USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რომელ საათზე დაიწყება მზის დაბნელება და რა უნდა ვიცოდეთ 8 აპრილის მზის სრულ დაბნელებაზე
თარიღი:  1662

8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება. იგი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკიდან გამოჩნდება და საქართველოდან ვერ დავინახავთ, თუმცა მოვლენის ყურება ონლაინ მაინც შეგვეძლება.

მზის სრული დაბნელება, უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ მექსიკიდან, აშშ-ის 15 შტატიდან და სამხრეთაღმოსავლეთ კანადიდან გამოჩნდება. ათწლეულებია, რაც მოვლენას ამ მასშტაბის ურბანული ტერიტორია არ დაუფარავს — იგი ჯამში 185-კილომეტრიან მონაკვეთზე გაივლის. მზის სრულ დაბნელებას დაახლოებით 32 მილიონი ადამიანი იხილავს.

TimeandDate-ის მიხედვით, მოვლენა საქართველოს დროით 19:42-ზე დაიწყება, თუმცა დასახლებული ადგილებიდან იგი მაშინვე არ გამოჩნდება. მთვარე მზეს სრულად 22:17-ზე დაფარავს, მოვლენას კი სხვადასხვა ადგილიდან საშუალოდ 2-4 წუთის განმავლობაში დაინახავენ. დაბნელება 9 აპრილს, 00:52-ზე დასრულდება.

შეგიძლიათ, მზის სრულ დაბნელებას აქვე უყუროთ NASA-ს პირდაპირი ეთერიდან, რომელიც 8 აპრილს, საღამოს, დაიწყება:

 

აშშ-ში მოვლენას არაერთი ქალაქიდან ადევნებენ თვალს, მათ შორის: დალასიდან, ინდიანაპოლისიდან, კლივლენდიდან, ბუფალოდან და სხვ. ყველაზე დიდი ხნით მზის დაბნელებას მექსიკაში, ტორეონიდან, დაინახავენ — მოვლენა აქ 4 წუთსა და 28 წამს გაგრძელდება.

აშშ-ში მსგავსი მზის დაბნელება ბოლოს 2017 წელს მოხდა, წლევანდელი შემთხვევის შემდეგ კი იგი 2044 წლამდე აღარაა მოსალოდნელი. იშვიათია ისიც, რომ 8 აპრილის მზის დაბნელება ბევრი დასახლებული პუნქტიდან იქნება ხილვადი.

რა არის მზის დაბნელება და რა გავლენას ახდენს ის დედამიწელებზე?

მზის დაბნელება ბუნებრივი მოვლენაა. ის მაშინ დაიკვირვება, როდესაც სავსე მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ჩაივლის და იგი დედამიწასთან საკმარისად ახლოს აღმოჩნდება იმისთვის, რომ მზის დისკო სრულად გადაფაროს. სრული დაბნელების დროს დამკვირვებელი მხოლოდ ვარსკვლავის გარე მოელვარე ნაწილის — კორონას დანახვას შეძლებს, რომელზეც მზის მაგნიტური ველის ხაზები იქნება შემოწერილი.

როგორც წესი, მთვარის მიერ მზის სხივების თითქმის სრული დაბლოკვით გამოწვეული სიბნელე ცოტა ხანს გრძელდება. თუმცა, ამ ფენომენს გვერდითი ეფექტები მაინც აქვს. მაგალითად, ტემპერატურის კლება, ცხოველებისა და ჩიტების ქცევის ცვლილება. გარდა ამისა, მზის უეცარი დაბნელება და შემდეგ გამონათება მცენარეებზე უჩვეულო გავლენას ახდენს. როგორც მეცნიერები ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნავენ, მზის სრული დაბნელების დროს მცენარეში დაფიქსირდა აქტივობა, რომელიც სტრესსა და შოკთანაა ასოცირებული.

რაც შეგვეხება ადამიანებს, ეს მოვლენა ჩვენზე პირდაპირ ფიზიკურ გავლენას არ ახდენს, თუმცა მზის დაბნელებას შეუიარაღებელი თვალით არ უნდა ვუყუროთ, რადგან ამას ჩვენი ბადურის დაზიანება შეუძლია. მზის დაბნელების პირდაპირ საყურებლად სპეციალური, მზის ფილტრის მქონე სათვალე უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ულტრაიისფერ და ინფრაწითელ რადიაციას ბლოკავს. ამისთვის ჩვეულებრივი მზის სათვალე არ გამოდგება.

მზის სრული დაბნელების დროს ცაზე დაკვირვება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სხვა ვარსკვლავების სიკაშკაშე დღის ცაზეც შესამჩნევი ხდება, პლანეტა ვენერა კი ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტად იქცევა. დამკვირვებლები შეძლებენ იუპიტერის, სატურნისა და მარსის დანახვასაც, გარდა ამისა, კომეტა 12P/Pons-Brooks-იც გამოჩნდება, რომელიც მზეს ყოველ 71 წელიწადში ერთხელ უვლის გარს.

ცნობისთვის, მზის დაბნელება თითქმის ყოველ 18 თვეში ერთხელ ხდება. საქართველოში ნაწილობრივ დაბნელებას 2027 წლის 2 აგვისტოს ვიხილავთ.

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის