რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობის განცხადებით, დანაშაულებრივი დაჯგუფება Comando Vermelho-ს წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ ოპერაციას 119 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Brasil-ი ავრცელებს.
ეს მონაცემები შტატის უსაფრთხოების ძალებმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს.
ოფიციალური მონაცემებით, ოპერაციის დღეს დაიღუპა 58 ადამიანი და კიდევ 61 ცხედარი ტყეში იპოვეს. დაღუპულთა შორის ოთხი პოლიციელიცაა.
დაპატიმრებულია 113 ეჭვმიტანილი, მათგან 33 სხვა შტატებიდან, და აყვანილია 10 არასრულწლოვანი.
გარდა ამისა, ამოღებულია 118 ერთეული იარაღი (მათ შორის 91 ავტომატი და 27 პისტოლეტი), 14 ასაფეთქებელი მოწყობილობა და ტონობით ნარკოტიკი, რომლის აღრიცხვა ამჟამად მიმდინარეობს.
რიო-დე-ჟანეიროს სამოქალაქო პოლიციის მდივანმა, ფელიპე კურიმ სპეცოპერაციას უსაფრთხოების ძალების „ლეგიტიმური ქმედება“ უწოდა. მისი თქმით, ეს იყო „ყველაზე დიდი დარტყმა, რაც Comando Vermelho-ს დაარსების დღიდან მიუღია“.
ოპერაცია მიზნად ისახავდა კრიმინალური დაჯგუფების ტერიტორიული გაფართოების აღკვეთას და დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერების დაკავებას. აღნიშნული ოპერაცია შტატის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.