USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
როგორ შეძლო პატარა საქართველომ ვირუსის გავრცელების თავიდან არიდება ასე ეფექტიანად? – ბრიტანული გამოცემა საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის
Date:  1338

პატარა ქვეყანა, დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო კოვიდ-19-თან ბრძოლაში – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული CISION საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის მიმოხილვას.

“თბილისი პოსტი” სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

“კოვიდ-19 მთელი მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს – მათ შორის, იმ ქვეყნებსთვისაც, რომლებსაც ძლიერი ჯანდაცვის სისტემა გააჩნიათ. სიკვდილიანობის შემთხვევები დრამატულია, ეკონომიკური კრიზისი -დამანგრეველი ლამის მთელი მსოფლიოსთვის.

ამ დროს კი ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯებით მისაბაძად იქცა.

როგორ შეძლო პატარა საქართველომ ვირუსის გავრცელების თავიდან არიდება ასე ეფექტიანად?

პირველი კოვიდინფიცირებულის დაფიქსირებიდან 2 თვის შემდეგ, საქართველოში 517 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 178 უკვე გამოჯანმრთელებულია. 6 შემთხვევა დასრულდა სიკვდილით (მონაცემები გასაახლებელია), რომლებიც ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები იყვნენ.

„მიუხედად იმისა, რომ საქართველო გეოგრაფიულად ახალი კორონავირუსის ეპიცენტრიდან მოშორებულია, ჩვენ ვიცოდით, რომ ვირუსის გავრცელება მხოლოდ დროის საკითხი იყო”, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მისმა სამინისტრომ ეპიდემიის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იანვრის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. საინფორმაციო კამპანია გაიშალა აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებზე. ქვეყანაში შემოსვლისას მგზავრებს აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ამოეცნოთ ვირუსის სიმპტომები და სად მიიღებდნენ დახმარებას, თუკი ინფიცირებულები იქნებოდნენ. მალევე სასაზღვრო პუნქტებზე თერმოსკრინინგი დაიწყო. მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებს საკარანტინო ზონებში ათავსებდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, საქართველომ საკუთარი პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც ერთ-ერთი ყურადსაღები და შესამჩნევი აღმოჩნდა და რომელსაც დიდი წილი აქვს იმაში, რომ ქვეყანამ პანდემიის მასშტაბური გავრცელების არიდება შეძლო – უსიცხო ან დაბალი ტემპერატურის მქონე ადამიანებსაც ამოწმებდნენ ვირუსზე.

ამ ზომების გარდა, იანვრის ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრმა ჩინეთთან მიმოსვლის აკრძალვის რეკომენდაცია გასცა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩინეთთან პირადპირი ფრენები გაუქმდა. საქართველომ მალევე ჩაკეტა საზღვრები მაღალი რისკის ქვეყნებთან. ვირუსის პირველი აღმოჩენამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ჯანდაცვას უკვე ჰქონდა ვირუსის იდენტიფიცირებისა და დიაგნოზის შესაძლებლობა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეს აქტიური 333 შემთხვევაა.

საქართველოში ვირუსის გავრცელების პრევენციის მთავარი სტრატეგია იყო – თავიდანვე მკაცრი იზოლაცია. დამატებით, საინფორმაციო კამპანიამ დიდი როლი შეასრულა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში – კერძოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია, სახლში დარჩენა, სანიტარიული ნორმების დაცვა.

იმისათვის, რომ შესაძლო ინფიცირებულის კონტაქტები სწრაფად აღმოეჩინათ, ჯანდაცვის სამინისტრომ მობილური აპლიკაცია STOP COVID გაუშვა. აპლიკაცია შეიქმნა ავსტრიული NGO NOVID20-ის და Dolphin Technologies-ის მიხედვით, რომელიც დეველოპერულ სისტემაში ძალიან ინოვაციური სისტემაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ძალისხმევა მიზნად ისახავდა ე.წ. მრუდის გაბრტყელებას, რათა ჯანდაცვის სისტემას ეფექტურად გამოეყენებინა თავისი რესურსები მიზნის მისაღწევად.

„ჩვენი მიზანია აგრესიული პიკის თავიდან აცილება და პლატოს შექმნა, რომელიც ქართული ჯანდაცვის სისტემა დაეხმარება, წინ აღუდგეს კოვიდ 19-ის შეტევას და საშუალებას გვაძლევს, საფუძვლიანად ვუმკურნალოთ პაციენტებს, სრულ გამოჯანმრთელებამდე,” – აღნიშნავს ტიკარაძე.

„არ არსებობს იმის იმედი, რომ კოვიდ-19 მალე თავისით გაქრება. იმისათვის, რომ ვირუსისგან საზოგადოების ჯანმრთელობა დაცული იყოს, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ და მისმა მოქალაქეებმა ისწავლონ ვირუსთან ერთად ცხოვრება და არსებობა, სანამ ვაქცინას და უფრო ეფექტიან სამკურნალო საშუალებები არ შეიქმნება”, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

საქართველოს უკვე დაწყებული აქვს შეზღუდვების შემსუბუქება. როგორც ტიკარაძე მიუთითებს, შეზღუდვების შემსუბუქება და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება დამოკიდებულია ვირუსის რეპროდუქციულ რეიტინგზე.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური გზა სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვაა. ამ წესების დაცვის პირდაპირპროპორციულია Rt რეიტინგი. ესაა ერთადერთი გზა, რომ პროცესი ვმართოთ და ჯანდაცვის სისტემის კრიტიკული ნგრევა არ გამოვიწვიოთ. თუკი Rt ინდიკატორი დაიწევს, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება. თუკი პირიქით – აიწევს, საპასუხოდ შეზღუდვების გამკაცრება მოგვიწევს”, – განმარტავს მინისტრი. დღევანდელი მონაცემები ქვეყნისთვის საკმაოდ დამაიმედებელია: Rt ინდიკატორი 1-ზე ქვევითაა (R0=.88 +/- 0.09). შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ფაზა უკვე დაწყებულია.

წყარო: prnewswire.co.uk

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way