USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
როგორ მოარჯულა ნიკიტა ხრუშჩოვი ვასილ მჟავანაძემ
თარიღი:  4164
ცნობილი მონადირე, ტარიელ კაპანაძე, 1954 წლიდან 1972 წლამდე ვასილ მჟავანაძის ერთ-ერთი ერთგული მეგობარი და დიდი ნადირობის ჟამს მაღალი რანგის სტუმრების მასპინძელი გახლდათ. ის წლების განმავლობაში საქართველოს ულამაზეს ნაკრძალებს პატრონობდა.
გთავაზობთ მასთან ინტერვიუს ნინა მჟავანაძის წიგნიდან – „ასეთი იყო ჩემი საქართველო”, რომელიც, ვფიქრობ, ყველა თქვენგანის ყურადღებას უმალ მიიპყრობს.
 
ბატონო ტარიელ, როდის და სად გაიცანით ვასილ მჟავანაძე?
 
– ვასილ მჟავანაძე გავიცანი 1954 წელს, როცა ყორუღის მეურნეობაში ტახზე სანადიროდ იყო ჩამოსული, ნადირობის შემდეგ „ცეკას“ წევრები სულხან-საბას სახელობის მონკავშირში ბილიარდს თამაშობდნენ. მჟავანაძემ შემნიშნა და თავისთან მიხმო. ამის შემდეგ დავახლოვდით. არაჩვეულებრივი კაცი იყო, მისი მსგავსი პიროვნება აღარ შემხვედრია. პირველ ნადირობას სხვები მოჰყვა. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ნადირობის ორგანიზებას მე მანდობდნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა საბჭოთა კავშირის პირველი პირებისთვის ნადირობის მოწყობა გევალება. ერთი თითქოსდა უმნიშვნელო შეცდომა და... შეიძლება, ტრაგიკულად დამთავრდეს ყველაფერი.
საქართველოს მაშინდელი მთავრობიდან ვინ ნადირობდა ვასილ მჟავანაძესთან ერთად?
 
– გივი ჯავახიშვილი, ალექსი ინაური, დევი სტურუა, გიორგი გეგეშიძე, შოთა ჭანუყვაძე და, აუცილებლად – ირაკლი აბაშიძე. ყველა შესანიშნავი მონადირე იყო, გარდა ირაკლი აბაშიძისა. ის უფრო ბუნებით ტკბებოდა, ჭალის ტყის ცქერით ვერ ვძღებიო, – მეუბნებოდა.
 
ყველაზე მეტად რაზე უყვარდა ნადირობა მჟავანაძეს?
 
– ტახზე, ირემს არ ესროდა, ფრინველებიდან კი ხოხობზე. ის ხარბი მონადირე არასდროს ყოფილა, ზომა და წონა იცოდა, მაგრამ, ხელცარიელი დაბრუნებაც, სიმართლე გითხრათ, არ უყვარდა. თუმცა, „მარცხს“ ხუმრობით უმკლავდებოდა ხოლმე. მახსოვს, ნადირობის წინ დილით ხაში მივირთვით. პირველი სარეკი ცარიელი გამოდგა, მეორეც, მესამეც... მომიახლოვდა და მეუბნება: „დილით ხაში გემრიელი, სარეკელი ცარიელი, რას აკეთებს დირექტორი კაპანაძე ტარიელი?!“ იქვე მყოფმა ირაკლი აბაშიძემ აღტაცება ვერ დამალა: რა შესანიშნავად აწყობილი რითმაა, კარგი იქნება თუ გააგრძელებთო. „რატომაც არა, მაგრამ, გაგრძელებას მოფიქრება უნდა, ეს კი ექსპრომტად ვთქვი“, – ღიმილით უპასუხა მჟავანაძემ.
ვასილ მჟავანაძეზე ამბობდნენ, ქართული ცუდად იცოდაო.
 
