USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
თბილისი
როცა ხელფასი არაფერში გყოფნის | სიღარიბე საქართველოში
თარიღი:  2015

ჟურნალისტი: ელენე ბურჭულაძე, , ილუსტრატორი: ელენე ქავთარაძე

ბოლო 30 წელია ნანა* სახლიდან სამსახურში მისვლას საათნახევარს ანდომებს. ჯერ კიდევ ბნელა, როცა სახლიდან გადის და დღის სინათლე არც სახლში დაბრუნებულს ხვდება.  

მისი სამსაათიანი მგზავრობა და სამსახურში გატარებული საათები, უფრო ზუსტად კი ,,დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში”, საიდანაც თბილისი ვაქცინებით მარაგდება, თვეში 500 ლარს ითვლის. ეს თანხა საშუალო შემოსავალზე, რომელიც თვეში 1716 ლარია, გაცილებით ნაკლებია. 

“ფიზიკურადაც და მენტალურადაც ძალიან გადაღლილი ვარ,” ამბობს ნანა. თუმცა, პენსიაზე გასვლას არც კი განიხილავს.

 

ნეტავ ჩემი შემოსავალი საკმარისი ყოფილიყო დანაზოგისთვის, ახლა ხომ ნაკლებად ვიდარდებდი ჩემს ჯანმრთელობაზე. ფული რომ არ მაქვს, ცუდად გახდომის მეშინია.

ნანა  საქართველოს მოსახლეობის იმ 17.5%-შია, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი ათწლეულია ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს, ეს მისი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე არ აისახება. 

ჯინის ინდექსი საქართველოში 40%-ია. სოციოლოგი ნინო ხელაძე ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი შემოსავლების დიდ უთანასწორობაზე მიანიშნებს.  ჯინის ინდექსის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სამხრეთ კავკასიაში. მაისში, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჯინის ინდექსის 36%-ი დაასახელა, რაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა მის კიდევ უფრო შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება. 

ნინო ხელაძე მიუთითებს, რომ მაღალ მაჩვენებელს სინამდვილეში ორი ფაქტორი განაპირობებს: საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა და მინიმალური ხელფასის არარსებობა. 

მკვლევარი გიორგი ცინცაძე ამ მოსაზრებას ეთანხმება.

შრომის კანონმდებლობა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაუქმდა და ვარდების რევოლუციამ თავისი  ნეოლიბერალური რეგულაციებით კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია. გააუქმა შრომის ინსპექცია, კოლექტიური დავის უფლება და რაც ყველაზე მთავარია, მინიმალური ხელფასი  თვეში 20 ლარი დააწესა, რაც 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა. სწორედ ეს არის ეკონომიკური გამოწვევების ქვაკუთხედი,” ამბობს გიორგი ცინცაძე.

მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა ამ მიმართულებით 2019-2022 წლებში იყო დაგეგმილი, ის დღემდე არ გატარებულა.

მინიმალური ხელფასი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპია ეკონომიკური თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ამაზე მსოფლიო შეთანხმდა, ჩვენთან კიდევ წლებია არც განიხილავენ, რეალური მიზეზიც კი არ ვიცით, რატომ,”ამბობს გიორგი.

ნანა 1969 წლიდან პარამედიკოსია და 1993 წლიდან დღემდე თავის ამჟამინდელ სამსახურში მუშაობს,

“ჩემი სამუშაო დღე ვაქცინის ყუთების მიღებით იწყება.  ათეულობით ყუთს ვიბარებ, ჟურნალს ვიღებ და მონაცემების ჩაწერას ვიწყებ. 100-მდე დოზას ვიღებ და ვანაწილებ. ყოველ დღე დაახლოებით 10 ანგარიშ-ფაქტურაზეა ლაპარაკი. თითოეულში 8 ბრენდის ვაქცინაა. ჯამში, სულ მცირე დღეში 80 ვაქცინა გამოდის. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო, ეს ვაქცინები ბავშვებისთვისაა. ჩემი ტვინი, როგორც ელექტროსადგური ისე მუშაობს,”გვიყვება ნანა. 

მაგრამ ის ძალისხმევა, რაც მას სამსახურამდე მისასვლელად სჭირდება, მის სამუშაოზეც აისახება.

“ჩემი სამსახური აქედან ძალიან შორს არის… მარჯვენა ფეხი მტკივა, სიარულის დროსაც  და ავტობუსში დიდხანს ჯდომის დროსაც. ტრანსპორტირება მტანჯავს და ბოლო თვეებში კიდევ უფრო გამიმწვავდა ეს ტკივილი. ჩემმა თანამშრომელმა იმ დღეს დამინახა როგორ ავდიოდი კიბეზე და პირჯვარი გადაიწერა, შეიძლება ლოცვაც დაიწყო ჩემთვის,”იხსენებს ნანა.

ნანა, მისი ქალიშვილი ნინო და შვილიშვილი ელენე, სამივე დასაქმებულები არიან. სრულ განაკვეთზე მუშაობენ. მაგრამ მათი ნამუშევარი, მათ ღირსეულ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს. მათი ყოველდღიურობა კარგი ილუსტრაციაა იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორი ძნელია საქართველოში ოჯახისთვის სიღარიბეს თავი დააღწიოს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ოჯახის სამი ზრდასრული წევრი სრულ განაკვეთზე მუშაობს. ამ სამი ქალის ბედი საქართველოში ბევრი ოჯახის რეალობას ირეკლავს. 

ნინო 51 წლის არის და ორი სამსახური აქვს. ბაღში ერთდროულად მზარეულიც არის და დამლაგებელიც. თვეში 400 ლარია მისი ხელფასი, რომელიც აღებიდან ორ კვირაზე მეტი არასდროს ჰყოფნის. 

როგორც კი ხელფასს ვიღებ, ძირითადი ნაწილი ვალის დაფარვაში მიდის. ეს ხელფასის თითქმის ნახევარია. ძალიან განვიცდი ეს ხელფასები რომ იგივე დარჩეს. ამ შემოსავლით ყოველწლიურად უფრო და უფრო რთული ხდება თავის გატანა,” ამბობს ნინო.

2020 წლის პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ინფლაციის გამო ძალიან დაზარალდა. საარსებო საკვები პროდუქტიც კი ძალიან გაძვირდა: მაგალითად, 2023 წლის დასაწყისიდან პურის ფასმა 23%-ით მოიმატა.

იძულებული ვარ, ყველაზე იაფი პროდუქტი ვიყიდო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მარკეტში ფასდაკლებული პროდუქტი სისხლში მაქვს გამჯდარი. სულ ფასდაკლებებს ველოდები, რომ სურსათი ვიყიდო.” მათი შემოსავლით ოჯახი ხორცის ყიდვას იშვიათად ახერხებს.

გადარჩენისთვის ბრძოლამ გავლენა იქონია ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრზეც, 25 წლის ელენეზე. ის ამჟამად მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს და არასტაბილური შემოსავალი აქვს. როგორც ამბობს, მუდმივ სტრესშია. დანაზოგის არქონის გამო, უფულოდ დარჩენის სულ ეშინია.

“ჩემს ბავშვობაშიც მახსოვს, ყოველთვიურად გადასახადების გადახდა პრობლემა იყო. მაშინ თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობდი და თან მახსოვს ვფიქრობდი: რატომ უნდა ადარდებდეს ჩემს ოჯახს გადასახადები? თუ სხვა ოჯახებისთვის ეს დიდი გამოწვევა არ არის, ჩემი ოჯახისთვის ეს ასეთი რთული რატომ არის? ბავშვობის წლებიდან მომყვება ეს ტრავმა და შეიძლება ამის გამოც, ქვეცნობიერად სულ იმის ცდაში ვარ, ასეთი დაუცველი აღარ გავხდე,”გვიზიარებს ელენე. 

გენდერის მკვლევარი გიგა კარაპეტიანი ამბობს, რომ დანაზოგის კონცეფცია ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან უნდა იყოს კავშირში, საქართველოში დანაზოგად კი ძალიან მცირე თანხაც ითვლება.

“მაგალითად, 1000 ლარი დანაზოგი არ არის, ის შეიძლება ერთი წამლის ღირებულება იყოს. გადარჩენისთვის ბრძოლის პარალელურად იზოგება თანხა საქართველოში და ძალიან ხშირად ის იმ საჭიროებებზე კომპრომისის ფასად გროვდება, რომელიც სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, გაუმართლებელი იქნებოდა. მაგალითად, საკვების ხარისხის კომპრომისის ხარჯზე. ასეთი მცირე თანხის დაზოგვა ნიშნავს, რომ მოთხოვნები ძალიან მინიმალურია და ის საჭიროებებიც, რომელიც ჯანდაცვას, საჭმელს და ტრანსპორტირებას უკავშირდება, შეიძლება ფუფუნების საგანი იყოს.

ელენესთვის დანაზოგი ძალიან მნიშვნელოვანია: “თუ მეცოდინება, რომ სამსახური აღარ მაქვს, დასაყრდენია მაინც. თუმცა, სულ არსებობისთვის მიწევს ბრძოლა,”ამბობს ელენე.

მისთვის, როგორც წესი, ხელფასამდე დარჩენილი ერთი კვირა განსაკუთრებით რთულია ხოლმე. 

“ძალიან ხშირად ვამბობ უარს გართობაზე; იმ შესაძლებლობებზეც, რომელიც როგორც ახალგაზრდას მეძლევა. ბევრს არ დავდივარ, კომფორტზე უარის თქმა მიწევს. როცა ჩემი მეგობრები გარეთ გადიან, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მე სახლში დავრჩენილვარ: გვიან ღამე სახლში დაბრუნება ცოტა სახიფათოა, ტაქსის ფული არ მაქვს ხოლმე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდე გვიან აღარ დადის. ამიტომ ვრჩები სახლში. მჯერა, რომ ცხოვრება გამოცდილებებია, ეს გამოწვევები კი მოგონებებსა და ამ გამოცდილებების დაგროვების შანსს მართმევს,” ამბობს ელენე. 

ბებიაც წუხს დანაზოგზე. “ოპერაცია რომ დამჭირდეს, ჩემი ფინანსები არ ეყოფა,”ამბობს ნანა.

“დანაზოგის იდეა, ზოგადად, თაობებს შორის განსხვავებულია,” მიუთითებს პოლიტეკონომისტი ლელა რეხვიაშვილი. “პენსიას, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს საქართველოში, საკმარისზე გაცილებით ნაკლებია. თავის გატანა მხოლოდ პენსიით შეუძლებელია. ამიტომაც მუშაობს ხალხი.”

ნანა ყოველ დღე შიშში ცხოვრობს, რომ ასაკის გამო სამსახურს დაკარგავს.

“ძალიან ვღელავ ჩემს ასაკზე. ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა თავისი შეცდომა მე დამაბრალა, დარწმუნებული ვარ, ასაკის გამო… ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ, მაგრამ ჩემი უფროსი ჩემს თანაშემწეს ყოველთვის ეუბნება, რომ მაკონტროლოს. სულ მაქვს განცდა, რომ ჰგონია დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩა და მალე ჩემი შემცვლელი დასჭირდებათ,”ამბობს ნანა.

მაგრამ ახლა ნანა მთლიანად სამუშაოზეა ფოკუსირებული, რომ თავისი ხელფასით მაქსიმალურად დაეხმაროს ქალიშვილს და შვილიშვილს. 

“მთავარია მშიერი და მწყურვალი არ ვიყო. მხოლოდ ჩემი შვილების კეთილდღეობა მაღელვებს. თუ კარგი სამსახური ექნებათ და ეს ქვეყანაც განვითარდება, მე ბედნიერი ვიქნები.”


შენიშვნა: რესპონდენტის თხოვნით, მისი სახელი სტატიაში შეცვლილია.


სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

წყარო:https://chaikhana.media/

თბილისი
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის