USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რატომ გადაიფიქრა მერაბ კოსტავამ პიანისტობა- ბუბა ხოტივარის მოგონებებიდან
Date:  993
 
სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს კინო-აკადემიის ხელმძღვანელი ბუბა ხოტივარი. გთავაზობთ ამონარიდებს რამაზ ბუბა ხოტივარის წიგნიდან- „მაშინ, მეოცე საუკუნეში, ანუ - ბალღო, ესაა შენი სამშობლო“, სადაც ბ-ნი ბუბა მერაბ კოსტავასა და გურამ დოჩანაშვილთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს იხსენებს. 
 
"ბავშვობიდანვე მერაბს მუსიკის უდიდესი ტალანტი აღმოაჩნდა, მაგრამ რეგურალურად ვერ უკრავდა, სახლში ინსტრუმენტი არ ჰქონდათ. დედამისმა ოლიკო დემურიამ (ხოტივარების მხრიდან ოლიკო ჩვენი ახლო ნათესავი იყო, მამაჩემს დისშვილად ერგებოდა), დარდით შესჩივლა მამაჩემს, რა ვქნა, ბინაც რომ გავყიდო, მერაბს ინსტრუმენტს მაინც ვერ ვუყიდი, მუსიკას თავი უნდა გაანებოს, მუსიკალური ათწლედიდან გამომყავსო. მამაჩემი, როგორც ოლიკო შემდგომში გვიყვებოდა, გაფითრებულა ბრაზისაგან - პირად შეურაცხყოფად მიუღია მერაბის ასეთი დაჩაგვრა. (მაშინ მერაბის მამა ივანე კოსტავა და ბიძა, მსახიობი გრიგოლ კოსტავა, თუ არ ვცდები, გადასახლებულნი ყოფილან ანტისაბჭოთა ქმედებებისათვის). ეს ბავშვი უპატრონო არავის ეგონოსო, გაუცრეცია კბილებში ლევან ხოტივარს და მაგრად მოუკიდია მერაბისთვის ხელი. ოლიკოს მოკლედ უთხრა, წამომყევიო, მოიყვანა ჩვენთან სოლოლაკის ბინაში და დასვა როიალთან:
- ამ სკამზე რამდენიც დაგჭირდება, იმდენი შეგიძლია იჯდე, თუ გინდა - დღე და ღამეო.
მერაბს ესიამოვნა ნათქვამი და პირდაპირ დაიწყო დაკვრა. მამასა და ოლიკოს გაეცინათ. არ დამავიწყდებაო, იგონებდა დედაჩემი, ყოველთვის სერიოზული, ყოველთვის რაღაცაზე ღრმად კონცენტრირებული ოლიკოს ამჯერად გაღიმებული სახე - მერაბი უკრავდა...
ამის შემდეგ ის საათობით მეცადინეობდა ისე ბეჯითად და ისეთ შთაგონებით, რომ უკვე იგრძნობოდა - მისგან მართლაც სერიოზული პიანისტი დგებოდა. მერაბი განუწყვეტლივ იმეორებდა, არაჩვეულებრივი როიალიაო. როიალს მართლაც საოცარი ჟღერადობა ჰქონდა. გერმანული წარწერაც მახსოვს: “Jbach”, ფირმა ყოფილა როიალების ასეთი - ი. ს. ბახის საპატივცემულოდ...
წლების შემდგომ, როცა მერაბი უკვე კონსერვატორიის პირველ კურსზე იყო, ჩვენთან შემოიარა და მამაჩემს თხოვა:
- ლელიკო ბიძია, კონსერვატორიაში ნაცნობები ხომ გყავთ, მგონი რექტორი ტუსკია, იქნებ მომიხერხოთ, რომ გადამიყვანონ მუსიკათმცოდნეობაზე.
მამაჩემს უცბად გული მოუვიდა:
- რას აკეთებ, ბიჭო, როგორ ყრი ამდენი წლის ნაშრომს წყალში, მუსიკა აღარ გიყვარს?
მამის აყვირება მეორე ოთახში გავიგონე. სიცხიანი ვიწექი, ასე მახსოვს. დედა გვერდზე მეჯდა. ამ სცენამ ისე იმოქმედა ჩემზე, რომ თითქმის ყველაფერი დავიმახსოვრე. მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი. ეს იყო, თუ არ ვცდები, 1959 წელი.
მერაბს ცოტა არ იყოს ეუხერხულა, ასე რომ ააღელვა მამაჩემი. ცოტა ხანს იდგა თავჩაქინდრული, შემდეგ ასწია თავი და თქვა ჩუმი ხმით, მაგრამ ისე, რომ წყალი არ გაუვიდოდა:
- მუსიკა მიყვარს თავდავიწყებამდე, მაგრამ მასზე მეტად საქართველო მიყვარს!
მამაჩემი დაიბნა. ასეთ უცნაურ პასუხს არ მოელოდა. შემდეგ კიდევ უფრო გაბრაზდა:
- რას ამბობ, კაცო, რას უშლის საქართველო, შენს პიანისტობას?
მერაბს რატომღაც გაეცინა. მამაჩემსაც გაეცინა, მაგრამ მაინც განაგრძო აღშფოთებით:
- ეს საქართველო ყველას როგორ უშლის ხელს, გამაგებინეთ! იმპერიას, მეზობლებს, ახლა პიანისტებსაც. რას ამბობ, მერაბ, გაგიჟდი?
- არც ბევრი მიკლია, ლელიკო ბიძია. პირიქით არის საქმე - ჩემი პიანისტობა მიშლის მე... აწი დრო აღარ მექნება დღედაღამ დაკვრისა და რეპეტიციების.
- აჰა, - მიხვდა მამაჩემი ბრაზით, - ალბად სხვა ცოლი მოგყავს და საქართველოსთვის ბავშვების გაჩენაში ხელს გიშლიან მოცარტი, შუბერტი და რუსიკო!
მერაბს ისევ გაეცინა. მას უკვე მგონი, საცოლეც ჰყავდა, რუსუდან ბერიძე.
უცბად, მოულოდნელი მეტალით ხმაში, მერაბმა თქვა:
- ყველაფერს ვერ გეტყვით, ლელიკო ბიძია. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, თუ შეგიძლიათ. - მამაჩემს თბილად ჩაეხუტა, იქვე მოტრიალდა, სწრაფად გააღო კარი და რახარუხით დაეშვა ჩვენი სოლოლაკური ბინის ხის მრუდე კიბეებზე.
სახტად დარჩენილი მამაჩემი ერთხანს იდგა, მერე ჩვენს ოთახში შემოიხედა:
- მიხვდი, ხომ?
- მივხვდი, მივხვდი - ამოიოხრა დედამ - გააწამებენ მაგ ბიჭს ეს ველურები.
როცა ვიკითხე, რას მიხვდით-მეთქი, მშობლებმა დამიცაცხანეს, არ არის შენი საქმეო. წლების მერე, როცა მერაბმა და ზვიადმა წამოიწყეს ეროვნული მოძრაობის მეორე ეტაპი, ეს ამბავი გამახსენდა. მერაბმა თავისი საყვარელი საქმე მიატოვა იმიტომ, რომ ამზადებდა იმას, რაც შემდეგ მოხდა. როიალი დიდ დროს წაართმევდა და ამიტომ ტკივილით, მაგრამ მაინც, გამოემშვიდობა იმას, რაც მას მსოფლიო აღიარებას მოუტანდა. არ ვაზვიადებ, ნამდვილად ასე იქნებოდა - მერაბისგან დიდ პიანისტი დადგებოდა.
აი საოცარი სცენა: მეორე დღეს, როცა მამა კონსერვატორის რექტორთან წასვლას აპირებდა, ჩვენს სახლში გულის ამოვარდნით მოვიდა (კი არ მოვიდა, კიბეებზე ბრახაბრუხით ამოვარდა) თვით... კონსერვატორიის რექტორი და კომპოზიტორი, მამის ახლო მეგობარი იონა ტუსკია. არც მოგვსალმებია, ისე იყო აღელვებული. პირდაპირ ახალა დედაჩემს:
- თამა-ა-არა, დამეხმარე, გადაარწმუნე ის ბიჭი როგორმე! ლელი-ი-კო, ასეთი პიანისტი საქართველოს არც ჰყოლია, არც ეყოლება ათასი წელი! ნუ სჩადის დანაშაულს, ნუ აყვება სიზარმაცეს, ნუ ღუპავს ღვთით ბოძებულ ტალანტს, მთელი კონსერვატორია შეწუხებულია, ყველამ იცის მისი ფასი, ის მოვლენაა, ის პიანისტი კი არ არის მხოლოდ, ის დიდი მუსიკოსია! პიანისტები გვყავს ოხრად, ბევრი მართლაც ძალიან კარგია, მაგრამ მუსიკოსი, თანაც დიდი - არა გვყავს. დაარწმუნეთ - ნუ აყვება ბოზანდარა დედაკაცებს, თუ იქ დედაკაცია შუაში, ნუ აყვება ძველბიჭებსაც, თუ იქ ძველი ბიჭები არიან გარეულნი... რამ გაუტეხა გული ინსტრუმენტზე - არ ვიცი პირდაპირ...
იონა ტუსკია ტყვიამფრქვევით ისროდა ფრაზებს ისეთი ენერგიით, რომ სიტყვას ვერ ჩასვამდი.
მამამ დააცადა ემოციებიდან დაცლა და იკითხა ისე, ვითომც არც იცოდა არაფერი:
- რა გადავაფიქრებინო და ვის?
- მერაბ კოსტავას გადააფიქრებინე მუსიკათმცოდნეობაზე გადასვლა და დაარწმუნე ისევ დაუკრას და გახდეს ის, რაც უკვე ხდება! ლელიკო, გთხოვ! ასეთი მონაცემები მე არ შემხვედრია არსად! მისი დაკვრა უმაღლესი სულიერების აქტია! ის მოივლის მთელი მსოფლიოს, დაიპყრობს მსმენელს როგორც ეგონ პეტრი ან თეოდორ ლეშეტიცკი, სახელს გაუთქვამს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსერვატორიას, მეც ვიტყვი, რომ ტყუილად არ მიღვაწია, წყნარად წავალ საიქიოს...
- მოიცა, კაცო, ნუ გაგვაყრუე! - ვითომ გაბრაზდა მამაჩემი, - რა შუაში ვარ მე და რატომ გგონია, რომ მერაბი დამიჯერებს? ის არავის უჯერებს - საკუთარი მოსაზრებების გარდა...
ტუსკია ცოტა ჩაწყნარდა და სინანულით თქვა:
- თუ არ დაგიჯერებს, დიდ სიხარულს დაკარგავს მსმენელი, მსოფლიო გაღარიბდება...
- არ უნდა და ნუ უნდა! ძალად პიანისტობა არ გამიგია მე. შენც მორჩი ამ პათეტიკას - „მსოფლიო გაღარიბდება“, „სიხარულს დავკარგავთ“. მერაბმა რომ აღარ დაუკრას, ატომის ომი დაიწყება, როგორ გგონია?...
იონა ტუსკია უცბად ისევ აენთო:
- იმასხარავეთ, ბატონებო, რა გენაღვლებათ, თქვენ რა გესმით რა არის დიდი მუსიკა და რა კავშირები მყარდება ამ დროს ღმერთთან. მერაბი ზეცას აღწევს, უმაღლეს სფეროებს. ახლა კი... რა იქნება მერაბი უმუსიკოდ? არაფერი! ალბად, გინდა კინოში წაიყვანო და კამერის წინ აჯამბაზო - ქალები ხომ იფსამენ ასეთნაირებისათვის. - იონა ტუსკია გაბრაზებული წამოხტა, გაიჯახუნა კარი და ისიც, მერაბის მსგავსად, ბრახუნით დაეშვა ხის მრუდე კიბეებზე.
ჩემმა მშობლებმა ერთმანეთს შეხედეს. მამამ თქვა:
- მართალია ეს კაცი, მართალია იმაში, რაც იცის. ნეტა ხვდება თუ არა მერაბის წასვლის ნამდვილ მიზეზს?.. საწყენია დიდი ხელოვანის დაკარგვა, მაგრამ ეს მერაბის არჩევანია. დატანჯავენ ბიჭს, მაგრამ ეს გზა - მისი გზაა.
დედას ცრემლები წამოუვიდა.
მერაბს მუსიკა არ მიუტოვებია. იმდენს არა, რამდენსაც როიალთან, მაგრამ მაინც შრომობდა. მისი სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელად ჩემი ბიძა, მკაცრზე-მკაცრი მუსიკათმცოდნე პროფესორი ლადო დონაძე დანიშნეს. მან დაწერა ასე: “არც მერაბ კოსტავამდე და არც მას შემდეგ კონსერვატორიაში დიპლომი ასე არავის დაუცავს”-ო. დიპლომის დასახელება იყო “ბაირონი დასავლურევროპულ სიმფონიურ მუსიკაში”. ლადო დონაძემ, რომელსაც თავის საქმეში ყველაფერი ჰქონდა შესწავლილი პირდაპირ დედნებში - ევროპულ ენებზე, ჩვენ ასე გვითხრა: „მე რასაც ვიცნობ მსოფლიო მუსიკალურ ლიტერატურას, არავის არ ესმოდა ასე ღრმად არა თუ სიმფონიური მუსიკა, არამედ ჯორჯ ბაირონიც“.
მე კი დღემდე მიტრიალებს თავში კეთილშობილი იონა ტუსკიას აღელვებული ფრაზა:
„მერაბი მუსიკაში აღწევდა უმაღლეს სფეროებს. რა იქნება მერაბი უმუსიკოდ?“.
მუსიკამ მართლაც დაკარგა ძალზედ ბევრი, რადგან მერაბმა მისთვის ბოლომდე ვერ მოიცალა - მერაბმა მოიცალა მხოლოდ საქართველოსათვის. ჩვენი ზნეობის გადასარჩენად მოიცალა.
რა იქნებოდა საქართველო უმერაბოდ?
აუცილებლად მოიგონებდა ასეთს. თუ შესძლებდა ასეთი სრულყოფილების შეთხზვას...
რამდენიმე წლით ადრე, ანუ 1956 წელს:
იმ ჩვენს ძველ თბილისურ ეზოში, პირველ სართულზე ცხოვრობდა ხანშიშესული ცოლ-ქმარი - ფაცა კორძაია და სილოვან ემხვარი, - თითით საჩვენებელი ინტელიგენტები. სილოვან ბაბუა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც იყო პიპინია „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“ - ასევე ეცვა, ასევე ლაპარაკობდა და ასეთივე არისტოკრატი იყო. ის ხომ აკაკი წერეთლის დისშვილი გახლდათ, როგორც თვითონ ამბობდა ფარული თავმოწონებით - ქართველა აფხაზი თავადი და არა ვინცხა აზნოურიო. გვაცინებდა დღედაღამ, გვართობდა და წიგნებს გვიკითხავდა. ნარდის თამაში უყვარდა ეზოში, მაგრამ სულ აგებდა, - არ ჰქონდა აზარტი და თამაშზე კონცენტრაციას ვერ (ან არ) ახდენდა, - თამაშის დროსაც ჩვენ გვიყვებოდა ნაირ-ნაირ ამბებს და ხმამაღლა ხარხარებდა ჩვენთან ერთად. ბავშვები ძალიან განვიცდიდით მის გაუთავებელ დამარცხებებს და ვბრაზობდით, როცა უნდა ამდგარიყო, სხვისთვის დაეთმო ადგილი და წაგების ერთი მანეთი გადაეხადა დუხჭირი პენსიიდან. ერთხელ გვითხრა:
„წაგებებს ნუ განიცდით, შვილებო, ყველა აზარტული თამაშობა ქვესკნელიდან მოდის. არასოდეს არანაირ აზარტს არ აყვეთ და აზარტს გატაცებაში ნუ აურევთ. გატაცებით სიყვარული ღმერთიდან მოდის, აზრტი კი სიყვარულს გამორიცხავს და ჯინიან ბოროტებაში გადადის“-ო. ისეთს გეტყოდა, ბავშვიც კი დაფიქრდებოდი ძალაუნებურად.
