წყარო:https://www.entrepreneur.com/
რამდენიმე წლის წინ, ქალაქის ქაოსური ცხოვრებიდან მოშორებით, ძმებმა - გორდა და თაზო ნამიჭეიშვილმა, ლისის ტბის სიახლოვეს ივენთ ჰოლი "ლისი მერე" შექმნეს, რომელმაც მომხმარებლებს მასშტაბური და დასამახსოვრებელი ღონისძიებების ჩატარების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა.
"ლისი მერეს" შემდეგ, გორდა და თაზო ნამიჭეიშვილებმა, ადამიანებისთვის, ვისაც ქალაქიდან მოშორებით, სამეგობრო თუ საახლობლო წრეში სურს დროის სასიამოვნოდ გატარება, ახალი რესტორანი შექმნეს. "რიგის პური" - ასე ჰქვია თავშეყრის ადგილს, რომელიც ძველი თბილისის ტრადიციებს თანამედროვე კონცეფციით წარმოადგენს. მკითხველის უმეტესობას, ალბათ, კარგად ახსოვს ძველ თბილისში გამართული დიდი ნადიმები, სადაც რიგის პური იმართებოდა და ამხანაგ-ნაცნობები ერთმანეთს რიგ-რიგად უმასპინძლებოდნენ ხოლმე (იოსებ გრიშაშვილი - "ქალაქური ლექსიკონი"). "რიგის პურის" რესტორნის მთავარი ღირებულებაც შინაურულ გარემოში ადამიანურ ურთიერთობებს ეფუძნება, რის განწყობასაც ქმნის რესტორნის ინტერიერი - ვინტაჟური, ტრადიციული ქართული და თანამედროვე სტილის ელემენტებით.
როგორ გაჩნდა ტრადიციული თავშეყრის ადგილის გაცოცხლების იდეა, რა გარემოს სთავაზობს ის მომხმარებლებს და რა ემოციებთან ასოცირდება "რიგის პურის" გარემო? - ამ კითხვებზე Entrepreneur-ს "ლისი მერესა" და "რიგის პურის" სულისჩამდგმელები, გორდა და თაზო ნამიჭეიშვილები პასუხობენ:
"რიგის პურამდე" იყო "ლისი მერე" - ადგილი, სადაც, დიდი მასშტაბის მქონე ღონისძიებებს მასპინძლობთ. როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ ივენთ ჰოლი? რა ღირებულებაზეა დაფუძნებული აღნიშნული სივრცე?
თაზო: გვსურდა, შეგვექმნა სივრცე, სადაც თითოეული სტუმარი მოხვდებოდა განსხვავებულ გარემოში, მიიღებდა კარგ მომსახურებას, კარგად გაერთობოდა და მყუდრო გარემოში მიიღებდა უმაღლეს სერვისს. ჩვენი მთავარი შედეგი კი იქნებოდა კმაყოფილი მომხმარებელი, რომელსაც ჩვენი ძალისხმევით გავულამაზებდით ღონისძიებას. ასე გაჩნდა "ლისი მერეს" იდეა. მას შემდეგ ვცდილობთ, თითოეულ ღონისძიებას ახალი გარემო დავახვედროთ - ახალი ინვენტარითა და დეკორაციებით. კარგად გვესმის, რომ თითოეულ ვიზიტორს განსხვავებული გემოვნება და საჭიროებები აქვს, აქედან გამომდინარე, ყველა ღონისძიება მათზე მორგებული, განსაკუთრებული და ექსკლუზიურია. მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ თანამედროვე, ტრენდულ ელემენტებს - ეს შეეხება სამზარეულოსა თუ ივენთ ჰოლის გარემოს. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ღონისძიების თითოეული დეტალი იყოს ემოციებთან დაკავშირებული - ამას, ალბათ, მომხმარებლებლიც გრძნობენ. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, ახალი მომხმარებლები ჩვენთან ერთგული მომხმარებლების რჩევით მოდიან.
ინსპირაციას გვაძლევენ მადლიერი და კმაყოფილი მომხმარებლები, ასევე ისსტუმრები, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს და მზად არიან დასამახსოვრებელი ღონისძიების ჩასატარებლად.
ძველი თბილისის ემოციებითა და განწყობით გახსენით ახალი რესტორანი "რიგის პური", რომლითაც ძველი ტრადიციები გააცოცხლეთ. რა გარემოს სთავაზობთ მომხმარებელს და რატომ სახელი "რიგის პური"?
გორდა: "ლისი მერეში" ხშირად მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ კონკრეტულ ღონისძიებაზე მოწვეულნი, თუმცა ჩვენს სივრცეში სურდათ დროის გატარება. სწორედ ამ მოთხოვნამ მოგვცა ინპირაცია, გაგვეხსნა ახალი რესტორანი, რომელიც სამეგობრო და საახლობლო თავშეყრის განსაკუთრებულ ადგილად იქცეოდა.
სივრცე დაყოფილია ოთხ ნაწილად - დარბაზი, ტერასა ლისის ხედით, გარე კაფე ეზოში და იზოლირებული ოთახები, რომელსაც საკუთარი პატარა ეზოები აქვს. სივრცეში გამოყენებული გვაქვს საინტერესო დეკორაციები: ძველი ქარხანა-ფაბრიკებიდან წამოღებული ძველებური ჭაღები, განათებები, უძველესი ნივთები და სხვა.
"რიგის პური" ნიშნავს სამეგობრო ლხინსა და თავშეყრას და სწორედ ამ ემოციის გადმოტანა გვსურდა ინტერიერშიც. მე და ჩემი ძმის მსგავსად, უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, სასიამოვნოდ გაატაროს დრო მეგობრებთან ერთად და ამ შესაძლებლობის გამოყენება მათ თბილისიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე შეუძლიათ. დამატებით, მომხმარებლებისთვის ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად, ვაწყობთ კულტურულ-ქალაქურ საღამოებს და ვთავაზობთ გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას.
"რიგის პური" თავისი არსით ისტორიულ-კულტურული კონცეფციაა, რაც, შესაძლოა, საინტერესო იყოს არამხოლოდ ადგილობრივი ვიზიტორებისთვის, არამედ - ტურისტებისთვისაც. არიან თუ არა თქვენს მომხმარებლებში ტურისტებიც და რა აღაფრთოვანებთ მათ თქვენს სივრცეში?
თაზო: პანდემიის პერიოდში შემცირებული იყო ტურისტების ნაკადი, თუმცა ეტაპობრივად გვსტუმრობენ ხოლმე საზღვარგარეთიდან ჩამოსული ვიზიტორებიც. ის ფაქტი, რომ "რიგის პური" ადამიანურ ურთიერთობებზე დაფუძნებული სივრცეა, ძალიან თბილ და შინაურულ გარემოს ქმნის მომხმარებლებისთვის, რასაც აფასებენ როგორც ტურისტები, ისე - ადგილობრივი სტუმრებიც.
როგორც უკვე ახსენეთ, სერვისი და მომსახურება თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორ არჩევთ გუნდის წევრებს? რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?
გორდა: გუნდის თითოეულ წევრში ვეძებთ ადამიანს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, მომხმარებლებისთვის ღონისძიება გრანდიოზულად ჩატარდეს. დიდ ყურადღებას ვაქცევთ გუნდურობის შეგრძნებასა და იმას, რომ თანამშრომლები ზრუნავდნენ იდეალური საღამოს ორგანიზებაზე.
როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და გეგმები? რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?
გორდა: ჩვენი გუნდის ძალისხმევით, ბაზარზე შემოვა ახალი ბრენდი - "ლისი მერე ვილა" - საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ივენთ ჰოლის მიმდებარედ აშენებდა გაიმეორებს "ლისი მერეს" მყუდრო და განსაკუთრებულ ინტერიერს. ამ ეტაპისთვის მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია და მომხმარებელს შევთავაზებთ პატარა ვილებს, რომლის მთავარი ღირებულება ექსკლუზიურობა და განსაკუთრებული გარემო იქნება. სივრცეს ექნება საკუთარი ეზო და ყურადღება მიექცევა დეტალებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქმნის საოჯახო და მყუდრო გარემოს.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.