წყარო:https://bm.ge/
მრავალსაუკუნოვანი არსებობის ისტორიაში, ადამიანს არაერთი საინტერესო ტექნოლოგია გამოუგონია. თუ ჩვეულებრივ, ამ თემაზე საუბრისას თვითმფრინავი, ავტომობილი ან ბორბალი გვახსენდება, არ უნდა ვთქვათ უარი, მაგალითად ცეცხლის გამოყენების ტექნოლოგიაზე. თუმცა კიდევ ერთი მიგნება ან გამოგონება, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა - ფულია.
ფულის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ და რეალურად, ყველა ჩვენი ქმედება, ასე თუ ისე, ფულში გამოიხატება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ადამიანი - ეკონომიკური არსებაა. თავის დროზე, ადრეული ადამიანი ფულის ნაცვლად სხვადასხვა ქვებს, ნიჟარებს, საქონელს და მის მიერ წარმოებულ პროდუქტებს იყენებდნენ, დროთა განმავლობაში, ეს სფერო მეტად განვითარდა და ჯერ ოქროზე გადავედით, მერე კი ქაღალდის ფულზე და ახლა, საერთოდ კრიპტოვალუტაზე ვსაუბრობთ.
თუმცა, დღევანდელი საქმიანი საღამო და ამ გადაცემის უკვე ტრადიციად ქცეული რეიტინგები ეძღვნება არა ფულს, არამედ კომპანიებს, რომლებიც ფულს სხვადასხვა ფორმით იყენებენ და ამით, კიდევ უფრო მეტ ფულს და დოვლათს ქმნიან საზოგადოებისთვის. დღეს, მსოფლიოს იმ უმსხვილესი კომპანიების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ქმნიან ფინანსურ სერვისებს, ფლობენ და მართავენ საფონდო ბირჟებს და ფლობენ კომპანიებსაც.
ამჯერად, ფინანსური სერვისების მომწოდებელი უმსხვილესი კომპანიებით დავიწყოთ. ამ სიაში ამერიკული კომპანიები დომინირებენ, რაც უცნაური სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ მსოფლიოს უმდიდრესი ეკონომიკაა. ამ მიზეზის გათვალისწინებით არც ისაა მოულოდნელი, რომ რიგით მე-5 კომპანია ჩინურია - "ჩინეთის ინდუსტრიისა და კომერციის ბანკი", რომელიც $6.3 ტრილიონის აქტივებს ფლობს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უდიდეს ბანკად ითვლება.
ბანკებს რაც შეეხება, ფინანსური სერვისების მომწოდებელი უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში მათ კიდევ ორი წარმომადგენელი ჰყავთ - ამერიკული JPMorgan Chase-ი და Bank of America, რომლებიც არამხოლოდ უდიდესი ბანკები არიან აშშ-ში, არამედ მსოფლიოშიც. ჯამურად, ეს ბანკები $6.97 ტრილიონის აქტივებს მართავენ და მსოფლიოს გარშემო ასი ათასობით ადამიანს ასაქმებენ.
რეიტინგში ვხვდებით პლასტიკური და უკვე ციფრული ბარათების გამომშვებ და გადახდების ორ უდიდეს კომპანიას - Visa-სა და Mastercard-ს. ორივე ეს კომპანია, რეალურად, იდენტურ პროდუქტს აწარმოებს და შესაბამისად, მთავარ განსხვავებას ამ კომპანიის ბრენდებში უნდა ვეძებოთ. გლობალურ ბაზარზე, ამ კომპანიებს ფაქტობრივად იდენტური რაოდენობის ბარათები აქვთ გამოშვებული, რომელთა ჯამური რაოდენობა 4.8 მილიარდს შეადგენს. განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოში, სადაც სადებეტო ბარათების მიმართულებით, 2.5 მილიონი ბარათით Mastercard-ი ლიდერობს, საპირწონედ Visa-ს 2.5 მილიონისა. თუმცა საკრედიტო ბარათების შემთხვევაში, ლიდერი Visa-ა, რომელსაც 142 ათასზე მეტი ბარათი აქვს გამოშვებული, როცა Mastercard-ის ასეთი ტიპის ბარათების რაოდენობა 80 ათასს შეადგენს.
ფინანსური სერვისების მომწოდებელი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი, შემდეგნაირად გამოიყურება:
Visa (აშშ) - $477.6 მლრდ
JPMorgan Chase (აშშ) - $421.2 მლრდ
Mastercard (აშშ) - $372.5 მლრდ
Bank of America (აშშ) - $215.9 მლრდ
ICBC (ჩინეთი) - $215.7 მლრდ
კატეგორიის ჯამური კაპიტალიზაცია: $11.2 ტრილიონი
მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ორგანიზაციებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ საფონდო, სასაქონლო და კრიპტობირჟების მფლობელი ჰოლდინგური კომპანიებიც. ამ შემთხვევაში, უდავო ლიდერია ამერიკული CME Group-ი, რომელიც ფინანსური პროდუქტებით, საბირჟო საქონლით და ძვირფასი ლითონებით მოვაჭრე უმსხვილეს ბირჟებს - Chicago Mercantile Exchange-ს, Chicago Board of Trade-ს, New York Mercantile Exchange-სა და Commodity Exchange-ს, რომლებიც აშშ-ის ორ ფინანსურად მნიშვნელოვან ქალაქში, ნიუ-იორკ-სიტიში და ჩიკაგოში მდებარეობს.
მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟების ჩამონათვალში, ცხადია, ვხვდებით დალისტული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უდიდეს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას, რომელიც Intercontinental Exchange-ის ჯგუფში შედის. ეს ჰოლდინგი თორმეტ ბირჟასა და ხუთ საბანკო ანგარიშსწორების პალატას ფლობს, ხოლო ამ ბირჟებზე ყველაფრით ვაჭრობენ, რით ვაჭრობაც ლეგალურად შესაძლებელია.
სიაში ასევე ვხვდებით ლონდონის, ჰონგ-კონგისა და ფრანკფურის საფონდო ბირჟების მფლობელ კომპანიებს. ამათგან, განსაკუთრებით საინტერესოა ლონდონის საფონდო ბირჟა, რომელზედაც სამი უდიდესი ქართული კომპანიის - "თიბისი ჯგუფის", "საქართველოს ბანკის ჯგუფისა" და "საქართველოს კაპიტალის" აქციები არის განთავსებული.
მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟების რეიტინგი, შემდეგნაირად გამოიყურება:
CME Group (აშშ) - $71.9 მლრდ
Intercontinental Exchange (აშშ) - $61.2 მლრდ
London Stock Exchange (დიდი ბრიტანეთი) - $54.7 მლრდ
Hong Kong Exchanges & Clearing (ჰონგ-კონგი) - $47.6 მლრდ
Deutsche Börse (გერმანია) - $31.3 მლრდ
კატეგორიის ჯამური კაპიტალიზაცია: $383 მილიარდი
მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო კომპანიებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით საინვესტიციო კომპანიებს, რომელთა მთავარი დანიშნულება - სხვა კომპანიების მართვაა. ამ კატეგორიის უდავო ლიდერია უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერის ლეგენდარული დუეტის მიერ შექმნილი Berkshire Hathaway-ი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი კომპანიების მაჟორიტარი აქციონერია. Berkshire-ის პორტფელში ხუთი ყველაზე დიდი აქტივი, შემდეგნაირად გამოიყურება: Apple-ი, Bank of America, American Express-ი, Coca-Cola და Chevron-ი.
უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების ჩამონათვალში ვხვდებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ International Holding Company-ისაც, რომელიც აქტივებს, სწორედ ამ ქვეყანაში მართავს. კომპანიის პორტფელში ვხვდებით, როგორც ენერგეტიკულ, ასევე ლოგისტიკურ, სამშენებლო, სამედიცინო კომპანიებს, ასევე სპორტულ კლუბებს, ანუ ჰოლდინგის ინვესტიციები, სექტორალურად, საკმაოდ დივერსიფიცირებულია.
აღნიშნულ სიაში მოხვდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენ მიერ ზემოხსენებული JPMorgan Chase-ის დამფუძნებლის, ჯონ პირპორტ მორგანის შვილის, ჯონ პირპორტ მორგან უმცროსის მიერაა დაფუძნებული.
მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების ჩამონათვალი, შემდეგნაირად გამოიყურება:
Berkshire Hathaway (აშშ) - $783.6 მლრდ
International Holding Company (აგს) - $239.5 მლრდ
Morgan Stanley (აშშ) - $136.2 მლრდ
Prosus (ნიდერლანდები) - $129.2 მლრდ
Prologis (აშშ) - $103 მლრდ
კატეგორიის ჯამური კაპიტალიზაცია: $3.8 ტრილიონი