USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 12 ოქტომბერს?
თარიღი:  308

12 ოქტომბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII)

წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა. ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის მონაზვნური ცხოვრების ძალა. ერთხელ წმიდანმა თავის მეუღლეს უთხრა: „აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა“. კეთილმოწმუნე ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე, შენდობა მისცა და მშვიდობით განუტევა.

ოთარი ორ უფროს ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა თბილისში, შვილები დალოცა, დაარიგა და გამოეთხოვა. შვილებთან განშორების შემდეგ ოთარმა მიაშურა გარეჯის მონასტერს, რომლის არქიმანდრიტიც იყო გერმანე, კაცი გულითადი ღმრთისა. წინამძღვარმა სიხაურულით შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა: „კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღუსრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, „რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“.

მცირე ხნის შემდეგ გერმანემ მონაზვნად აღკვეცა ოთარი, უწოდა მას ონოფრე და ძმათა მწყობრს შერთო. ნეტარი ონოფრე მშვიდი, მდაბალი, მორჩილი და დაუცხრომელი მოღვაწე იყო. იგი ღამის მყუდროებაში მოუკლებლად ლოცულობდა, ცისკრის შემდგომ ხევში ჩადიოდა, სადაც არანაირი ხმაური არ აღწევდა და იქ აგრძელებდა ფსალმუნების კითხვას. საზრდელს - ისიც მხოლოდ წყალსა და პურს - მწუხრის ლოცვის შემდეგ იხმევდა ხოლმე.

ერთხელ დავით-გარეჯის მონასტერს ლეკები შემოესივნენ, მოაოხრეს, იავარჰყვეს, რამდენიმე ბერი, მათ შორის მღვდელ-მონაზვნები - მაქსიმე და იოაკიმე, ბერი ონოფრე, და კიდევ ოთხი კერძოდიაკონი, ტყვედ წაიყვანეს. მოკვლა უნდოდათ, მაგრამ სახიერმა უფალმა დაიცვა იგი. ყოვლადმოწყალე ღვთის განგებულებით ბერები გაათავისუფლეს და მონასტერში დააბრუნეს.

ლეკთა შემოსევებისგან მონასტერი ძალზე გაღარიბდა. ერთხელ არქმიანდრიტმა მოუწოდა ღირს ონოფრეს და უთხრა, „სიყვარულისათჳს ძმათასა, წარვედ ქუეყანად ქართლისა და იღვაწე საზრდო, რათა მიიღო გვირგვინი უოხჭნო მორჩილებისა და მეცა წარვიდე სხვით კერძო და რაოდენ ძალ მედვას, მოვირეწო“.

ღირს ონოფრეს ეძნელებოდა მონასტრიდან გასვლა, მაგრამ წინამძღვრის ბრძანებას დაემორჩილა და ერთ დროს ქართლის უპირველესმა აზნაურმა კარდაკარ სიარული დაიწყო წყალობის სათხოვნელად. „ნამდვილვე ესე მიიტაცებს სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“, - ამბობდნენ მისი ნაცნობები.

ცხინვალს მიახლოებული ღირსი მამის ყურადღება მიიპყრო მშფოთვარე ბრბომ: ვიღაც ჭაბუკი ეშმაკეულ ქმნილიყო და ურიებთან მიჰყავდათ, რომ მიზეზი შეეტყოთ. ღირსმა ონოფრემ ლმობიერად უთხრა შეკრებილებს: „შვილნო, არა არს საქმე ეგე ყოვლადვე წესი ქრისტეანთა, არამედ მომგვარეთ მე იგი აქა“. ავადმყოფის დედა ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს და შემწეობა სთხოვა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი და ანუგეშა: „მაქვს მე აქა წმიდის დავითის გარეჯელის საფლავისაგან მტვერი ევლოგიად“, წყალში გაურია წმიდანის საფლავიდან აღებული მიწა, ბოროტისაგან გვემულ ჭაბუკს დაალევინა და ავადმყოფიც განიკურნა.

ერთხელ მონასტერში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელაპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში მობრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალს და ღირს ონოფრეს.

ღირს ონოფრეს დიდი სქემით შემოსვა სურდა. მონასტრის არქიმანდრიტი ყოყმანობდა, მაგრამ ოცდაათდღიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ  უფალმა მას გამოუცხადა, რომ ონოფრე ღირსი იყო ამისა.

