USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
дата:  1027

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროპის საინვესტიციო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა.

„რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.

ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. ამასთან, სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მეტრია.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად.

მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, პროექტის დასრულება კი, 2024 წელს იგეგმება.

პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.

რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტირებაზე იმუშავეს ცნობილმა ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და ქართულმა კომპანიებმა. ჯამურად, რიკოთის პროექტირებაზე 140 სპეციალისტი მონაწილეობდა, საიდანაც 84 ადგილობრივი იყო. საპროექტო გუნდი მოიცავდა გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებს, გეოლოგებს, გეოტექნიკოსებს, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების და სხვა დარგის სპეციალისტებს.

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით ჩატარებულ ღია ტენდერში გამარჯვებული 4 სხვადასხვა ჩინური კომპანია, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობენ, რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან და კორეიდან. რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართულია 146 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის, 99 ადგილობრივი და 47 საერთაშორისო ექსპერტი.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60) განვითარება ხელს უწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი და შემცირდება მგზავრობის დრო.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60% (261 კმ) ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 81 კმ-ზე“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати