USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
როგორ მოვიქცეთ, როცა სახელმწიფო ენაზე მომსახურებას ვერ ვიღებთ
Date:  

ქართულ ენაზე მომსახურების ვერმიღების გამო გაზრდილი უკმაყოფილების შემყურემ ფეისბუქ-გვერდზე ვიკითხე, თუ ჰქონიათ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს მსგავსი გამოცდილება? რამდენად რეალურია ეს პრობლემა? – პასუხებმა მოლოდინს გადააჭარბა.


ამ თემაზე პირადი შეტყობინებები დღემდე არ წყდება. ერთმა მოქალაქემ ვეტკლინიკაში გამოწერილი რუსულენოვანი რეცეპტიც კი გამიზიარა.

გადასამოწმებლად რამდენიმე კაფეს მისამართი მოვინიშნე და ჩემს კოლეგასთან, ნათიასთან ერთად წავედი თბილისის ცენტრალური უბნებისკენ. ნათია გზად მიყვებოდა აგვისტოს ომში მებრძოლ მამაზე, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა და კვლავ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს.

პირველი კაფე თავისუფლების მოედანთან იყო.

– გამარჯობა, რომელი ხილის წვენი გაქვთ? – ვეკითხები ქართულად.

– ბოდიში, არ ვიცი კარტული. რუსულად? ინგლისურად? – გაჭირვებით, მაგრამ ქართულადვე მპასუხობენ.

მეტწილად რუსულენოვანი ადამიანები ქართული ენის ცოდნას მხოლოდ ამ ფრაზაში ავლენენ – „ბოდიში, არ ვიცი კარტული“.

აღმოჩნდა, რომ Facebook-მეგობრები არ ცდებოდნენ. 8 კაფეს ვესტუმრეთ. მშობლიურ ენაზე მომსახურება ვერცერთ ობიექტზე ვერ მივიღეთ. მეტიც, უმრავლესობას ქართულ ენაზე მენიუც კი არ ჰქონია.

მე და ნათია ახლა უკვე ორბელიანის მოედანს მივუყვებით. ვხუმრობთ, რომ ამ ივნისის ხვატში სიცხისგან ცუდად რომ გავხდეთ და სხვა ენა არ ვიცოდეთ, წყალსაც ვერავინ დაგვალევინებს.

– მაქვს თუ არა უფლება, მომსახურება სახელმწიფო ენაზე მივიღო? – ვეკითხები ინგლისურად კიდევ ერთ ბარმენს.

– მაგრამ ეს ხომ კანონით არ არის განსაზღვრული? – მიპასუხა მან.

დიახ, არის – ვფიქრობ ჩემთვის – და რომ არა 1978 წლის აპრილში მოქალაქეების თავდადება, საბჭოთა ხელისუფლება ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსს გაუუქმებდა.


თბილისის ცენტრალურ უბნებში ნანახს, წესით, არ უნდა გავეკვირვებინეთ, თუკი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების სამეწარმეო საქმიანობის ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 5 ივნისამდე:

  • საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის 20 691 მოქალაქე დარეგისტრირდა;
  • 1 753 სუბიექტის წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 2 344 მოქალაქე;
  • ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 1693 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 1 473 იურიდიულ პირში.

რას ამბობს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ

ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და დაცულია ორგანული კანონით. „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონი ენის დაცვის ძირეულ პრინციპებს ადგენს.

„დამატებით სახელმწიფო ენის დაცვის შესახებ რეგულაციები გათვალისწინებულია ასევე კანონში „რეკლამის შესახებ“, სადაც გაწერილია ვალდებულება, რომ რეკლამა უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე. ასევე კანონში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ არის დათქმა, რომ პროდუქციის მწარმოებელმა მომხმარებელს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდოს ქართულ ენაზე“, – ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნიკა მაღედანი.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს – ამ კანონის შესრულებას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ზედამხედველობს.

როგორც იურისტი განგვიმარტავს, ენასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევაზე სწორედ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი განიხილავს პირველად მიმართვას და თუ დაადგენს დარღვევას, დეპარტამენტი სანქციების გამოყენების მიზნით მიმართავს კონკრეტულ ორგანოებს.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტი ნინო აბესაძე განგვიმარტავს, რომ მათ მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება აქვთ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას გავცემთ კონკრეტული ობიექტის მისამართით, რომ ქართულ ენაზე უნდა ჰქონდეთ მენიუ დაბეჭდილი და მომსახურება უნდა იყოს ქართულ ენაზე, თუმცა დაჯარიმებისა და სანქცირების უფლებამოსილება სახელმწიფო ენის დეპარტამენტს არ გააჩნია. მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მიუთითებს, რომ გარე რეკლამის განთავსების პირობების დარღვევისათვის, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქცია“, – ამბობს ნინო აბესაძე.

როგორ შეგვიძლია, მოვიქცეთ, თუკი ვერ ვიღებთ მომსახურებას ქართულ ენაზე?

გარდა ენის დეპარტამენტის ცხელი ხაზისა (+995 32 ‎2 407 222; info@enadep.gov.ge), იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა (მათ შორის კვების ობიექტებში) და ონლაინმაღაზიაში ვერ მიიღებს მომსახურებას სახელმწიფო ენაზე, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს და შეავსოს განცხადების ელექტრონული ფორმა, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, სააგენტო საქმის შესწავლას იწყებს მხოლოდ ოფიციალური ფორმის დაცვით შევსებული განცხადების მიღების საფუძველზე და შესწავლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში გამოიტანს გადაწყვეტილებას დარღვევის დადასტურების ან დაუდასტურებლობის თაობაზე.

„აგრეთვე, მოვაჭრეს აქვს უფლება, მოითხოვოს სააგენტოსთან პირობითი ვალდებულების აღების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ფარგლებში ის აიღებს ვალდებულებას, რომ გამოასწორებს სავაჭრო პოლიტიკას და შეუსაბამებს კანონმდებლობის მოთხოვნებს. აგრეთვე, აღადგენს იმ მომხმარებელთა უფლებებს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. მოვაჭრეს დარღვევის დადგენის შემთხვევაში, განესაზღვრება კონკრეტული ვადა მის აღმოსაფხვრელად. სააგენტოს გადაწყვეტილებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას (რომელიც განისაზღვრება წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-მდე ოდენობით)“, – აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.

როგორია სტატისტიკა

კონკურენციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ენაზე მომსახურების ვერ მიღებასთან დაკავშირებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით სააგენტოში შევიდა 4 განაცხადი. აქედან 3 საქმე მომხმარებლის სასარგებლოდ დასრულდა. კერძოდ, კომპანიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გამოასწორებდნენ სავაჭრო პოლიტიკას და მომხმარებელს ინფორმაციას ქართულ ენაზე მიაწვდიდნენ. რაც შეეხება ერთ შემთხვევას, საქმის შესწავლა არ დაწყებულა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მომხმარებელს სავაჭრო ობიექტში ინფორმაცია სახელმწიფო ენაზეც მიეწოდებოდა.

ენის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად კი, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით „ცხელ ხაზსა და ფეისბუქის საშუალებით მსგავსი შინაარსის რამდენიმე შეტყობინება შემოვიდა (შეტყობინება ეხებოდა სპორტდარბაზს, სასტუმროსა და რესტორნის მენიუებს). ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა გადაამოწმა ინფორმაციის სისწორე და ადგილზე გასცა რეკომენდაციები. თუმცა შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხელი ხაზი დროებით გათიშულია“, – გვიპასუხეს 15 ივნისით დათარიღებული წერილით ენის დეპარტამენტიდან.

ელფოსტაზე კი დეპარტამენტში 3 წერილი შევიდა საქართველოში დარეგისტრირებულ ბიზნესზე, რომელიც არაქართულ ენაზე აწარმოებს სოციალურ მედიაში რეკლამებს. მისამართები რეაგირებისთვის გადაეგზავნა კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს.

წყარო:https://publika.ge/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way