ერთი რაღაცნაირი შვილიშვილი ჰყავდათ, 17 წლისა. ბებია-ბაბუასავით გამხდარი და აწოწილი გურამი, მუდამ ცაში დიდის პატივისცემით მომზირალი, თან ისეთი დაკვირვებით, თითქოს ღრუბლებიდან ვიღაცის გამოჩენას ელოდებოდა წუთი-წუთზეო. ბავშვებს თავს მაინცადამაინც არ გვიყადრებდა და სულ გარე-გარე დაეხეტებოდა ძალზედ სერიოზული გამომეტყველებით, ვითომ რაიმე მნიშვნელოვანი საქმით ყოფილიყოს დაკავებული. სიარულისას გულში ისე იხუტებდა ვიოლინოს, თითქოს წართმევას უპირებენო. ორკესტრში უკრავდა ვაჟა აზარაშვილთან ერთად და სულ რაღაც მელოდიებს ღიღინებდა თავისთვის. ერთი-ორჯერ ამოვიდა ჩვენთან, მერაბს დაკვრის დროს გვერდზე დაუჯდა და რაღაცაზე დაუწყო ჩურჩული შეთქმულის სახით. მერაბიც ასევე პასუხობდა და დაკვრას განაგრძობდა. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ უცბად მივხვდი, რატომ არ შეწყვიტა დაკვრა მერაბმა - სიტყვებს ფარავდა მუსიკით. მახსოვს, დედაჩემმა თვალები დამიბრიალა - გამობრძანდი აქეთ, რას მისჩერებიხარ ბიჭებს პირშიო.
მე კი დავიწყე მიხვედრა, რომ ეს გურამი არც მთლად უსაქმური ყოფილა და, რადგან მერაბი ასე ენდობოდა, ესე იგი რაღაცაში იყო საქმე...
ეს მევიოლინე გურამი იყო გურამ დოჩანაშვილი. მას, მერაბს, ზვიადს და სხვებს სრულიად საიდუმლოდ ანტისაბჭოთა არალაგალური ორგანიზაცია „გორგასლიანი“ ჩამოუყალიბიათ და პროკლამაციების გაკვრა დაუწყიათ. ეს მაშინ თავგანწირვა იყო, თვითმკვლელობის ტოლფასი. მართლაც, ერთ საშინელ დღეს გავიგეთ, რომ ბიჭები დაუჭერიათ, გურამი კი სასიკვდილოდ დაუჭრიათ გრძელი დანით ზურგში - ყველა მიხვდა, რომ ეს საბჭოთა უშიშროების საქმე იყო.
ვერ გადარჩებაო და ასეც უნდა მაგასო, აქაქნდნენ აივნიდან აივანზე ენაგადმოგდებული დედაკაცები, მაგათზე ვაჟკაცი კაცებიც კი ხვდებიან, რომ საბჭოთა სისტემას ვერასდროს მოერევიან და ვინ მიგდიან ეგენი ცხოვრებას რომ გვირევენო, ის ერჩივნოთ თავის სკრიპკებზე უპრუწუნონო.
ტაკ იმ ი ნადაო...
დედამ ემხვარებთან რომ ჩამიყვანა, იქ უკვე დაგვხვდა ოლიკო დემურია. ის ფაცა კორძაიას გვერდით ეჯდა და გაყინულ ხელებს უთბობდა. მათ გაქვავებულ სახეებს ვარდისფრად ანათებდა ძველი ნავთქურა. ისე იჯდა ეს ორი ქალი, როგორც გამოძერწილი ქანდაკება, როგორც ნახატი დიდი მხატვრისა, რომელმაც შექმნა სახეები წმინდანებისა, უსიტყვოდ რომ იყურებიან სადღაც შორს, სხვებისთვის მიუწვდენელ უმაღლეს სივრცეებში. ვერც ერთს სახეზე ვერ შეატყობდი ვერც გლოვას, ვერც ტანჯვას. ეს ხომ ასეთი ჯიშის ხალხი იყო - არასოდეს შეგაწუხებდა თავის უბედურებით.
სილოვან ბაბუამ ნავთი შემოიტანა საქმიანი ფუსფუსით და დაჯდა... ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. სილოვანმა გრძელი დაძაბული პაუზა ვერ აიტანა, აწრიალდა და ცრემლით თვალზე თქვა, შვილებს გვიხოცავენო. მამაჩემმაც, მგონი, ამოიოხრა. უცბად ორივე ქალი, განსაკუთრებით კი ნაზი, გამხდარი, თითქმის გამჭვირვალე ფაცა ბებია კოცონივით აენთნო:
- ჩვენმა ბავშვებმა იციან, რას შესწირონ თავი და რას არა! არ არის აქ საჭირო კვნესა-ვაება! დაველოდოთ, თუ გურამი დაიღუპა, მერე ჩვენ ვიცით, უფროსებმა... თუ გადარჩა, ბავშვები თვითონ გვეტყვიან, რა გზას დავადგეთ... ჭკუის სწავლებას ნუ დავუწყებთ, ეგენი ჩვენსავით დაშინებულები არ არიან! ჩვენ ვიკითხოთ, საცოდავებმა, არაფრის იმედი რომ აღარა გვაქვს, თავის გადარჩენის ინსტინქტიც რომ დაგვაკარგინეს ამ ნადირმა ბოლშევიკებმა... მოთქმა და ცრემლი არ ვნახო აქ...
მამაკაცები დამნაშავეებივით გაისუსენ. ოლიკო დემურიამ ისევ მოკიდა ხელები ფაცა კორძაიას გაყინულ ხელებს და ისევ განაგრძო მათი გათბობა. ქალებმა ისევ დაიწყეს ყურება სადღაც შორს, მიუწვდენელ სივრცეებისაკენ...
რა ყოფილა ქართველი ქალი უკიდურესი უბედურების დროს, - მაშინ ვნახე, ათი წლისამ, 1956 წლის დეკემბერის ცივ საღამოს, ქალაქ თბილისში, ლერმონტოვის 25-ის პირველი სართულის პატარა, მოუწყობელ ბინაში...
დიდხანს, დიდხანს ებრძოდა გურამი სიკვდილს და მაინც გადარჩა. გადარჩა ღვთის სასწაულით - ყველა სიკვდილის ჯინაზე, ყველა მოტლიკინის ჯინაზე, გადარჩა დიდი მწერლობისთვის, ჩვენთვის დიდი სიხარულის მონიჭებისათვის - მას ხომ უნდა ჩამოეტანა დედამიწაზე ის ამბავი, რომელიც გაიგო იქ, საიდანაც მოგვიბრუნა ღმერთმა: „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“...
მხოლოდ მაშინ ატირდა ფაცა კორძაია, როცა გადარჩენილი შვილიშვილი დაუბრუნდა სახლში.
როცა ეს დღეები მახსენდება, შინაგანი ძალისა და უმოტივაციო სახარულის მოზღვავებას ვგრძნობ. ვხდები ბედნიერზე ბედნიერი და მინდა ყველას გავუზიარო ის, რაც ყველამ იცის უჩემოდაც: რა საოცრებაა ადამიანი, რა ამაღლებული, როგორი გამოუცნობი!
სულ ახლახანს ეს ამბავი რომ გავიხსენეთ, ვაჟა აზარაშვილმა ამოიოხრა, არავის გესმით, რა მევიოლინე დაკარგა ქვეყანამო!.."
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way