თურქეთი უკრაინასთან ან რუსეთთან ურთიერთობებზე უარს ვერ იტყვის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ ვერ ვიტყვით უარს უკრაინასთან ან რუსეთთან ურთიერთობებზე. რუსეთთან გვაქვს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. ასევეა უკრაინის შემთხვევაშიც. უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომ გადავჭრათ ეს კონფლიქტი რომელიმე ქვეყანაზე უარის თქმის გარეშე. რა თქმა უნდა, როგორც ყირიმის შემთხვევაში, თურქეთის პოზიცია ახლაც უცვლელია. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეზობლები, რუსეთ და უკრაინა, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდას“, - განაცხადა ერდოღანმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.
ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღეს, შემდეგ კი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონში განაცხადეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხება.