USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
„რატომ გაიმარჯვა ერდოღანმა“ - «The Spectator» (დიდი ბრიტანეთი)
дата:  410

დღევანდელი საერთაშორისო მასმედიის მთავარ თემას, შეიძლება ითქვას, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაშუქება წარმოადგენს. როგორც უკვე ცნობილია, გაიმარჯვა თურქეთის პოლიტიკური ბლოკის - „სახალხო ალიანსის“ კანდიდატმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა (მიიღო ხმების 52,16%), წააგო „ეროვნული ალიანსის“ კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ (მიიღო ხმების 47,84%).

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ გაიმარჯვა ერდოღანმა“ (ავტორი - ფრეიზერ ნელსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს წელი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის ბოლო წელიწადი იქნებოდა და იგი, ბოლოსდაბოლოს, არჩევნებში დამარცხდებოდა, მაგრამ მან ყველა შანსი გამოიყენა და გაიმარჯვა. არჩევნებში მიღწეულმა წარმატებამ რეჯეფ ერდოღანი ერთ-ერთ იმ გავლენიან პოლიტიკოსად გადააქცია, რომლის პირადი პოპულარობა, მისსავე პარტიასთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალია. ამით პრაქტიკულად იმარხება თურქი რეფორმატორების იმედი, რომ ქვეყანაში რაიმე დემოკრატიული ცვლილება მოხდება.

ყოველი ადამიანი, რომელიც დღევანდელ თურქეთშია ნამყოფი, შეამჩნევდა, თუ რა ქაოსი გააჩინა რეჯეფ ერდოღანის მმართველობამ. ინფლაცია ისეთია, რომ მაღაზიებში ფასების მაჩვენებელი უკვე აღარ არის - იმდენად სწრაფად იცვლება ლირის კურსი. არსებობდა იმედი, რომ რეჯეფ ერდოღანის 22-წლიანი მმართველობა დასრულდებოდა. მოსახლეობა ჯერ კიდევ შარშან ფიქრობდა, რომ სავარაუდო კანდიდატი სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ იქნებოდა, მაგრამ რადგანაც იგი უსამართლოდ იქნა დაკავებული და არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვეს, ერდოღანის მოწინააღმდეგებისათვის ბოლო იმედი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ გახდა.

დამოუკიდებელმა დამკვირვებლებსმა არჩევნები ფაქტიურად დარღვევების გარესე, პატიოსნად ჩატარდა, მაგრამ რამდენად დემოკრატიულია ისეთი არჩევნები, რომელშიც ყველაზე მეტად სავარაუდო და ერდოღანის მოწინააღმდეგე პოპულარულ პიროვნებას მონაწილეობის უფლება აკრძალული აქვს? თურქეთი ამჟამად ავტორიტარულ სახელმწიფოს წარმოადგენს - „პრეზიდენტისა და მთავრობის უპატივცემლობის გამოხატვის“ ბრალდებით ციხეში ათასობით ადამიანი ზის.

როცა მოსახლეობის იმედზე ვლაპარაკობ, მე მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ქალაქებში - სტამბოლში, ანკარაში, იზმირში - ადამიანები არ იწონებენ იმას, რომ ათა-თურქის სურათების ფონზე ქვეყანაში თანდათან ბრუნდებიან და ძლიერდებიან რელიგიური, კონსერვატიული და ნაციონალისტური ძალები. სწორედ ამიტომ მოაგროვა მესამე კანდიდატმა - ულტრამემარჯვენე სინან ოგანმა პირველ ტურში ხმები.

რეჯეფ ერდოღანის მომხრეებს ეს არჩევნები წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ინსტრუმენტი, რომლითაც პატრიოტულად განწყობილი თურქები დასავლეთს უტყამენ - იმ დასავლეთს, რომელსაც ქემალ ქილიჩდაროღლუ განასახიერებს. მას განზახული ჰქონდა დემოკრატიის აღდგენა, ცენტრალური ბანკისადმი უფლებების დაბრუნება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სხვა. ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება გააუმჯობესებდა ურთიერთობას დასავლეთთან, ისევ წარმოაჩენდა ევროკავშირში თურქეთის მიღების საკითხს... „ზეწოლის მიუხედავად, არჩევნებში ხალხის ნება გამოვლინდა, რომ ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა აუცილებელია“, - თქვა ქემალ ქილიჩდაროღლუმ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის ნება დათრგუნა შხამიანმა პროპაგანდამ და კულისების თამაშებმა, რასაც რეჯეფ ერდოღანი აწარმოებდა. ეს იყო კონსერვატორების, წარსულის ძალების მწვავე, დაძაბული და იმავდროულად უღირსი ბრძოლა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რაშიც რეჯეფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში რეჯეფ ერდოღანი თავს აჩვენებდა როგორც მსოფლიო ლიდერი, რომელმაც თურქეთს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით ისეთი ძალა შთაბერა, რომელიც მას ადრე არ ჰქონდა. მან თავისი როლი და გავლენა გააფართოვა არამარტო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართაც, თანაც საინტერესო სახით: უკრაინას იაღაღს აწვდის, აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავდროულად მოსკოვთანაც ახლო კავშირებს ინარჩუნებს. რეჯეფ ერდოღანი ხაზს უსვამს: „თუ დღეს თურქეთს პატივისცემით ეპყრობიან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ეს მხოლოდ მისი დამსახურებით, მისი წყალობით ხდება“. ასეთ პოზიციას იზიარებენ მისი მოკავშირეებიც.

რეჯეფ ერდოღანმა თანამემამულეებს „თურქეთის დიდებული საუკუნე“ აღუთქვა, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ ასწლეული არალიბერალური იქნება. მიმდინარე წელს თურქეთში მუსტაფა ქემალ ათა-თურქის მიერ განხორციელებული რევოლუციის ასი წლისთავი უნდა აღინიშნოს. ერდოღანისეულმა თურქეთმა კი, რომელიც ნატოსა და G-20-ის წევრია, დასავლური მიმართულება უარყო. მართლაც საკვირველია, რომ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის კრიტიკა უკანონოდ ითვლება, ამომრჩეველთა 48%-მა ხმა მაინც მოხუც კანდიდატს ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა.

მოკლედ, რადგან საბოლოოდ რეჯეფ ერდოღანმა გაიმარჯვა, თურქებს ძალიან მცირე იმედი აქვთ, რომ უახლოეს ხანში ეკონომიკური კრიზისი დასრულდება.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/turks-hoping-for-change-have-given-up-hope/

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати