12 იანვარს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მოწამე ანისია ქალაქ თესალონიკში ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-311) ზეობისას. მშობლებმა - კეთილმსახურმა და დიდგვაროვანმა ქრისტიანებმა - იგი ღვთის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. მათი გარდაცვალების შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და მკაცრი მოსაგრე ცხოვრება დაიწყო.
იმ ხანებში იმპერატორმა მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ყველას შეეძლო, მოეკლა ქრისტიანი და მის ქონებას დაპატრონებოდა. ერთხელ, როცა ანისია ტაძარში მიდიოდა ლოცვაზე, იგი წარმართმა მხედარმა შეაჩერა და მოსთხოვა, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდანმა მას მშვიდი უარით უპასუხა. გააფთრებულმა მეომარმა მახვილი იშიშვლა და წმიდა მოწამე იქვე განგმირა. ქრისტიანებმა წმიდა მოწამე ქალაქის კარიბჭის მახლობლად დაკრძალეს, მის საფლავზე კი სამლოცველო სახლი ააგეს.
წმიდა ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი - ერისკაცობაში დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი - კონსტანტინე დიდის (306-337) დაახლოებული კარისკაცი იყო. როცა მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც თან გაჰყვა იმპერატორს, მაგრამ მალე საერო პატივზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ღვთის სამსახურში ჩადგა. წმიდანმა საკუთარი სახლი ქვრივთა და ობოლთა თავშესაფრად აქცია, რისთვისაც მას „ობოლთმზრდელი“ შეარქვეს. ამ დროს კონსტანტინოპოლში კეთრი მომძლავრდა. წმიდა ზოტიკემ კონსტანტინე მეფისგან ფული გამოითხოვა და ააგო საავადმყოფო, სადაც კეთროვნებს უვლიდა და ნუგეშს სცემდა.
კონსტანტინე მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე, კონსტანციუსი (337-361), რომელიც არიანელთა მწვალებლობის მიმდევარი იყო. მას მოახსენეს, ზოტიკე ხუცესმა განსვენებული იმპერატორისგან დიდძალი თანხა მიიღოო. როცა წმიდანი დაკითხეს ამის შესახებ, მან უსჯულოებს საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი აჩვენა. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ცხენებზე გამოებათ ნეტარი და ქვა-ღორღზე ეთრიათ. ერთიანად ხორცდაფლეთილმა და დასახიჩრებულმა წმიდანმა ტანჯვით შეჰვედრა სული უფალს. მისი აღსასრულის ადგილას მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.
წმიდა მოციქული ტიმონი იყო ერთი იმ შვიდ დიაკონთაგანი, რომლებიც მოციქულებმა ღარიბ ქრისტიან ქვრივთა მსახურებისთვის გამოარჩიეს. შემდგომში იგი არაბეთის ქალაქ ბოსტორის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამ ხარისხში ნეტარმა მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მოწამეობრივად აღესრულა (იხ. 28 ივლისის საკითხავი).
წმიდა მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი ორჯერ ეწამა ქრისტესთვის: დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მეფობაში. დიოკლეტიანეს ნიკომიდიაში სტუმრობის დროს მაღალი და პირმშვენიერი ფილეტერი სამსჯავროზე წარადგინეს. იმპერატორი მოიხიბლა ნეტარის გარეგნობით და იგი წარმართულ ღვთაებას შეადარა. როცა მოწამეს ხარისხი და წარმომავლობა ჰკითხეს, მან უპასუხა: „ეპარქის ძე ვარ, სარწმუნოებით - ქრისტიანი და ქრისტიანებთან ვცხოვრობ“. იმპერატორი ლიქნით ეცადა მის გადაბირებას და ქრისტე ღმერთი აუგად მოიხსენია, რაზეც წმიდანმა მიუგო: „დაიყოს პირი ყოველთა, მეფე იქნება თუ სხვა ვინმე, ვინც გაკადნიერდება, გმოს ჩემი ქრისტე“. ამ სიტყვების შემდეგ უფლის რჩეული გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ იქიდან უვნებელი გამოვიდა. ნანახი სასწაულით გაოცებულმა დიოკლეტიანემ მოწამის დიდგვაროვნება და მშვენიერებაც გაითვალისწინა და გაათავისუფლა იგი.
იმპერატორ მაქსიმიანესაც მოახსენეს, რომ ფილეტერი ქრისტიანი იყო. უსჯულო ხელისუფლის სამსჯავროზე წარმდგარმა წმიდანმა კვლავ მხნედ აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი აწამეს, შემდეგ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ უვნებელი დარჩა. მაშინ ნეტარს თავის მოკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ორმა მსახურმა, რომელთაც ფილეტერის დასჯა დაევალათ, ვერ შეძლეს მისი მოკვლა: როგორც კი მახვილს აღმართავდნენ მოწამის თავზე, ხელები უშეშდებოდათ. როცა ჯალათები დარწმუნდნენ, რომ წმიდა მოწამეს უხილავად თვით უფალი იცავდა, ორივემ ირწმუნა ქრისტე და თავი დასდო მისთვის.
ნეტარ ფილეტერს მარმარილოს ზღვის კუნძულ პროკონისზე გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლების ადგილისკენ მიმავალმა წმიდანმა მრავალი სასწაული აღასრულა და საკერპოები შემუსრა. მისმა თანმხლებმა ექვსმა მეომარმაც მხედართუფროსთან ერთად ირწმუნა ქრისტე.
გზაში მათ გამოეგება წმიდა ებიოტი, რომელმაც ასევე მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესთვის. წმიდანებმა მეომრებთან ერთად შვიდი დღე გაატარეს ებიოტის სენაკში. ფილეტერი აქვე გარდაიცვალა (+311) და ნეტარმა ებიოტმა მიაბარა მიწას. თერთმეტი დღის შემდეგ მხედრებმა და მათი რაზმის უფროსმაც სული უფალს შეჰვედრეს. მათი წმიდა ცხედრები ფილეტერის საფლავის მახლობლად დაკრძალეს.
ღირსი თეოდორა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვდა, მაგრამ მეუღლე მალე გარდაეცვალა. ახალგაზრდა ქვრივი თავდაპირველად გლახაკთა და მწირთა მსახურებით ცდილობდა, სათნოჰყოფოდა ღმერთს, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა და მისსავე სახლში, განკრძალულ სენაკში დამკვიდრებული ღირსი ვასილი ახლის (ხს. 26 მარტს) ხელმძღვანელობით შეუდგა მოღვაწეობას. წმიდა დედა ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 940 წელს.
ღირსი თეოდორა კესარიელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდანის მშობლები - პატრიციუსი თეოფილე და მისი მეუღლე თეოდორა დიდხანს უნაყოფონი იყვნენ. ამის გამო ძალიან წუხდნენ და უფალს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს, ზეცისა და ქვეყნის მეუფემ წყალობის თვალით გადმოხედა კეთილმსახურ ცოლ-ქმარს და უბოძა ასული, რომელსაც თეოდორა დაარქვეს. როცა ქალწული წამოიზარდა, დედამ იგი წმიდა ანას სავანეში მიიყვანა და იღუმენიას ჩააბარა აღსაზრდელად. ნეტარმა სწორედ აქ შეისწავლა საღვთო წერილი. ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (716-741) გადაწყვიტა, ქალწული თეოდორა ერთ-ერთი თავისი ახლობლისთვის მიეთხოვებინა. იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს, სადაც უკვე ყველაფერი მზად იყო ქორწილისთვის. მაგრამ საქორწილო ნადიმის დროს სკვითები დაესხნენ თავს დედაქალაქს და მტერთან საბრძოლველად გაგზავნილი თეოდორას საქმრო პირველივე შეტაკებაში დაიღუპა.
წმიდა დედამ ისარგებლა საყოველთაო არეულობით, ყველასთვის შეუმჩნევლად დაიმალა, ხომალდზე ავიდა და თავის სავანეს მიაშურა. როცა ნეტარს მეფის მოხელემ მოაკითხა, იგი უკვე მონაზვნად აღკვეცილი დახვდა. წმიდა თეოდორასთვის ამის შემდეგ არავის დაუძალებია მონასტრიდან წასვლა. მან მკაცრი მარხვის, ლოცვისა და ღამისთევის ღვაწლში გალია სიცოცხლის დარჩენილი წლები, სიკვდილამდე რკინის ჯაჭვებს ატარებდა. უფლის რჩეული მიიცვალა არა უგვიანეს 755 წლისა.