USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
როგორ დავრეგისტრირდეთ 2024 წლის მასწავლებლის გამოცდაზე – ინსტრუქცია და მითითებები
дата:  1055

2024 წლის მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 3 აპრილის 10:00 საათიდან 15 აპრილის 18:00 საათამდე. 

რეგისტრაციისთვის საჭირო ინსტრუქცია და გასათვალისწინებელი მითითებები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 2 აპრილს გამოაქვეყნა.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

პროგრამები

საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;
  • სომხური ან აზერბაიჯანული ენის გამოცდა;
  • იტალიური ენის გამოცდა.

ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის ან/და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.

წელს პირველად ტარდება საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა (საბაზო უნარები სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის). ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სწავლა გააგრძელოს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. რეკომენდებული ლიტერატურა და მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალი.

პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ: 2024 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, შესაბამის საგანზე (სომხური/აზერბაიჯანული ენა), პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს, აგრეთვე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლიათ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.

თუ გამოსაცდელი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ:
პირად ნომერს;
საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს;
სასურველ საგამოცდო ქალაქს.

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში (რესურსცენტრების მისამართები) 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური – 50 ლარი. შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება, თუ მონაწილე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე, ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე. განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

გაითვალისწინეთ:

  • სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა შეგიძლიათ მხოლოდ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ძალაში დატოვებს ბოლო ცვლილებას;
  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თუ გააუქმებთ ელექტრონულ განაცხადს, ან რაიმე მიზეზით არ იქნებით დაშვებული, გამოცდებში მონაწილეობის საფასური უკან არ დაგიბრუნდებათ. რეგისტრაციის დასრულებამდე ელექტრონული განაცხადის გაუქმების შემთხვევაში გამოცდებში მონაწილეობის საფასური უკან დაგიბრუნდებათ დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
  • არავის გადასცეთ სისტემაში შესვლისათვის საჭირო პირადი ინფორმაცია. სარეგისტრაციო მონაცემებში ნებისმიერ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

https://edu.aris.ge/

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати