USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 1 აგვისტოს?
 650

1 აგვისტოს, ახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი მაკრინე - და ბასილი დიდისა (+380)

ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა (ხს. 1 იანვარს) და გრიგოლ ნოსელის (ხს. 10 იანვარს) და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში. მისმა დედამ, წმიდა ემილიამ (ხს. 1 იანვარს) ძილში იხილა უფლის ანგელოზი, რომელმაც ჯერ კიდევ საშოში მყოფ ჩვილს პირველმოწამე თეკლას სახელი უწოდა. ემილიამ აღასრულა უფლის ნება - პირმშო ასულს, მართლაც, თეკლა დაარქვა, მაგრამ ნათესავები და ახლობლები მას მაკრინეს ეძახდნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ქრისტეს აღსარებისთვის დევნილი ბებიას პატივსაცემად.

ღვთისმოშიშ მშობელს წმიდანი, იმდროინდელი ტრადიციის თანახმად, ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და პოეზიაში კი არ განუსწავლია, არამედ სოლომონის სიბრძნიდან, დავითის ფსალმუნებიდან და საღვთო წერილის სხვა წიგნებიდან ამოკრებილ ადგილებს ასწავლიდა, რომლებშიც მოცემული იყო ლოცვა-ვედრება, ქება უფლისა და ზნეობრივი სწავლებანი. ყოველ ჟამს მაკრინე შესაბამის ლოცვებს აღავლენდა გალობით, ლოცვის გარეშე არანაირ საქმეს არ იწყებდა და არ ამთავრებდა, დილა-საღამოს საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა, კითხულობდა საღვთო წიგნებს; მეოჯახეობა და სხვადასხვა ხელსაქმეც ჰქონდა შეთვისებული. ასე რომ, ბავშვური გართობისათვის დრო არც რჩებოდა. თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმც მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს.

მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე. ათენში სასწავლებლად გაგზავნილი ბასილი შინ რამდენადმე გაამაყებული დაბრუნდა, რამაც შეაშფოთა მაკრინე და გულმოდგინედ დამოძღვრა იგი; შეაგონებდა, ყოველგვარი ნიჭი და უნარი მხოლოდ უფლის სადიდებლად გვეძლევაო. დის რჩევა-დარიგებებმა ძლიერ იმოქმედა ბასილიზე, არანაკლები გავლენა იქონია წმიდანმა გრიგოლზე, რომელიც შემდეგ ნოსის ეპისკოპოსი გახდა, ასევე - ნავკრატიუსზე, რომელმაც მოსაგრე ცხოვრება იტვირთა, უდაბნოში განმარტოვდა და ადრე მიიცვალა; და ნაბოლარა პეტრეზე (შემდგომ - სებასტიელ მღვდელმთავარზე).

 როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო სარბიელზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისეს ნაპირას, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა. დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ, კრძალულად ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ერთად შრომობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდნენ და გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ თავიანთ წინამძღვარს.

 მაკრინე მკაცრი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ, სხეულს განსვენების ნებას არ აძლევდა. ერთხელ წმიდანს მკერდზე დიდი ხორცმეტი გაუჩნდა, იგი თანდათან იზრდებოდა, შესაძლო იყო, გულსაც შეხებოდა, საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა; მაგრამ წმიდანმა მკურნალის წინაშე სხეულის სიშიშვლის გამოჩენას ტანჯვა არჩია. წმიდა ქალწული მხოლოდ უფლისგან ითხოვდა შეწევნას: ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განიკურნა.

წმიდა მაკრინეს ლოცვებით მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ იკურნებოდნენ. წმინდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც.

 წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა ნეტარი მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ - გრიგოლ ნოსელმა მოინახულა. დაუძლურებული ღირსი დედა იატაკზე იწვა და ძველი კონკები ეფარა. მისი გონება ზეცად იყო ამაღლებული, საოცარი მადლი მოჰყვებოდა მის ყოველ სიტყვას... გრიგოლ ნოსელი ნატრობდა, დიდხანს გაგრძელებულიყო დღე, რომ არ დასრულებულიყო ის ნეტარება, რომელსაც დასთან საუბრის დროს განიცდიდა.

 ჩუმი და მშვიდი იყო მაკრინეს მიცვალება. საოცარი თავმდაბლობით აღსავსემ, უფალს შესთხოვა: „მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა, ვითარცა შენი მსასოებელი ავაზაკი მოიხსენე, შემინდე შეცოდებანი ჩემნი, საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი“, პირჯვარი გადაისახა და სული უფალს შეჰვედრა (+380). უსაზღვრო იყო დების მწუხარება - ყველას დედასავით უყვარდა ნეტარი. როცა წმიდა გრიგოლმა იკითხა, ჰქონდა თუ არა მიცვალებულს ახალი ტანსაცმელი, მოწესეებმა უპასუხეს, სიკვდილის დღისთვის მას არაფერი შემოუნახავსო: „ყველაფერს გლახაკებს აძლევდა. აი, ძველი ჯვალო; აი, საკერებლებიანი ანაფორა და გაცრეცილი მანტია - სხვა არაფერი ჰქონია, მაგრამ ფრიადი განძი დაიუნჯა ცათა შინა“.

 აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმე საროველისა, საკვირველთმოქმედისა (1903)

 ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს დაიბადა კურსკში. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამის ნათელი უხვად ეფინებოდა მთელ რუსეთს. ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი პატივით მიაბარეს მიწას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.

 1903 წლის 19 ივლისს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი ნიშ-სასწაული და კურნება ახლდა თან (უფრო ვრცლად ღირსი სერაფიმე საროველის შესახებ იხილეთ 2 იანვრის საკითხავში).

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати