26 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის ნაწილთა აღმოყვანება (846)
13 (26) მარტი
წმიდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის ნაწილთა აღმოყვანება. წმიდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატთაყვანისმცემლობის მტკიცე დამცველი წმიდა ნიკიფორე კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, სადაც 828 წელს გარდაიცვალა.
846 წელს პატრიარქ ნიკიფორეს უხრწნელი და კეთილსურნელოვანი წმიდა ნაწილები აღმოიყვანეს და კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. წმიდა ნაწილები ერთი დღე წმიდა სოფიის ტაძარში იყო დასვენებული, შემდეგ კი წმიდა მოციქულთა ტაძარში გადააბრძანეს. წმიდანის ხელი ათონზე, ხილენდარის მონასტერში ინახება.
წმიდა ნიკიფორემ დაგვიტოვა ხატმებრძოლთა მამხილებელი სამი თხზულება.
წმიდა ნიკიფორეს ეკლესია 2 ივნისსაც იხსენიებს.
წმიდა მოწამე ალექსანდრე (+305-311)
13 (26) მარტი
წმიდა მოწამე ალექსანდრე (+305-311) პრესვიტერი იყო თესალონიკის მახლობლად მდებარე ქალაქ პიდნაში, თავისი ქადაგებით წმიდა მამამ მრავალი წარმართი მოაქცია. იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მიერ დაწყებული დევნის დროს წმიდანი სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე ქრისტიანე სპარსი (IV)
13 (26) მარტი
წმიდა მოწამე ქრისტიანე სპარსი (IV) ქრისტეს ერთგულებისთვის ხარებს გააქელვინეს.
წმიდა მოწამენი: აფრიკანი, პუბლი და ტერენტი (II)
13 (26) მარტი
წმიდა მოწამენი: აფრიკანი, პუბლი და ტერენტი ეწამნენ პეტრიაში, II საუკუნეში. მათ ხსენებას წმიდა ეკლესია აღნიშნავს 13 მარტსა და 10 აპრილს.
ღირსი ანინე ხუცესი
13 (26) მარტი
ღირსი ანინე ხუცესი დაიბადა ქალკედონში, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ 15 წლის ანინემ დატოვა ოჯახი, მონასტერში დასახლდა და ბერად აღიკვეცა. სრული განმარტოებისათვის ის უდაბნოში წავიდა, იქ, სადაც ევფრატი სირიას ჰყოფს სპარსეთისაგან. უდაბნოში ანინე შეხვდა ბერ მაიუმს. ორივე მოღვაწე ძალზე მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა. მთელი დიდმარხვის განმავლობაში არაფერს ჭამდნენ.
წმიდა ანინეს ყოველდღე შორიდან მოჰქონდა სასმელი წყალი. ერთხელ ის დროზე ადრე დაბრუნდა სავსე ჭურჭლით, რადგან ანგელოზმა სასწაულებრივ გაუვსო დოქები. ბერი მაიუმი მიხვდა, რომ მისმა მოწაფემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სთხოვა, მისი მოძღვარი გამხდარიყო. ანინემ სიმდაბლის გამო უარი განაცხადა. ამის შემდეგ ბერი მაიუმი მონასტერში დაბრუნდა, ანინე კი უდაბნოში დარჩა.
მოუკლებელი ლოცვისა და მუდმივი შრომისათვის ანინე უფლისაგან კურნებისა და წინასწარხედვის ნიჭით დაჯილდოვდა. მას ემსახურებოდა და ყველგან თან დაჰყვებოდა ორი ლომი. ანინეს სასწაულების ამბავი გახმიანდა. მასთან მოდიოდნენ ავადმყოფები და ბოროტი სულით შეპყრობილები. რამდენიმე ქრისტიანი უდაბნოში დარჩა და დაემოწაფა წმიდანს. ერთხელ ანინესთან წყურვილით გათანგული ადამიანები მოვიდნენ და წყალი სთხოვეს. ღვთის ნებას მინდობილმა ანინემ ერთ-ერთი მოწაფე დამშრალი ჭისკენ გაგზავნა. სასწაულებრივად ჭა პირამდე გაივსო და რამდენიმე დღე ეყო ანინესა და მის მოწაფეებს. როცა ჭა დაცარიელდა, ანინემ ვერ გაბედა, კვლავ ეთხოვა უფლისთვის სასწაულის ქმნა, და ღამ-ღამობით ევფრატიდან დაიწყო წყლის ზიდვა. ნეოკესარიის ეპისკოპოსი პატრიკი ხშირად ნახულობდა ღირს მამას და პრესვიტერადაც დაასხა ხელი. როცა გაიგო ანინეს ღვაწლის შესახებ, ორჯერ აჩუქა მას ვირები წყლის მოსატანად, მაგრამ ღირსმა მამამ ისინი ღარიბებს დაურიგა. მაშინ ეპისკოპოსმა ბრძანა, გაეთხარათ დიდი ჭა და დროდადრო შეევსოთ წყლით.
წმიდა ანინემ ღვთიური გამოცხადებით გაიგო, რომ შორს მოღვაწე ვინმე მესვეტე ბერს უნდოდა სვეტიდან ჩამოსვლა და სასამართლოზე დასმენა ავაზაკისა, რომელმაც ის ქვით დაასახიჩრა. ღირსმა მამამ წერილი მისწერა მესვეტეს და ურჩია, გადაეფიქრებინა განზრახვა.
ერთხელ კეთილმსახური ქალი დაავადდა და ღირს ანინესთან წავიდა დახმარების სათხოვნელად. გზაში ავაზაკი შემოხვდა და რაკი ფული ვერ უპოვა, გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე. ქალმა მეოხად წმიდა ანინეს უხმო. „წმიდაო ანინე, შემეწიე მე!“ ავაზაკს შიშის ზარი დაეცა და უკუდგა. ქალმა ღირს მამას მოუთხრო ყოველივე და კურნებაც მიიღო. მონანული ავაზაკიც მივიდა წმიდა ანინესთან, მოინათლა და ბერად აღიკვეცა.
110 წლის წმიდა ანინემ თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა და მემკვიდრე იღუმენიც აირჩია.
სიკვდილის წინ წმიდანი ხილვაში გამოცხადებულ მოსეს და აარონს ესაუბრებოდა, შემდეგ კი მიისვენა სიტყვებით: „უფალო, მიიღე სული ჩემი“.