USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 12 მაისს?
Date:  183

12 მაისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (I)

29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ... შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

დუდიყვათსა და პაპათში (თანამედ. თურქეთი) 300 მხედარი, მღვდელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ლაზნი ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსულმანთაგან წამებულნი (XVII-XVIII)

29 (12.05) აპრილი

ლაზეთი კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. წმიდა ანდრია მოციქულმა, ღვთისმშობლის წილხვედრი, ქართველი ერის მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო.

ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453) ოსმალები მთელი სამი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ლაზებში ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება. თავის მხრივ, რომმაც გააძლიერა ამ მხარეში მისიონერების მოღვაწეობა. ამ ორ ცეცხლს შუა მომწყვდეული ლაზები მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგმა კათოლიკებსა და მონოფიზიტებს „შეაფარეს“ თავი, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შემდგომში მთლიანად დაკარგა სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერება. ძალად გამუსულმანებულმა ქართველებმა შეინარჩუნეს ენა, ეროვნულ-კულტურული ტრადიციების ნაწილი, ხსოვნა მათი წინაპრების ქრისტიანობის შესახებ და საქართველოს სიყვარული.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა თურქეთში მცხოვრებ ლაზებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა შორის შეხვედრებისა და ურთიერთობების ტრადიციას. ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუბრუნდნენ საქართველოში მცხოვრები ლაზები. მათ წარუდგინეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს მასალები XVII-XVIII სს-ში სარწმუნოებისა და საქართველოსთვის ათასობით ლაზის, მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1600-1602 წლებში მომხდარი ორი მოვლენა: უსჯულოთა მიერ ლაზების ძალად გამუსულმანების წინააღმდეგ აჯანყებული, ერთ-ერთ მთაზე დაბანაკებული სამასი ლაზი მეომარი მტერმა შეიპყრო. ტყვეებს მტერმა ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება და სხვა მიწიერი პატივი აღუთქვა. ბრძოლებში სიმამაცითა და სიმხნევით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სარწმუნოებრივი სიმტკიცე გამოიჩინეს. სამასივე მეომარს მოჰკვეთეს თავები და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგ ამ ადგილს დუდუკვეთა (თავისკვეთა) უწოდეს. დუდიკვეთა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც.

ანალოგიურად აღესრულნენ მეორე მთაზე მდებარე მამათა მონასტერში მყოფი სასულიერო პირები. მათ მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ამ მთას ხალხმა პაპათის (სამღვდელოთა) მთა უწოდა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 2003 წლის 18 სექტემბრის წმიდა სინოდის სხდომამ აღნიშნული მასალების საფუძველზე განაჩინა XVII-XVIII საუკუნეებში „პაპათისა“ და „დუდიკვათას“ გორაზე მოწყვეტილი მართლმადიდებელნი სასულიერო და საერო პირნი, ასევე ქრისტიანობისთვის წამებული ყოველი ლაზი შერაცხილ იქნან წმიდანად და ეწოდოთ მათ სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვეთსა და პაპათში მოწყვეტილნი წმიდა ლაზი მოწამენი.

წმიდა ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III)

29 (12.05) აპრილი

წმიდანი ცრანი მოწამენი კვიზიკელნი: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III). ქალაქი კვიზიკია მდებარეობს მცირე აზიაში, დარდანელის სრუტის ნაპირზე. ქრისტიანობა აქ პირველად თვით პავლე მოციქულმა იქადაგა, მაგრამ წარმართთა დევნის გამო ქრისტიანთა ნაწილი ქალაქიდან გაიქცა, ნაწილი კი საიდუმლოდ აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ამიტომ III ს-ის ბოლოს კვიზიკია ძირითადად წარმართული ქალაქი იყო, თუმც იქვე ქრისტიანული ეკლესიაც არსებობდა. ასეთი მდგომარეობა აწუხებდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მათ შორის იყვნენ წმიდა თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თესტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი. ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ, სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, მაგრამ ყველას აერთიანებდა ქრისტეს სიყვარული.

კვიზიკიაში ჩასულმა წმიდანებმა საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და უშიშრად ამხილეს წარმართობა. ისინი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. ქრისტეს მხედრებმა საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს, ბოლოს კი მახვილით მოისრნენ (+დაახლ. 284-292). წმიდანები ქალაქის ახლოს დამარხეს.

324 წელს იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337, ხს. 21 მაისს). ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ქრისტიანებმა გათხარეს წმიდათა სამარხი, ამოასვენეს 9 მოწამის უხრწნელი გვამი და დაასვენეს მათ სახელზე აგებულ ტაძარში.

წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

მოწამენი დიოდორე და როდოპიანე დიაკონნი (III-IV)

29 (12.05) აპრილი

წმიდა მოწამენი დიოდორე და როდოპიანე დიაკვნები (III-IV) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს კარიის აფროდისიაში. წარმართთა შორის ქრისტიანობის გავრცელებისთვის ისინი ქვებით ჩაქოლეს.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way