სქემით შემოსვის შემდეგ ღირსმა ონოფრემ მდუმარების ღვაწლი იტვირთა, დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა და დაგლეჯილ ჭილოფზე ეძინა, შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ემოსა; სენაკიდან მხოდოდ წირვა-ლოცვის დროს გამოდიოდა.

ბოლოს ნეტარი ონოფრე ისე დასნეულდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ძმები ევედრებოდნენ მას, საწოლში ჩაწოლილიყო და თავი სასთუმალზე დაედო. მაშინ ნეტარმა პირველად აღაღო პირი და თქვა: „აღთქმა მიქმნიეს, რათა იყოს აღსასრული ჩემი ჭილსა ამას ზედა“.

ღირსი ონოფრე მადლიერებით ითმენდა სნეულებას, ხელიდან ფსკვნილს არ იშორებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. მასთან მიდიოდნენ თაყვანისსაცემად, მაგრამ თავმდაბალი ბერი მნახეველებს სთხოვდა: „მიბოძეთ ფესვი სამოსლისა თქუენისა, რათა ამბორს-უყო და ფერჴნი თქუენნი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა“.

ღირსმა ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს, მაქსიმეს მოუწოდა და ზიარება ითხოვა. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ გონება დაკარგა. არქიმანდრიტის ლოცვა-კურთხევით ძმებმა სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს. ღირსი მამის გონება „აღტაცებული იყო და შექცეულ მაღალთა ხედვათა მიმართ“.

ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანს მართალთა ძილით მიეძინა. წმიდა ონოფრეს ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხევლის სარკმელთან.

წმიდა მოწამე კვირიაკე განდეგილი (+556)

 

ღირსი კვირიაკე განდეგილი კორინთოში დაიბადა საკათედრო ტაძრის ხუცესის, იოანესა და მისი მეუღლის, ევდოქსიას ოჯახში. წმიდანის ბიძამ - კორინთელმა ეპისკოპოსმა პეტრემ იგი წიგნისმკითხველად დაადგინა ეკლესიაში. წმიდა წერილის გამუდმებულმა კითხვამ ნეტარის სულში უფლის სიყვარული და უბიწო, ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა გააღვივა. წმიდანი ჯერ კიდევ თვრამეტი წლის იყო, როცა ფარულად მიაშურა ნავსადგურს, ხომალდზე ავიდა და იერუსალიმში გაემგზავრა.

წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ კვირიაკე სიონის მახლობლად მდებარე სავანეს ესტუმრა და რამდენიმე თვე იღუმენ ამბა ევსტორგიოსის მორჩილებაში გაატარა. აქ მან „უმრავლესისა დაყუდებისა სურვილი აღიღო“, იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) განკრძალულ ლავრაში გადაინაცვლა. ღირსმა ექვთიმემ განჭვრიტა ჭაბუკზე დავანებული დიდი მადლი, ბერად აღკვეცა იგი და თეოქტისტეს მონასტერში, ღირს გერასიმესთან (ხს. 4 მარტს) გაგზავნა. წმიდა გერასიმემ მას საძმოს მსახურება დაავალა. ყმაწვილი ბერი გულმოდგინედ აღასრულებდა მორჩილების საქმეს. გერასიმემ იმდენად შეიყვარა წმიდანი, რომ დიდმარხვაში თან გაჰყავდა ხოლმე რუბის უდაბნოში და „მუნ აზიარის იგი შრომათა და სულიერთა აღსლვათა“. სრულ განმარტოებაში მოსაგრეები ბზობის კვირამდე რჩებოდნენ.

მამა გერასიმეს მიცვალების შემდეგ ოცდაშვიდი წლის წმიდანი ღირსი ექვთიმეს ლავრაში დაბრუნდა, მაგრამ არც ის დახვდა ცოცხალი. მაშინ კვირიაკემ განკრძალული სენაკი გამოითხოვა, იქ დაეყუდა და ათი წელი სრულ მდუმარებაში გალია. ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში წმიდანმა დიაკვნის ხარისხი მიიღო. როცა ღირსი ექვთიმესა და თეოქტისტეს ლავრებს შორის განხეთქილება წარმოიშვა, წმიდანს „მოეწყინა განწვალებაჲ ძმათაჲ“ და ღირსი ხარიტონის (ხს. 28 სექტემბერს) სუკიის ლავრას მიაშურა. აქ წმიდანი ხუცესად აკურთხეს და თან კანონარქად დაადგინეს. ამ მორჩილებას იგი თვრამეტი წლის მანძილზე აღასრულებდა. წმიდა მამამ ღირსი ხარიტონის ლავრაში ოცდაათი წელი დაჰყო.

