USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
როგორ დავიცვათ სურსათის უვნებლობა საკუთარ სამზარეულოში?
дата:  870

როგორ დავიცვათ სურსათის უვნებლობა საკუთარ სამზარეულოში?

უვნებელი სურსათის დამზადების პრინციპებს ყველა თანამედროვე საწარმო უნდა ითვალისწინებდეს. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, ეს ბიზნეოპერატორების აუცილებელი და სავალდებულო მოთხოვნაა. ამისთვის შემუშავებულია სპეციალური სტანდარტები, რომლებიც მეწარმეებს, საწარმოო ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, მრავალი სპეციფიკური პირობის დაცვას ავალდებულებს. ხშირად მომხმარებელი საკუთარ თავს თავადვე უქმნის პრობლემებს. უვნებლობის დაცვა საკუთარ სამზარეულოებშიცაა სავალდებულო.

ჯანმოს (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი ავადდება დაბინძურებული საკვების მიღებით, რასაც 420 000 ადამიანის გარდაცვალება და 33 მილიონი ადამიანისთვის ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს. შესაბამისად, სურსათის უვნებლობის წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამ წესების დაცვა არამხოლოდ სარეალიზაციო და კვების ობიექტებზე ვრცელდება, არამედ აუცილებელია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა საკუთარ სამზარეულოებასა და მაცივრებში, რათა თავიდან ავირიდოთ კვებისმიერი ინტოქსიკაცებიბი, რომლებსაც შეიძლება მყისიერი ეფექტი ჰქონდეს, ან დროთა განმავლობაში იჩინოს თავი.

როგორ დავიცვათ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა?

  • დაიცავით ჰიგიენა და ტემპერატურული რეჟიმი

სიახლე არავისთვისაა, რომ სიცხეში საკვები უფრო მალე ფუჭდება. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ თბილი ტემპერატურული გარემო (18-22 C) ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური მდგომარეობაა. ბაქტერიების გამრავლება კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს ნაწილობრივ და სრულად დახურულ შეფუთვებში (მაგ. მაწვნის, რძის, ძეხვის შეფუთვა). შესაბამისად, სურსათის დაბინძურებისა და გაფუჭების მაღალი რისკია საზაფხულო კემპინგისა და პიკნიკების დროს. ბუნება, სადაც ბაქტერიების საკვებში მოხვედრის რისკი უფრო მაღალია, ხოლო საკვების უსაფრთხოდ შენახვისთვის საჭირო ტემპერატურა თითქმის ვერასოდეს კონტროლდება, იდეალური ადგილია სურსათით გამოწვეული დაავადებების გასავრცელებლად. კემპინგზე, ექსკურსიებსა და პიკნიკებზე დაიცავით ჰიგიენის წესები: საკვებთან შეხებამდე კარგად დაიბანეთ ხელები. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ საკვებისთვის იქონიოთ საპიკნიკე მაცივრები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საკვებად შეარჩიეთ შეფუთული (დარწმუნდით რომ შეფუთვა დაზიანებული არ არის), არამალფუჭებადი საკვები; ეცადეთ, მოამზადოთ ისეთი საკვები, რომელიც ცეცხლზე ან მაღალ ტემპერატურაზე მზადდება. მაგალითად, მწვადის მომზადებისას დარწმუნდით, რომ ხორცი კარგად შემწვარია (სისხლი არ ახლავს); ასევე, ყურადღება მიაქციეთ წყალს, ღიად არ დატოვოთ წყლის კონტეინერები.

დროულად დააფასოვეთ საკვების ნარჩენები

ბუნებაში თუ სახლში, სუფრას გადარჩენილი საკვები დროულად უნდა იქნეს შენახული. მაცივარში შენახვის შემთხვევაში, საკვები ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს და, ამასთანავე, ფერხდება ბაქტერიების გამრავლება. შესაბამისად, მაცივარში შენახული საკვების ხელახალი გამოყენება უსაფრთხოა. მოხმარებიდან მალევე (არაუმეტეს 2 საათი) შეინახეთ საჭმლის ნარჩენები. თუ მაცივარი არ გაქვთ, შეეცადეთ თავიდან აირიდოთ მორჩენილი საკვების ხელახალი გამოყენება. მოერიდეთ საკვების დაგემოვნებას გემოს შემოწმების მიზნით. გახსოვდეთ, რომ საკვები შეიძლება ბუნებრივად გამოიყურებოდეს თუმცა, დაბინძურებული იყოს ბაქტერიებით.

ერთმანეთისგან განაცალკევეთ მომზადებული და უმი პროდუქტები

აღნიშნული წესი ერთნაირად მნიშვნელოვანია წლის ნებისმიერ დროს. დაუშვებელია, ერთმანეთს ეხებოდეს მომზადებული და უმი პროდუქტები. მსგავსი პროდუქტების ერთმანეთთან შეხების დროს, შესაძლოა, მოხდეს ე.წ ჯვარედინი (როცა ბაქტერიები, პარაზიტები ან სხვა დამაბინძურებლები ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადადიან) დაბინძურება. ეს წესი ვრცელდება სხვადასხვა სახის ხორცზეც. მაცივარში, მომზადების ადგილზე თუ დახლზე, საქონლის, ცხვრის თუ ფრინველის ხორცი ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა იდოს.

ხორცის გალღობა

წლის ნებისმიერ პერიოდში, ადამიანები ხშირად მიმართავენ ხორცის გალღობის მეთოდებს, რომელიც ხორცის თბილ ადგილზე დაყოვნებას ან ცხელ წყალში ჩადებას გულისხმობს. ორივე მეთოდის შემთხვევაში, ძალზე მაღალია ბაქტერიებით დაბინძურების ალბათობა. ხორცი, საყინულიდან გამოტანის შემდეგ, მაცივარში უნდა გალღვეს. მაცივრის ტემპერატურა 3-5 გრადუსამდე მერყეობს, რაც ხელს უწყობს, როგორც ხორცის სტრუქტურის, ასევე, საგემოვნო და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, ანალოგიურად, მაცივარში ნაკლებია ბაქტერიების გავრცელების რისკი. ეს წესი ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული, გატარებული ანუ ე.წ ფარშირებული ხორცის შემთხვევაში, სადაც ბაქტერიების გამრავლების ალბათობა კიდევ უფრო მაღალია. მაცივრის გარდა, პროდუქტი ასევე შეიძლება გალღვეს წვეთ-წვეთად გამდინარე ცივ წყალში და მიკროტალღურ ღუმელში. გალღობილი პროდუქტი, ბაქტერიების განადგურების მიზნით, აუცილებლად თერმულად უნდა დამუშავდეს - კარგად მოიხარშოს/შეიწვას მაღალ ტემპერატურაზე (70 გრადუსი - 20 წთ).

დაამუშავეთ ზედაპირი

დაამუშავეთ ყველა ის ზედაპირი, რომელსაც პროდუქტი ეხებოდა. იქნება ეს მაგიდა, დაფა თუ თეფში. დამუშავება გულისხმობს არამხოლოდ სველი ტილოს გამოყენებას, არამედ შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარის მოხმარებას (იქნება ეს ჭურჭლის ჟელე თუ სხვა). ასევე, ზაფხულში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მაგიდის საწმენდი ტილოებისა და ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ჰიგიენას. სველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა სურსათის ნარჩენებს შეიცავდნენ, ბაქტერიებისთვის საყვარელი გარემოა; შესაბამისად, მსგავსი სამომხმარებლო ნივთები, ხშირად უნდა გაირეცხოს სადეზინფექციო საშუალებებით, ან გამოიცვალოს.

მოერიდეთ კონსერვირებულ პროდუქტს

ე.წ კონსერვები ერთ-ერთი მაღალი რისკის პროდუქტებს წარმოადგენენ. არასწორი მომზადებისას (არასაკმარისი თერმული დამუშავების გამო), ბაქტერიები ადგილად მრავლდებიან მსგავს პროდუქტში. ნებისმიერ სიტუაციაში, ზაფხულში თუ სხვა სეზონზე, კონსერვები თერმულად, მაღალ ტემპერატურაზე უნდა დამუშავდეს.

 მაცმივარში სურსათის  შენახვის აუცილებელი წესები

ამჟამად მაცივარი სამზარეულოს განუყოფელი ატრიბუტია. ის ტრადიციული მეთოდები, რომლითაც ადრე პროდუქტს ინახავდნენ და მას სასარგებლო თვისებებს უნარჩუნებდნენ, ჯერ კიდევ შემორჩენილია და სხვადასხვა საკვების შენახვისათვის დღესაც გამოიყენება. მაგალითად, ასეთია მარილწყლით ან შებოლვის მეთოდით შენახვა. ყველა პროდუქტს თავისი შენახვის წესი აქვს. არის პროდუქტები, რომელთა მაცივარში შენახვა არ არის რეკომენდებული, გარდა ამისა, პროდუქტებს აქვთ შენახვის ვადები. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მათი ხარისხის, სიჯანსაღის და საკუთარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

პროდუქტების უმრავლესობის შესანახს ძირითადად მაინც მაცივარი წარმოადგენს. ადამიანების ნაწილი მაცივარს, როგორც მხოლოდ სიცივის შემანარჩუნებელ მანქანას ისე აღიქვამს, ხოლო ნაწილისთვის ის პროდუქტების სუფთად და კომპაქტურად შენახვის ადგილია. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მნიშვნელობა არა აქვს მაცივარში პროდუქტების შენახვის და განთავსების წესებს. პროდუქტების არასწორად შენახვა პროდუქტების მალე გაფუჭებას იწვევს: პროდუქტი იცვლის ფერს, ჩნდება არასასიამოვნო სუნი და, რაც მთავარია, კარგავს სასარგებლო თვისებებს და სხვა. მეტად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ მაცივარში არსებული სივრცე სწორად, რათა მასში შენახული პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს უვნებელი და მაქსიმალურად სასარგებლო.

მაცივარში პროდუქტების შენახვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრინციპი მათი სხვადასხვა დონეზე სწორი განლაგებაა, რადგან თითოეულს თავისი ტემპერატურული რეჟიმი აქვს. ყველაზე მაღლა თაროზე, როგორც წესი, რძის პროდუქტებს ათავსებენ, ყველაზე დაბალ, ანუ ყველაზე ცივ თაროებზე - ხორცს, მაცივრის კარები კი ყველაზე თბილი ადგილია მაცივარში. აქ არ უნდა ინახებოდეს მალფუჭებადი პროდუქტები, მაგალითად, როგორიცაა რძე, ყველი და ა.შ. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს სპეციალური განყოფილება ან კონტეინერი ხორცისათვის, თუ მას გააჩნია სითბოსაგან დაცვის დამატებითი მექანიზმი. მზა პროდუქტები, უმჯობესია, შეინახოთ სპეციალურ კონტეინერებში ან ემალირებულ, მჭიდრო თავსახურის მქონე ჭურჭელში. თუ არ გაქვთ საკვების კონტეინერების გამოყენების საშუალება, მაშინ სასურველია, მზა პროდუქტებისათვის განკუთვნილ შესაფუთ მასალაში ან ფოლგის ქაღალდში გახვევა. პროდუქტების მჭიდროდ შეფუთვა არა მარტო გაახანგრძლივებს მათი შენახვის ვადას და არ მისცემს სუნის აღების საშუალებას, არამედ ასეთ დროს პროდუქტი მეტად ინარჩუნებს საკუთარ გემოსა და გარეგნულ იერსახეს.

ყველა პროდუქტი უნდა იყოს მჭიდროდ და კარგად შეფუთული. ყველის და ძეხვეულის შენახვა უმჯობესია სპეციალურ ქაღალდის პაკეტებში, რომლებიც პროდუქტს ,,სუნთქვის” საშუალებას აძლევს. ხილისა და ბოსტნეულის კამერისათვის სასურველია სპეციალური ანტიბაქტერიული საფენის გამოყენება, რომლის წყალობითაც იქმნება ჰაერის დამატებითი გამტარუნარიანი ფენა. მისი საშუალებით უკეთ ხდება პროდუქტებს შორის ჰაერის ცირკულაცია და შედეგად ხილ-ბოსტნეული უკეთესად ინახება.

რეკომენდებულია ორ თვეში ერთხელ მაცივრის სრული დაცლა, გამოწმენდა და ყველა თაროს ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გასუფთავება არ ღირს მაცივარში ყველანაირი კონსერვის შენახვა. გარდა იმისა, რომ ასეთ პროდუქტებს ისედაც გააჩნიათ შენახვის საკმაოდ დიდი ხანგრძლივობა და არ არის პრეტენზიული ტემპერატურული რეჟიმის მიმართ, დიდი რაოდენობით ქილების არსებობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხვა პროდუქტებზე, ვინაიდან მაცივრის დატვირთულობა აფერხებს ჰაერის ცირკულაციას და ირღვევა საერთო ტემპერატურული რეჟიმი.

ბევრ თანამედროვე მაცივარში შეიძლება შეხვდეთ ე.წ. ,,ნულოვან კამერას” ან, როგორც მას სხვანაირად ეძახიან, ,,სიახლის ზონას” (fresh zone). მასში ჰაერის ტემპერატურა მიახლოებულია 0°C-თან და შექმნილია პროდუქტების შენახვისათვის ტენიანობის ოპტიმალური დონე, რომლის საშუალებითაც პროდუქტი მეტი დროის განმავლობაში ინარჩუნებს სიახლესა და პირვანდელ გემოს. ამ განყოფილებაში უმჯობესია, შეინახოთ ნებისმიერი მალფუჭებადი პროდუქტი. ისინი მასში უკეთესად და უფრო მეტი დროით შეინახება, ვიდრე მაცივრის ჩვეულებრივ კამერაში.

მასალა მომზადებულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე

 

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати