USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 1 დეკემბერს?
თარიღი:  398

1 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამე პლატონი (+302 ან 306)

18 (01.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის (ხს. 16 ივლისს) ძმა, დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, ლიქნით დაეყოლიებინა წმიდანი ქრისტეს უარყოფაზე - არწმუნებდა, თუ წარმართულ ღმერთებს სცემ თაყვანს, სიბრძნით თვით დიდ ფილოსოფოს პლატონს გაუტოლდებიო. ამაზე წმიდა პლატონმა უპასუხა, ფილოსოფოსის სიბრძნე დიდია, მაგრამ წარმავალი და შეზღუდული; ჭეშმარიტ, მარადიულ და უსაზღვრო სიბრძნეს კი მხოლოდ სახარებისეული სწავლება შეიცავსო. მსაჯულმა წმიდანს მაცხოვრის უარყოფის ფასად თავისი მომხიბლავი ასული შესთავაზა ცოლად, ურჩობის შემთხვევაში კი წამებითა და სიკვდლით დაემუქრა. ნეტარმა პლატონმა მიუგო, წარმავალ სიკვდილს ვირჩევო საუკუნო სიცოცხლისთვის. აღმსარებლის კადნიერებით განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ჯერ დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაეგდოთ. ციხის კარებთან უამრავმა ხალხმა მოეყარა თავი. მათ შორის იყვნენ მართლმორწმუნეებიც, რომელთაც უფლის რჩეულმა ხმამაღლა მიმართა: „იცოდეთ, ძმებო, მე რაიმე დანაშაულისთვის კი არ ვიტანჯები, არამედ მთელი სამყაროს შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთის აღსარებისთვის. გევედრებით, ქრისტიანებო, ნუ შეგაძრწუნებთ ჩემი წამება; „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, და ყოვლისაგან იხსნეს იგინი უფალმან“; მტკიცედ ვსდგეთ სარწმუნოების შეურყეველ კლდეზე და ღვთისმოსაობისთვის ტანჯვა ნუ შეგვაშინებს, რადგან ამ წარმავალი ჟამის ვნებანი ვერ შეედრება ჩვენთვის განმზადებულ დიდებას“.

ერთი კვირის შემდეგ წმიდა პლატონი კვლავ აგრიპინას სამსჯავროზე მიიყვანეს ზევსის ტაძარში, სადაც უკვე განმზადებული იყო წამების იარაღები: მდუღარე ქვაბები, გახურებული რკინის სარეცელი, ბასრი კავები. წმიდანს შესთავაზეს, ან მსხვერპლი შეეწირა კერპისთვის, ან ამ იარაღების მოქმედება საკუთარ თავზე გამოეცადა. ნეტარმა მარტვილმა ამჯერადაც მტკიცე უარი განაცხადა მათი მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ მას კვლავ სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი საკანში ჩააგდეს და თვრამეტი დღე უჭმელ-უსმელი ამყოფეს. როცა უსჯულოებმა იხილეს, რომ ამგვარადაც ვერ მოდრეკდნენ წმიდანის ნებას, მას მზაკვრული წინადადება წაუყენეს - სიცოცხლე და თავისუფლება აღუთქვეს, თუ წარმოთქვამდა: „დიდ არს უფალი აპოლონი“. „სიტყვითაც არ მსურს შევცოდო“, - უპასუხა მხნე აღმსარებელმა. მტარვალის ბრძანებით ნეტარ პლატონს თავი მოჰკვეთეს (+302 ან 306).

 წმიდა მოწამენი: რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული (+303)

18 (01.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე რომანოზი კესარიის პალესტინის ტაძრის ხუცესი იყო. როცა იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, იგი ანტიოქიაში გადასახლდა და ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა.

ერთხელ ანტიოქიის მმართველმა, ასკლიპიადმა ქრისტიანული ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. წმიდა რომანოზმა მორწმუნეებს სიწმიდის დასაცავად მოუწოდა: „თუ საყდარს დავიცავთ, ამსოფლადვე, მებრძოლ ეკლესიაში გავიხარებთ, ხოლო თუ დავიღუპებით მისი დაცვისას - ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ვიზეიმებთ!“ მმართველმა ხალხის სიმტკიცე რომ იხილა, თავისი ბოროტი განზრახვის შესრულება ვერ გაბედა.

გავიდა რამდენიმე ხანი. მთელი ოლქიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ანტიოქიაში, წარმართულ დღესასწაულზე. წმიდა რომანოზი ბრბოსთან ერთად ზეიმზე მიმავალ ასკლიპიადს შეხვდა და მოუწოდა, დაეგდოთ კერპების მსახურება და ქრისტეს შედგომოდნენ. ამისთვის ნეტარი ხუცესი შეიპყრეს და საწამებლად შეაგდეს. წმიდა მოწამე უსიტყვოდ იტანდა სატანჯველებს, როცა მტარვალმა ქრისტიანობას ფანატიზმი უწოდა, ნეტარმა ღვთის განგებით ასკლიპიადს იქვე მდგარ ყრმა ბარულზე მიუთითა და უთხრა: „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ“. ასეთი მოულოდნელი გაკილვით გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: „მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?“ - „იესო ქრისტეს“, - უპასუხა ნეტარმა. - „რითი სჯობს თქვენი ქრისტე ჩვენს ღმერთებს?“ - კვლავ ჰკითხა ასკლიპიადმა. - „იმით, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია, ჩვენ ყველანი მან შეგვქმნა და გამოგვისყიდა“, - მიუგო ყრმამ. გაბრაზებულმა მტარვალმა ბავშვის გაროზგვა ბრძანა. წმიდა ბარული მოთმინებით იტანდა დაუნდობელ გვემას. თითქმის სისხლისგან დაცლილმა წმიდა ყრმამ ცოტაოდენი წყალი ითხოვა. მაშინ ხალხს ყრმა მოწამის დედა გამოეყო და შვილს შეაგონა, ყველაფერი დაეთმინა ქრისტესთვის. ბოლოს ასკლიპიადმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ. დედამ შვილი თვითონ წაიყვანა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ეხვეოდა მას, კოცნიდა, თან ამშვიდებდა და განამტკიცებდა, რომ აღმართული მახვილის არ შეშინებოდა: „ჩემო უტკბესო, სიკვდილის ნუ გეშინია; შენ არ მოკვდები, დაუსრულებლად იცოცხლებ - როცა მახვილს დაგცემენ, ანგელოზები მიგიღებენ და სამოთხის სანახებში, მარადიული ნეტარების სამკვიდრებელში აგიტაცებენ. იქ ქრისტე მოგეხვევა, ყველა წმიდანის მეგობარი გახდები და მეც მალე მოვალ შენთან, ძალიან მალე“, - ამ სიტყვებით მიიყვანა ახოვანმა ქალმა წმიდა ბარული საჯალათო კუნძთან. ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია. დედამ ქრისტესთვის აღსრულებული შვილის წმიდა ნეშტი ცრემლებით დაალტო და მიწას მიაბარა.

წმიდა რომანოზს ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ უეცრად ძლიერმა წვიმამ კოცონი ჩააქრო. უფლის რჩეულმა გალობა დაიწყო ქრისტეს სადიდებლად. მმართველმა ბრძანა, ენა მოეჭრათ მისთვის, მაგრამ ენამოკვეთილი ნეტარი მაინც ხმამაღლა აქებდა ზეცათა მეუფეს. ბოლოს მტარვალის განკარგულებით წმიდანი ჩამოახრჩვეს (+303).

 წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი

და ალფეს მედავითნე - კესარიელი (+303)

18 (01.12) ნოემბერი

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფესი - კესარიელი მედავითნე ხორციელი ნათესავები იყვნენ. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უამრავ სხვა მართლმორწმუნესთან ერთად წმიდა ზაქეც შეიპყრეს. მან დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება, რისთვისაც საშინლად აწამეს, მაგრამ ქრისტეს უარყოფაზე ვერ დაითანხმეს. დიოკლეტიანეს დროს მაცხოვრის მოსავები ისე სასტიკად იდევნებოდნენ, რომ წამების შიშით ზოგი ქრისტიანი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე თანხმდებოდა. საღვთო შურით ანთებული კესარიის ეკლესიის მედავითნე, ალფესი შეერია წარმართული სამსხვერპლოსკენ მიმავალ ქრისტეს უარმყოფლებს და მოუწოდა, სული არ წაებილწათ. მაშინ უფლის რჩეული შეიპყრეს და ტანჯვა-წამების შემდეგ ზაქესთან ერთად საერთო ბორკილი დაადეს. ღამით წმიდანები საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ და მოსალოდნელი აღსასრულის წინ ერთმანეთს განამტკიცებდნენ. დილით უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს (+303).

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.