USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
რატომ შემცირდა 2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები? – Galt & Taggart-ის მიმოხილვა
თარიღი:  1190

2024 წელს ბათუმში 977.5 მლნ დოლარის ღირებულების 15 195 ბინა გაიყიდა. აქედან 8 608 პირველად, 6 587 კი მეორად ბაზარზე. საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვას აქვეყნებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო.

მათი განმარტებით, ეს კლება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით, მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული ხელმისაწვდომობით (პროექტები, რომლებიც 2025 წელს სრულდება, თითქმის სრულად გაყიდულია), და სხვა.

„ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია. მომდევნო წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, 2025 წელს, ჩვენი მოლოდინით, ფასები არსებულ დონეზე დასტაბილურდება. ამასთან, მოსალოდნელია ქირის ამონაგების შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანად არ გაიზრდება“, - ასე აფასებენ მიმოხილვის ავტორები ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს 2024 წლის ტენდენციების გათვალისწინებით.

Galt & Taggart-მა 2024 წლის იანვარში იმ 8 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომლებსაც სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის მიზანი პირველად ბაზარზე გაყიდვების დაგვიანებით რეგისტრაციის საკითხის აღმოფხვრა და ბაზრის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა იყო.

მიმდინარე შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ტემპი, რეკორდული 2022-23 წლების შემდეგ შემცირდა 2024 წელს. დეველოპერებისგან გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 2024 წელს 42.7%-ით შემცირდა.

ამის მიზეზი კი იყო:

  • შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა;
  • მიგრანტების გადინება და დროებითი ფაქტორების ამოწურვა;
  • მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული რაოდენობა (პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება ბინები თითქმის სრულად გაყიდულია)
  • მაღალი ფასები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები გლობალურად

დეველოპერული კომპანიების გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის წილის კლება ჯამურ გაყიდვებში გაგრძელდა და 2024 წელს 16% შეადგინა. გარდა ამისა, 2023-24 წლებში რუსი მყიდველების წილი 20%-დან 18%-მდე შემცირდა. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების წილის კლება გაყიდვებში ისრაელის მოქალაქეების წილის ზრდით (7%-დან 10%-მდე გაიზარდა 2023-24 წლებში) დაკომპენსირდა.

Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ სამომავლოდ, უცხოური მოთხოვნის შენარჩუნებისთვის საჭიროა ქირის შემოსავლიანობა მიმზიდველ დონეზე შენარჩუნდეს.

რაც შეეხება მეორად ბაზარს, ამ მიმართულებით რეგისტრირებული ტრანზაქციები 2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმში წლიურად 3.1%-ით შემცირდა და სულ 6,587 ბინა გაიყიდა.

„პირველად ბაზართან შედარებით მცირე კლება სავარაუდოდ მიუთითებს შეზღუდული რაოდენობის ბინებზე, რომელთა მშენებლობა მოკლე ვადაში სრულდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას დასრულებულ ბინებზე“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

ტრანზაქციების კლების მიუხედავად, 2024 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და წლიურად საშუალოდ 11.4%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. „მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 23%-დან 1%-მდე შენელდა 2024 წელს“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

ბინების ფასის გათვალისწინებით, გასულ წელს გაიზარდა გაყიდული ბინების ჯამური ღირებულებაც, რამაც 977.5 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„რეგისტრირებული ტრანზაქციების შემცირების მიუხედავად, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში მცირე ზომის ბინების (26-50 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<1000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - აღნიშნულია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვაში.

რაც შეეხება უძრავი ქონების გაქირავების ფასებს, ბათუმში, 2024 წლის დეკემბერში ქირის ფასი როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირდება.

„ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და 8.8%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შესადარისი ქალაქების მაჩვენებელს. თუმცა უახლოეს წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, მოსალოდნელია იჯარის შემოსავლიანობის შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მნიშვნელოვანად არ გაიზრდება“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის