USD 2.7247
EUR 2.9345
RUB 2.7873
Tbilisi
როცა ხალხს ცვლილებები სწყურია- როგორ დაამარცხა ადგილობრივ არჩევნებში დამლაგებელმა მოქმედი გამგებელი
Date:  396

მოსკოვიდან 500 კილომეტრით დაშორებული სოფლის გამგებელმა ადმინისტრაციული შენობის დამლაგებელს თავად სთხოვა, ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებულიყო. ახლა 35 წლის მარინა უდგოდსკაიას გამგებლის თანამდებობა უკავია, მისმა ყოფილმა უფროსმა კი კაბინეტი დაცალა და პოსტს დაემშვიდობა.

რუსეთში ადგილობრივი არჩევნები სექტემბერში ჩატარდა. სოფელ პოვალიხინოსა და მის გარშემო მდებარე კიდევ 29 სოფლის გამგებელს, ვლადიმერ პუტინის “ერთიანი რუსეთის” წევრს, ნიკოლაი ლოკტევს, მოსახლეობაში კონკურენტი არ გამოუჩნდა: კანდიდატად, მის გარდა, არავინ დარეგისტრირდა. იმისათვის, რომ არჩევნები შემდგარიყო, ლოკტევმა სოფლის ადმინისტრაციული შენობის დამლაგებელს სთხოვა, ფორმალურად დარეგისტრირებულიყო კანდიდატად.

ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ლოკტევი არ ელოდა, რომ ადმინისტრაციის დამლაგებელს ვინმე მისცემდა ხმას. თუმცა, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ის ელოდა: მოსახლეობის 62%-მა სწორედ “ფორმალურ” კანდიდატს, მარინა უდგოდსკაიას დაუჭირა მხარი.

BBC-ის ცნობით, სოფელში აქტიური საარჩევნო კამპანია არ ჩატარებულა. არ ყოფილა შეხვედრები ამომრჩეველთან, ბილბორდები თუ პლაკატები. ახლა, მედიის ყურადღების ცენტრში მყოფი გამარჯვებული ამბობს, რომ პოლიტიკით დაინტერესებული არ ყოფილა, არც ცნობადობა სურს და უნდა, ისე იცხოვროს, როგორც მანამდე.

“კონცენტრირდებიან იმ ფაქტზე, რომ მე დამლაგებელი ვარ. დამლაგებელი რა, ადამიანი არ არის?” – ციტირებს მას “რადიო თავისუფლება”.

ამბობს, რომ თავდაპირველად შეშინებული იყო, თუმცა აპირებს, იმუშაოს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რომელზეც აირჩიეს.

“რატომაც არ უნდა ვცადო? ვფიქრობ, იმუშავებს”, – აცხადებს ის.

საზოგადოების ნაწილი რუსეთის ერთი პატარა სოფლის მაგალითზე საუბრობს პუტინის პარტიის შემცირებულ პოპულარობაზე და ცვლილებების მომლოდინე რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც დაიღალნენ.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, რომელიც ადგილზე ჩავიდა, სოფელ პოვალიხინოში 250 ადამიანი ცხოვრობს და ის უდიდესი სოფელია რაიონში. სხვა დასახლებული პუნქტების უმრავლესობა მიტოვებულია, ახალგაზრდობა კი დიდი ქალაქებისკენ მიიწევს.

“რა მოგვცა ჩვენ [მმართველმა პარტიამ] “ერთიანმა რუსეთმა”? შესაძლოა, ის რაღაცას აკეთებს მოსკოვში, მაგრამ პროვინციისთვის – არაფერს. სოფელი იშლება”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ზოგიერთი აღნიშნავს იმასაც, რომ კონკრეტულად ამ სოფელში, იმჟამინდელი გამგებლის წინააღმდეგ მოსახლეობის გაერთიანება პერსონალური საკითხი იყო, ვინაიდან ნიკოლაი ლოკტევმა დიდი ხნის წინ შეწყვიტა საქმის კეთება. თავად ყოფილი გამგებელი უარყოფს აღნიშნულს, ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებდა რაც საჭირო იყო და ხალხს, უბრალოდ, ცვლილება სურდა.

“ვფიქრობ, რომ ის[მარინა] გაუმკლავდება [ამ თანამდებობას]. მთელი სოფელი დაეხმარება. რა თქმა უნდა, მის განათლებას ცოტათი გაუმჯობესება სჭირდება”, – ამბობს სოფლის მაღაზიის გამყიდველი BBC-სთან საუბრისას.

იმ პარტიის ლიდერი კი, რომელიც უდგოდსკაიას კანდიდატურას მხარს უჭერდა, ახლადარჩეულ გამგებელზე საუბრისას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნებამდე დიასახლისი იყო, პოლიტიკისგან შორს, თუმცა ახლა თავისი პოპულარობის პიკზეა.

რაიონის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაეხმარებიან ახლადარჩეულ გამგებელს ბიუჯეტის, გადასახადებისა და სხვა საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

რუსეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარდა. ეკონომიკური პრობლემებისა და პანდემიის კრიზისის ფონზე, აღნიშნულ არჩევნებს არაერთი დამკვირვებელი განიხილავდა, როგორც ტესტს მმართველი პარტიისთვის “ერთიანი რუსეთი”, რომლის მიმართაც უკმაყოფილება მზარდია.

არჩევნებს ასევე უძღოდა წინ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ წამოწყებული კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც ის მოსახლეობას ტაქტიკურად ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, მმართველი პარტიის ძალაუფლების შესარყევად. შედეგად, ქალაქების საბჭოებში მისი არაერთი თანაგუნდელი არჩიეს.

 

წყარო: netgazeti.ge

analytics
«The Hill» (აშშ): „მკვდრეთით აღმდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).

„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.

დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.

აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.

დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო  საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას,  რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და  სულელებად თვლიდნენ?

მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.

წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way