USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
„რატომ ჩაიშალა რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ომი“ - «The Spectator» (დიდი ბრიტანეთი)
თარიღი:  596

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „რატომ ჩაიშალა რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ომი“, რომელშიც გაანალიზებულია დასავლეთის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციებისა და ემბარგოს მოქმედების ეფექტი. დასკვნა: აშშ და მისი მოკავშირეები სეცდნენ, როცა ჩათვალეს, რომ რუსეტს ეკონომიკური სანქციებით უკან დაახევინებდნენ. საჭიროა, რომ უკრაინა მეტი სამხედრო საჭურვლით და ტექნიკით იქნეს უზრუნველყოფილი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთში ბევრი იცინოდა, როცა წითელ მოედანზე, მოსკოვში, გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვლადიმერ პუტინის მიერ ჩატარებულ სამხედრო აღლუმში, მხოლოდ ერთი ტანკი მონაწილეობდა, რომელიც დღეს სამუზეუმო რელიქვიად ითვლება. დამცინავთა აზრით, რუსეთმა უკრაინის ომში ძალიან ბევრი სამხედრო ტექნიკა დაკარგა და ახლა მისგან იმ ძლიერი სამხედრო ზესახელმწიფოს აჩრდილიღა დარჩა, რომელსაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა (თუმცა, კაცმა რომ თქვას, აღლუმის ასეთი სახით ჩატარება დასაძრახი არ უნდა იყოს, რადგან  ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ომშია ჩაბმული, ცდილობს ტექნიკა ფრონტზე უფრო გამოიყენოს, ვიდრე რომელიმე ცერემონიალურ ღონისძიებაზე).

რა თქმა უნდა, რუსეთმა მართლაც მძიმე დანაკარგები განიცადა, მაგრამ ჩვენ ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. სიმართლე ისაა, რომ ომი დასავლეთისათვის ისე არ მიდის, როგორც საჭიროა - ყოველ შემთხვევაში, ერთ ასპექტში მაინც.

როცა ვლადიმერ პუტინი გასული წლის 24 თებერვალს თავისი ტანკებით უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა სწრაფად დაიწყეს ორმაგი სტრატეგიის გატარება, რომლის ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ისინი პირდაპირ არ ჩაებმებოდნენ რუსეთთან ომში, მაგრამ უკრაინას იარაღით და სამხედრო ტექნიკით დაეხმარებოდნენ. ზოგიერთმა სახელმწიფომ, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად მოქმედებდნენ, კიევს ქმედითი დახმარება აღმოუჩინეს, ანუ მხარდაჭერის საკითხში სტრატეგიის ამ ნაწილმა წარმატებით გაამართლა: უკრაინამ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის ქვედანაყოფებისადმი და მათ ქვეყნის რიგ რეგიონებში უკან დაახევინა.

სტრატეგიის მეორე მომენტი შედარებით „უხეში და მკაცრი“ აღმოჩნდა: ეკონომიკური ომის გეგმა, რომელსაც რუსეთში ფინანსური შოკი და დღემდე არნახული მასშტაბების მქონე „შიშის კანკალი“ უნდა გამოეწვია. რუსეთი დასავლეთისაგან და მსოფლიოს უდიდესი ნაწილისაგან გარიყული და იზოლირებული უნდა ყოფილიყო, მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედდებოდა სანქციები, ემბარგოები, ბოიკოტორებული იქნებოდა რუსული ექსპორტ-იმპორტი... საბოლოო ჯამში, თეორიულად, ვლადიმერ პუტინის რუსეთი გაღარიბდებოდა, კაპიტულაციას გამოაცხადებდა და მოწინააღმდეგეს ჩაბარდებოდა.

დასავლეთში ცოტა ვინმე თუ ფიქრობს იმაზე, თუ რა ცუდადაა საქმე ომის ამ ასპექტში. ევროპამ თვითონ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა, როცა უარი თქვა რუსული ნავთობისა და გაზის მოხმარებაზე. 2021 წელს რუსული ნავთობის იმპორტი დიდ ბრიტანეთში (ფულადი გამოსახვით) 4,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, ერთი წლის შემდეგ კი, მიმდინარე წლის იანვარში იმპორტი 1,3 მილიარდამდე შემცირდა. 2020 წელს ევროკავშირი რუსულ გაზზე 39%-ით იყო დამოკიდებული, ნავთობზე კი 23%-ით. ეს მაჩვენებლები ერთ წელიწადში შესაბამისად შემცირდა 15% და 14%-მდე.

მაგრამ ამ ციფრებში არ ჩანს, თუ რამდენად უუნარო აღმოჩნდა დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული ენერგოემბარგო. იმიტომ, რომ მალე ცნობილი გახდა - რუსეთთან ეკონომიკური ომით დაინტერესებულია მხოლოდ დასავლეთი და არა მთელი მსოფლიო. დიახ, ევროპაში რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტი შემცირდა, მაგრამ, სამაგიეროდ, კრემლმა სწრაფად გაზარდა ექსპორტი ჩინეთში და ინდოეთში - ორივე ქვეყანამ უპირატესობა მიანიჭა რუსული ნავთობის შეღავათიანი ფასით ყიდვას, ვიდრე მოსკოვთან კონფრონტაციას უკრაინის გამო. უფრო მეტიც - ინდოეთის მიერ იმპორტირებული რუსული ნავთობის ნაწილს, როგორც ჩანს, ფარულად ევროპაც ყიდულობდა: სუეცის არხში მკვეთრად იმატა იმ ტანკერების რაოდენობამ, რომლებსაც გაწმენდილი „შავი ოქრო“ ინდოეთიდან ევროპაში მიჰქონდათ.

იგივე ხდება სხვა მიმართულებითაც: გერმანული პრესის მონაცემებით, სწრაფად იმატა გერმანული ავტომობილების ექსპორტმა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში: მაგალითად, ყაზახეთში 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ავტომანქანების იმპორტი 507%-ით გაიზარდა, სომხეთში კი 761%-ით. ელექტროტექნიკური და კომპიუტერული აპარატურის იმპორტი ყახაზეთში 190%-ით, სომხეთში - 343%-ით. იბადება კითხვები: რატომ იმატა ასე სწრაფად იმპორტმა? რჩება თუ არა იმპორტირებული პროდუქცია აღნიშნულ ქვეყნებში თუ მათი რეექსპორტი მესამე ქვეყნებში ხდება? არსებობს არგუმენტირებული ვარაუდი, რომ მიმდინარეობს დასავლური პროდუქციის რუსეთისაკენ გადამისართება, ანუ რეექსპორტი („პარალელური იმპორტი“, როგორც ამას რუსები უწოდებენ). და თუნდაც მათი ფორმალური რეექსპორტი არ მოხდეს,  დასავლური საქონელი რუსეთში სხვა გზების მეშვეობითაც შედის: ბევრი რუსი, ყაზახი და სომეხი მოქალაქე უვიზო რეჟიმით სარგებლობს და შესაძლებლობა აქვს სანქცირებული  საქონელი საზღვარზე გადაიტანოს და რუსეთში უპრობლემოდ შეიტანოს.

დასავლეთი ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც შეძლებული რუსების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ბედის ირონიით, სწორედ მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ „პარალელური იმპორტის (რეექსპორტის) სიკეთით. სწორედ მათ აქვთ ორმაგი მოქალაქოება, შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა ფუფუნების საგნების შესაძენად. მოკლედ, შეუძლებელია ისეთი აბსოლუტური ემბარგოს გამოცხადება, რომ დასავლური წარმოების საქონელი მდიდარი რუსებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს.

დასავლეთმა სანქციური ომი მსოფლიოში საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენების  გადაჭარბებული გრძნობით დაიწყო. როგორც ჩანს, დასავლეთი არადასავლურ ქვეყნებზე სათანადო ზეწოლას ვერ ახორციელებს: [განვითარებადი სამყაროს - „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს] არ აქვთ სურვილი იმისთვის, რომ რუსეთისა და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესონ. დასავლეთის შეცდომა ყველასათვის აშკარა გახდა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 8,5%-ით უნდა შემცირებულიყო, ხოლო მიდინარე წელს კიდევ 2,5%-ით. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შემცირდა მხოლოდ  2,1%-ით, ხოლო მიმდინარე წელს ფონდი უკვე 0,7%-იან ზრდას პროგნოზირებს! და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინის ომი რუსეთისათვის უფრო მეტ ზარალს იწვევს, ვიდრე ამას შარშან თებერვალში ვინმე წარმოიდგენდა. მოკლედ, რუსეთის ეკონომიკა არ დაინგრეულა, არ ჩამოშლილა, მოხდა მისი ისეთი სახით რეკონფიგურირება და რეორიენტირება, რომ დასავლური კურსი აღმოსავლურითა და სამხრეთულით შეცვლილიყო.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური ომი უშედეგოდ ჩავთვალოთ: კრემლი დასავლური სანქციებისაგან მნიშვნელოვნად დაზარალდა - არა იმ მასშტაბით, როგორსაც ელოდნენ, მაგრამ მაინც. თუმცა, თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ სამომავლოდ რუსეთთან ომს მხოლოდ ეკონომიკური საშუალებებით გააგრძელებს, ბომბებისა და ტყვიების გარეშე, ის ზალიან სცდება.

დასავლურმა სამხედრო ტექნიკამ უკრაინას შესაძლებლობა მისცა რუსეთთან („დავითს გოლიათთან“) ისე ებრძოლა, რომ მასზე გამარჯვების იმედიც კი ჰქონდეს და, რა თქმა უნდა, თავიდან აიცილოს ანექსია პუტინის რუსეთისაგან. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკური სანქციების ეფექტურობას, ჩვენ მათზე ფიქრი კიდევ მოგვიწევს

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/why-the-economic-war-against-russia-has-failed

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.