– იმასაც ამბობდნენ ზოგიერთები, პატრიოტი არ იყოო, არადა, სამშობლო და ქართველი ხალხი უზომოდ უყვარდა. ერთხელ, 1967 წლის სეზონზე, გარდაბანში ჩამოვიდა. ოთახში ვისხედით და ნადირობის გეგმას ვაწყობდით. ტელეფონმა დარეკა, მჟავანაძე ვიღაცას ესაუბრა, სახე მოეღუშა და დევი სტურუას მიმართა: „დევი, სოხუმში მოგიწევს წასვლა! ბიჭვინთაში სუსლოვი და პონომარიოვი ჩამოდიან, ხვალ აფხაზებს უნდა შეხვდნენ... რაღაც სისულელეები რომ არ ილაპარაკონ, ერთი ნაბიჯით არ მოსცილდე მათ“. მუდამ ყურადღებით იყო, რაიმე რომ არ გამოჰპარვოდა და, საერთოდ, ქართველები ახლა აკმოლინსკში, კუსტანაიში და ცელინოგრადში რომ არ ვართ გადასახლებული, ვასილ მჟავანაძის დამსახურებაა.
ამბობენ, ნიკიტას ნადირობა უყვარდა და საქართველოშიც უნადირიაო. როგორ მოხდა, რომ ნადირობის მოყვარულმა კაცმა ასე გაიმეტა ის ადამიანები, რომელთა გვერდითაც ნადირობდა?
 
– მას ქართველებისადმი ბოღმა და შური ახრჩობდა. ვერ იტანდა ქართველებს და, რომ დალევდა, იმუქრებოდა – გაგაციმბირებთო. მჟავანაძე რომ არა, ვინ იცის, ყირიმელი თათრებივით გვეხეტიალა წერილებითა და განცხადებებით ხელში მაღალჩინოსნების კაბინეტების კარდაკარ – სამშობლოში დაგვაბრუნეთო! საქართველოში სანადიროდ ჩამოსვლა კი უყვარდა, მაგრამ, ქართველები ვერ შეიყვარა.
როდის ჩამოვიდა საქართველოში?
 
– 1959 წლის თებერვალში. მისი ვიზიტი არავის გახარებია. როგორი საქმეა – 1956 წელს ახალგაზრდები დაგვიხოცეს და ამ დანაშაულის ჩამდენი და ინიციატორი სანადიროდ ჩამოდის!.. ყველაზე აუტანელი კი ის არის, რომ, უნდა უცინო, პატივი სცე. იმ ტრაგედიის ჭრილობას ჯერ კიდევ არ შეშრობოდა სისხლი და, გვეშინოდა, ვინმე „კამიკაძეს“ ნიკიტასთვის არ ესროლა... ნადირობის ორგანიზაცია მთლიანად მე დამავალეს. უშიშროების კომიტეტში ამ ნადირობაში მონაწილეთა სია მივიტანე. ხრუშჩოვის ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე სანადირო მეურნეობის ტერიტორიას სპეცდანიშნულების სამხედრო ნაწილმა ალყა შემოარტყა. გარდაბნის ტყე „კაგებეშნიკებით“ გაივსო. ნიკიტა „ცეკას“ პრეზიდიუმის წევრებთან ერთად გადმოვიდა, პირადი ექიმი და მზარეულიც ახლდა. იმ ნადირობის დროს ხრუშჩოვმა გარეულ ღორს ესროლა და დაჭრა. მისი ლეში სამი დღის შემდეგ ვიპოვეთ. მახსოვს, ნადირობის შემდეგ სტუმრები უკვე კარავში ქეიფობდნენ, რომ, ერთმა ჩვენიანმა ულამაზესი ირემი მოკლა და ხრუშჩოვს მიართვა – ქართველებში „პადხალიმებს” რა დალევს! სხვათა შორის, ამის გამო შავი დღე აყარა ხრუშჩოვმა: „ზაჩემ ტაკუიუ კრასოტუ პოგუბილ? ბეგალ ბი სებე ვ ლესუ!” ამ სიტყვების შემდეგ გულის სიღრმეში მის მიმართ სიმპათიის ნაპერწკალი გამიკრთა.
იმ ფაქტის შესახებ მიამბეთ, რომელიც ჯერ არავისთვის გითქვამთ.
 
– 1964 წლის გაზაფხულია. ერთ დღეს, როგორც ყოველთვის, გარდაბანში ვარ, ნაკრძალში. საღამო ხანს სახლში შევედი (ნაკრძალში პატარა სახლი იდგა). ოთახში ორი ტელეფონი მქონდა – სამთავრობო და „ვეჩე”. ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დარეკავდი, მას სანადიროდ ჩამოსულები იყენებდნენ. პირადად მე არასდროს მისარგებლია. ვასილ პავლოვიჩი მირეკავდა, თუ დავჭირდებოდი, ტყეში სირენა მქონდა. „ვეჩე” თუ დარეკავდა კისრისტეხით გავრბოდი. როდესაც მჟავანაძე ჩამოსვლას დააპირებდა, ყოველთვის რეკავდა, მაგრამ, იმ საღამოს ტელეფონის ზარი არ ყოფილა. მჟავანაძე მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა, მძღოლი – ანდრო დახვდა. არც სახლში წავიდა, არც „ცეკაში“, პირდაპირ გარდაბნისკენ გამოეშურნენ. საკმაოდ შებნელებულზე ჩამოვიდნენ. გავოცდი. ეტყობოდა, ძალიან ცუდ გუნებაზე იყო. მეუბნება: „ტარიელ, მოდი, ვივახშმოთ.” არაფერი ისეთი არ მქონდა და შევწუხდი – ლობიო მაქვს, მჭადი გაცივდა, ახალს გამოვაცხობ-მეთქი. „არა, არ გინდა, გააფიცხე, უბრალოდ ვივახშმოთ”. დავტრიალდი. პატარა ტაბლაზე ლობიო, გაფიცხებული მჭადი, ყველი და ცოტა მწვანილი დავდე. ვივახშმეთ. მერე ბევრი ვიარეთ მწუხრის ტყეში. ჩემი თანამშრომელი ილიკო გვახლდა, უბრალო გლეხი, დიდი განათლება იმას არ ჰქონდა, მაგრამ, რაც უნდა ეკეთებინა, შესანიშნავად იცოდა. ვასილ პავლოვიჩს ძალიან უყვარდა. დავდივართ ტყეში, მჟავანაძე რაღაცას აყოლებს, უსმენს, თავადაც საუბრობს ტყეზე, ცხოველებზე... თავისი ბავშვობა გაიხსენა, დედულეთი, სოფელი, ობლობა, მერე ხონის ტყავის ქარხანაში გატარებული სიყმაწვილის მძიმე წლები... ძალიან ნაღვლიანი იყო. ვატყობდი, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ, არ ვიცოდი რა.
 
ეს რომ შეატყვეთ, არაფერი გიკითხავთ?
 
– არა, მაგას როგორ გავბედავდი. მე ჩემი ადგილი და რანგი ვიცოდი. ჩვენი საუბარი მხოლოდ ტყეს, თევზაობას, ნადირობას ეხებოდა. გვიან დავბრუნდით სახლში, ვასილ პავლოვიჩმა მითხრა, დარეკე, ხვალ დილით ჩამოვიდნენო.
 
ვის დაურეკეთ?
 
– გივი ჯავახიშვილს და ალექსი ინაურს. მათ იცოდნენ, რომ მჟავანაძე აქ იყო, მაგრამ, მოსკოვში რა საქმე ჰქონდა, არ იცოდნენ. ძალიან გვიანობამდე ვისაუბრეთ, არ ეძინებოდა. მერე თავის ოთახში წავიდა მოსასვენებლად. მთელი ღამე არ მეძინა. მართალია, თავისი ოთახიდან აღარ გამოსულა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც მას უძინია. მეორე დილით, 10 საათზე, ინაური და ჯავახიშვილი ჩამოვიდნენ. მე საუზმეს ვამზადებდი – ჩაი, ყველი, კარაქი. კარი არ მიმიხურავს და მათი საუბარი მესმოდა. მჟავანაძე ამბობს: „ხრუშჩოვმა მითხრა, ყველაფერი გამზადებულია – კუსტანაი, აკმოლინსკი, ცელინოგრადი და ქართველები იქ უნდა გაგასახლოთო”... ეს რომ გავიგონე, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. ვუსმენ, ვერც კარს ვხურავ და ვერც საუზმის გასაშლელად შევდივარ. „მერე იერიშზე გადმოვიდა, – განაგრძო მჟავანაძემ, – მე ვუთხარი: ახლავე რომ გაგვასახლოთ, სისხლი დაიღვრება. მომეცი ექვსი თვის ვადა, ხალხს შევამზადებ-მეთქი. ექვსი თვე გეყოფაო? – მკითხა ხრუშჩოვმა. სავსებით-მეთქი და, აი, ჩამოვედი თქვენთან. ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ. ახლა გაოცება არაფერს უშველის. მარჯვედ უნდა ვიყოთ, პანიკა საჭირო არ არის. ამ ინფორმაციამ ხალხში არ უნდა გაჟონოს”.
 
თურმე, როდესაც მჟავანაძე ხრუშჩოვთან იყო, აფხაზეთის დელეგეცია ჩასულა. პავლოვიჩმა იცოდა, რომ, აფხაზები მოსკოვში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ, რა საკითხზე – არ იცოდა. მჟავანაძეც მის კაბინეტში იყო, როცა ხრუშჩოვს დაურეკეს და უთხრეს – აფხაზეთის დელეგაციას შემოსვლა უნდაო. მჟავანაძეს უთქვამს: წავალ, უხერხულია, რომანოვთან შევალო. არაო, – არ გაუშვია ნიკიტას. შემოვიდნენ აფხაზები და ნიკიტა მიეგება – ვიცი, რატომაც ჩამოხვედითო. აფხაზებს გაუხარდათ. „ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს, – იგივე გაიმეორა ნიკიტამ, რაც მჟავანაძეს უთხრა, – წადით შუა აზიაში, ყაზახეთში, ცელინოგრადში. აფხაზები ისეთი ხალხი ხართ, იქაც მოიყვანთ ციტრუსს, – დაუცინია ნიკიტას – იცხოვრეთ ისე, როგორც ავტონომიას შეეფერება, არაფერი შეიცვლება”... თურმე აფხაზები კარისკენ უხმოდ, უკან-უკან წავიდნენ. ეს ყველაფერი იმ დილით მოვისმინე. ხრუშჩოვი სიმთვრალეში მუდამ ქართველების გასახლებით იმუქრებოდა, მაშინაც მთვრალი იყო, ალბათ. ვასილ პავლოვიჩი სულ ამ ჭირვეული ლოთის მორჯულებაში იყო.
 
როდესაც ამის შესახებ უამბო, ინაურმა და ჯავახიშვილმა რა უთხრეს?
 
– არაფერი, რა პასუხი უნდა გაეცათ? ამ საუბრის შემდეგ მალე წავიდნენ. დავრჩი მარტო, დარდით გულგასიებული. დღეში სამი კოლოფი სიგარეტი არ მყოფნიდა, ღამეები არ მეძინა, ვერც ვერავის ვერაფერს ვეკითხებოდი, არც არავინ რეკავდა. ასეთ საშინელ განცდებში ველოდებოდი იმ ექვსი თვის გასვლას. ოქტომბერი დადგა. ისევ ტყეში ვარ და სირენის ხმა მესმის – ესე იგი „ვეჩე” რეკავს, თურმე, ნიკიტა ხრუშჩოვი გადაუყენებიათ. ვერ აგიწერთ, ეს რა სიხარული იყო. მაშინ მივხვდი, რატომ უთხრა მჟავანაძემ, ექვსი თვე მაცალეო – ამ ექვს თვეში ბოლო მოუღო. გული ამოვარდნაზე მქონდა. იმწამსვე გავვარდი გარდაბნის რაიკომის პირველ მდივანთან. არასდროს გაუფრთხილებლად არ შევსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი და ახლობელი იყო, მაგრამ, ახლა პირდაპირ შევიჭერი მის კაბინეტში და ყველაფერი ვუთხარი. მანამდე ამის შესახებ არავინ იცოდა. აი, მაშინ კი აღვნიშნეთ, მაგრამ, რა აღვნიშნეთ... მერე, მოგვიანებით, მოსკოვიდან ფოტოსურათი ჩამომიტანეს – ხრუშჩოვი ტიროდა. ისევ ქართველებმა მოუგრიხეს კისერი. გავიდა დრო. ერთხელაც, გავბედე და ინაურს ვკითხე: მართლა გაგვასახლებდა ხრუშჩოვი? როგორ გაბედავდა-მეთქი? გაეცინა და მითხრა: აბა, რა გგონია, მზითევსაც გაგვატანდნენო. ხრუშჩოვის მოშორებაში ინაურმაც უდიდესი როლი ითამაშა და ეს ყველაფერი იმ ექვს თვეში მოხდა, მჟავანაძემ მოსამზადებლად რომ ითხოვა ხრუშჩოვისგან.
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.