USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
რომელ წმინდანებს მოიხსენიებს დღეს მართლმადიდებელი ეკლესია?
Date:  252

22 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320)

9 (22) მარტი

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320). 313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად შეეძლოთ სარწმუნოების აღიარება და ისინი თავისი უფლებებით წარმართებს უთანასწორდებოდნენ. მისი თანამმართველი ლიკინიუსი კი თავგამოდებული წარმართი იყო და თავის სამფლობელოში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდა.

ამ დროს სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ და ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. ერთხელ ლოცვისას მათ ზეციდან შემოესმათ ხმა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.

ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: „წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღვთის ხმა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კულად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ“.

მეორე დღეს წმიდა მეომრები გააშიშვლეს, ახლო მდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი შეიქმნა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგლაოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.

დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლები კი ტბაში გადაყარეს.

საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი ანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.

აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა.

წმიდა მოწამე ურსპასიანე (+295)

9 (22) მარტი

წმიდა მოწამე ურსპასიანე (+295) ქ. ნიკომიდიაში ეწამა. იმპერატორ მაქსიმელიან გალერიუსი სასტიკად დევნიდა ჯარში და სასახლის კარზე მომსახურე ქრისტიანებს. წარჩინებულმა კარისკაცმა ურსპასიანემ თავისი მოსასხამი და ქამარი იმპერატორის წინაშე დაყარა და უთხრა: „ამიერიდან ვარ მხედარი ზეცათა მეუფისა, უფლისა იესო ქრისტესი. დაიბრუნე შენგან მოძღვნილი ნიშნები წარჩინებულობისა“. მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ იგი და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურსპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა. წმიდანის გვამი ზღვაში გადააგდეს - ის მიცვალების შემდეგაც კი საშიში იყო წარმართებისათვის, რომლებმაც მისი სული ვერ გატეხეს.

წმიდა კესარიოს მკურნალი

9 (22) მარტი

წმიდა კესარიოს მკურნალი დიდხანს ცხოვრობდა იმპერატორ კონსტანცის (337-361) სასახლის კარზე. ის იმპერატორის მეგობარი და სასახლის კარის მკურნალი იყო. 368 წელს კესარიოსი სასწაულებრივად გადაურჩა ნიკეაში მომხდარ მიწისძვრას, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა უფლის განგებულებაში, სათნოებასა და ყოვლისშემძლეობაში. წმიდა კესარიოსმა დატოვა საერო ცხოვრება და უფლის მსახურებას შესწირა თავი.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way