19 მარტს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა ელენე დედოფლის მიერ ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა პოვნა (326)
6 (19) მარტი
წარმართი რომაელი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან საბოლოოდ ამოეძირკვათ იმ წმიდა ადგილთა ხსოვნა, სადაც ჯვარს ეცვა და აღსდგა მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ბრძანა, მიწით დაეფარათ გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი, ზედ კი წარმათული ღვთაებების, ვენერასა და იუპიტერის სამსხვერპლო დაედგათ.
ღვთის ნებით, 300 წლისათვის, უდიდესი ქრისტიანული სიწმიდეები _ მაცხოვრის საფლავი და ცხოველსმყოფელი ჯვარი კვლავ განცხადდა მორწმუნეთათვის. ეს მოხდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) დროს, რომელმაც პირველმა შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა, შემდეგ კი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 313 წელს მან გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანული რელიგია დაკანონდა და იმპერიის დასავლეთ ნაწილში ქრისტიანთა დევნა შეწყდა. ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, მაგრამ ქრისტიანების დევნას კვლავ აგრძელებდა. მხოლოდ მისი საბოლოო დამარცხების შემდეგ განხორციელდა აღმოსავლეთში კანონი რელიგიის შემწყნარებლობის შესახებ. მოციქულთასწორმა იმპერატორმა ღვთის შემწეობით გაიმარჯვა მტრებზე. ბრძოლის წინ მან იხილა ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“.
წმიდა კონსტანტინემ თვისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი (ხს. 21 მაისს) იერუსალიმში გაგზავნა მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის მოსაძებნად. დედოფალმა ელენემ ერთი მოხუცი ებრაელისაგან შეიტყო იმპერატორ ადრიანეს მიერ გოლგოთისა და მაცხოვრის საფლავის ადგილას წარმართული სამსხვერპლოს აგების შესახებ, ბრძანა, დაენგრიათ საკერპო და მოეძებნათ უფლის საფლავი, ნახეს სამი ჯვარი, და ფიცარი, პილატეს მიერ გაკეთებული წარწერით „იესო ნაზარეველი _ მეუფე ჰურიათა“, იპოვეს სამსჭვალნიც. ცხოველსმყოფელი ჯვრის ამოცნობის მიზნით, პატრიარქმა მაკარიმ სათითაოდ შეახო სამივე ჯვარი მიცვალებულს. უფლის ჯვრის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა. ამ სასწაულის მხილველი ბევრი იუდეველი და წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ეს მოხდა 326 წელს.
ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (+1820)
6 (19) მარტი
ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.
დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.
მეუფე დოსითეოზი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსი და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.
1883 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.
1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლეს მეუღლე დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: „დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...“, არსსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ „ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ“. მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს.
რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.
ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.
წმიდა 42 ამორეველი მოწამე - კონსტანტინე, თეოფილე, აეტი, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვა (+845)
6 (19) მარტი
წმიდა 42 ამორეველი მოწამე: კონსტანტინე, აეტი, თეოფილე, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვანი (+845). ბერძენთა და სარკინოზთა ომის დროს (829-842) სარკინოზებმა ხელთ იგდეს ქალაქი ამორეა (გალატეა). ქალაქის დამცველი 42 მეომარი მტრებმა ტყვედ ჩაიგდო და სირიაში წაიყვანა. ამორეველებმა მხნედ აიტანეს მრავალი ტანჯვა-წამება და ქრისტეს ერთგულ მხედრებად დარჩნენ. გაუტეხელ მეომრებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, თავები მოჰკვეთეს, გვამები კი ევფრატში გადაყარეს.
წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი (+270-275)
6 (19) მარტი
წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი (+270-275). წმიდა ღირსმოწამე კონონი ცხოვრობდა იკონიაში (მცირე აზია). დაქვრივების შემდეგ მან შვიდი წლის ვაჟთან ერთად მონასტერში დაიდო ბინა. ღვთისმოსავი ცხოვრების გამო უფალმა იგი განსაკუთრებული მადლით დააჯილდოვა: ბოროტ სულებს განასხმიდა, ავადმყოფებს კურნავდა და ბრმებს თვალის სინათლეს უბრუნებდა. კონონი დაუცხრომელად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს წარმართთა შორის. მისი მოღვაწეობის ამბავი გაიგო ქრისტიანთა მდევნელმა დომენტიანემ და წმიდანს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ღირსმა მამამ უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მასთან ერთად აწამეს მისი შვილი - დიაკონი კონონი. მამა-შვილი გახურებულ გრდემლზე დააწვინეს და ადუღებული ზეთი დაასხეს, გამლღვალი კალით სავსე ქვაბში ჩაყარეს, თავდაყირა დაკიდეს, მაგრამ წმიდანები ზეციურმა მადლმა დაიფარა და უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს, გამძვინვარებულმა მტარვალებმა გადაწყვიტეს, ხის ხერხით გაეხერხათ მამა-შვილი. წმიდანებმა ლოცვისთვის დრო სთხოვეს ჯალათებს და უფალს შეჰღაღადეს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ შენი სახელისთვის ტანჯვის ღირსად შეგვრაცხე. გავედრებ შენს წმიდა ეკლესიას, შემუსრე მბრძოლნი მათნი, დაამტკიცე და გააძლიერე შენი თაყვანისმცემელნი, მიიღე სული ჩვენი და მოგვმადლე მშვიდობა“.
ლოცვის დამთავრებისთანავე ზეცით გაისმა ხმა, რომელიც წმიდანებს თავისთან უხმობდა. წმ. მოწამეებმა პირჯვარი გადაისახეს და მშვიდად მიაბარეს სული უფალს. მაშინვე მიწისძვრამ შეარყია ქალაქი და ყველა კერპი შემუსრა.
მონაზვნებმა წმიდანთა სხეულები საიდუმლოდ დამარხეს მონასტერში, სადაც ისინი მსახურებდნენ. ეს მოხდა ვალერიანეს მეფობის დროს, 270-275 წლებში. მოგვიანებით მამა-შვილის წმიდა ნაწილები გადაასვენეს მიტალიაში, ქალაქ აცერუში.
ღირსი არკადი კვიპრელი (+361)
6 (19) მარტი
ღირსი არკადი კვიპრელი (+361) მოღვაწეობდა კუნძულ კვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს (306-337). მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება, ბევრი დააყენა უფლის გზაზე და განამტკიცა ჭეშმარიტებაში. მისი სულიერი შვილები იყვნენ წმიდა მოწამენი: იულიან მკურნალი და ევული, თვითონ წმიდა არკადიმ, უფლის მიერ მრავალი ნიჭითა და სასწაულების ქმნით დაჯილდოვებულმა, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.