USD 2.7191
EUR 3.2020
RUB 3.4463
Тбилиси
როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან
дата:  663

ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ წერს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და მათ საქმიანობაზე ანგარიშს სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

„დოსიეს“ თანახმადვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსმა“ 700,000 აშშ დოლარი გადაუხადა საკონსულტაციო ფირმა Politsecrets-ს, რომლის დამფუძნებელსა და პოლიტტექნოლოგს უშიშროების ოფიცრები კურირებენ. საუბარია 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 8.5 მლნ-იან ბიუჯეტზე.

„პატრიოტთა ალიანსში“ უარყოფენ 8 მლნ-ით დაფინანსების მიღებას რუსეთისგან, თუმცა ადასტურებენ ერთ რუსულ საკონსულტაციო ფირმასთან მუშაობას. 

„დოსიე“ სტატიაში ხაზს უსვამს „რუსეთის ხელისუფლების სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისკენ მიდრეკილებას“ და წერს, რომ ქვეყანაში, საგარეო დაზვერვის, ეფესბეს და გრუ-ს გარდა, მეზობელ რესპუბლიკებს ზედამხედველობს „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისი უცხო ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებში“. ამ სტრუქტურას ხელმძღვანელობს ვლადიმერ ჩერნოვი.

გამოცემის თანახმად, მათ ვლადიმერ ჩერნოვის უწყების სამდივნოდან მოიპოვეს სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო სახელმძღვანელო და ოპერატიული ინფორმაციები „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო გეგმებსა და ბიუჯეტზე.

„დოსიე“ წერს, რომ შედგენილია მრავალმილიონიანი დოლარის დაფინანსების წინასაარჩევნო ბიუჯეტი, რედაქტირებულია კამპანიის ვიდეორგოლები, ხოლო პატრიოტთა ალიანსის პოპულარიზაციისთვის დაქირავებულნი არიან მოსკოვური კომპანია POLITSECRETS და კერძოდ, პოლიტიკური სტრატეგი სერგეი მიხეევი.

„დოსიეს“ ინფორმაციით, მიხეევს, თავის მხრივ, კურირებენ გენერალი ჩერნოვის ქვეშევრდომები – FSB-ს სარეზერვო პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და GRU-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

 

„დოსიეს“ თანახმად, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც აღწერს, რომ წლის დასაწყისში სერგეი მიხეევმა „სტარაიას მოედანზე“, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს, გაგზავნა „პატრიოტთა ალიანსის“ პოპულარიზაციის გეგმა.

ამ დოკუმენტში წერია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 700 ათასი აშშ დოლარია. თანხაში შედის პროექტის ყველა სახის ხარჯი, მათ შორის ფრენების, ტრანსპორტის, და სხვა სახის ხარჯები.

წყარო: დოსიე

როგორც გამოცემა წერს, ეს, სავარაუდოდ, ის თანხაა, რასაც საკონსულტაიო კომპანიას უხდიან. ამასთან, მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის შემთხვევაში, დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა. დაფინანსების წყარო დაზუსტებული არ არის.

ამას გარდა, ცენტრი „დოსიე“ წერს, რომ შემუშავებულია „პატრიოტთა ალიანსის“ 4-თვიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტის გეგმა, რომელიც 8,430,625 აშშ დოლარზე არის გაწერილი. ბიუჯეტი, სხვა მიზნებს შორის, ითვალისწინებს 166 ათას აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთის — მაისურების, სუვენირების, დროშების და ა.შ — დიდი რაოდენობით შესყიდვას.

წყარო: „დოსიე“

წყარო: დოსიე

კამპანია და მესიჯები

როგორც POLITSECRETS-ის საიტზეც წერია, კომპანიის დამფუძნებელია ვერა ბლაშენკოვა, რომელიც, საიტის თანახმად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში წარმატებულ პოლიტიკურ კამპანიებს მართავდა.

„დოსიე“ წერს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, სადაც აღწერილია, როგორ დაწვრილებით უხსნის ვერა ბლაშენკოვა „პატრიოტთა ალიანსს“, თუ როგორ უნდა მიიმხრონ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, როგორ წაართვან ხმები სხვა პოლიტიკურ პარტიებს — „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ — და საპროტესტო განწყობები გააღვივონ.

„დოსიეს“ თანახმად, ეს მესიჯები, რაც მოსკოვში გაწერეს „ალიანსისთვის“ წინასაარჩევნოდ, დეტალურადაა ჩამოთვლილი. მაგალითად:

  • „თუ ჩვენ არ შევცვლით პოლიტიკურ სისტემას, საახალწლოდ ვნახავთ უმუშევრობისა და მოსახლეობის გადინების პიკს. ქართველები კვლავ გახდებიან არალეგალური მიგრანტები ევროკავშირში“;
  • „თუ ნაციონალური მოძრაობა/ევროპული საქართველო მოვა ხელისუფლებაში, რუსეთი გაგზავნის ტურისტებს თურქეთში, ხელს შეუწყობს სოხუმის და ცხინვალის ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო დისტანცირდნენ და გაწევრიანდნენ რუსეთის ფედერაციაში;
  • „ამერიკელებისგან მატერიალური დახმარების მისაღებად, მათი მომხრეები თანხმდებიან ბავშვებზე ექსპერიმენტებს „ადრეული სექსუალური აღზრდის“ სახით, ხელს უწყობენ ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებას (როგორც გავიგეთ, ამას უკვე აკეთებს პატრიოტთა ალიანსი“;

კიდევ ერთი სექცია შეეხება სხვა პარტიების შესახებ შემდეგი ინფორმაციის გავრცელებას ამომრჩეველზე მანიპულირების მიზნით:

  • „უამბეთ ამომრჩეველს ევროპული საქართველოს, ნაციონალურ მოძრაობის, ქართული ოცნების წარმომადგენლების შესახებ — რას ჭამენ, რას სვამენ, რა აცვიათ, რა მანქანებს მართავენ, სად ისვენებენ, სად სწავლობენ მათი შვილები … სად მკურნალობენ, რა საბანკო ანგარიშები აქვთ, რა ღირს მათი სამკაულები, ანტიკვარული ნივთები, ნახატები… ქვეყნის საერთო სიღარიბის ფონზე მოხდეს დემონსტრირება: მათი ავტომობილის ერთი საბურავის ფასი უდრის ერთი გამყიდველის 6 თვის ხელფასს; ერთი ანტიკვარული სკამის ღირებულება უდრის საშუალო მოქალაქის სახლის ღირებულებას“…

საუბარია ოპოზიციური პარტიების გაყოფის გზაზეც, ამომრჩევლისთვის იმის გამეორებით, რომ ისინი „აგრესიულები არიან, არ შეუძლიათ მოლაპარაკება, სძულთ ერთმანეთი და შეუძლიათ, ნებისმიერ მომენტში უღალატონ ერთმანეთს“ და ა.შ…

ამასთან, Politsecrets-ის წარმომადგენლებს უშუალო მონაწილება აქვთ მიღებული იმ ვიდეოკლიპების რედაქტირებაში, რასაც ქართველი ამომრჩეველი ნახულობს.

 
მხარდამჭერთა სია

როგორც „დოსიე“ წერს, ბლაშენკოვამ „პატრიოტთა ალიანსს“ სთხოვა, მიეწოდებინა სია ადამიანებისა, რომლებიც პარტიის უპირობო მხარდამჭერები არიან და ინფორმაცია მათ შესახებ: ფოტო, პროფესია, მოღვაწეობის სფერო და ა.შ.. გაგზავნილ 15-ადამიანიან სიაში არიან: ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, პოლიციის გენერალი ავთო ენუქიძე, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯია და სხვები…

როგორც „დოსიე“ წერს, მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ვერა ბლაშენკოვას თბილისში კომუნიკაცია უშუალოდ აქვს საკონტაქტო პირ ანანოსთან (მისი გვარი არ არის დაზუსტებული) და გამოხატავს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ პარტია სწრაფი ტემპით არ მუშაობს. ამაზე პასუხად კი ანანო ეუბნება, რომ ამ ტონით მასთან საუბარი შეუძლია, თუმცა პარტიის ლიდერებთნ არა, რადგან ისინი „სხვა ადამიანები“ არიან.

მიმოწერებს ბლაშენკოვა უგზავნის მიხეევს, ის კი, თავის მხრივ, ინფორმაციას უგზავნის კრემლში ამიერკავკასიის კურატორებს: უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვალერი მაქსიმოვს და გრუ-ს ოფიცერ ვალერი ჩერნიშოვს.

მაქსიმოვი და ჩერნიშოვი. წყარო: დოსიე

„დოსიეს“ თანახმადვე, მაქსიმოვი და ჩერნიშოვი უშუალოდ ექვემდებარებიან „უცხო ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციის სამმართველოს“ ხელმძღვანელს, გენერალ ვლადიმერ ჩერნოვს. ჩერნოვი, თავის მხრივ, არის დაახლოებული ვლადიმერ პუტინის მეგობარ სერგეი ივანოვთან.

