ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“/Freedom House აქვეყნებს თავის ყოველწლიურ ანგარიშს „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“/Nations in Transit, რომელშიც წერს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სულ უფრო მეტ ლიდერს უკვე თავიც კი აღარ მოაქვს დემოკრატიის წესებით მოთამაშედ. „ისინი ღიად ესხმიან თავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მუშაობენ ინდივიდუალური თავისუფლებების შესაზღუდად“.
დემოკრატიაზე ამგვარი თავდასხმები, ვკითხულობთ ანგარიშში, გამოიხატა დემოკრატიის დრამატულ შესუსტებაში მთელი ცენტრალური ევროპის, ბალკანეთისა და ევრაზიის მასშტაბით, რამაც ოთხ ქვეყანას კლასიფიკაციაც კი შეუცვალა. პოლონეთი გამოვიდა კონსოლიდირებული დემოკრატიების კატეგორიიდან და ნახევრად კონსოლიდირებულ დემოკრატიად დასახელდა, ხოლო უნგრეთი, სერბია და მონტენეგრო საერთოდ გამოეთიშნენ დემოკრატიების კატეგორიას და გარდამავალ/ჰიბრიდულ რეჟიმებად განიხილებიან.
„ფრიდომ ჰაუსი“ ამ ანგარიშს უკვე 25 წელიწადია აქვეყნებს და წელს დემოკრატიებად შეფასებული ქვეყნების რაოდენობა ყველაზე მცირეა. „29 შეფასებული ქვეყნიდან 10 შეფასდა როგორც დემოკრატია, 10 - როგორც ჰიბრიდული რეჟიმი, 9 - როგორც ავტორიტარული რეჟიმი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰიბრიდული რეჟიმების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, ხოლო დემოკრატიათა რიცხვი ერთი მესამედით შემცირდა“, - წერს „ფრიდომ ჰაუსი“.
„რეგიონში ბევრ ლიდერს თავიც კი აღარ მოაქვს, თითქოს დემოკრატიაზე ან კანონის უზენაესობაზე ზრუნავდეს“, - ამბობს მაიკლ ჯეი აბრამოვიცი, „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტი, და დასძენს: „დადგა დრო ევროპის იმ ლიდერებმა, რომლებიც თავისუფლების ერთგულნი არიან, ყურადღება მიაქციონ კრიზისს თავიანთ სამეზობლოში. უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესასრულებელი შეერთებულ შტატებსაც, რომელიც უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული ღირებულებების დამცველ საგარეო პოლიტიკას“.