USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
როგორ "მოატყუა" ექვთიმე თაყაიშვილმა დავით სარაჯიშვილი
дата:  1109

„ერთი ნესტორ წერეთელი იყო, საჩხერელი დიდი თავადი და იმას ცოლად ჰყავდა გურიელის ქალი, სახელად პელაგია. ნესტორი გარდაიცვალა და მისი ქონება – მათ შორის, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი – მის ცოლ-შვილს და ნათესავებს დარჩა. ხელნაწერს თურმე ყდა ჰქონია გაფუჭებული და დედას უთხოვნია ვაჟიშვილებისთვის, - გააკეთებინეთო. იმათაც წამოუღიათ თბილისში, ყდა მართლაც კარგი გაუკეთებიათ, ხავერდისა, მაგრამ მერე – ჩვენებური, თავადიშვილური დაუდევრობით – ეტლში დარჩენიათ და დაუკარგავთ. მათ შემდეგ ის ეტლი უქირავებია ცნობილი ქართველი ვაჭრის ფორაქიშვილის ერთ ნოქარს… ის ნოქარიც ამდგარა და მიუტანია მეწარმე დავით სარაჯიშვილისათვის, რომელსაც სამი თუმანი მიუცია ხელნაწერში. – ეს მაშინ, როდესაც იმ ხელნაწერში რამდენიმე ათეული საუცხოვო მინიატურა იყო და თითო მათგანი გვიღირდა ას მანეთად! ცოტა ხნის შემდეგ დავით სარაჯიშვილმა მიმიწვია სადილად – კვირა დღე იყო, სტუმრები ჰყავდა. შევედი თუ არა, მომაგება ის ხელნაწერი: „აი, საშენო, საშენოო!“ დავხედე, მოვკიდე ხელი და ვუთხარი: „ამას თან წავიღებ და გულმოდგინედ შევისწავლი მეთქი!“ „წაიღე, ოღონდ მალე დამიბრუნე, ბარონ დე-ბაის უნდა ვაჩუქოო!“ „მაგრე არ უნდა მეთქი“, – გავიფიქრე გუნებაში და წამოვიღე შინ ის ხელნაწერი.

რამდენიც მომკითხა სარაჯიშვილმა, იმდენი ვუპასუხე, ჯერ კიდევ ვიკვლევ, არ მომითავებია მეთქი და ამასობაში ის ბარონი კიდევაც გაემგზავრა საქართველოდან. მერე თითონ დავით სარაჯიშვილიც წავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ სამაგიეროდ მისმა ცოლმა დამიწყო დროდადრო კაცის გზავნა – „ხელნაწერი დამიბრუნეო“. მეც ვუთვლიდი: „კი, ბატონო, მაგრამ ჯერ კიდევ არ შემისწავლია მეთქი“. მერე ვთქვი გუნებაში, ესენი, ჩანს, აღარ მომეშვებიან მეთქი, ავდექი და შევიტანე ხელნაწერი წერა-კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმში… აღვწერე და მერე კიდევაც გამოვეცი „Описание“-ში.

ჩამოვიდა სარაჯიშვილი საზღვარგარეთიდან და ისევ მომკითხა ხელნაწერი. ცოდვას ვერ დავიდებ კისერზე, ნამდვილი პატრიოტი კაცი იყო, მაგრამ – საკვირველია პირდაპირ! – აი, ასეთ რამეებს სჩადიოდა ხოლმე; რაღაცა ღვთის რისხვა იყო ჩვენს თავს! როცა მკითხა, რა უყავიო, ვუთხარი: „კაცო, ჩამოეხსენი ამ „ვეფხისტყაოსანს“, ვიღაც გადამთიელს რომ გინდა მაინცდამაინც გაატანო, აქაო და ბარონიაო, აი, შენი სახელით შევწირე წერა-კითხვის საზოგადოებას და კიდევაც გამოვეცი მეთქი“. თან ვაჩვენე ის „Описание“. იამა, შიგ რომ მისი სახელით იყო ხელნაწერი შეტანილი და გაეცინა, კარგიო!..

საზოგადოება დიდ პატივს კი მცემდა, მაგრამ ასეთი სახელიც მქონდა მოხვეჭილი: „ექვთიმე თაყაიშვილს თუ ჩაუვარდა ხელნაწერი, მერე მორჩა, დაკარგულიაო!“ “

ექვთიმე თაყაიშვილი

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати