USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
როგორ მიიღო „დათა თუთაშხიაში“ გუდუნას როლის შემსრულებელმა მამუკა ყუფარაძემ, ევროკავშირის სპეციალური პრიზი „მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ შეტანილი წვლილისთვის
თარიღი:  804

ორ ათეულ წელზე მეტია „სტუდია  რეს“ დამფუძნებელი მამუკა ყუფარაძე სახალხო დიპლომატიაშია ჩართული და ქართულ - ოსურ  და ქართულ - აფხაზურ საზოგადოებებს შორის სამოქალაქო დიალოგის აქტიური მონაწილეა.  „მშვიდობის ჟურნალისტიკაში“  შეტანილი წვლილისთვის ის ორჯერ გახდა ევროკავშირის სპეციალური პრიზის მფლობელი. თამამ მოქალაქეობრივ პოზიციას არასდროს ერიდება.  იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების მიერ მიღებულმა  ე.წ. „აგენტების  კანონმა“ იძულებული გახადა რეგისტრაცია გაევლო, ფიქრობს, რომ კანონი დისკრიმინაციულია და სამოქალაქო სექტორს, რომელშიც მრავალი წელი გაატარა, ქვეყნის დემოკრატიული  განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

მამუკა ყუფარაძის მრავალმხრივ  ბიოგრაფიაში ბევრი საინტერესო ეპიზოდია: გეოფიზიკა და სპალეოლოგია,  კინო და თეატრი. წლების წინ   ცნობილ ქართულ კინოსა და სპეტაკლში შესრულებულმა როლებმა მართალია ბოლომდე  ვერ ჩაითრია, თუმცა, როგორც თავად ფიქრობს, სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი - ცხოვრება დაუკავშირა  დოკუმენტურ  კინოს და რეჟისურას, რამაც მას საყვარელ საქმეში ბევრი წარმატება მოუტანა.    

- ბატონო მამუკა, მრავალი წელია ჩართული ხართ სამოქალაქო დიალოგში აფხაზებთან და ოსებთან. ახლა, როდესაც აფხაზეთის თემა გააქტიურდა, როგორ ფიქრობთ, რა რესურსი აქვს დღეს აფხაზებთან სახალხო დიპლომატიასა და დიალოგს?

- დაახლოებით 28 წელია ჩართული ვარ ქართულ - აფხაზურ და ქართულ -ოსურ დიალოგში. ამ წლებში ჩემს კოლეგა ჟურნალისტებთან, ერთად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მოვამზადეთ ვიდეო ფილმები და სატელევიზიო გადაცემები, მათი განხორციელება მოვახერხეთ დასავლელი პარტნიორების, ფონდების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. არც მე და არც ჩემს კოლეგებს არასდროს გვქონია იმის ილუზია, რომ სახალხო დიპლომატია  კონფლიქტს მოაგვარებდა. თუმცა ეს დიალოგები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებებმა საბოლოოდ არ გაწყვიტოს კავშირი ერთმანეთთან. 1997 წელს, როდესაც დავიწყეთ სამოქალაქო დიალოგი, თავიდანვე ითქვა, რომ საჭირო იყო დაძლეულიყო გაუცხოვება, რაც არსებობდა ჩვენსა და აფხაზებს შორის. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს უფრო ადრე მოხდებოდა და გამოსავალს მოვძებნიდით, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. აფხაზებს ეგონათ რომ, ჩვენ დაგვარწმუნებდნენ და დამოუკიდებლობას მიიღებდნენ, ჩვენ გვეგონა, მათ დავარწმუნებდით და უკან დაგვიბრუნდებოდნენ. ოსებთან უფრო გაუგებარი და რთული სიტუაცია იყო, მათ შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაისახეს მიზნად ჩვენგან გამოყოფა და მოძრაობა რუსეთისკენ. რუსეთმა, რომელიც იყო ამ კონფლიქტების ინსპირატორი მოირგო მედიატორის როლი და თან  დაარღვია ურთიერთობის ყველა „წესი“, როდესაც დაგვიწყო ომი 2008 წელს, 2014 წელს კი წამოიწყო აგრესია უკრაინაში. ცოტა ხნის წინ ამას დაემატა ყარაბაღის მაგალითიც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე აფხაზმა საზოგადოებამ დაინახა საფრთხე, რომ რუსეთი, როგორც პარტნიორი არ არის სანდო და მისი გარანტიები არის ყალბი. 30 წელი გავიდა და აფხაზებს ხელში შემოეცალათ ის ილუზიები, რაც ჰქონდათ რუსეთთან დაკავშირებით.

mamuka kuparadze

- ცოტა ხნის წინ რუსეთმა შეუწყვიტა დაფინანსება  დე ფაქტო მთავრობას  იმის გამო, რომ არ მოხდა კრემლის ინტერესებში არსებული კანონების მიღება. ესეც ალბათ მნიშვნელოვანი სიგნალია აფხაზური საზოგადოებისთვის.

- ეს არის რუსეთისთვის მანიპულირების საშუალება, იმის გამო, რომ აფხაზები არ არიან დამჯერები. რუსეთი სჯის აფხაზეთს, რადგან პარლამენტმა ვერ შეძლო ვაჭრობასთან, მშენებლობასთან და კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონების რატიფიცირება, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო. რუსეთი, რომელიც დაპირისპირებულია მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, სჯის აფხაზებს იმ სიჯიუტისთვის, რასაც ისინი ავლენდნენ ბოლო ორი ათწლეული. მათ თან უნდათ რუსების მფარველობა, მათგან „სიკეთეების“ მიღება და თან ებღაუჭებიან თავის იდენტობას. ამ მხრივ აფხაზები მართლაც რთულ მდგომარეობაში არიან. მათ ძალიან აღელვებთ თავიანთი მცირერიცხოვნობა. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დაგვიპირისპირდნენ და რასაც მოჰყვა ჩვენ შორის სასტიკი ომი, ეს იყო მათი ფობია ეთნიკური სიმცირის გამო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენც არაადეკვატურად ვექცეოდით. ყურადღებას არ ვაქცევდით მათ შიშებს, შესაბამისად, იმაზე  რაც შეგვემთხვა, პასუხისმგებლობა ჩვენც გვაკისრია. საზოგადოებებს შორის დიალოგის ერთ-ერთი მიზანია ერთმანეთს დავანახოთ ჩვენი ადამიანური სახე და დავძლიოთ ფობიები. ჩვენ ყველა ვისწრაფვით ღირსეული ცხოვრებისკენ, ეს არის ამოსავალი. თუ აქ პრობლემები გვაქვს,  მაშინ თავს იჩენს ეთნიკური კუთვნილება, სახელმწიფოებრიობაზე  ჩაბღაუჭება  და ა.შ.

ბოლო ორი-სამი წელია აფხაზური საზოგადოების ინტელექტუალურმა ნაწილმა დაიწყო ფიქრი, რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს შექმნილ სიტუაციაში. ამ საზოგადოების ნაწილმა დაიწყო ჩვენსკენ გამოხედვა. ამაზე მესაუბრებიან ჩემი კოლეგები, როგორც აფხაზეთიდან, ასევე ცხინვალიდან. ისინი მეკითხებიან, თქვენთან კი გვაქვს დიალოგი, მაგრამ რას გვთავაზობს თქვენი მთავრობა?! ორი -სამი წელია ამ შეკითხვას აქტიურად სვამენ.

- ფორმალურად მაინც ევროკავშირის გზაზე მდგარი საქართველო და დასავლური სიკეთეები არ არის მათი ღირსეული ცხოვრებისთვის უკეთესი გარანტი, ვიდრე რუსეთი, რომელიც აბსოლუტურად არასაიმედო მოკავშირეა?

 - ეს აფხაზებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, ყველამ იცის, რომ ევროკავშირი არის ბევრად სანდო, დემოკრატიული და უსაფრთხო გარემო, ამის გაჟღერება აფხაზურ და ოსურ სივრცეში არ ხდება, თუმცა ადამიანებმა კარგად იციან ის სიკეთეები, რაც შეიძლება მათამდეც მივიდეს ჩვენი დახმარებით. ერთ მაგალითს მოვიყვან - ყველამ ვიცით, როგორი ეფექტური აღმოჩნდა და როგორ იმუშავა ხელისუფლების პროექტებმა ჯანდაცვასთან, განათლებასთან დაკავშირებით. ამ პროექტებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და სარგებლობენ დღემდე, თუმცა ამაზე ღიად საუბარს ვერ ბედავენ. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა  ხელისუფლებამ ამ რეგიონებთან დიალოგის სურვილზე უარი თქვა. საერთოდ აღარ ახსენებდა,  თუმცა ახლა თავიდან დაიწყო საუბარი კონფლიქტის მოგვარებაზე, ქარაგმებით და არც თუ გასაგები ტექსტებით. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამან იმოქმედა აფხაზ და ოს მოსახლეობაზე. მათ მართლაც დაიწყეს ფიქრი, თუ რა პირობებში შეიძლება ქართველებთან ურთიერთობა და მომავლის ჩარჩოების ყურება. რუსული მთავრობის სანქციებმა, ჩვენი მთავრობის ავანტიურისტულმა განცხადებებმა,  სავარაუდოდ  საარჩევნო კამპანიისთვის მოფიქრებულმა სლოგანებმა თითქოს რაღაც „შედეგი“ გამოიღო. მე მქონდა კულუარული საუბრები ოსებთან და აფხაზებთან, ამ საუბრებში მათგან იყო ნათქვამი ფრაზები: თუ რუსეთმა და საქართველომ მოილაპარაკეს, სხვა რა გზა გვექნება?! არის ასეთი არაპოპულარული  მოსაზრებაც, რომ რუსეთი მათ ცუდად იმიტომ ექცევათ, რომ ამით მათ საქართველოსკენ აჩოჩებს. აფხაზებმა დაიწყეს ამ ყველაფერზე ფიქრი, ოღონდ ძალიან ფრთხილად უდგებიან ამ საკითხებს. მთავარი გადაწყვეტილებები მაინც  პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. ადრე თუ გვიან ჩვენ ერთად და ცივილურად უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ჩვენ ვერ გავიმეორებთ აზერბაიჯანის მაგალითს, ვერ დავხოცავთ აფხაზებს, მათ  სხვა სამშობლო არ აქვთ,  რომ იქ  გავყაროთ.  დრო მოვა და  აფხაზურ საზოგადოებასთან ერთად  მოლაპარაკების მაგიდას უნდა მივუსხდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მხარეებს რა სურვილები აქვთ და მოლაპარაკებით რისი მიღწევა შეიძლება. მთავარი მაინც დიალოგის დაწყებაა. 

 - თქვენ როგორ აღმოჩნდით ჩართული ამ პროცესში?

 - საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია მაქვს. პროფესიით გეოფიზიკოსი ვარ, ვეძებდი ნავთობს და ვსწავლობდი მიწისქვეშა ბიძგებს. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩემი სამსახური- საქნავთობგეოფიზიკის ტრესტი გაუქმდა. სწორედ იმ პერიოდში წავედი ჟურნალისტიკაში და არასამთავრობო სექტორში. ბოლო წლებში კი უფრო მეტად ვფოკუსირდი კონფლიქტების გაშუქებაზე - ვაკეთებ გადაცემებს, ვიწერ ინტერვიუებს, ვიღებ დოკუმენტურ ფილმებს. ეს ჩემი ძირითადი საქმეა. ქედმაღლობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ მეამაყება, რომ წელს უკვე მეორედ დამაჯილდოვეს ევროკავშირის სპეციალური პრიზით „მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ შეტანილი წვლილისთვის, რომელიც მივიღე 2023 წელს გადაღებული ფილმისთვის „კონფლიქტის ჩრდილქვეშ“. ეს არის ორნაწილიანი ფილმი. ფილმის ერთი ნაწილი მოგვითხრობს სამხრეთ ოსეთში,  ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქართულ ოჯახზე, ხოლო ფილმის  მეორე ნაწილი კონფლიქტის ხაზის აქეთ მაცხოვრებელ ოსურ ოჯახზე. ფილმის წარმატების შემდეგ საინტერესო რამ მოხდა. ოსმა რეჟისორმა ვერ გაბედა გაემხილა თავისი ვინაობა. ხოლო პრიზის მიღებისას  მოიფიქრა ფსევდონიმი - მადინა გაგლოევა. ის იმედოვნებს რომ,  მოვა დრო და  სიამაყით განაცხადებს, რომ ევროკავშირის პრიზის მფლობელია. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის ევროკავშირის მეორე პრიზია. პირველი პრიზით უფრო ადრე, 2019 წელს დამაჯილდოვეს. ასევე მიღებული მაქვს კიდევ ორი ჯილდო: 2016 წელს -  ომბუდსმენის ოფისისაგან ტოლერანტული  ტელე-დისკუსიების ციკლისათვის. 2023 წელს კი დამაჯილდოვეს  ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით დაარსებული  „ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემით, ჟურნალისტიკაში“.

12

- თქვენს ბიოგრაფიაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი - კინო და თეატრი. შეასრულეთ გუდუნას როლი ფილმში „დათა თუთაშხია“, როგორ მოხვდით გადასაღებ მოედანზე?

- ეს მოხდა შემთხვევით. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კინო, თეატრი. ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ პლეხანოვზე, ლენინგრადის ქუჩაზე. ეს იყო ძველი თბილისური ქუჩა, არაჩვეულებრივი მეზობლობით, ლამაზი, თბილი ურთიერთობებით. მაშინ პლეხანოვი კინოთეატრების მექა იყო, ყველაფერი ერთად იყო თავმოყრილი:კინოთეატრები ოქტომბერი (შემდეგ დაერქვა „აპოლო“), ძველი „ამირანი“ „კომკავშირელი“, „კოლხიდა“, გორკის პარკის ღია და მრგვალი დარბაზი, განსაკუთრებით მიყვარდა „ნაკადული“ თავისი ორი დარბაზით,  ალბათ,  ამიტომაც იყო პლეხანოვი ჩემთვის საყვარელი ადგილი. ბაბუამ შემაყვარა კინოთეატრებში სიარული.  სანამ პატარა ვიყავი მას დავყავდი, მერე მეზობლის ბიჭებს დავრაზმავდი ხოლმე  ახალი ფილმების სანახავად.  არ ვაცდენდი არც ერთ სეანსს, ყოველ შაბათ -კვირას იქ ვიყავი. კინო მიყვარდა და  კინოში გადაღებაზე სულ ვოცნებობდი.  9 წლის ვიყავი, როდესაც იღებდნენ ფილმს „დათა თუთაშხია“. 7 ბავშვი ჰყავდათ შერჩეული დათას შვილის - გუდუნას როლზე, მაგრამ ფილმის რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე მაინც უკმაყოფილო იყო კანდიდატებით.  როგორც ჩანს, ამ თემაზე თავის  წუხილს სახლში მეუღლეს - ქალბატონ ქეთევან კიკნაძეს უზიარებდა. ამ საუბარს შეესწრო გიგა ლორთქიფანიძის შუათანა ქალიშვილი, ნანა, რომელმაც მამას უთხრა: ჩემს კლასელ ვანიკო ყუფარაძეს ჰყავს პატარა ძმა, დაახლოებით ისეთია, როგორსაც ეძებთ: ცისფერთვალება და ქერათმიანი, ცოცხალი ბიჭია და შეიძლება გამოგადგეთო. დაგვირეკეს სახლში და ჩემს ძმას უთხრეს, რომ  ფილმში სათამაშოდ ჩემი ნახვა უნდოდათ. როდესაც ბატონ გიგასთან მივედით, კარი ნანამ და ცხონებულმა ქეთევანმა გაგვიღეს. როგორც კი ქეთევანმა დამინახა, ატეხა ყვირილი: გიგა, გიგა, ნახე როგორ ჰგავს ოთარსო,  მე ვერც მივხვდი რა ხდებოდა, მერე მივხვდი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესს მიმასგავსა. ბატონი გიგაც გამოვიდა ოთახიდან, ხან იქით გამახედა, ხან - აქეთ და გადაწყვეტილია ეს ამბავიო, თქვა. რამდენიმე დღეში დამიბარეს გადასაღებ მოედანზე და დაიწყო გადაღებები. მაშინ არ იყო ურთიერთობების ისეთი კულტურა, რაც ახლაა, მაინც საბჭოთა ქვეყანა ვიყავით. წესიერად არც კი ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ჩემთვის არავის ეცალა, რომ რამე აეხსნათ. ფილმში იყო მომენტი, როდესაც ქეთევან კიკნაძის პერსონაჟი, პატარა გუდუნა და მასწავლებელი, რომელსაც დიდებული მსახიობი ლია ელიავა თამაშობდა, არიან ეზოში, სადაც შემორბის გიჟი ბარდღუნია და შემოჰყავს ბავშვების ჯგუფი. სცენარის მიხედვით, ის ჩვენ შეურაცყოფას გვაყენებს. მე ბავშვი ვიყავი და უცებ გამოვედი როლიდან. მთელი გულით ვიცინოდი ბარდღუნიაზე. გააჩერეს გადაღებები და ამიხსნეს, ნუ იცინი, გეჩხუბება, უნდა გაბრაზდეო (იცინის). მერე კი მოვიკრიბე ძალები.  ამას მოჰყვა მეორე ეპიზოდის გადაღება, როდესაც ოთარ მეღვინეთუხუცესის გმირი - დათა თუთაშხია თავის ნებით ციხეში მიდის და მდინარეში მობანავე შვილს „ემშვიდობება“. ეს კადრები მცხეთასთან გადავიღეთ, მტკვარში, ახლოს იმ ადგილთან, სადაც ავტობანის ორი დიდი ხიდია გადებული.   პატარა ბავშვისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იყო გადაღების პროცესი. ყველას აინტერესებდა, როგორ მიდიოდა გადაღებები, მეკითხებოდნენ, რამდენს მიხდიდნენ. დღეში ვიღებდი 2,5 მანეთს, ეს მცირე თანხა იყო, თუმცა თანხა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რა გარემოშიც მე მიწევდა ყოფნა.

- როგორ გახსენდებათ უდიდეს მსახიობთან ოთარ მეღვინეთუხუცესთან გადაღებების პროცესი?

 - ოთარ მეღვინეთუხუცესი მახსოვდა ფილმებიდან „დიდოსტატის მარჯვენა“ და „მთვარის მოტაცება“. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც ვხვდებოდი, რა მასშტაბის ადამიანთან მქონდა შეხება და მოწიწებით ვუყურებდი. მართალია გადაღებების პროცესში ყველა ისე იყო დაკავებული, რომ ჩემთვის არავის ეცალა.  ბატონი ოთარი უფრო ახლოს მოგვიანებით, მარჯანიშვილის თეატრში გავიცანი. ის  დიდებული ადამიანი იყო. ძალიან ღირსეული, ამაყი, მოწესრიგებული. მას უდიდეს პატივს ვცემდი. 11 წლის ვიყავი, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში ამიყვანეს როლზე - კიტა ბუაჩიძის სპექტაკლში „ ეზოში ავი ძაღლია“. ამ ტრაგიკომედიას რეჟისორი გოგი თოდაძე დგამდა. უამრავი ბავშვი გასინჯეს, მაგრამ ბიჭი ვერ შეარჩიეს და არაჩვეულებრივ გოგონას, ია ღამბაშიძეს შესთავაზეს ეს როლი. ერთ-ერთ რეპეტიციაზე მიწვეულ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გიგა ლორთქიფანიძეს, როდესაც ბიჭის როლში გოგონა დაინახა, ეს რა თქმა უნდა, არ მოეწონა და გოგის უთხრა: ამისთანა რა გაჭირვებაა, გოგოს რომ ვათამაშოთ ბიჭის როლიო, მე მყავს კარგი ბიჭი და ის გასინჯეთო. ასე მოვხვდი ამ სპექტაკლში. ეს უკვე დიდი როლი იყო სამმოქმედებიან სპექტაკლში, თავისი დიალოგებით, მიზანსცენებით. ორი შემადგენლობა ჰქონდა ამ სპექტაკლს. ია ჩემი შემცვლელი იყო. აქ უკვე ერთ დღეში  2,5 მანეთს ნაცვლად  5 მანეთს მიხდიდნენ (იცინის).  ვთამაშობდი ისეთ ვარსკვლავებთან როგორებიც იყვნენ მედეა ჯაფარიძე, ელენე ყიფშიძე, სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე, ნინო ჩხეიძე და  ლეო ანთაძე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს  ბატონი ლეო. ანშლაგებით მიდიოდა სპექტაკლები. იას უფრო მალე დაეტყო,  რომ გოგონა იყო და დაგვემშვიდობა. 4 წელი ვითამაშობდით ამ სპექტაკლს.  შემდეგ მეც გავიზარდე, ულვაში წამომივიდა. ეს იყო საოცარი პერიოდი, გვქონდა არაჩვეულებრივი გასტროლები,  მთელი საქართველო მოვიარეთ, რაც არასდროს მავიწყდება. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ბატონ გივი ბერიკაშვილთან, ღამის 11 საათზე მთავრდებოდა სპექტაკლი, სახლში მოვყავდი ხოლმე ბატონ გივის, მომიყვანდა სახლთან და ასძახებდა დედაჩემს :ქეთო შვილი ჩაიბარეო. მე დიდუბეში ვარ დაბადებული, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად გადავედით საბურთალოზე, წითელი პარტიზანების ქუჩაზე. ეს ქუჩა დღეს იპოლიტე ხვიჩიას სახელს ატარებს. იპოლიტე ჩემს კორპუსში ცხოვრობდა, ორი სართულით ზემოთ. ჩვენს ოჯახებს ძალიან ახლო ურთიერთობა, დიდი სითბო და სიყვარული ჰქონდა. მეზობლები ხშირად დავდიოდით მის პრემიერებზე. იპოლიტე ყველას ძალიან უყვარდა.

-ამ გარემომ და სცენამ ვერ ჩაგითრიათ, რომ პროფესიული არჩევანი მსახიობობაზე გაგეკეთებინათ? რატომ გახდით გეოფიზიკოსი?

-თეატრისა და კინოს მიმართ ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად,  მე კომაროვის ფიზიკა-მატემატიკურ სკოლაში ვსწავლობდი. ტექნიკური საგნები უფრო მიყვარდა, ვიდრე ჰუმანიტარული. მე რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ ახლობლებმა მირჩიეს,  ჯერ რაიმე სპეციალობას დავუფლებულიყავი, ცხოვრების ნიუანსებში უკეთ გავრკვეულიყავი და კინოზე მერე მეფიქრა. მე არჩევანი გეოფიზიკაზე გავაკეთე, თუმცა ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან კინოს და თეატრს აუცილებლად დავუბრუნდებოდი. უნივერსიტეტში, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ძალიან საინტერესო სტუდენტობა მქონდა. დავდიოდით პრაქტიკებზე როგორც საქართველოში, ასევე რესპუბლიკის  ფარგლებს გარეთ. სტუდენტობისას გამორჩეული პრაქტიკა მქონდა ვოლგის სტეპებში, სადაც საინტერესო გამოცდილება შევიძინე. პირველ რიგში გავიცანი უბრალო, მშრომელი და ერთგვარად დაბეჩავებული რუსი ხალხი. დღეს ამიტომაც აღარ მიკვირს რუსული საზოგადოების პატრონყმური დამოკიდებულება მათი  პრეზიდენტის მიმართ. სტუდენტობის პერიოდს უკავშირდება ჩემი გატაცება წყალში ყვინთვასა და სპალეოლოგიაში. საბჭოეთის ბოლო წლებში  სპელეოლოგებისა და აკვალანგისტების საკავშირო შეკრებაზე ვიყავი ბაიკალის ტბაზე.  მერწმუნეთ ბაიკალის ტბა წყალქვეშ არანაკლებ ლამაზია. აქტიურად ვიყავი ჩართული საქრთველოს მღვიმეების გამოკვლევებში.  მათ შორის ყუმისთავის  უბანზე- პრომეთეს მღვიმეში. ამ კვლევას სათავეში ედგა ჯუმბერ ჯიშკარიანი - დიდი სპელეოლოგი და ჟურნალისტი. უნივერსიტეტის გეოფიზიკურ ექსპედიციას კი ხელმძღვანელობდა საოცრად საინტერესო ადამიანი - შიო ვასაძე. ასევე ნამყოფი ვარ საქართველოს ერთ - ერთ ყველაზე ღრმა მღვიმეში - „ვესენნაიაში“. ის აფხაზეთში,  ბზიფის ქედზე, 2000 მეტრზე  მდებარეობს. მისი სიღრმე 410 მეტრია, სიგრძე - კი 2 კილომეტრზე მეტი. ამ მღვიმეში მოგზაურობას, რომელსაც ურთულესი ტრაექტორია აქვს, 5 დღე მოვუნდით.  მთაში სიარული დღესაც მიყვარს, მეგობრებთან ერთად ბევრს დავდივარ არატურისტულ მარშუტებზე. ხან ფეხით, ხან მაღალი გამავლობის მანქანებით.  

უნივერსტეტის შემდეგ გეოფიზიკოსად ვმუშაობდი ჭაბურღილებზე  ნორიოში,  გარდაბანში, შიდა და ქვემო ქართლში. შემდეგ ნავთობს ვეძებდი სეისმოძიების მეთოდებით, ძირითადად კახეთში. პარალელურად ისევ უნივერსიტეტში ჩავაბარე - ზოგად სპეციალობათა ფაკულტეტზე. ძვირფასი ხალხი გვასწავლიდა ხელოვნებასა და კინომცოდნეობას -  რისმაგ გორდეზიანი, ოთარ სეფაშვილი, ტატა თვალჭრელიძე და გოგი გვახარია. პრინციპში რეჟისურას იქ დავეუფლე,  რაც შემდეგ პროფესიის შეცვლისას გამომადგა. როცა ქვეყანა აირია, საბჭოეთი დაინგრა, გაუქმდა ჩემი წარმოებაც. იმ დროს ბევრმა ახალგაზრდამ  მესამე ანუ არასამთავრობო სექტორს მივაშურეთ. მე ჩემს მეგობრებთან მიხეილ მირზიაშვილსა და დავით დარჩიაშვილთან ერთად, თავიდან „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების  კავკასიურ ინსტიტუტს“ მივაშურე. პოლიტოლოგ გია ნოდიას ხელმძღვანელობით ჩვენ ვეზიარეთ ადამიანის უფლებებს, ტოლერანტობას, მოწყვლადი ჯგუფების თანადგომას, კონფლიქტების გაშუქებას. სხვადასხვა ტელევიზიებისათვის ვაკეთებდით გადაცემას - „მოდუს ვივენდი“.  მალე „სტუდია რეც“ დავაარსეთ და კავკასიურ ინსტიტუტსაც დავემშვიდობეთ.  ჩვენ, ჩვენი ნიშა არასამთავრობო სექტორში ვიპოვეთ. ძლიერი მესამე სექტორი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა. პერიოდულად, ყოველ აჩევნებზე ეს სექტორი  აწვდის კადრებს  ხელისუფლებას. მეც მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, თუმცა მე პოლიტიკაში ჩართვას მაინც სამოქალაქო სექტორში დარჩენა ვარჩიე.

14207815_1098390350208960_5762959324257506862_o

 - დღეს არასამთავრობო სექტორი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორია თქვენი დამოკიდებულება ე.წ. აგენტების  კანონის მიმართ?

 - ამ კანონით ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ლაგამი ამოსდოს მესამე სექტორს და მის სურვილზე მართოს. მე არ მომწონს ეს კანონი და მიმაჩნია, რომ ის დისკრიმინაციულია არასამთავრობო სექტორისათვის. რა მოაქვს ამ კანონს ჩვენი ქვეყნისთვის? მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი დაპირისპირება, გაუცხოება დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს სანდო პარტნიორებთან.  ეს დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, ოცნების მთავრობამ საქართველოს ჩაუშალა ევროინტეგრაცია. ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები  პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ევროკავშირში ვერ შევალთ. თუმცა ოცნების მთავრობა ჯიუტად იძახის, რომ ეს ევროკავშირის გზაა.  მე ვეწინააღმდეგები ამ კანონს, თუმცა ჩემმა ორგანიზაციამ მაინც გაიარა რეგისტრაცია. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რაზეც კონფლიქტების თემაზე მომუშავე ათმა ორგანიზაციამ გავავრცელეთ განცხადება. შეურაცმყოფელი იარლიყის მიუხედავად, მინდა ვაკეთო ის რასაც ვაკეთებდი 30 წლის განმავლობაში. მინდა ვიმუშავო ლეგალურად, ჩვენი მიზნების განსახორციელებლად, მით უმეტეს არჩევნების წინ. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი მთავრობას უკარგავს მხარდამჭერებს და მგონია, რომ ის უმრავლესობით ვერ გამარჯვებს ამ არჩევნებში. საზოგადოებამ დიდი გზა გაიარა, ჩვენ ვიცით თავისუფლებისა და  დემოკრატიის ფასი, ჩვენ ვიცით საით უნდა ვიმოძრავოთ. სწორედ ამ არჩევანით უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე და უარი უნდა უთხრას ძალას, რომელიც ამუხრუჭებს ევროინტეგრაციის პროცესს. მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

თამუნა ნიჟარაძე

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.