როცა წმიდანს სამოცდაათი წელი შეუსრულდა, თავის მოწაფესთან, იოანესთან ერთად ნატოფას უდაბნოში დაემკვიდრა. ხუთი წლის შემდეგ მეუდაბნოე მამათა შესახებ მახლობელი დაბის, თეკოას მკვიდრმა შეიტყო და მათ თავისი ეშმაკეული ძე მიჰგვარა. კვირიაკემ განკურნა ყმაწვილი. ამის შემდეგ ნეტართან მრავალი ადამიანი მიდიოდა შემწეობის თხოვნით, ის კი სრულ განმარტოებას ეძიებდა, ამიტომ რუბის უდაბნოს მიაშურა. აქაც ბევრი სნეული და ეშმაკეული მიჰყავდათ. წმიდანი ყველას ჯვრის გადასახვით და ლოცვით კურნავდა. ოთხმოც წელს მიღწეული ღირსი მამა „ესევითარად უდაბნოდ წავიდა, რომელსა არცა ვინ განშორებულთაგანი დადგრომილ იყო, არცა თუ წარევლო იგი ოდესცა“. ამ ადგილს, სადაც ორი დამშრალი მდინარის კალაპოტი უერთდებოდა ერთმანეთს, სუსაკიმი ერქვა. მოსაგრის „საღმრთოთა მადლთა უშურველობამან, რომელი უმჴურვალესსა სარწმუნოებასა აღსძრვიდა და ღმრთისმსახურთა სულებსა სურვილად მიიზიდვიდა“, ეს უვალი ადგილიც „ადვილ სავალ კაცთა ყო“. შვიდი წლის შემდეგ ღირს მამასთან სუკიის მონასტრის ბერები მივიდნენ და სთხოვეს, დახმარებოდა მათ ღვთის დაშვებით მოვლენილი შიმშილობისა და მძიმე სნეულებათა მძვინვარების ჟამს. ძმებმა კვირიაკე სავანეში დაბრუნებაზე დაითანხმეს და წმიდანი იმ მღვიმეში დასახლდა, სადაც ადრე ღირსი ხარიტონი მოღვაწეობდა.

ნეტარმა კვირიაკემ დიდი ღვაწლი გასწია ორიგენეს ერესის სამხილებლად. ლოცვითა და სიტყვით მან მრავალი შეცდომილი დააყენა ჭეშმარიტ გზაზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცა.

ღირს მამას თავად ღვთისმშობელი მოუწოდებდა, დაეცვა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდე - ყოვლადწმიდა ქალწული სიზმრისეული ჩვენებით გამოეცხადა ნეტარს იოანე ნათლისმცემელთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და მის სენაკში შესვლაზე უარი განაცხადა იმის გამო, რომ იქ იდო წიგნი ერეტიკოს ნესტორის გამონათქვამებით. ოთხმოცდაცხრამეტი წლის ასაკში ღირსმა კვირიაკემ კვლავ სუსაკიმს მიაშურა და აქ დამკვიდრდა თავის მოწაფე, იოანესთან ერთად.

უდაბნოში წმიდანს ემსახურებოდა „ლომი დიდი სიდიდითა და საზარელი ხილვითა“, რომელიც მას ავაზაკთაგან იცავდა, მაგრამ სტუმრად მოსულ ძმებს არაფერს ვნებდა. მხეცი კვირიაკეს ხელიდან ჭამდა საჭმელს. ერთხელ, ზაფხულის პაპანაქებაში, კლდის ნაპრალები, სადაც ბერები ზამთრობით წყალს აგროვებდნენ ხოლმე, ამოშრა, სხვა წყარო კი არსად იყო. ღირსმა კვირიაკემ ილოცა და ისეთმა ძლიერმა წვიმამ დაუშვა, რომ ღრმულები პირთამდე აივსო. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდანი მონასტერში დაბრუნდა და კვლავ ღირსი ხარიტონის მღვიმეში დამკვიდრდა. მას აღსასრულამდე არ დაუკარგავს მხნეობა, მუდამ ლოცულობდა და შრომობდა. ამსოფლიდან განსვლის წინ ნეტარმა ძმობას მოუწოდა, ყველანი აკურთხა და ასცხრა წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია (IV)

 

წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია სპარსეთის მეფემ, საპორმა აწამა ქრისტესთვის. დადა საპორის პირველი კარისკაცი იყო, გავედაი და კაზდოია კი - მრისხანე თვითმპყრობლის ღვიძლი შვილები. მეფემ არაფერი იცოდა დადას ქრისტიანობის შესახებ და სპარსეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნა იგი, მაგრამ როგორც კი შეიტყო ნეტარის აღმსარებლობა, ყოველგვარი პატივი აჰყარა და სასტიკი მტარვალის, ანდრომელიქის სამსჯავროზე წარადგინა. წმიდანს დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა კოცონს მიუახლოვდა, დადამ პირჯვარი გადაისახა და ცეცხლი ჩაქრა. ამ სასწაულით შეძრულმა მეფისწულმა გავედაიმ საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. მსაჯულმა ამის შესახებ მეფეს მოახსენა, მან კი ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი. ტანჯვათა შორის გავედაის უფლის ანგელოზი ნუგეშინისცემდა, წყლულებს უმთელებდა და ძალებს უცხოველებდა. წმიდანის საკვირველი კურნებების მოწმე მრავალი ტუსაღი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა და მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. გავედაის დამ, მეფის ასულმა კაზდოიამ საპყრობილეში ფარულად მოინახულა ძმა. იგი დაესწრო გავედაის მორიგ წამებასაც. ჯალათებმა ჯვარზე დაკიდეს მარტვილი და ისრები დააყარეს, მაგრამ ისინი წმიდანის სხეულიდან სხლტებოდა და თავად უღმრთოებს უბრუნდებოდა. მოწამემ დას მოჰკრა თვალი და შეაგონა, ერწმუნა განკაცებული მაცხოვარი. კაზდოიამაც ქრისტიანად აღიარა თავი და მამის ბრძანებით იმავე საკანში გამოამწყვდიეს, სადაც მისი ძმა იტანჯებოდა. თავად გავედაი მეორე დღეს კვლავ გაიყვანეს საწამებლად. მტარვალმა ბრძანა, მახვილებით განეგმირათ მოწამე და მან რამდენიმე საათში ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ღვთის სათნომყოფლის წმიდა ცხედარი სამად დაჭრეს. ხუცებმა: დადიმ, ავდიუსმა და დიაკონმა არმაზათმა წააბრძანეს წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. ქრისტიანებმა წმიდა დადას დაჩეხილი ცხედარიც იპოვეს და ისიც კრძალვით მიაბარეს მიწას. შუაღამისას ხუცეს დადის ნეტარი გავედაი გამოეცხადა, მირონის ჭურჭელი გადასცა და წმიდა კაზდოიას მოსანათლად და საზიარებლად გაგზავნა. დადამ შეასრულა ზეგარდმო მიღებული ბრძანება, შემდეგ კი ქრისტეს მხევალს მიმართა: „მიიძინე, დაო, უფლის მოსვლამდე!“ და კაზდოიაც მშვიდად მიიცვალა.

 

ღირსი თეოფანე მოწყალე

ღირსი თეოფანე სირიის ქალაქ ღაზაში მოღვაწეობდა. წმიდანი კეთილი და გულმოწყალე იყო, მთელი ქონება მან მოყვასის მსახურებას შეალია, თვითონ კი სრულიად გაღატაკდა. ნეტარს ჯანის სიმრთელეც წაერთვა და სენმა გატანჯა: სხეული უშუპდებოდა, ულპებოდა და ყარდა. იგი დიდსულოვნად ითმენდა ტკივილს და ყველაფრისთვის მხურვალედ მადლობდა უფალს. როცა იგი კვდებოდა, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. წმიდანის მეუღლე წუხდა იმის გამო, რომ საკადრისად ვერ დაკრძალავდა ქმარს, თეოფანემ კი დაამშვიდა იგი: „ნუ ტირი! დღემდე მცდიდა უფალი, მაგრამ შეწყნარების ჟამიც დადგება და ჩემი მიცვალებისას, ღვთის ნებით, ქარიშხალი ჩაცხრება!“ ასეც მოხდა: როგორც კი თეოფანე მიიცვალა, ქარი ჩადგა და ირგვლივ მყუდროებამ დაისადგურა. წმიდანის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი განიწმიდა წყლულებისა და ჩირქისგან და კეთილსურნელოვანი მაკურნებელი მირონიც გადმოსდინდა.

 

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.