USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რეზო ძოძუაშვილი: კაპიტნის სამკალურით გამოვედი მოედანზე. ბალახვანში დამიბარეს და ხუმრობით მითხრეს: რეზოიე ბიჭო, ამ „პავიასკის“ გაკეთება როდის დაიწყე, ჩვენიანი აღარ ხარო?!
дата:  1421

„საიდან მოდის  დღეს ქართველი ფეხბურთელების  სიდიდე?! არ უნდა დავივიწყოთ  ჩვენი  გენიალური  ფეხბურთელები. ამ ხალხით კეთდებოდა ის ძლიერი ფუნდამენტი, რაც აქვს ქართულ ფეხბურთს. ეს არის ჩვენი დიდი ტრადიცია. მე მჯერა, რომ ბორის პაიჭაძე ხარობს იმქვეყნად ჩვენი  ბიჭების წარმატებებით, სხვანაირად ვერ იქნება.  ბორია პაიჭაძის და  შემდეგ სხვების ხელიდან არის გადმოსული ის  ყველაფერი, რაც დღემდე მოვიდა“  -  ასე აფასებს ქართული ფეხბურთის დღევანდელ დღეს  ვეტერანი ფეხბურთელი რეზო ძოძუაშვილი, რომელსაც საფეხბურთო რეგალიები და  გამარჯვებები არც თავად დაჰკლებია.

რეზო ძოძუაშვილი ფეხბურთში გატარებული წლების, ძველი ისტორიების და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულის შესახებ, რომელიც მის მეხსიერებას კადრებივით სიზუსტით შემორჩა.

_ ბატონო რეზო, ქართველი ფეხბურთელების ბოლოდროინდელმა გამარჯვებებმა  ყველას გაგვახსენა თქვენი თაობის  წარმატებული ფეხბურთელები, რომელთაც ალბათ, განსაკუთრებული ემოციები გაქვთ, როდესაც საქართველოს ნაკრების საუკეთესო თამაშებს უყურებთ.

_  ის წარმატებები, რაც ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთს აქვს ყველას ძალიან გვახარებს. პოლიტიკით  ჯერ ვერ, მაგრამ ფეხბურთით ნამდვილად შევდივართ  ევროპაში (იცინის) კარგია, რომ ამ ბიჭების მეშვეობით ეს კავშირები უფრო მყარდება და ეს  ხიდიც  იდება. ჩვენი ქართული ხასიათი და ბუნება, ბავშვობაში ქუჩაში, ეზოში  დაწყებული ფეხბურთის თამაში, დიდი სიყვარული, რაც ტრადიციულად მოდის ჩვენს ოჯახებში დედიდან, ბებიიდან, საბოლოო ჯამში, აქ ჩაყრილი ფუნდამენტი და ევროპული კარგი საფეხბურთო პირობები ეხმარებათ  მათ იყვნენ  ძალიან კარგები. მათ თამაშს ვუყურებ არა მარტო როგორც ფეხბურთელი, ასევე როგორც მწვრთნელი და ამასთან, ვეტერანიც. თუ ხარ  ჩართული ფეხბურთში ნაბიჯიდან ნაბიჯამდე, როგორც მე  ვიყავი და ვარ, დღემდე ამითი ვცხოვრობ, მათი თამაშით მიღებული სიამოვნება ათმაგდება. ჩვენმა ახალგაზრდებმა, კვარცხელიამ, მამარდაშვილმა, სხვა ბიჭებმა, რომლებიც ლეგიონერებად არიან კარგ  კლუბებში და შეეჩვივნენ ევროპულ ფეხბურთს, ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენეს. ამ პლეადას აქვს საშუალება ევროპას „ებრძოლოს“, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები იზრდებიან,  ჩემი პერიოდის ფეხბურთელებისთვის ეს ასპარეზი იყო  საბჭოთა კავშირის მასშტაბით, როდესაც ვხვდებოდით  სხვადასხვა რესპუბლიკის გუნდებს, თუმცა ჩვენც გვიწევდა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, მსოფლიო, ევროპის, ოლიმპიურ ტურნირებში. 1968 წლიდან 25 ჯერ ვიყავი ნიუ იორკში. სამხრეთ ამერიკაში მივდიოდით ხოლმე ნიუ იორკიდან. როცა იგვიანებდა თვითმფრინავი, 2-3  დღე ნიუ იორკში ვჩერდებოდით ხოლმე. ბევრი ევროპის, მსოფლიო, ოლიმპიური თამაში მაქვს  ნათამაშები.

232936251_0_0_1497_846_2072x0_60_0_0_2a707d6910291d42b5e3b75675f81239

თქვენი და თქვენს წინა თაობის საფეხბურთო ტრადიცია რა როლს  ასრულებს ჩვენი ფეხბურთელების წარმატებაში?

_  საიდან მოდის  ჩვენი ბიჭების  სიდიდე?!  არ უნდა დავივიწყოთ ისეთი გენიალური პიროვნებები, როგორებიც  იყო ბორია პაიჭაძე,  ავთო  ღოღობერიძე, გივი ჩოხელი სხვები და სხვები  ამ ხალხით კეთდებოდა ის ძლიერი ფუნდამენტი, რაც აქვს ქართულ ფეხბურთს.  მათ, ვინც ჩვენს  თაობას დახვდა ფეხბურთში და  ბევრი კარგი ტრადიცია გადმოგვცეს, ასევე  გადავეცით ჩვენ ჩვენს შემდეგ თაობას. ეს არის ჩვენი დიდი ტრადიცია. მე მჯერა, რომ ბორის პაიჭაძე ხარობს იმქვეყნად ჩვენი  ბიჭების წარმატებებით, სხვანაირად ვერ იქნება. ბორია პაიჭაძის  ხელიდან გადმოსულია და შემდეგ უკვე სხვათა ხელიდან ის ყველაფერი, რაც დღემდე მოვიდა. მე მაქვს  ამისი თქმის უფლება,რადგან ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი  დაიწყო საბავშვო ბაღიდან და  ქუჩის ფეხბურთიდან მსოფლიო დონის ფეხბურთამდე ავიყვანე საკუთარი  თავი.  იოლი გზა არ გავიარე, იყო ბევრი გაჭირვება, მსხვერპლი, იმედაგაცრუება, გულდაწყვეტა, მაგრამ თავაწეულმა შემიძლია ვთქვა, რომ თუ რამის მიღწევა შეიძლებოდა ფეხბურთში ყველაფერს მივაღწიე.  სადაც ვითამაშე, ყველგან ვიყავი ლიდერი,  სოხუმის „დინამოშიც“, ქუთაისის „ტორპედოშიც“, მერე თბილისის „დინამოშიც“,  ნაკრებში, სადაც 5 წლის განმავლობაში  ოფიციალურ ტურნირებზე, მსოფლიო, ევროპის, ოლიმპიურ თამაშებზე  არც ერთი მატჩი არ გამომიტოვებია.  ეს იშვიათობა იყო. ჩემმა თაობამ და მე ესტაფეტა მივიღეთ 1964 წლის გამარჯვებიდან, როდესაც თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ეს იყო ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება, რაც მოგვიტანეს მურთაზ ხურცილავამ, გიორგი სიჭინავამ,  ჯემალ ზეინკლიშვილმა, გივი ჩოხელმა, ბორია სიჭინავამ, გურამ ცხოვრებოვმა, შოთა იამანიძემ, მიშა მესხმა, სლავა მეტრეველმა,  ილია დათუნაშვილმა, ვლადიმერ  ბარქაიამ,  ზაურ კალოევმა და სხვებმა.1964 წლის გამარჯვება წინა წლების დიდი მუშაობის  შედეგი იყო.  მაშინ საბჭოთა კავშირს სტალინი და ბერია ხელმძღვანელობდნენ, მათი ჩარევით თუ ხელშეწყობით თბილისში გაკეთდა გენიალური დიღმის ბაზა, დინამოს სტადიონი, 35-ე სკოლა, ინტერნატი-აკადემია,  რომელმაც ბევრი კარგი ფეხბურთელი გაზარდა თბილისის „დინამოსთვის“, რომლებიც  მოგვიანებით, სამწვრთნელო კუთხით გადაჰყავდათ. ამ ყველაფრის თავი და თავი იყო ანდრო ჟორდანია, რომელსაც როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვთნელს, ჰქონდა გენიალური უნარი და ნიჭი.

