უბიწოებაში გალევდა. მალე აპინიანეს და მელანიას ასულმა სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მეუღლეების სურვილს - ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნათ - მათი მშობლები აღუდგნენ წინ; მაგრამ როცა მელანიას მამა სასიკვდილოდ დასნეულდა, მან შენდობა ითხოვა უფლის რჩეულებისგან, აკურთხა მათი არჩევანი და ლოცვებში მოხსენიება ითხოვა. წმიდა მეუღლეებმა დატოვეს ქალაქი რომი და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყეს - ღვთისმსახურებისათვის გადადეს თავი. ამ დროს აპინიანე ოცდაოთხი წლისა იყო, მელანია კი - ოცის. ისინი სნეულებს ნახულობდნენ, უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს; მიმოდიოდნენ საპყრობილეებში, გადასახლების ადგილებსა და ანთავისუფლებდნენ იმ უბედურებს, რომლებსაც აქ ვალების გამო ამუშავებდნენ. ნეტარმა მეუღლეებმა იტალიისა და ესპანეთის მამულები გაყიდეს და უხვად შეეწეოდნენ ბერმონაზვნებს, მონასტრებისთვის მიწებს იძენდნენ მესოპოტამიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ფინიკიასა და პალესტინაში. მათი სახსრებით მრავალი ტაძარი და საავადმყოფო აშენდა. მელანიასა და აპინიანეს შემოწირულობებს ღებულობდნენ როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ეკლესიები. როცა წმიდა ცოლ-ქმარმა სამშობლო დატოვა და აფრიკისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა, ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ატყდა. მეზღვაურებმა ეს ღვთის რისხვის გამოვლენად ჩათვალეს, მაგრამ ნეტარმა მელანიამ დაამშვიდა ისინი და ურჩია, ყოვლის შემოქმედის ნებას მინდობოდნენ. ტალღებმა გემი ერთ კუნძულთან მიაგდო. კუნძულზე გაშენებულ ქალაქს ბარბაროსები შემორტყმოდნენ გარს და მის მკვიდრთაგან გამოსასყიდს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქალაქის განადგურებით იმუქრებოდნენ. მელანიამ და აპინიანემ საჭირო რაოდენობის თანხა გაიღეს და ქალაქი და მისი მცხოვრებლები დაღუპვისაგან იხსნეს. აფრიკაში ჩასვლის შემდეგაც ცოლ-ქმარი უშურველად ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს. ამასთან, მელანია წმიდა წიგნებს იწერდა და უქონლებს ურიგებდა. ნეტარმა საკუთარი ხელით შეიკერა ჯვალოს სამოსი და მას არასოდეს იხდიდა.

აფრიკაში წმიდანებმა შვიდი წელი დაჰყვეს, შემდეგ კი, ყოველგვარი სიმდიდრე დაუტევეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ. იერუსალიმში მელანიამ და აპინიანემ დარჩენილი ოქროც გლახაკებს განუყვეს და უპოვარებასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. ეგვიპტეში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც მათ ბევრი მეუდაბნოე მამა მოინახულეს, წმიდა მელანია ელეონის მთაზე მდებარე განმარტოებულ სანაკში გამოიკეტა და იშვიათად ხვდებოდა აპინიანეს. თანდათანობით სანაკის გასწვრივ წარმოიქმნა მონასტერი, რომელშიც ცხრაასამდე ქალწულმა მოიყარა თავი. თავმდაბლობის გამო მელანიამ უარი განაცხადა სავანის იღუმენობაზე და უწინდებურად განმარტოებით ცხოვრობდა. მისი ძალისხმევით სავანეში აშენდა სამლოცველო და საკურთხეველი, სადაც წმიდა წინასწარმეტყველ ზაქარიას, სტეფანე პირველმოწამისა და ორმოცი სებასტიელი მოწამის ნაწილები დააბრძანეს. ამ ხანებში წმიდა აპინიანემ სული უფალს შეჰვედრა. ნეტარმა მელანიამ მიწას მიაბარა მისი ცხედარი და დაახლოებით ოთხი წელი გაატარა მის საფლავთან მარხვითა და ლოცვით.

ამის შემდეგ წმიდა დედამ გადაწყვიტა, მთაზე, საიდანაც ამაღლდა ქრისტე, მამათა მონასტერი აეგო. უფალმა აკურთხა მისი განზრახვა და გამოაჩინა ქრისტესმოყვარე ადამიანი, რომელმაც უხვი შესაწირი გაიღო სავანის მოსაწყობად. მელანიამ მიიღო თანხა და ერთ წელიწადში განასრულა ეს დიდი საქმე. ამის შემდეგ მელანიამ დატოვა იერუსალიმი და თავისი წარმართი ბიძის მოქცევის იმედით კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. კონსტანტინოპოლში ჩასულ წმინდანს ბიძა დასნეულებული დაუხვდა. მელანიას საუბრების გავლენით ამ უკანასკნელმა წარმართობა დაუტევა და ნათლისღებით განწმენდილი სული შეჰვედრა უფალს. იმ ხანებში დედაქალაქის მრავალ მკვიდრს აშფოთებდა ნესტორის ერეტიკული სწავლება. წმიდა მელანია სიხარულით ღებულობდა ყველა დაბნეულს, რომელიც დახმარებას ითხოვდა მისგან. ნეტარი დედის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა. თავის მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მოსაგრემ აღსასრულის მოახლოება იგრძნო და ამის შესახებ ხუცესსა და დებს აუწყა. ყველანი ძალიან დამწუხრდნენ და აცრემლებულებმა მოისმინეს ღვთის რჩეულის უკანასკნელი დარიგება. ბოლოს წმიდა მოსაგრემ ითხოვა, ელოცათ მისთვის, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 439 წელს.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати