1975 წელს, საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყო რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, როკის გვირაბის, მშენებლობა, რამაც შეუქცევადი და ტრაგიკული გავლენა იქონია საქართველოს ბედზე. რომ არა როკის გვირაბი, შესაძლოა, სულ ცოტა, ერთით ნაკლები ოკუპირებული ტერიტორია ყოფილიყო საქართველოში; რომ არა როკის გვირაბი, შესაძლოა საქართველოს თავიდან აეცილებინა როგორც 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტი სამაჩაბლოში, ასევე 2008 წლის ომი შიდა ქართლში.
„ჯავის რაიონული ცენტრიდან 36 კმ-ის დაშორებით მდებარეობს სოფელი ზემო როკი, შემდეგ კი, როგორც ამბობენ ხოლმე, ქვეყნის კიდეა - კავკასიონის მთავარ ქედს ჩაურაზავს იქაურობა“, - წერდა მაშინდელი ქართული საბოჭოთა პრესა და იქვე შენიშნავდა, რომ კავკასიონის მთავარ ქედს იქაურობა ჩარაზული ჰქონდა ზამთრობით, როცა ზღვის დონიდან 2995 მეტზე მდებარე როკის უღელტეხილი დიდი თოვლისა და ჩამოწოლილი ზვავების გამო ყრუდ იკეტებოდა, თუმცა, როგორც 1979 წლის ჟურნალი „დროშა“ (N 6) შენიშნავდა, კავკასიონის ქედზე გადაკიდებული ეს გზა მაღალი გამტარიანობით ვერც ზაფხულობით გამოირჩეოდა:
„ციცაბო ფერდობებსა და ჭიუხებზე საცალფეხო ბილიკი გადის და ეს გზაწვრილი როკის გადასასვლელი გახლავთ. უღელტეხილს ფეხით გადაივლიდნენ და ზაკში ჩადიოდნენ. აქედან უკვე ჩრდილოეთი ოსეთი იწყება. ასეთივე ძნელი და მომღლელი გზა, მდინარე არდონის ხეობის გავლით, ალაგირისაკენ მიემართება და შემდეგ ქალაქ ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი) ჩადის“.
სწორედ ეს საცალფეხო ბილიკი და გზაწვრილი უნდა შეეცვალა კავკასიონის ქედში გაბურღულ როკის გვირაბს, რომელიც, თავის მხრივ, ნაწილი იქნებოდა 60 კილომეტრამდე სიგრძის ჯავა-ალაგირის საავტომობილო მაგისტრალისა. მშენებლობას საფუძვლად დაედო მაშინდელი უმაღლესი ხელისუფლების - სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს - დადგენილებები...
როკის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის გაყვანის იდეა XX საუკუნის 60-70-იან წლებში არ გაჩენილა. კავკასიონის გაუვალი ქედი დისკომფორტს უქმნიდა როგორც სამხრეთ და ჩრდილო კალთებზე მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს, ასევე რუსეთის იმპერიას. შემთხვევით არაა, რომ როკის უღელტეხელზე პირველი საურმე გზის მშენებლობა მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით დაიწყო, ხოლო საკუთრივ გვირაბის მშენებლობის იდეა XX საუკუნის 20-იან წლებში ოს ბოლშევიკებში დაიბადა.
პირველი პროექტის ავტორია ჯავის მკვიდრი, ცნობილი ინჟინერი რუტენ გაგლოევი, რომელმაც როკის უღელტეხილზე საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით ტფილისს ჯერ კიდევ 1918 წლის 24 მაისს მიმართა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მთავარ საფრთხედ სწორედ ჩრდილოელ მეზობელს მიიჩნევდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ როკის უღელტეხილზე გზისა და გვირაბის გაყვანის იდეას თბილისი გაღიზიანებით შეხვდა.
„ოსები ახალ კარს უხსნიან რუსებს საქართველოში შემოსასვლელად და თან ამ კარის გასაღებს თვითონვე იდებენ ჯიბეში“, - წერდა 1919 წლის 26 მარტს ტფილისში გამომავალი გაზეთი „კავკასსკოე სლოვო“.
საბჭოთა რუსეთთან ახალი გზის გაჭრის იდეას მხურვალედ უჭერდა მხარს ფილიპე მახარაძე, რომელმაც თბილისიდან მიღებულ უარს „მენშევიკური მთავრობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი“ უწოდა.
აშკარა იყო, რომ თბილისში კარგად ახსოვდათ როგორც ის, თუ რა მოუტანა საქართველოს კავკასიონის კარის ერთხელ გაღებამ, ასევე ისიც, თუ როგორი არადამაჯერებელი არგუმენტი მოიშველია საქართველოს უკანასკნელმა მეფემ, როცა მას, პლატონ იოსელიანის მიხედვით, დარიალის კარის დახურვის შესაძლებლობაზე ჰკითხეს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას არც კი დაუშვია როკის გზის გაფართოებისა და გვირაბის მშენებლობის შესაძლებლობა, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ოსი სეპარატისტები, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობას ვერ ურიგდებოდნენ, აუცილებლად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენებდნენ ახალ საგზაო ინფრასტრუქტურას.
ისტორიკოს ვახტანგ გურულის მიხედვით, „1918-1920 წლებში საბჭოთა რუსეთის მხარდაჭერით ოსმა სეპარატისტებმა შიდა ქართლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამი აჯანყება მოაწყვეს. სამივე აჯანყების ლოზუნგი იყო ,,სამხრეთ ოსეთის“ საბჭოთა რუსეთთან შეერთება და ორი ოსეთის (ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი) გაერთიანება. სამივე აჯანყება დამარცხდა. 1920 წლის 6 მაისს სამხრეთ ოსეთის რევკომმა მიიღო გადაწყვეტილება: „ვემორჩილებით რა კავკასიის სამხარეო კომიტეტს, საჭიროთ მივიჩნევთ გამოვაცხადოთ საბჭოების ძალაუფლება როკის რაიონში და ჩავკეტოთ ხეობა... მივუერთდეთ რუსეთის საბჭოთა ფედერაციას... და ამის შესახებ ეცნობოს მოსკოვსა და დემოკრატიულ საქართველოს“ („საარქივო მოამბე“, 2008 წ., N 3)
ცხინვალსა და ვლადიკავკაზში დღეს აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ როკის გვირაბს მიენიჭოს ინჟინერ რუტენ გაგლოევის სახელი. მართალია, როკის გვირაბის პროექტის ავტორად ითვლება საკავშირო ინსტიტუტის, „სოიუზდორპროექტის“, სპეციალისტი ნიკოლაი ნაგაევი, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ნაგაევმა რუტენ გაგლოევის სქემა გადაამუშავა: მცირედით შეცვალა ადგილი, ხოლო გვირაბის სიგრძე 5,5 კმ-დან 3,66 კმ-დე შეამცირა. ამასთან, 1930 წელს სწორედ რუტენ გაგლოევმა ააფეთქა საზეიმო ვითარებაში კლდე და სწორედ მან დაიწყო გვირაბის სამხრეთ პორტალთან მოსამზადებელი სამუშაოები.
რუტენ გაგლოევის პროექტით, მთლიანი გზის ასაშენებლად 25 მლნ მანეთი იყო საჭირო, საიდანაც 17 მლნ მარტო გვირაბს უნდა მოხმარებოდა. სწორედ ამ დიდმა ხარჯმა და პარალელურად რკინიგზის ხაზის ალაგირი-გორის მშენებლობის დაწყებამ შეაფერხა როკის გვირაბის პროექტის ბოლომდე მიყვანა. მშენებლობა განუსაზღვრელი ვადით დაკონსერვდა და, ჩრდილოელების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ განახლდა 1975 წლამდე.
საქმე ისაა, რომ XX საუკუნის 20-იანი წლებისგან განსხვავებით, მომდევნო წლებში ქართველი კომუნისტები აღარ ემხრობოდნენ როკის მიმართულებით გვირაბის გაჭრას. განიხილებოდა ნებისმიერი სხვა, მათ შორის მამისონის მიმართულება, რომელიც არსებითად იმით განსხვავდებოდა როკისგან, რომ გვირაბის სამხრეთი პორტალი ავტონომიური ოლქის ტერიტორიის მიღმა ექცეოდა, რაც საგრძნობლად ცვლიდა გვირაბის პოლიტიკურ წონას.
როკის გვირაბის მშენებლობა შეაფერხა იმანაც, რომ 1937 წელს ბოლშევიკებმა დააპატიმრეს რუტენ გაგლოევი, რომელიც 1920 წელს მენშევიკებსაც ჰყავდათ დაჭერილი. გაგლოევი გაასამართლა შინსახკომის „სამეულმა“ (გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი). განსასჯელს ბრალად ედებოდა ის, რომ „1921 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო ორი უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტი, დაკავებული იყო ჯაშუშური და მავნებლური საქმიანობისთვის, ასევე, ეწეოდა კონტრრევოლუციური (კ/რ) ელემენტების გადაბირებას კ/რ მეამბოხე ჯგუფების ფორმირებისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ დაიწყებოდა ომი საბჭოთა კავშირში. თავის ჯაშუშურ, დივერსიულ-მავნებლურ ქსელში ჩაითრია 8 ადამიანი, ხოლო მათგან 6 ადამიანი უშუალოდ თვითონ გადაიბირა. ამ კ/რ საქმიანობისთვის საზღვარგარეთის დაზვერვისგან მიიღო ანაზღაურება 24 ათასი მანეთის ოდენობით“.
1937 წლის 11 სექტემბერს რუტენ გაგლოევს, რომელიც დაპატიმრებისას „ძაუჰესის“ მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებელი იყო, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, ქონების კონფისკაციით. სასჯელი სისრულეში იქნა მოყვანილი 1937 წლის 11 ოქტომბერს.
„უკვე არსებობდა რსფსრ-სთან დამაკავშირებელი ორი გზა: ერთი დარიალში, მეორე აფხაზეთში. გასაგებია, რომ ზამთარში დარიალზე პრობლემები იქმნება, მაგრამ აფხაზეთი ხომ ღია რჩება? თან თავისთავად როკიც დარიალივით არანაკლებ მაღალმთიანია, მეტად მაღალმთიანიც კი. ასე რომ, კლიმატურ პირობებს ვერ მოიმიზეზებდნენ. ცხადია, ამ ყველაფრის სარჩული იმთავითვე იყო პოლიტიკური და არა ეკონომიკური ან სატრანსპორტო“, - უთხრა ბაგრატ კიკვაძემ რადიო თავისუფლებას.
როგორც გივი ნიკოლაიშვილი, თბილგვირაბმშენის N15 სამშენებლო რაზმის უფროსი, იხსენებს („არსენალი“, 2010 წ.), როკის პროექტის არჩევა ჩრილოეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის, ბილარ კაბალოევის, დამსახურება ყოფილა.
სწორედ მას უთხოვია როკის გვირაბის პროექტის ლობირებაში დახმარება გენერალ-პოლკოვნიკ ისა პლიევისათვის, რომელიც ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი, ჯერ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის, შემდეგ კი კუბაში საბჭოთა ჯარების დაჯგუფების სარდალი იყო და რომელსაც საბჭოთა კავშირის უმაღლეს პარტიულ ხელმძღვანელობასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ გენერალ ისა პლიევის თხოვნა შეუსმენია ალექსეი კოსიგინს, სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც, თავის მხრივ, საკავშირო სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროსა და „სოიუზდორპროექტისათვის“ დაუვალებია გვირაბის პროექტირება.
როკის გვირაბის გაყვანის ეს ისტორია კანონიკურად მიიჩნევა რუსულ და ოსურ წყაროებშიც, მის შესახებ სმენია ბაგრატ კიკვაძესაც, თუმცა ქართველი გეოლოგი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი და მათ შორის როკის გვირაბის იდეაც მოსკოვიდან მოდიოდა:
„ჩრდილოეთ ოსეთის, ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთის" და, თუნდაც, საქართველოს სსრ-ის ხელმძღვანელობას ასეთ სტრატეგიულ პროექტს ვინ ეკითხებოდა? ყველაფერი მნიშვნელოვანი წყდებოდა ცენტრში, მოსკოვში, რომელიც ამ შემთხვევაში, ფასადურად, ჩრდილოეთ ოსეთის სახელს იყო ამოფარებული. საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობა მშვენივრად ხვდებოდა, რა მოჰყვებოდა ამას. მჟავანაძემ არაერთხელ სცადა პროექტის შეჩერება“.
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც დარწმუნებულია, რომ როკის გვირაბს საბჭოთა კავშირისთვის ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა და სწორედ ეს ფაქტორი იყო გადამწყვეტი და არა ცალკეული - თუნდაც, გავლენიანი - ადამიანების დამოკიდებულება:
„წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირი, რომელიც თავის სამხრეთ საზღვრებს - სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველს უკავშირდება მხოლოდ ორი გზით (საქართველოს სამხედრო გზა და რკინიგზა სოხუმის მიმართულებით), რომლიდანაც ერთი ზამთარში შეიძლება ჩაიკეტოს. შესაბამისად, სსრკ-ს დამატებით სჭირდებოდა კიდევ ერთი საიმედო სახმელეთო კავშირი“.
ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რიგაში გამართულ ნატოს კონფერენციას, სადაც არაოფიციალურ საუბარში ლატვიის არმიის ერთ-ერთ გენერალს მისთვის ასეთი რამ უთქვამს:
„მიკვირს თქვენი, ასეთი ბუნებრივი დამცავი ფარი გაქვთ რუსეთისგან კავკასიის ქედის სახით და როგორ ვერ გამოიყენეთ! ჩვენთან ლატვიის საზღვარზე ტანკი რომ დაქოქონ რუსებმა, ისეთი რელიეფი გვაქვს, საღამოს უკვე ბალტიიის ზღვაზე იქნებიან გასულები“.
ირაკლი ალადაშვილის თქმით, კავკასიონის ქედი, რა თქმა უნდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში საიმედოდ იცავდა საქართველოს, მაგრამ როკის გვირაბის გაჭრამ ბევრი რამ შეცვალა.
ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი, პაველ ფელგენგაუერი, აღნიშნადა, რომ „როკის გვირაბის მწყობრიდან გამოყვანის ან განადგურების შემთხვევაში რუსეთის ჯარი ვერ შეძლებს ვერც ერთი სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას სამხრეთ კავკასიაში“.
2008 წლის ომის დროს, 7 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, რუსეთმა, დაახლოებით, 40 ათასი ჯარისკაცი გადმოისროლა საქართველოში, მათგან 20 ათასი როკის გვირაბის გავლით შევიდა ცხინვალის რეგიონში, სადაც განლაგებული რუსეთის საერთო სამხედრო ძალა სამჯერ აღემატებოდა საქართველოს არმიას (რ. ასმუსი. „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“). და ეს ყველაფერი, როგორც სამხედრო ჟურნალისტი თემურ ჩაჩანიძე ამბობს, რუსეთის არმიამ შეძლო როკის გვირაბის „წყალობით“:
„გვირაბის კვეთი მუხლუხიანი და ბორბლებიანი სამხედრო ტექნიკის ორმხრივი მოძრაობის შესაძლებლობას იძლევა. თავისუფლად მოძრაობენ ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული და საჰაერო თავდაცვის მობილური სისტემები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თემურ ჩაჩანიძემ, რომელმაც წლების წინ ინტერვიუ ჩამოართვა როკის გვირაბის ერთ-ერთ მთავარ მშენებელს, თბილგვირაბმშენის N15 სამშენებლო რაზმის უფროსს, გივი ნიკოლაიშვილს.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ზღვის დონიდან 2112-2040 მეტრ სიმაღლეზე მდებარე რთული საინჟინრო ნაგებობა, რომლის გაყვანას 8 წელი, ხოლო ექსპლუატაციაში ჩაშვებას კიდევ 3 წელი დასჭირდა.
გვირაბის მშენებლებისათვის (თბილგვირაბმშენის N13 რაზმი), რომლებიც საქართველოს ტერიტორიიდან ანგრევდნენ კავკასიონის ქედს, სპეციალურად აშენდა 500 ოჯახზე გათვლილი დასახლება საცხოვრებელი სახლებით, საწყობებით, სასადილოებით, საცხობებით, დიზელის ელ. სადგურით, წყლისა და კანალიზაციის გაყვანილობით. 1979 წელს ჯავაში ჩასული ჟურნალ „დროშის“ კორესპონდენტი მკითხველს ამცნობდა:
„აი, გვირაბის სამხრეთი პორტალიც! ახლა აქ გაშლილი ფრონტით მიმდინარეობს სამუშაოები. უკვე აშენდა ბეტონის ქარხნის კომპლექსი, რომელსაც 22 კაცი ემსახურება. ეს მიკროქარხანა დღე-ღამეში მშენებლებს აწვდის 70-80 კუბ. მეტრ ბეტონს“.
ზუსტად იგივე ხდებოდა ჩრდილოეთ პორტალთან, საიდანაც კლდეებს ანგრევდა თბილგვირაბმშენის N15 რაზმი გივი ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით.
„ასე მიიწევენ წინ მშენებლები, მეტრებს მეტრები ემატება, გვირაბი თანდათან მიიწევს კავკასიონის ქედის სიღრმეში. დღეისთვის 600-მდე მეტრი გვირაბია გაყვანილი, ხოლო 250 მეტრი დაბეტონებულია“.
თუმცა, ვიდრე ძირითადი გვირაბის გათხრა დაიწყებოდა, გაკეთდა სატრანსპორტო-სადაზვერვო შტოლნი, რომლის სრული კვეთი 20,2 კვადრატული მეტრია. ასევე გაიყვანეს მძლავრი სავენტილაციო გვირაბი, რომელშიც დამონტაჟდა გასანიავებელი დანადგარები გვირაბიდან ავტომანქანების გამონაბოლქვი აირისა და მტვრის გასაწოვად.
სამხრეთი და ჩრდილოეთი გვირაბები 1983 წელს შეერთდა, თუმცა გვირაბის კეთილმოწყობას და საექსპლუატაციოდ მომზადებას კიდევ სამი წელი დასჭირდა. საბოლოო ჯამში, როკის გვირაბი ოფიციალურად გაიხსნა 1986 წლის დეკემბერში. აშენების დროს ეს იყო ყველაზე გრძელი გვირაბი სსრკ-ში:
ტექნიკური სიგრძე - 3 805 მეტრი, საექსპლუატაციო სიგრძე - 3 730 მეტრი;
სიგანე - 7.5 მეტრი, სიმაღლე - 4.75.
მკვრივი ქანების ადგილებში გვირაბის კედლები დაფარულია ბეტონის 60-სანტიმეტრიანი ფენით, ხოლო რბილი, ფიქალ-ქვიშა ქანები უფრო სქელი, 90 სანტიმეტრი სისქის, ბეტონით, რომელშიც გამოყენებულია 400 მარკის ცემენტი და ადგილ-ადგილ არმატურა.
როკის გვირაბს საბჭოთა პერიოდში ჰქონდა როგორც ეკონომიკური, ასევე (უპირველეს ყოფლისა) სამხედრო დანიშნულება, რაც გულისხმობდა რუსეთის სიღრმიდან საბრძოლო ტექნიკისა თუ ცოცხალი შემადგენლობის გადმოსროლას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დასახმარებლად.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა პერიოდს, როკის გვირაბზე, როგორც ჭიპლარზე, მიბმულია ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მთელი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა.
„თუ დააკვირდებით, ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ყველა კონფლიქტურ ზონასთან რუსეთს აქვს სახმელეთო მისასვლელი. ასეა ახლაც უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც საზღვარს ვერავინ აკონტროლებს, არც მთებია და კონფლიქტის ზონაში უკონტროლოდ შედის როგორც იარაღი, ასევე ცოცხალი ძალა. როკის გვირაბიც, როგორც სახმელეთო გზა, ყოველთვის აძლევდა საშუალებას რუსეთს თავისი მოკავშირე სეპარატისტებისათვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ფიქრობდა მწყობრიდან გამოეყვანა გვირაბი. გივი ნიკოლაიშვილი, როკის გვირაბის მშენებლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 2010 წელს ჟურნალ „არსენალისათვის“ მიცემულ ინტერვიუში იხსენებდა:
„1990 წლის დეკემბერში „თბილგვირაბმშენის“ ხელმძღვანელი, უშანგი გოჯიაშვილი, დაიბარეს და აფეთქებაში დახმარება სთხოვეს. თურმე პოლიციელები ლიმონკებით აპირებდნენ აფეთქებას, რაც უაზრობაა. საჭირო იყო საფუძვლიანი მომზადება. დავიწყეთ კიდეც, მაგრამ დაგვასწრეს, ჩრდილოეთიდან ბოევიკები შემოვიდნენ და ჯავასთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. აფეთქების გეგმა ჩაიშალა“.
1991 წლიდან ჯავის რაიონს სეპარატისტები აკონტროლებენ და, შესაბამისად, გვირაბთან მისვლაც ვერ ხერხდება. არადა, სულ იყო საუბარი გვირაბის გაუვნებელყოფაზე, ჩაკეტვაზე... როგორც ირაკლი ალადაშვილი ამბობს, იყო მცდელობები, მათ შორის შვეულმფრენით დივერსიული ჯგუფის გადასმისა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა არც 2008 წელს.
„როგორ მოამზადა და დაიწყო რუსეთმა 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ“ - ასეა დასათაურებული საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის მკვლევარის, დავით ბატაშვილის, ნაშრომი, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის 7 აგვისტოს, 13.00 სთ-ზე, თბილისში გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა:
„არსებული ვითარების განხილვისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ჩაწერილი სატელეფონო ზარების შესახებ, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ „რუსებმა დაამყარეს კონტროლი როკის გვირაბზე და შემდეგ გაატარეს მასში თავისი ძალები“.
„ისეთი რთული კონსტრუქციის ნაგებობის სერიოზული დაზიანება, როგორიც როკის გვირაბია, ძალიან რთულია. მით უფრო რთულია არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და თითქმის შეუძლებელია გაძლიერებული დაცვის პირობებში“, - ამბობს თემურ ჩაჩანიძე.
თუმცა, როგორც გეოლოგი ბაგრატ კიკვაძე ამბობს, ყველა რთულ საინჟინრო-ტექნიკურ ნაგებობას სპეციალურად აქვს დატოვებული სუსტი ადგილები, რომლებიც შენიღბულია და რომლებზეც წერტილოვანი, მიმართული დარტყმა უზრუნველყოფს ამ კონსტრუქციის სრულ ლიკვიდაციას.
ცხადია, არსებობს როკის გვირაბის მწყობრიდან გამოყვანის ეფექტიანი გეგმაც, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა საბჭოთა არამიას.
„სსრკ ითვალისწინებდა იმ მძიმე გამოცდილებას, რომელიც 1941 წელს მიიღო, როცა გერმანიის არმია შეიჭრა საბჭოთა კავშირში და ძალიან სწრაფად მივიდა მოსკოვამდე. მანამდეც იყო, მაგრამ ამის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საკომუნიკაციო საშუალებების მწყობრიდან გამოყვანის სქემებს. ხიდების, გვირაბებისა და სხვა სახის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისას ინიშნება ისეთი ადგილები, რომლებიც მხოლოდ სპეციალისტებმა იციან: სად უნდა ჩაიდოს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რა რაოდენობით და რა მიმართულებით. როკის გვირაბს ტექნიკურად ისედაც ჰქონდა პრობლემა ერთ-ერთ მონაკვეთზე. მონდომების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ ადგილის მწობრიდან გამოყვანა... თუმცა იმის გამო, რომ პრობლემები ჰქონდა კონსტრუქციას და ამის შესახებ ცნობილი იყო, რუსეთმა რამდენიმე წლის წინ კაპიტალურად განაახლა გვირაბი. დღეს როკის გვირაბი აბსოლუტურად გარემონტებულია, მექანიზირებული და მოდერნიზებულია, მათ შორის დაცვის თვალსაზრისითაც“, - უთხრა ირაკლი ალადაშვილმა რადიო თავისუფლებას.
კომუნიზმში გვირაბის გავლით
45 წლის წინ კი, როცა კავკასიონის ქედის გულში პირველი ნაბიჯები იდგმებოდა, სულ სხვაგვარი განწყობები იყო. ოს და რუს კომუნისტებთან ერთად ხარობდნენ ქართველი კომუნისტებიც.
„საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენენ მშენებლების მიმართ. ეხმარებიან მშენებლებს ყოველგვარი გადასაჭრელი პრობლემის მოგვარებაში“, - წერდა ჟურნალ „დროშის“ ავტორი, -„...მომავალი ტრასის პროფილი კი თანდათან იკვეთება. საუღელტეხილო გზის მშენებლობის სამხრეთ უბნის მშრომელები მალე დაიწყებენ გზის მოასფალტებას. გზას და გვირაბს, აი, ასეთ რთულ პირობებში აგებენ მშენებლები, მაგრამ აგებენ მტკიცედ, საიმედოდ“.
როკის გვირაბის მშენებლობის დაწყებიდან 45 წლისთავზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს რეპორტაჟის შემაჯამებელი ფრაზა:
„ეს გზა და გვირაბი ახალ სიკეთეს, ახალ ბედნიერებას მოუტანს კომუნიზმის მშენებელ მშრომელებს“.