1964 წლის გამარჯვების შემდეგ მოვიდა ჩვენი თაობა. ფეხბურთში თაობათა ცვლა ბუნებრივი პროცესია. ჩვენც კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მივაღწიეთ იმას, რომ სულ ვიყავით სამეულში საბჭოთა კავშირის გუნდებს შორის.ეს არ იყო იოლი. მაშინ ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა საბჭოთა კავშირის გუნდებში. ყოფილიყავი კარგი ფეხბურთელი, რთული იყო ყველა პერიოდისთვის. ბევრი უნარი უნდა გქონდოდა - კარგად გერბინა, კარგად გეხტუნავა, ბურთი გცოდნოდა კარგად, ამას აკეთებდა ის, ვინც მეტად ვარჯიშობდა.  შეიძლება ნიჭიერი იყო, მაგრამ თუ  ბევრი  არ იმუშავე, შედეგს ვერ მიაღწევ. იყო დრო ფეხბურთელს 2-3 საათი ყოფნიდა ვარჯიში, მერე ეს დრო გაიზარდა, თუ გინდოდა წარმატებისთვის მიგეღწია   4 - 6 საათი მაინც  უნდა გევარჯიშა.  90 - იან წლებში, როდესაც საქართველოში არეულობა იყო,  მწვრთნელი ვიყავი. ჩემი ბიჭები, რამე შარში რომ არ გახვეულივნენ, ღამის 12 საათზე შემყავდა დარბაზში და ღამის სამ საათამდე ვარჯიშში ვიყავით.  ეს იყო არველაძეების, ქინქლაძის, ჯამარაულის, ყაველაშვილის  თაობა, ყველა იმ დროს  გაზრდილი ბიჭია,  რომლებმაც ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშეს „დინამოშიც“ და ნაკრებშიც. რომ ნახეს როგორი გუნდი გავაკეთეთ, მოგვეტმასნენ  მერე ხან ძველი ბიჭები, ხან მხედრიონელები, ხან ქურდები და მე მომაშორეს იქიდან. 

fKSI9pyJezI

_ თქვენი საფეხბურთო კარიერა როგორ დაიწყო?

_  ფეხბურთის თამაში დავიწყე ქუთაისში. მე ბალახვანში გავიზარდე. იქ ქუჩაში ყველა ბურთს ვაგორებდით, თუმცა მე ბევრ სპორტზე დავდიოდი. კარგად ვთამაშობდი კალათბურთს, ფრენბურთს, ხელბურთს,  კრივს, ჩემპიონატებზეც გამოვდიოდი.  კრივმა მომცა გამძლეობა, ფიზიკური მომზადება, რაც  ძალიან გამომადგა. მეც მითქვამს ბევრი სპორტსმენისთვის, წადით ჭიდაობაში, ბევრ რამეს მოგცემთ-მეთქი. ერთხელ ეს მითხრა მიშა მესხმა, რომელიც ფეხბურთამდე ჭიდაობდა, ყველაფერში ეტყობოდა, რომ  მოჭიდავის ფეხებზე  იდგა.  მიშა მესხთან  ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ძალიან მიყვარდა.ისეთ პატივს ვცემდი, ერთად რომ მივდიოდით სადმე,  ჩანთას წავართმევდი ხოლმე, მიხაროდა რომ  ხელში მისი ჩანთა მეჭირა და  მე მიმქონდა. წარმოიდგინეთ, ამ ხალხს სიზმრებში  ვნახულობდი და უცებ აღმოვჩნდი მათ გვერდით. თავიდან   ბორია პაიჭაძესთან ახლოს მისვლა მერიდებოდა. ის ქართული ფეხბურთის ბელადი იყო.  პაიჭაძის მიმართ  იმხელა სიყვარული  და პატივისცემა მქონდა, სიტყვებით არ გადმოიცემა, უნიკალური პიროვნებები იყვნენ ურთიერთობებში.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მოვხვდი. მაშინ სპარტაკიადებში ვმონაწილეობდი, როგორც ფორვარდი. ერთხელ წასული ვიყავი სპარტაკიადაზე, როდესაც  ქუთაისში  ჩამოვიდა  მოსკოვის ცსკა, რომელსაც ჰყავდა   უძლიერესი მწვრთნელი  ბორის არკადიევი.  მამაჩემი  მივიდა  მასთან სტადიონზე, სახლში მიიპატიჟა. ყოჩაღი კაცი იყო მამაჩემი,  არკადიევს უთხრა:  ჩემი შვილი ფეხბურთელია, ახლა  სპარტაკიადაზეა და რომ ჩამოვიყვანო მოსკოვში გასინჯავო? კიო, დაეთანხმა არკადიევი. კარგი პატივიც სცეს ჩემებმა. არკადიევმა ჩემთვის  დაწერა წერილი და ხელიც მოაწერა, წერილში  მწერდა,  რომ  ქუთაისში გაიცნო  ჩემი  ოჯახი და მზად იყო,  გავესინჯე მოსკოვში. ამ ამბიდან  ერთი თვეა გასული,  თბილისში ვარ ჩამოსული, დიღომში ჩემს ნათესავთან ვცხოვრობ.  200 მეტრში  იყო დინამოს ბაზა, გავდიოდი ხოლმე და ვუყურებდი ვარჯიშებს, რომელსაც ლეგენდარული მწვრთნელი  იაკუშინი ატარებდა. იაკუშინი არკადიევთან  და მასლოვთან ერთად  საბჭოთა კავშირის მწვრთნელების სამეულში იყო.  მამაჩემმა  როგორღაც მოახერხა და შეხვდა  იაკუშინს, უთხრა: ჩემი შვილი ფეხბურთელია, მოსკოვში უნდა ჩამოვიყვანო, არკადიევი ეპატიჟებაო და აჩვენა არკადიევის წერილი.  არკადიევი და იაკუშინი მოსკოვში მეზობლები იყვნენ, ერთ სართულზე ცხოვრობდნენ.  მეგობრობდნენ კიდეც, მაგრამ ერთმანეთთან პროფესიული კონკურენცია მაინც  ჰქონდათ,  სულ იმის მტკიცებაში იყვნენ, რომელი იყო პირველი. როგორც კი იაკუშინმა არკადიევის დაწერილი შინაურული წერილი ნახა, მამაჩემს უთხრა, ხვალვე  მომიყვანე შენი ბიჭი, მე გავსინჯავო.  პირველივე ვარჯიშზე მოვეწონე და  დამტოვა. ერთი წელი  ვითამაშე დუბლებში, რაც იმ ერთ წელიწადში იაკუშინისგან ვისწავლე, მთელი ცხოვრება იმ ხაზს გავყევი, მაგრამ რატომღაც მაინც  ქუთაისში გადავწყვიტე გადასვლა.  ცოტა ცხვირაწეული  ჩავედი „ტორპედოში“,   რადგან თბილისის „დინამოდან“  ვიყავი გადასული, თუმცა ვარჯიშებზე ისეთი განსხვავება დავინახე „დინამოს“ და „ტორპედოს“ შორის,  ვიფიქრე, ეს რა ჩავიდინე, დახვრეტის მუხლი გამოვუტანე საკუთარ თავს -მეთქი. იმ დროს ქუთაისში „ტორპედოს“ მწვრთნელად  დანიშნეს ანდრო ჟორდანია.  მისმა მოსვლამ  გუნდში ყველაფერი შეცვალა. მე ვარსკვლავური მეჭირა, როგორც თბილისის „დინამოდან“  გადმოსულს და გამოვაცხადე,  დუბლში თუ მათამაშებთ, ავდგები და წავალ გუნდიდან-მეთქი. არა და ისეთ პატივს ვცემდი ანდროს, ვიცოდი,  როგორი მაგარი იყო, თან ნათქვამი ჰქონდა ჩემზე, ეს ბიჭი კარგ ფეხბურთს ითამაშებსო. ახალგაზრდა ვიყავი და მეგონა, სადაც წავიდოდი, ხელის გულზე დამხვდებოდნენ არკადიევები, იაკუშინები და ანდრო  ჟორდანიები. არ აღმოჩნდა ასე (იცინის) წავედი ოდესაში, იქ ორი გუნდი იყო,  მაგრამ რაღაც არ  მომეწონა და გადავედი სოხუმის „დინამოში.“  ბედმა გამიღიმა და იქაც სასწაულ მწვრთნელთან იური გრამატიკოპულოსთან მოვხვდი.  კარგი მომზადებული ვიყავი, პირველივე  ჯერზე  4 გოლი შევაგდე. სოხუმის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში გადავიტანე გეპეიდან საბუთები, ვითომ ტექნოლოგად, მაგრამ დღემდე ფეხბურთის გარდა არაფერი ვიცი. სოხუმში რამდენიმე წელი ვითამაშე, უკვე ბომბარდირი ვიყავი პირველ ლიგაში. როგორც კი  გენო ზარია წავიდა გუნდიდან, იურამ კაცურად მთხოვა და მე დამაყენა ცენტრალურ დამცველად. კარგი სირბილი მქონდა, თავითაც კარგად ვთამაშობდი,  ბურთის ტექნიკა ვიცოდი კარგად, ისეთ მწვრთნელებთან მქონდა გავლილი. ფეხბურთი იმ დონეზე მიყვარდა, ოღონდ მეთამაშა და არაფერს დავეძებდი. სოხუმის „დინამოში“ ვიყავი, როდესაც ბათუმის „დინამოში“ შემომთავაზეს  გადასვლა, უკვე მიღებული მქონდა გადაწყვეტილება, როცა გავიგე, რომ  ქუთაისის „ტორპედოც“  ეძებდა  მცველს. დავბრუნდი მეორედ ქუთაისში. ახალგაზრდა ვიყავი, ვეძებდი ჩემს ადგილს, რადგან  დიდი ფეხბურთის თამაში იყო ჩემი ოცნება და მიზანი. 

ckn6tt1vcqc

_ აისრულეთ ეს ოცნება,  რეგალიები არ დაგკლებიათ  - შვიდჯერ დაგასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის, ევროპის ვიცე - ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ხართ.

_  ბევრი კარგი თამაში  მაქვს  ჩატარებული. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ჰყავდა საუკეთესო ფეხბურთელი ჯორჯ ბესტი. ისეთი დონის ფეხბურთელი იყო, მადამ ტუსოს მუზეუმში პირველ ადგილზეა, როგორც ფეხბურთელი.  მისი მაისური  მაქვს ჩამოტანილი ქუთაისში. მსოფლიო პირველობის შესარჩევ მატჩებში მე დამევალა  ბესტის  „ჩაკეტვა“ და „გათიშვა“.  5 – 6 ფეხბურთელს  განიხილავდნენ ამ ადგილზე, მაგრამ ბოლოს ჩემზე შეაჩერეს არჩევანი, პერსონალურად ვიყავი მასზე მიმაგრებული, არა და 3-4 თვის მისული ვიყავი ნაკრებში.  

იყო რამდენიმე გულდასაწყვეტი ეპიზოდი ჩემს კარიერაში. მსოფლიო პირველობაზე მექსიკაში ჩავფრინდით, ურუგვაის ვეთამაშებოდით.   კუთხურზე გადასული ბურთი შემოიტანა მოწინააღმდეგემ, ჩაკიდა საჯარიმოში, ჩვენები გაჩერდნენ და  გაგვიტანეს გოლი. ის  თამაში რომ მოგვეგო, მერე ბრაზილიას ვხვდებოდით, პელეს წინააღმდეგ მე მამზადებდნენ, მაგრამ არ გამოვიდა ეს ამბავი. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. უკვე უნდა წავსულიყავით, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ჩილეში სტადიონზე კომუნისტები დახვრიტეს და ამის გამო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ჩემპიონატზე ჩასვლაზე. ეს მსოფლიო ჩემპიონატი  წაგვართვეს ჩვენს თაობას. მაშინაც კარგად იყო გარეული პოლიტიკა ფეხბურთში. რამდენიმე საუკეთესო ევროპულ ნაკრებთან და ფეხბურთელთან  მაქვს ნათამაშები,  მათ ისეთ დონეზე „ვკეტავდი“, გასაქანს არ ვაძლევდი, ეს კარგად იცის ფეხბურთის გულშემატკივარმა. არც საბჭოთა კავშირს  ჰყავდა ცუდი ფეხბურთელები. მეამაყება, რომ თუ ვინმე მაგარი იყო  საბჭოთა კავშირის ფეხბურთში, ბლოხინები და მისნაირები, ყველასთან მაქვს ნათამაშები და ისე, რომ არც ერთ მათგანთან არ ვარ წაგებული.

1650034249-რევაზ-ძოძუაშვილი-ჯორჯ-ბესტი (1)

ძოძუაშვილი და ბესტი

 _ დღეს ყველაზე მეტად რა გენატრებათ წარსულიდან?

_  ისევ ფეხბურთი, მხოლოდ და მხოლოდ  - ფეხბურთი. მე ფეხბურთით ვცხოვრობდი. არ ვზეიმობდი ტურნირებს, მედლებს, მხოლოდ ფეხბურთი მაინტერესებდა. ეს იყო ჩემი ზეიმი, ჩემი საყვარელი საქმე. როდესაც ფეხბურთის თამაშიდან  ჩემს მეორე პროფესიაზე მწვრთნელობაზე გადავედი,  სადაც  წლები გავატარე, თითოეულ ფეხბურთელს, ისე ვაყალიბებდი, როგორც მე გავზარდე ჩემი თავი.  იაკუშინის, კაჩალინის, ანდრო ჟორდანიას სკოლა მქონდა გავლილი, ბევრი კარგი გადავიღე მათგან, ასევე კარლო ხურციძისგან, გივი ჩოხელისგან.   თავიდან თავდაცვის სამინისტროს გუნდს ვწვრთნიდი.  5 - 6 თვეში გუნდი პირველ ადგილზე გავიყვანე ჩემპიონატზე  თავდაცვის სამინისტროს გუნდებს შორის საკავშირო მასშტაბით.  აქედან გადავედი სამტრედიაში, შემდეგ ფოთში, ქუთაისში.  ყველაფერთან ერთად ვმსაჯობდი კიდეც,  მაინტერესებდა მსაჯების ფსიქოლოგია და ამ მხარეს იმიტომ წავედი. ისე მიყვარდა ფეხბურთი, ყველა ფლანგზე მოვსინჯე საკუთარი თავი.  იმის მიუხედავად, რომ აქტიურ ფეხბურთიდანაც გამრიყეს და მწვრთნელობიდანაც, ეს სპორტულ ცხოვრებაში „მოდის“, მე მაინც ჩემი გავიტანე. არ ვიტყვი, რომ ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი ვიყავი, მაგრამ მქონდა კარგი უნარები და შრომაც მიყვარდა,  ბევრს ვვარჯიშობდი. ოდესაში ღამეები დარბაზში მეძინა. ღამის 3 საათამდე ვვარჯიშობდი ხოლმე კალათბურთის დარბაზში. სხვანაირად წარმატებას ვერ მივაღწევდი. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ  ფეხბურთის ასეთი დიდი სიყვარული მაჩუქა და ფეხბურთს დამაკავშირებინა ცხოვრება.    

 _  თუმცა როგორც ვიცი, ბავშვობაში ჩელოზე გატარებდნენ.

_  ჩემი და ჩელოს ისტორია ასეთია -  ჩემი დეიდაშვილია მურთაზ  გულედანი, რომელიც ძალიან მაგარი წყალბურთელი და მეკარე იყო. ჩვენ სულ ერთად ვიყავით,  ბებია და ბაბუა, როგორც ძმებს,  ერთად გვზრდიდნენ. მურთაზი ერთი წლით უფროსი იყო ჩემზე, რა გზასაც ის გადიოდა, მეც იმ გზაზე მატარებდნენ.  პატარები ვიყავით, როცა  მურთაზი  მიიყვანეს  მუსიკალურ სკოლაში. ლამაზი თითები ჰქონდა და  სკრიპკაზე შეიყვანეს. მეორე წელს მე შემაქანეს მუსიკალურში. საბუთების შეტანის დროს, ვუთხარი, მეც სკრიპკაზე მინდა სწავლა მეთქი. შემომხედეს ხელებზე ამ ნახულიგნარ  ბიჭს და მე რომ მეგონა სკრიპკაზე უნდა მესწავლა, თურმე,  ჩელოს ჯგუფში  ჩამწერეს.   მე და მურთაზი მუსიკალურ სკოლაში რომ მივდიოდით, მთელი უბანი მოგვდევდა. მაშინ მოდაში იყო, პანაშვიდებზე სკრიპკას და ჩელოს აკვრევინებდნენ და მოდიან პანაშვიდის ბიჭებიო, იძახდნენ. რომ წამოვიზარდე მრცხვენოდა და ჩელოს ვმალავდი ხოლმე, მაგრამ იმხელა ჩელოს სად დავმალავდი? მერე და მერე, უარს ვამბობდი მუსიკალურ სკოლაზე, დედაჩემს რომ ეგონა, მუსიკალურში  ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი ქუჩაში.  ბალახვანს თავისი წესები ჰქონდა. სხვათაშორის  მე  რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. დედა მუშაობდა  მუსიკალურ  სკოლაში და  რუსულ საბავშვო  ბაღში, მუსიკის მასწავლებლად და მეც მაგიტომ შემიყვანეს რუსულ სკოლაში. ეს რომ  უბანში  გაიგეს, ლამის გამლახეს.  ბალახვანი ელიტური უბანი იყო, ვაჟკაცების, ძველი ბიჭების უბანი. იქ საწყალი არავის უნდოდი, მაგარი უნდა ყოფილიყავი. თამაშს რომ მოვიგებდით, უნდა გენახათ რამხელა სიყვარულით მხვდებოდა  მთელი უბანი. ერთხელ კაპიტნის სამკალურით გამოვედი მოედანზე, ბალახვანში დამიბარეს და ხუმრობით მითხრეს, რეზოიე ბიჭო, ამ „პავიასკის“ გაკეთება როდის აქეთ დაიწყე, ჩვენიანი აღარ ხარო?!  (იცინის)    

რასაც მე ფეხბურთში მივაღწიე, იმაზე მეტი სიმაღლე არ არსებობდა იმ დროში.1968 დან 1976 წლამდე „დინამოში“  თამაში არ მქონდა გამოტოვებული, მასე ვიყავი 2 წელი ქუთაისის „ტორპედოში“. 5 წლის განმავლობაში  15 რესპუბლიკას შორის  მქონდა ჩემი ადგილი -  N2.   არასდროს არავისთან თავდახრილი არ გამოვსულვარ მოედნიდან. ისე წავედი ფეხბურთიდან,  ერთი შემგინებელი არ მყოლია. მაშინ რომ მსოფლიო გახსნილი ყოფილიყო, სხვა შესაძლებლობები გვექნებოდა, მაგრამ  გული არაფერზე არ მწყდება. როცა იმ პერიოდს, ჩემს თამაშს   ვიხსენებ, დღემდე თვალწინ მიდგას ყველა ნიუანსი.  

როცა ახალგაზრდა ვიყავი, ხელის გულზე გვატარებდნენ ფეხბურთელებს. ჩვენ  ყველას ვუყვარდით, უხაროდათ ჩვენი დანახვა, ქართველი გულშემატკივარი მაშინაც გამორჩეული იყო.  ფეხბურთი ამ ქვეყანაში იყო და დარჩება ყველასთვის საყვარელ სპორტად. ყველა პატივს გვცემდა, მინისტრიდან დაწყებული. ძმაკაცს თუ პრობლემა შეექმნებოდა, ან იხულიგნებდა, ან ჯარიმას დაუწერდნენ, შევდიოდი შსს მინისტრთან, სათხოვნელად.  აბა რა გინდაო, პირდაპირ მეტყოდა ხოლმე. დღეს ისე მაგრად ითამაშე, უარს როგორ გეტყვიო - სიცილით იცოდნენ თქმა,   მაგრამ თუ ცუდად ითამაშებდი, ერთი კვირა ვერ გამოხვიდოდი გარეთ (იცინის) სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი სიყვარული მომიტანა ფეხბურთმა.  ამას წინათ მანქანა მივიყვანე პროფილაქტიკაში, ფულის გადახდა რომ დავაპირე, არ გაბედოო, მითხრა ხელოსანმა. გიხარია ეს სიყვარული და პატივისცემა, რაც ამდენი წლები გავიდა  და ისევ მაქვს ჩემს ქვეყანაში.  

 

თამუნა ნიჟარაძე  

117851360_2629247180631629_948409314905305576_n

 რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, არველოდ ჭითანავა, გურამ გაბისკირია, ალექსანდრე ჩივაძე

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати