USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
რომელ ადგილს იკავებს საქართველო “პასპორტის გლობალურ ინდექსში”?
Date:  516
 
ეკონომიკასა და ფინანსებში ქვეყნის სიძლიერის გაზომვის სხვადასხვა გზები არსებობს, მაგრამ ტურიზმის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ჩარჩოდ გლობალური საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ის მიერ შექმნილი “პასპორტის სიძლიერის ინდექსი” შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოების პასპორტებს ერთმანეთს ადარებს. ამ ინდექსით ორი ძირითადი პარამეტრი იზომება, ესენია - პასპორტის სიძლიერე და მობილობის ინდექსი. პირველი შედარებითი მაჩვენებელია, რომელიც კონკრეტული ქვეყნის მოქალაქის მთავარ დოკუმენტს სხვა პასპორტებს ადარებს. მეორე იმ ქვეყნების თანაფარდობას ითვლის, სადაც კონკრეტული პასპორტის მფლობელს უვიზოდ, საზღვარზე გაცემული ვიზით ან ჩვეულებრივი ვიზით შეუძლია.

“პასპორტის სიძლიერის ინდექსში” ქართული პასპორტი 50-ე ადგილს იკავებს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციაა, რომელიც საქართველოს ოდესმე დაუფიქსირებია. ამ მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს უსწრებს, მათ შორის ჩინეთს, საუდის არაბეთს, კატარს, სამხრეთ აფრიკას და ფილიპინებს. საქართველოსთან ერთად, 50-ე ადგილას ვხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომლის მობილობის ინდექსი ასევე 121 ქულას, ანუ ბოსნიელებს, ისევე, როგორც ქართველებს, უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით 121 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ.

“პასპორტის სიძლიერის ინდექსში” დაკავებული მაღალი პოზიციის გამო, ქართული პასპორტი რეგიონში ყველაზე ძლიერ დოკუმენტად ითვლება. ამ მხრივ, მეორე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, მესამეს კი - თურქეთი. საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი სომხეთს აქვს, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით 68 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ, მაგრამ არც აზერბაიჯანი არის, მაინც და მაინც წინ, რადგან გლობალურ რეიტინგში ის 70-ე ადგილს დასჯერდა. გაცილებით უკანაა ცენტრალური აზიის ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც, ბოლო წლებში, ქართული ბიზნესის ერთ-ერთ საყვარელ დანიშნულებად იქცა - უზბეკეთი, ამ რეიტინგში, მხოლოდ 80-ე ადგილს დასჯერდა.

პასპორტის სიძლიერის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს ერთბაშად ექვსი ქვეყანა იკავებს, ესენია სინგაპური, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი, რომელთა მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით 194 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ, ანუ ლამის ყველასი, რომელიც დედამიწაზე არსებობს. მეორე ადგილზე ქვეყანათა ტრიუმვირატს ვხვდებით, რომელშიც ფინეთი, შვედეთი და სამხრეთ კორეა მოხვდნენ, 193 ტურისტული დანიშნულებით. მესამე ადგილს კი ავსტრია, დანია, ირლანდია და ნიდერლანდები დასჯერდნენ, რომელთა მოქალაქეები უვიზოდ 192 ქვეყანაში გადაადგილდებიან.

რეიტინგის ბოლო, ანუ 104-ე ადგილზე ავღანეთი აღმოჩნდა, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ 28 ქვეყანაში შეუძლიათ. პასპორტის სისუსტით ავღანეთთან ახლოს არის სირია, ერაყი, სომალია, იემენი და პაკისტანი.

საერთო ჯამში, აღნიშნული სტატისტიკა გლობალიზაციის წარმატებაზე მიუთითებს, რადგან 2006 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგდა იმ ქვეყანათა საშუალო რაოდენობა, სადაც ადამიანებს მოგზაურობა შეუძლიათ - თუ 2006 წელს, ეს რიცხვი 58 იყო, 2024 წელს ის 111-ს შეადგენს. თუმცა პარალელურად ამისა, ისტორიულად დიდია ნაპრალი, რომელიც რეიტინგის სათავეში და რეიტინგის ბოლოში მყოფ ქვეყნებს შორის შეინიშნება.

ავტორი: გიორგი არონია

წყარო: https://bm.ge/

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way