USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
რაჟდენ კუპრაშვილმა ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციებს, 5 დღეში ფინანსური ანგარიშების წარდგენა მოსთხოვა
Date:  261

ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

"ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები: სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია ცნობილ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას. აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია საშუალებები.მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს. ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ- ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონებში, კონცერტები, ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯთან, რომელიც შეადგენს 100 000 ლარზე მეტს. აღნიშნული რესურსი ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას.

როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, ასევე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარეობს მონიტორინგი ყველა იმ სუბიექტის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართულნი არიან წინასაარჩევნოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში და ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებს. მონიტორინგის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

„თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ეს სამწუხარო იქნება. მე დამჭირდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ დავითვლით აღნიშნულ ხარჯებს - მონიტორინგით. კანონი გვაძლევს საშუალებას, გამოვითხოვოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ საქმეს სჭირდება. როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის ანგარიშები“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კუპრაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც „უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება“.

„შეხვედრები, რომ ევროპა რა კარგია, რა თქმა უნდა, ნორმალურია. ამავდროულად, ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება - მე შეიძლება მომწონდეს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია და არ მომწონდეს სხვა. მაგრამ როდესაც თანხას იხდი იმ აქტივობებში, რაც მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ, ამავდროულად კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაში თავის შეკავებისკენ, ამას არეგულირებს კანონი. კანონი აწესებს, რომ თუ ამ საქმიანობაში ხართ, ვალდებული ხართ, ამ საქმიანობაში დახარჯული თანხები საჯაროდ გახადოთ“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way