სერგეი მიხეევი

დოსიეს თანახმად, სერგეი მიხეევი, რომელიც საკუთარ თავს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მეცნიერსა და რუსეთის სამეზობლოს ექსპერტს უწოდებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაა დაკავშირებული — კერძოდ, მისი ერთადერთი კონტრაქტორი არის რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო. ამასთან, 2014 წელს, ლიტვის ინიციატივით, მიხეევი ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

სერგეი მიხეევი

როგორც „დოსიე“ წერს, ირმა ინაშვილის მისსავე დაარსებული ტელეკომპანია „ობიექტივზე“ მიჰყავს გადაცემა „ჯადოსნური ყუთი“, რომლის ფარგლებშიც მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, დაწესებულია 700-დან 1000-მდე დოლარის ოდენობის თანხა საჩუქრად. „დოსიეს“ თანახმად, ეს აქტივობაც შეთანხმებულია მიხეევთან და მეტიც, ის ურჩევდა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში აქტივობა შეეწყვიტათ, რადგან შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად ჩათვლილიყო…

რა არის „დოსიე“?

„დოსიე“ რუსი ბიზნესმენის და ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის პროექტია. ხოდორკოვსკი, „იუკოსის“ ყოფილი მფლობელი, 2003 წელს დააპატიმრეს რამდენიმე, — მათ შორის, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების, დოკუმენტის არაერთხელ გაყალბების, თანხის მითვისების — ბრალდებით, 2005 წლის მაისში ის რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო თითქმის ყველა წარდგენილ ბრალდებაში. 2020 წელს ჰააგის სასამართლომ რუსეთს $50 მლრდ დააკისრა „იუკოსის“ საქმეზე.

ინაშვილის პასუხი

24 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა დაადასტურა ის, რომ ერთ-ერთ რუსულ საკონსულტაციო ფირმასთან თანამშრომლობენ, — თუმცა უარყო, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან აქვთ თანხა მიღებული, ან რომ საუბარია 8 მლნ აშშ დოლარზე.

„8 მლნ-იანი ბიუჯეტის თემაზე. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. 8 მლნ-იანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. 8 მლნ იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი 8 არის“, – თქვა ინაშვილმა.

რეალურად, სტატიაში საუბარია 8,430,625 აშშ დოლარზე.

ინაშვილმა ინფორმაციის გავრცელებას უწოდა „სააკაშვილის და ბოკერიას ბინძური თავდასხმა“ და თქვა, რომ არ შეიძლება, „დოსიეს“ „გამოტანილი დასკვნები ან ინფორმაცია განიხილებოდეს ფაქტად“. მან ამავე დროს დაადასტურა რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ სახელი არ დაუზუსტებია.

ირმა ინაშვილი და ამერიკელი „მაკკეინის ინსტიტუტის“ დირექტორი, დევიდ კრამერი. 2019 წლის სექტემბერი. ფოტო: პირველი არხი

 

მან თქვა, რომ ნამდვილად თანამშრომლობენ საკონსულტაციო კომპანიებთან, — 4 ამერიკულთან, 2 ისრაელურთან, და „მხოლოდ ერთია რუსული კომპანია“.

„ნამდვილად, საკონსულტაციო კომპანიის ვალდებულებაა, შემოგთავაზოს სტრატეგია, ტაქტიკა, იდეები. ზოგჯერ წინადადებების და სიტყვების დონეზე“, – თქვა მან. „საკონსულტაციო კომპანია, — ვწუხვარ რომ ამის განმარტება მიწევს, მაგრამ აუცილებელია — კონსულტაციებს უწევს პარტიებს კლიპებთან, გაზეთთან, დაკავშირებით. არაერთი დეტალი და ნიუანსია, რაც განიხილება ამ ტიპის თანამშრომლობაში… ასევე, საკონსულტაციო კომპანიები პარტიებს ბიუჯეტის გაანგარიშებასაც სთავაზობენ. ეს არის პესიმისტური, შუალედური და ოპტიმისტური ბიუჯეტის ვარიანტები“, – თქვა მან.

ინაშვილმა თქვა, რომ „8 მლნ-იანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა“. მან ინფორმაციის გავრცელება სააკაშვილსა და ბოკერიას დაუკავშირა და თქვა: „8 მლნ ალბათ იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი 8 არის. 41 რომ ყოფილიყო, ალბათ 41 მლნ-იან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ“.

„მთავარი სიცრუე ერთია: ეს ბიუჯეტი თურმე მიგვაქვს პუტინთან. მაქვს კითხვა ყველასთან: 4-მა ამერიკულმა კომპანიამ ანალოგიურად შეგვიდგინა პესიმისტური. რატომ არ ამბობენ, რომ ბიუჯეტი მიგვაქვს ტრამპთან“?!

 

წყარო: netgazeti.ge

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати