საქართველოს ექსპრემიერმა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა საქართველოს მიერ განსახორციელებელი ეკონომიკური რეფორმების შესახებ გამართა პრეზენტაცია. ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს ახლა აქვს შანსი იქცეს დასავლეთის მთავარ პარტნიორად რეგიონში და ამით მოიპოვოს გასაღები მთელი რეგიონის და ევროპის მაკავშირებელი ფუნქციის შესასრულებლად. ამისთვის ნიკა გილაური აუცილებლად მიიჩნევს მკაფიო სვლას ევროკავშირისკენ და ამავდროულად, იმ მომენტუმის გამოყენებას, რაც ამჟამად ცენტრალური აზიის რეგიონში რუსეთისგან ლოგისტიკური და ეკონომიკური დივერსიფიკაციის, ასევე აქტივების პრივატიზაციას გულისხმობს. ნიკა გილაურის შეფასებით, ამ მომენტუმის სწორად გამოყენების შედეგად საქართველო გახდება მთავარი პლატფორმა, რომელსაც დასავლური კომპანიები ცენტრალური აზიის 100-მილიონიან ბაზართან დაკავშირებისთვის გამოიყენებენ, რაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ასევე მაღალანაზღაურებადი სამუშაოების შექმნისთვის და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის იქნება გადამწყვეტი. ნიკა გილაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ეკონომიკური ზრდის შემაფერხებლად არ უნდა იქცეს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ზომა გაკონტროლდეს და ის 22%-ს არ აღემატებოდეს. ნიკა გილაური ასევე ხაზს უსვამს საინვესტიციო გარემოს, საგადასახადო და განათლების რეფორმების მნიშვნელობას.
“ჩვენი უახლოესი მიზანი უნდა იყოს რომ გავხდეთ მაღალი შემოსავლების ქვეყანა, მსოფლიო ბანკის დღევანდელი მეთოდოლოგიით ეს არის დაახლოებით 14 ათასი დოლარი ერთ მოსახლეზე. ჩვენ გვინდოდა დაგვეთვალა სხვადასხვა ეკონომიკური ზრდის ტემპით როდის მივაღწევთ ამ მაჩვენებელს. თუ გაგრძელდა ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, როგორიც იყო აქამდე ეს იქნება 2052 წელს, მეორე ვარიანტია ჩავთვალოთ 2012-2024 წლის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, საშუალოდ 6%-იანი ზრდა. თუ გვექნება 18%-იანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვექნება 2027 წელს და 2032 წელს თითქმის 20 ათას დოლარიან ზღვართან მივიდეთ.
ეს არის 3 სხვადასხვა სცენარი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა განვითარდება მომდევნო 10-15 წელში. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს თუ რომელი სცენარით წასვლა გვინდა. არაფერ შეუძლებელს არ ვამბობ, რადგან თავად საქართველოს აქვს გამოცდილება 18%-იანი საშუალო ზრდის დოლარში ნომინალში. ასეთივე ტრანსფორმაციულ ზრდას მიაღწია ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, რომლებმაც ერთ მოსახლეზე 7 ათას დოლარიანი ნიშნულიდან 14 ათას დოლარიან ნიშნულამდე მივიდნენ რამდენიმე წელში. მართალია მათ ეს შეძლეს ევროპული ფონდების და ევროპული ინვესტიციების დახმარებით, თუმცა ჩვენც გვაქვს ეს შესაძლებლობა. ამათზე უფრო მეტად ჩვენ რეგიონის პლატფორმად ქცევის პერსპექტივა გვაქვს, რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სერიოზულ ზრდას მოუტანს. ამის შედეგად ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს შევამციროთ უმუშევრობა და სიღარიბე მინიმუმ 80%-ით.
მცდარია დღევანდელი მიდგომა სატრანსპორტო კორიდორზე და მოლაპარაკებები მიდის არასწორად. პრობლემა რა არის, რომ როდესაც ყაზახეთიდან ტვირთი მიდის ნოვოროსიისკში იქ ერთ ხელშეკრულებას აწერს ხელს გადამზიდავი. ყაზახეთიდან ტვირთი საქართველოს პორტში რომ ჩამოვიდეს უნდა გაიაროს ყაზახეთის რკინიგზა, აქთაუს პორტი, კასპიის გადაზიდვა, ბაქოს პორტი, აზერბაიჯანის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზა, ფოთის პორტი ან ბათუმის პორტი, ანუ 7-8 ხელშეკრულება ცალ-ცალკე უნდა გააფორმოს. მართალია, ახლა ერთი ხელშეკრულებით შეიძლება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ტვირთბრუნვის გაზრდისას ერთ-ერთი ამ მონაწილეთაგანი ზრდის ტარიფს, ამის თავიდან ასარიდებლად საჭიროა მოხდეს ტარიფის სპლიტი, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს საერთო ტარიფიდან რა წილს იღებს, მაგალითად ფოთის პორტი ყოველი შემოსული გადაზიდვიდან 10-11%-ს მიიღებს, საქართველოს რკინიგზა რაღაც პროცენტს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს იქნება ერთიანი და ერთიანად ადმინისტრირებადი ტარიფი, რომელიც სხვა ნებისმიერი გადაზიდვის მართლა კონკურენტი იქნება. სანამ ეს არ გაკეთდება კორიდორი არ იმუშავებს და ამას უნდა მოლაპარაკებები. ასევე სანამ არ შეიქმნება ერთიანი ფონდი, რომელიც მხოლოდ ამ კორიდორის ინფრასტრუქტურას განავითარებს, მაგალითად კასპიის გადაზიდვების, ან ვაგონების რომელიც დღეს აკლია ამ კორიდორს. რამდენიმე ერთობლივი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები, რომ ეს მაკავშირებლის ფუნქცია საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს.
რა რეფორმები უნდა გატარდეს საქართველოს ეკონომიკაში? - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მთავრობის ზომა ეკონომიკასთან მიმართებით. ჩვენ - "რეფორმატიკს" 30 ქვეყანაში გვაქვს ნამუშევარი და 30 ქვეყნის გამოცდილება გავიზიარეთ. ყოველ მათგან აქვს რაღაც კარგი, რაღაც ცუდი და შევისწავლეთ ეს. არსად არ არსებობს ერთიანი ეკონომიკური ფორმულა, რომელიც ყველა ქვეყანას ერგება. ყველა ეკონომიკას უნდა მოერგოს ადგილობრივი საჭიროების ფორმულები, თუმცა ჩვენი სტატისტიკური ანალიზით ბოლო 50 წელში არცერთ ქვეყანას არ ჰქონია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ბიუჯეტის ზომა ეკონომიკასთან მიმართებით ჰქონდა 30%-ზე მეტი. აბსოლუტურად ყველას ვისაც ჰქონდა სწრაფი ზრდა ჰქონდა 30%-ზე ნაკლები, 25%-მდე.
მეორე უნდა იყოს აუცილებლად სმარტ ბიუჯეტი, აუცილებელია იყოს წინასწარ დადგენილი ფორმულები თუ როგორ ფინანსდება წლიდან წლამდე ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა სფეროები, ისე რომ ყველასთვის ნაცნობი იყოს თუ როგორ ხდება დაფინანსება და კერძო სექტორი ამის თანამონაწილე უნდა იყოს.
ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორების მოზიდვის სტრატეგია, რაც დღეს ყველაზე რთულია. ყველა ქვეყანა ჩვენ რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ერთმანეთის კონკურენტი. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ინვესტიცია, როდესაც ინვესტორი მოდის და თავად აშენებს ქარხანას და თავად უწევს მას ოპერირებას. ან შეიძლება ეს იყოს პორტფელური ინვესტიცია, როდესაც საქართველოში არსებული კომპანია გადის უცხოეთში და მისი კომპანიის წილს ყიდის ლონდონის ან ვარშავის ბირჟაზე და ისინი ენდობიან ქართულ მენეჯმენტს და ეს ფული მას ქვეყანაში შემოაქვს. ეს ჯერჯერობით ვერ განვითარდა და საქართველოს ჯერჯერობით აქვს მხოლოდ 3 კომპანია, რომელსაც ლონდონის ბირჟიდან ფულის შემოტანა შეუძლია.
ამისათვის საჭიროა, რომ არსებობდეს რისკის რუკა, რათა ინვესტორმა ნახოს თუ როგორ ფასდება საქართველოში ინვესტირების რისკი, როგორ არის შეფარდებული ეს რისკი სხვა ქვეყნებთან და სხვა ქვეყანაში როგორ არის შეფასებული ანალოგიური ზომის კომპანია, რამდენჯერ მეტია მის შემოსავლებზე. თუ ეს რისკის რუკა არაა განვითარებული, მაშინ ინვესტორი ან საერთოდ არ დებს ინვესტიციას, ან დაახლოებით 15-20%-იან დისკაუნტს გვიკეთებს. რისკის რუკა რაში მდგომარეობს, საქართველომ უნდა გამოუშვას ევროობლიგაციები, 3-წლიანი, 5-წლიანი, 10-წლიანი ევროობლიგაციები და ინვესტორებმა უნდა შეადარონ თუ როგორია ამ ობლიგაციის ამონაგები და რისკის პრემიუმი სხვა მსგავს ქვეყნებთან მიმართებით. ეს რისკის რუკა თუ აწყობილია, ბევრად მარტივია ინვესტორისთვის განსაზღვროს თუ რა ღირს კომპანია საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი, რკინიგზამ გამოუშვა ევრობონდი, ნავთობის და გაზის კორპორაციამ გამოუშვა ევრობონდი, საქართველოს მთავრობამ გამოუშვა ევრობონდი, კიდევ რომ დამატებოდა რაღაცები ინვესტორისთვის ძალიან ნათელი იქნებოდა დაენახა როგორ აფასებს მსოფლიო საქართველოს რისკს. საქართველომ რომ რისკის რუკა ააწყოს, მეორე დღესვე ჩვენ ბიზნესებს ფასი 20%-ით მოემატებათ. ჩვენი საშუალო და მცირე ბიზნესი 20%-ით გამდიდრდება, ბანკებს შეეძლებათ უფრო იაფი კრედიტის მოზიდვა და გარკვეულწილად გაიაფდება საბანკო პროცენტი. რომ ამბობენ რატომ არის მაღალი საბანკო პროცენტი, ამის მიზეზია, რომ დუოპოლიაა და ორი დიდი ბანკია მხოლოდ და გასაზრდელია ბანკების რაოდენობა და ამაზე კიდევ ვისაუბრებ, თუმცა მეორე მიზეზია რომ არ არსებობს ქვეყნის რისკის რუკა და შესაბამისად ძვირია ქვეყანაში საკრედიტო რესურსის მოტანა, რაც საშუალო და დიდი ბიზნესისთვის პრობლემად იქცევა.
აუცილებელია საფინანსო სისტემის ცვლილება, აუცილებელია დამატებით 2-3 საბანკო ლიცენზიის გაცემა იმისათვის, რათა კონკურენცია გაიზარდოს. ბანკები ძალიან დიდ მოგებას იღებენ საშუალო და მცირე სექტორიდან და ეს ასე იმ შემთხვევაში არ დარჩება თუ საპროცენტო განაკვეთები დაიწევს. ასევე შემოსაყვანია ფინტექი... საჭიროა, შეიცვალოს რეგულატორული გარემო, რათა შემოვიდეს ახალი ტექნოლოგიები, იმისთვის რომ შემოვიდნენ ფინტექები და აუცილებელია ასევე კრიპტორეგულაციების შემოღება, რომელიც ფულის გათეთრებას შეუწყობს ხელს. ასეთი რეგულაციები უკვე არსებობს ჩვენ რეგიონში მაგალითად უზბეკეთს აქვს საკმაოდ კარგი და თურქეთი აკეთებს საკმაოდ საინტერესოდ. ჩვენი კომპანია ჩართულია ამ რეფორმებში. შესაბამისად, შესაძლებელია, ძალიან მარტივად და სწრაფად ისეთი საფინანსო სექტორის შექმნა, რომელიც მართლაც გააიაფებს შემოსულ ფულს და შემოიტანს ქვეყანაში კაპიტალს. ჩვენს ქვეყანას ხომ ეს პრობლემა აქვს, რომ სესხი არის, მაგრამ ძვირი ღირს და არ არის კერძო კაპიტალი. კაპიტალის მოტანა, ანუ Equity-ის მოტანა უნდა იყოს მთავარი ამოცანა, რაზედაც უნდა იმუშაოს სახელმწიფომ.
კიდევ ერთი, რაზედაც უნდა იმუშაოს სახელმწიფომ არის საპარტნიორო ფონდის რეალურად ამუშავება. საპარტნიორო ფონდის შექმნის ჩანაფიქრი იყო, რომ ახალ სტრატეგიულ პროექტებში ეს იქნებოდა პორტი, თუ დიდი ჰესი, სახელმწიფოს კუთვნილ საპარტნიორო ფონდს გაეკეთებინა შვილობილი კომპანია, მიეცა ლიცენზია, უძრავი ქონება, ანუ შეექმნა ღირებულება და შემდეგ უკვე ამ ახალი კომპანიით ესაუბრება სტრატეგიულ ინვესტორებს, რომლებსაც ახალი ინვესტიციების მოტანა შეუძლიათ. ეს არანაკლებ 4-5 ინვესტორი უნდა იყოს, რადგან ერთს თუ ესაუბრები ყოველთვის წაგებული ხარ. ესაუბრები როგორ - ყიდის 51%-ს ამ ახალი შექმნილი კომპანიის საინვესტიციო პირობით რომ ისინი გააკეთებენ მენეჯმენტს, მაგრამ აუქციონი არის ვინც უფრო მეტ პროცენტს იყიდის, ის წაიღებს ამ პროექტს, აი ასე შეიძლება საპარტნიორო ფონდმა იფუნქციონიროს და არა ისე როგორც ის ფუნქციონირებდა. სწორედ ასე შეძლებს ფონდი საკუთარი ინვესტიციის დაბრუნებას და ახალ სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობის მიღებას. გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდს შეუძლია დაეხმაროს საშუალო ბიზნესს, რომ გავიდეს საერთაშორისო ბირჟაზე. თუკი მცირე კომპანია გადის მაგალითად ვარშავას ბირჟაზე, საპარტნიორო ფონდს შეუძლია მის IPO-ს თანადაფინანსებაში შევიდეს და იყოს პირველი ინვესტორი, რაც უმნიშვნელოვანესია აქციების პირველადი შეთავაზებისას. შესაბამისად, ეს როლი უნდა ითამაშოს საპარტნიორო ფონდმა, რათა უფრო მეტი ადგილობრივი ბიზნესი გავიდეს საერთაშორისო ბირჟებზე იქნება ეს ვარშავის, სტამბოლის, თუ მიუნხენის და იქიდან მოიტანოს ფული. არ შეიძლება, რომ ქვეყანა დამოკიდებული იყოს მხოლოდ სამ რესურსზე, ეს არის სახელმწიფო და ორი ბანკი, რომლებსაც ქვეყანაში შემოაქვს კაპიტალი, უნდა შეიქმნას ალტერნატივა და ეს ალტერნატივა უნდა იყოს სწორედ ასეთი რეფორმები, როდესაც საშუალო ბიზნესს შეეძლება ბირჟებზე გასვლა. ეს გზა გაიარა უკვე პოლონეთმა და ეს ახალი გამოგონება არაა. პოლონეთის ეკონომიკის აყვავება სწორედ ასე მოხდა ვარშავის ბირჟით და გერმანული ინვესტიციების ჩადებით. ეს შეიძლება გააკეთოს საქართველომაც. მით უმეტეს პატარა ქვეყანა ვართ და ბევრად უფრო დიდი იქნება ასეთი ტრანსფორმაციული ინვესტიციების ეფექტი საქართველოზე.
ეს არის ის დაახლოებითი საინვესტიციო გარემო, რომელიც ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა განვითარების ტემპი აჩქარდეს. ასევე საგადასახადო რეფორმა იქნება საჭირო აუცილებელი, სადაც საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 15%-მდე ჩამოდის და მოგების გადასახადიც 5%-ით მცირდება. ეს აუცილებელია იმიტომ რომ ახლანდელი სიტუაციით, ჯამში მთავრობის ზომა ეკონომიკასთან მიმართებით შესაძლებელია რამდენიმე წელში 25%-ზე მაღლა ავიდეს და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მთავრობის ზომა მშპ-ის 21%-22%-ზე მაღლა არ ავიდეს. ამ შემთხვევაში ეძლევა კერძო სექტორს მეტი თავისუფლება, რომ ნაკლები გადაიხადოს მთავრობაში და მეტი ჩააბრუნოს ეკონომიკაში.
რა მდგომარეობაც არ უნდა შევქმნათ, თუ არ იქნება განათლების ის დონე, რაც შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს საერთაშორისო კომპანიების, არაფერი არ გამოვა. კომპანიაში ბევრი გვქონდა ამაზე განხილვა, შევისწავლეთ ფინეთის, იაპონიის, სინგაპურის მაგალითები, მაგრამ საქართველოსთვის ალბათ მაინც სასკოლო ვაუჩერის ფორმულა უნდა იყოს, კონკურენცია სკოლებს შორის, დირექტორებს შორის, მასწავლებლებს შორის. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს, უნდა იცოდეს, რომ თუ მეტია მასზე მოთხოვნა მეტი ხელფასი ექნება. თუ ეს ასე არ იქნა, ეს სისტემა წინ ვერ მიდის. ყველა მოსწავლეს უნდა ეძლეოდეს სახელმწიფო ვაუჩერი და ამ ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში. რომელ სკოლაშიც მიიტანს ამ ვაუჩერს იქ მივა დაფინანსება. ამით კერძო სკოლების სტიმულირებაც მოხდება. ვხედავთ, რომ კერძო სკოლები სჯობნის კიდეც საჯარო სკოლებს. შესაბამისად, გავაკეთოთ კერძო სექტორის უფრო მეტი შემოსვლა ზოგადი განათლების სექტორში. გარდა ამისა ასე უნდა იყოს პედაგოგებზე რათა მშობლებს შეეძლოთ არჩევა რომელ მასწავლებელს მიაბარონ შვილი. ეს სკოლის დირექტორს საშუალებას მისცემს, რომ საბონუსო სისტემა შექმნას თავად მასწავლებლებისთვისაც. გარდა ამისა, სკოლის დირექტორები აუცილებლად უნდა ჯილდოვდებოდნენ იმის მიხედვით თუ როგორ ჩააბარეს მისი სკოლა დამთავრებულმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები, თუ პროპორციულად რა ნაწილი მოხვდა მისი სტუდენტების უნივერსიტეტში და რა შედეგებით. ამის მიხედვით უნდა მიეცეთ სკოლებს საბონუსე პაკეტები, რათა ისინი პედაგოგებს დაურიგონ. ასევე აუცილებელია მასწავლებლების გადამზადების სისტემა იყოს, რაც დღეს არ არსებობს. თითქმის ყველა მასწავლებელი ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს ევროპაში გადამზადებას ორი კვირით მაინც. ერთი და იგივე სწავლება დღევანდელ საჭირობებს ვეღარ პასუხობს და ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს კურიკულუმების გადახედვა.
პროფესიულ სასწავლებლებშიც უნდა შეიცვალოს დაფინანსების სისტემა და ვაუჩერებზე იყოს მიბმული. ამ დაფინანსების მიღება განსაკუთრებით მარტივი სოცდაუცველი პირებისთვის უნდა იყოს. თუკი პროფესიული სასწავლებლის დამთავრებული სწავლის დასრულებიდან 6 თვეში დასაქმდება, მისი საშემოსავლო გადასახადი უნდა მიდიოდეს არა ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ ამ პროფესიულ სასწავლებელში. შესაბამისად, ამით სასწავლებელს გაუჩნდება მოტივაცია, რომ მოამზადოს ისეთი კურსები, რომლებიც დასაქმებას უზრუნველყოფს და სასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას 2 წლის განმავლობაში მიიღოს საბონუსო შემოსავალი.
უმაღლეს განათლებაში აუცილებლად გასაზრდელია სტუდენტების გრანტის მოცულობა, მინიმუმ 4500-5000 ლარამდე და აქაც სახელმწიფო და კერძო სასწავლებლები ერთმანეთის ტოლ მდგომარეობაში. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია, რომელიც სტუდენტებს უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ დროს იყო ასეთი პროგრამა, რომელიც სრულ დაფინანსებას აძლევდა იმ სტუდენტებს, რომლებიც მსოფლიოს 25 საუკეთესო სასწავლებელში ჩააბარებდნენ, ეს მოიცავდა 6-8 დისციპლინას და საერთაშორისო რეიტინგებით ამ წამყვან უნივერსიტეტებში ჩამბარებელ ქართველ სტუდენტებს სახელმწიფო უფინანსებდა ფრენას, სწავლას და ცხოვრებასაც და ამისთვის არაფერს არ სთხოვდა, რომ უკან ჩამოსულიყო ან სახელმწიფო სექტორზე ემუშავა, რადგან რომ მოეთხოვა ბევრად უფრო ნაკლები კონკურენცია იქნებოდა და ნაკლებ სტუდენტს მოუნდებოდა ამის გამოყენება. ამ პროგრამამ მხოლოდ ორი წელი იმუშავა. მე რამდენადაც მახსოვს მხოლოდ 2011, 2012 წლებში იყო და მხოლოდ მაგისტრის საფეხურით დავიწყეთ და ვაპირებდით, რომ შემდგომ ბაკალავრიატზეც ჩამოგვეყვანა. შესაბამისად, ეს არის ის რეფორმები, რომლების განხორციელებასაც აუცილებლად მივიჩნევ იმისთვის, რათა საქართველომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა შეძლოს და რომელთა შესახებაც ამ პრეზენტაციაზე ერთ საათში მსურდა საუბარი”, - განაცხადა ნიკა გილაურმა.
წყარო:https://bm.ge/