USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
როდის უნდა დაუთმოთ და როდის "არ უნდა გაატანინოთ თავისი" გაჯიუტებულ პატარას - რჩევები 3 წლის ბავშვის სწორად განვითარებისთვის
дата:  929

სამი წლის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში. ეს არის საფეხური, როცა ადრეული ასაკის ბავშვი თანდათან გარდაიქმნება სკოლამდელ ბავშვად. ეს პერიოდი ფიზიკური და გონებრივი განვითარების მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება.

სხეული ზომასა და პროპორციებს იცვლის. ინტენსიურად ვითარდება უხეში და ნატიფი მოტორული უნარები, ფიზიკური აქტივობა მაქსიმუმს აღწევს.

ტვინის სწრაფი განვითარება ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობების გაფართოებას იწვევს. გონება მოქმედებით-ხატოვანი აზროვნებიდან ხატოვან აზროვნებაზე გადადის, მდიდრდება მეტყველება, ვითარდება მეხსიერება და წარმოსახვა.

 

საკმაოდ მოკლე დროში ბავშვის პიროვნება მთლიანად იცვლება. ეს ცვლილებები გავლენას ახდენს მის ხასიათზე, მის ძირითად საქმიანობაზე და ადამიანებთან - უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობაზე. სწორედ სამი წლის ასაკში ყალიბდება მისი „მე“-ს საფუძვლები და დგინდება დამოკიდებულება გარემომცველ სამყაროზე.

შინაგანი სამყაროს ასეთ გლობალურ „რესტრუქტურიზაციასთან“ დაკავშირებით, ბავშვი საკმაოდ ხშირად ჭირვეულობს, ჯიუტობს, ყვირილითა და ტირილით მგზნებარე სცენებს აწყობს.

ფიზიოლოგია

უმცროს ასაკთან შედარებით კვებასა და ყოველდღიურ რუტინაში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის (თუ ბავშვს საბავშვო ბაღში არ მიიყვანთ.) ხანგრძლივი ღამის ძილი, ერთი დღის ძილი, ოთხჯერადი კვება. მესამე დაბადების დღეზე შეგიძლიათ ბავშვს ტკბილეული გაასინჯოთ.

არ დაივიწყოთ რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები: ამიერიდან მათი ჩატარება საჭიროა წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

უნარები

ამ ასაკის ბავშვს მოძრაობის უკიდურესად მაღალი მოთხოვნილება ახასიათებს. სამი წლის ბავშვები მუდმივად აუმჯობესებენ მოტორულ უნარებს. წინა პლანზე გამოდის უხეში მოტორული უნარების განვითარება - მოძრაობების შესრულების უნარი, რომელიც მოითხოვს მთელი სხეულის მონაწილეობას (სირბილი, ხტუნვა, ბუქნი, ტრიალი).

სამი წლის ბავშვი:

  • მოძრაობს საკმაოდ შეუფერხებლად და ოსტატურად, კარგად ინარჩუნებს წონასწორობას.
  • ადვილად იცვლის მიმართულებას და უცებ შეუძლია გაჩერდეს.
  • შეუძლია ფეხის თითებზე სიარული, ცალ ფეხზე დგომა.
  • თავდაჯერებულად ახტება მცირე დაბრკოლებებს.
  • იჭერს და ურტყამს ბურთს.
  • კიბეებზე ადი-ჩადის როგორც მოაჯირზე დაყრდნობით, ასევე საყრდენის გარეშეც.
  • ატარებს სამთვლიან ველოსიპედს.

 

ამ პერიოდში იხვეწება ნატიფი მოტორული უნარებიც, თუმცა ბავშვს მაინც უჭირს ზედმიწევნით ზუსტი მოქმედებების სესრულება.

 

თუმცა, სამი წლის ბავშვს შეუძლია:

  • ჩაიცვას და გაიხადოს მარტივი ტანსაცმელი, გახსნას ღილები და შეკრას დიდი ელვა, გაიხადოს უთასმო ფეხსაცმელი.
  • გამოიყენოს დანაჩანგალი, ჭამოს და დალიოს აკურატულად.
  • საჩვენებელი თითით და ცერით დაიჭიროს ფანქარი, პლასტილინისგან გააკეთოს ბურთულები და ჩხირები, მაკრატლით დაჭრას ქაღალდი.
  • შეუძლია წრის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების დახატვა, მის ნახატებში ჩნდება პირველი პატარა კაცუნები.

 

ამრიგად, ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობსს უფრო და უფრო დამოუკიდებლად უძღვება.

bavshvebi.jpg

როგორ ვითარდება მეტყველება

სამი წლის ასაკში ბავშვის მეტყველებითი აქტივობა სწრაფად იზრდება. ბავშვის ლექსიკა დაახლოებით 1000-1500 სიტყვისგან შედგება, იყენებს მეტყველების თითქმის ყველა ნაწილს, საუბრობს 3-6 სიტყვიანი წინადადებებით და ზოგადად, სწავლობს ენის გრამატიკულ სტრუქტურას.

როგორც წესი, ბავშვმა უკვე იცის როგორ ააწყოს დიალოგი: ნებით პასუხობს სხვის კითხვებს, სვამს საკუთარს, მის მეტყველებაში ჩნდება თავაზიანი სიტყვები და ძახილის ინტონაციები. ამ ასაკში უკვე შეუძლია სიტყვიერად აღწეროს თავისი მდგომარეობა, ისაუბროს შთაბეჭდილებებზე, გაუზიაროს გამოცდილება.

ზოგადად, ცხოვრების მესამე წლის ბოლოს ბავშვის სოციალური წრე საგრძნობლად ფართოვდება: ის ბევრს ესაუბრება არამარტო ოჯახის წევრებს, ასევე უცნობებს, თანატოლებს.

სამი წლის ბავშვი სიამოვნებით უსმენს აუდიოჩანაწერებს, ზღაპრებსა და ლექსებს, რომლებსაც უფროს უკითხავს ან უამბობს, ადვილად იმახსოვრებს მათ და თითქმის სიტყვასიტყვით ყვება. იგონებს არარსებულ სიტყვებს.

თუ ბავშვი უკვე სამი წლისაა, მაგრამ არ საუბრობს ფრაზებით ან საერთოდ დუმს, მაშინ სპეციალისტების, მეტყველების თერაპევტის, ნეიროპათოლოგის, ფსიქოლოგის, კონსულტაცია აუცილებელია.

როგორ თამაშობს

ამ ასაკში მკვეთრად იცვლება ბავშვის თამაშის სახეც. ადრე თუ უფროსი აჩვენებდა, თუ როგორ უნდა ეჭმია და მოევლო თოჯინისთვის, ბავშვი კი იმეორებდა ამ მოქმედებებს, ახლა ბავშვი ემოციურად არის თამაშში ჩართული. იზრდება ხანგრძლივობაც და ვარიანტებიც იცვლება. თამაშში ჩნდება სიუჟეტი, ყველა მოქმედება ლოგიკურად დაკავშირებული და თანმიმდევრულია. ბავშვი აგროვებს „სამშენებლო მასალებს“, აშენებს სახლს და შიგნით ცხოვრებას იწყებს, იქვე აწყობს ბაღს და თოჯინებს ან მასთან თამაშში ჩართულ პატრნიორებს უმასპინძლდება.

მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ თამაშში გარდასახვები ჩნდება. სამი წლის ბავშვების უმეტესობა ადვილად „გადააქცევს“ ერთ საგანს მეორედ და ანიჭებს მათ შესაბამის ფუნქციას. ვედრო იქცევა ქუდად, ფლომასტერი ხდება თერმომეტრი, პატარა ბურთი ვაშლია. თამაშში ასეთი სიმბოლოების გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვს უკვე შეუძლია წარმოსახვის გამოყენებით კონკრეტულ სიტუაციას გასცდეს.

ახლა თამაში არის ბავშვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, აქტივობა, რომელიც მისი ემოციურ და ინტელექტუალური განვითარებას უწყობს ხელს.

ფსიქოლოგიური მახასიათებლები

  • სამი წლის ასაკში ბავშვი ზრდასრულისგან დისტანცირებას ცდილობს. ის სულ უფრო ხშირად ამბობს: "მე თვითონ", "მე მინდა", "არ მინდა" და საყვარელ ადამიანებს აჩვენებს, რომ უკვე დიდია, დამოუკიდებელია. ამ პერიოდს „სამი წლის კრიზისი“ ეწოდება.
  • ბავშვი გამუდმებით უფროსის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჯიუტობს და უმცირესი წვრილმანის გამო ისტერიკებს აწყობს. ცდილობს ყველაფერი პირიქით გააკეთოს, ეწინააღმდეგება უფროსების ნებას; რასაც აქამდე ყოველდღიურად აკეთებდა, ახლა ამაზე უარს აცხადებს. ამავე დროს, ცდილობს დამოუკიდებლად გააკეთოს ის, რისთვისაც სინამდვილეში ჯერ არ არის მზად.
  • 3 წლის კრიზისი ყველა ბავშვთან ასეთი მწვავე და ნეგატიური ფორმებით არ მიმდინარეობს, ზოგს ის მსუბუქი ცვლილებებით გადააქვს ან ცოტა ხნით გრძელდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რადგან საკუთარი „მე“-ს ფორმირება აუცილებლად ხდება.
  • როგორც კი კრიზისი დასრულდება, ბავშვი აგრესიულ და სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას წყვეტს. მას უკვე თავის დამკვიდრების განსხვავებული გზა აქვს: ახლა ცდილობს წარმატებებს მიაღწიოს და ეს ზრდასრულს აჩვენოს, რათა მისგან მოწონება დაიმსახუროს.
  • ბავშვი უბრალოდ კუბს კი არ დებს კუბზე - მისთვის მნიშვნელოვანია ყველაზე მაღალი კოშკი ააგოს და მშობლისგან ქება მოისმინოს: „რა მაღალი კოშკია! რა კარგად აგიშენებია!" ახლა ბავშვი საკუთარ თავს ზრდასრული ადამიანის თვალით აფასებს, ის უკიდურესად მგრძნობიარეა იმის მიმართ, თუ როგორ აფასებენ მის მიღწევებს სხვები. ასე იწყება თვითშეფასებისა და თავდაჯერების ჩამოყალიბება.
bichi-pultit.jpg

რჩევები სამი წლის ბავშვის მშობლებისთვის

  • „სამი წლის კრიზისი“ გამოცდაა მთელი ოჯახისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მისი „სწორად“ გავლა, რადგან ბავშვის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მშობლისა და შვილის ურთიერთობა ამ პერიოდში.
  • არ არსებობს ერთი რეცეპტი, თუ როგორ უნდა უპასუხოთ სამი წლის ბავშვის გამოხტომებს. მთავარია, მან გააცნობიეროს, რომ კონფლიქტები სხვადასხვა გზით შეიძლება გადაწყდეს.
  • მშობელი კვლავ კატეგორიულად კრძალავს რაღაცებს და ბავშვს მოუწევს ამასთან შეგუება. ბავშვმა შეიძლება ტირილითა და ყვირილით გააპროტესტოს თავისუფლების შეზღუდვა თუმცა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების საკითხებში ზრდასრული ადამიანის აკრძალვები მკაფიო და უცვლელი უნდა იყოს.
  • თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნაკლებად სერიოზულ უთანხმოებებზე, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქცევის სხვადასხვა ტაქტიკა.
  • ზოგჯერ საჭიროა ბავშვის ყურადღების გადატანა საუბრით ან თამაშით, შეჯიბრის მოწყობით. მაგალითად, როცა ჯიუტობს და ქურთუკს არ იცვამს, შესთავაზეთ თამაში „ვინ უფრო სწრაფად ჩაიცვამს ქურთუკს“. ასევე თამაშის გზით შეგიძლიათ დაალაგებინოთ სათამაშოები, ან გაიხეხოს კბილები თოჯინასთან ერთად.
  • ხანდახან შეგიძლიათ დაუთმოთ ბავშვს, რადგან მასაც აქვს თავისი აზრისა და პირადი შეღავათების უფლება. არ უნდა შვრიის ჭამა? შესთავაზეთ წიწიბურა ან ბრინჯის ფაფა. დაძინებაზე ამბობს უარს? ადროვეთ კიდევ თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ახირება შეუსრულოთ, მაგრამ ნურც ჯიბრში ჩაუდგებით და თქვენი ავტორიტეტის დამტკიცება ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ - ბავშვის სურვილებისა და საჭიროებებისადმი პატივისცემის გამოხატვა ზოგჯერ აუცილებელია.
  • ზოგიერთ სიტუაციაში ბავშვს ემოციების ამოფრქვევის საშუალება უნდა მისცეთ, რათა გათავისუფლდეს სტრესისგან და მიიღოს სიტუაცია ისე, როგორც არის. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, არ უყიდოთ მეათე მანქანა, ის კი მაღაზიაში სკანდალს მოაწყობს და ისტერიკას გამართავს, სხვა არაფერი დაგრჩენიათ გარდა იმისა, რომ ქარიშხლის გადავლას დაელოდოთ. „გაჩუმდი“, „შენი ხმა არ გავიგონო“ და „დაწყნარდის“ მოთხოვნები მხოლოდ საპირისპირო ეფექტს მოგიტანთ. თქვენ უბრალოდ გვერდით იყავით, ჩაეხუტეთ, ცრემლები მოწმინდეთ. არაფრის თქმა არაა საჭირო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ტაქტილური კონტაქტი და ყურადღება.
  • ასეთ სიტუაციებში თავად ზრდასრულმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ეცადოს, არ მიაქციოს ყურადღება გამვლელების რეაქციებს, რადგან ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვს სწორედ იმიტომ უყვირიან, რომ დამსწრე ადამიანების ერიდებათ.
  • როცა ბავშვი დამშვიდდება, უნდა აუხსნათ, როგორი არასწორი იყო მისი საქციელი და განუმარტეთ, თქვენ რატომ მოიქეცით ასე და არა სხვაგვარად. აღმზრდელობითი საუბრები ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მშვიდ და ნდობით სავსე ატმოსფეროში წარიმართება.

დაიმახსოვრეთ, სწორედ სამი წლის ასაკში აცნობიერებს ბავშვი, რომ მისი სურვილები ყოველთვის არ ემთხვევა სხვებისას, რომ ყოველთვის ვერ აისრულებს მათ. თუ მის წინააღმდეგობებს ყვირილითა და ცემა-ტყეპით არ ჩაახშობთ, ბავშვი ქცევის სხვადასხვა სტრაგეგიას შეიმუშავებს და ისწავლის სხვების ნების გათვალისწინებას.

სამი წლის კრიზისი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ ის, რასაც ბავშვი ამ პერიოდში ისწავლის, მას მრავალი წლის განმავლობაში გამოადგება.

წყარო: https://mshoblebi.ge

аналитика
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати