USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
„რატომ არ უნდა ვენდოთ ჩინეთს უკრაინის საკითხში“ - «The Hill» (აშშ)
Date:  185

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის ჯოზეფ ბოსკოს სტატიას სათაურით „რატომ არ უნდა ვენდოთ ჩინეთს უკრაინის საკითხში“. ავტორი აანალიზებს რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, მხარეთა მიზნებსა და ინტერესებს, ჩინეთის სამშვიდობო წინადადებებს და მიდის დასკვნამდე, რომ პეკინის ნაბიჯები სანდო არ არის, დასავლეთმა უკრაინისადმი დახმარება უნდა გააგრძელოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასულ თვეში სი ძინპინის დიპლომატიურმა გამბიტმა დამაიმედებელი ვარაუდების ტალღა გამოიწვია, რომ იგი ისარგებლებს ვლადიმერ პუტინზე თავისი მზარდი გავლენით და ყველაფერს გააკეთებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების დაწყებისათვის, რათა დასრულდეს ის ომი, რომელსაც თვითონ სი ძინპინი „უკრაინის კრიზისად“ თვლის, ვლადიმერ პუტინი კი ჰიგიენურად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს (თუმცა უფრო ზუსტი იქნებოდა  მისი ასეთი სახელწოდება - „დანაშაულებრივი სპეციალური სამხედრო ოპერაცია“).

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იმედი გამოხატა - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის ნათქვამს თუ გავიმეორებთ - რომ ჩინეთი რუსეთ იარაღით არ დაეხმარება: „ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რაზედაც ჩვენ [პეკინს] დიდი ხანია ვაფრთხილებთ“.

საერთოდ, ჩინეთი დღეს საკმაოდ მომგებიან პოზიციაში იმყოფება: სი ძინპინს ბევრი მთხოვნელი ჰყავს, რომლებიც მის მწყალობელ ყურადღებას ელოდებიან - ზუსტად ისე, როგორც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოუთმენლად ელოდნენ სატელეფონო ზარს პეკინიდან და ცდილობდნენ შეხვედროდნენ თავიანთ თითქოსდა გაუცხოებულ ჩინელ კოლეგებს.

მაგრამ რამდენად შეიძლება დასავლეთს და უკრაინას ჩინეთის იმედი ჰქონდეს? სპეკულაციურია იმის მტკიცება, რომ თითქოსდა პეკინს განსაკუთრებული ბერკეტები აქვს ვლადიმერ პუტინზე ზეგავლენის მოსახდენად - იმიტომ, რომ თითქოსდა რუსეთისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთთის ეკონომიკურ მხარდაჭერას, რომ ეს ნამდვილად ასეა და ფაქტის კონსტატაციას წარმოადგენს. კიდევ უფრო საეჭვო და ილუზორულია ის ვარაუდი, რომ სი ძინპინს ვლადიმერ პუტინისაგან უკრაინის ტერიტორიის დათმობა სურს.

ერთი შეხედვით, დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები შეურიგებელი ჩანს:

ა) ვლადიმერ პუტინის მიზანია თუ მთლიანად უკრაინის არა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლი მაინც შეინარჩუნოს, ყირიმის ჩათვლით.

ბ) ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი მიზანი არაერთხელ განუცხადებია მოსკოვის გასაგონად - მას სურს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყოველი მეტრი მტრისაგან გათავისუფლდეს და უკრაინელ ხალხს დაუბრუნდეს. ამ პრობლემის მოლაპარაკებით მოგვარება იმას ნიშნავს, რომ რომელიმე მხარემ (ან ორივემ ერთად) უკან უნდა დაიხიოს და კომპრომისზე დათანხმდეს.

ძნელია იმის გამოცნობა, თუ  რა დათმობის იმედი აქვს პუტინისაგან ვოლოდიმირ ზელენსკის სი ძინპინის დახმარებით. სრულიად შესაძლებელია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თავის მტრულად განწყობილ კოლეგას ისეთი დაზავება შესთავაზოს, რომლითაც ვლადიმერ პუტინს სახე შეუნარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს კონტროლქვეშ დარჩება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის რაღაც ნაწილი, თუმცა ამ დროს ყირიმი არ იგულისხმება, რომელიც, ორივე მხარის აზრით, „განხილვას არ ექვემდებარება“.

გამორიცხული არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა ვარიანტზეც ფიქრობს: იმის ნაცვლად, რომ რთული მოლაპარაკება გამართოს „ხალხის დაუკითხავად“, იგი, ალბათ, მზად იქნებოდა იმაზე დათანხმებისთვის, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი უკრაინის რუსულენოვანი ოლქების სამომავლო სტატუსის შესახებ, მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, კერძოდ - დონბასში და ყირიმში, მაგრამ არა ისეთი მცდარი შარადული სახით, როგორიც პუტინმა 2022 წელს განახორციელა.

თუ გავითვალისწინებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულობებს, ნაკლებსავარაუდოა, რომ უკრაინელებმა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრება მოისურვონ, ანუ ხმას რუსეთის წინააღმდეგ მისცემენ და ზელენსკიმ შეიძლება მშვიდობიანად რეფერენდუმით მართლაც დაიბრუნოს ტერიტორიები.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა სი ძინპინის შუამავლობას დათანხმდეს, ისაა, რომ პრეზიდენტი დარწმუნებულია უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარმატებაში. ალბათ, ზელენსკი ფიქრობს, რომ ჩინეთის ლიდერი დააჯერებს პუტინს გარდაუვალ და დამამცირებელ დამარცხებაში და ურჩევს, რომ იმიჯის გადასარჩენად დათმობებზე წავიდეს.

ამ ჰიპოთეზის მეორე მხარეც საყურადღებოა: ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება შეშინდეს კონტრშეტევის ჩაშლის გარკვეული შესაძლებლობის გამო - დასავლეთი უკრაინას  შორი მოქმედების იარაღს და ავიაციას არ აძლევს და რასაც აძლევს (მძიმე ტექნიკას), იმასაც დაგვიანებით. თუ მისთვის ესოდენ არასასურველი სიტუაცია დადგება (თუ შეტევა ჩაიშლება), მაშინ დღეს ზელენსკისათვის ყველაზე „კარგი“ გარიგების დადების შესაძლებლობაა შექმნილი - როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის.

და მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში, სი ძინპინი, როგორც პატიოსანი შუამავალი, დიდ ეჭვებს ბადებს. აცხადებს რა საერთაშორისო სამართლის ნორმებისადმი ერთგულებას - ეროვნული სუვერენიტეტისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისადმი - ჩინეთი რუსეთს, ანუ აგრესორს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას უწევს. სი ძინპინმა ომის გაჩაღება დასავლეთს დააბრალა, რუსეთისაგან მეტ ნავთობს ყიდულობს და ფულს უხდის, რომ მოსკოვმა ომის დაფინანსება გააგრძელოს, აწვდის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, რომლებიც უკრაინელთა წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

გავიხსენოთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცინ განის ამასწინანდელი თავხედური „ლექცია“, რომელიც მან პეკინში აშშ-ის ელჩს ნიკოლას ბერნს „წაუკითხა“ და ვაშინგტონი დაადანაშაულა - „ამერიკა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებსო“.

იმის სამაგალითოდ, თუ როგორ იცავს ჩინეთი დიპლომატიურ პრინციპს „სახელმწიფო თავისი სიტყვის ერთგული უნდა იყოს“ ისიც გამოდგება, თუ როგორ აღუთქვა სი ძინპინმა ბარაკ ობამას 2013 წელს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ხელოვნური კუნძულების მილიტარიზებას არ მოახდენდა და პირიქით გააკეთა.

ნიკოლას ბერნსისა და ცინ განის შეხვედრამ ის მთავარი მიზეზი გამოავლინა, რის მიხედვითაც, ჩვენ უკრაინის საკითხში ჩინეთის კეთილსინდისიერებას არ უნდა ვენდოთ. აი, რა თქვა ჩინელმა მინისტრმა: „ამერიკას არ შეუძლია და არც სურს კონფლიქტის შეჩერება და ამ დროს ჩინეთზე ზეწოლას ახდენს და შუამავლობაში ხელს უშლის“. პეკინს მხედველობაში აქვს ის, რომ ამერიკა ჩინეთის მეზობლებს ეხმარება და პეკინის წინააღმდეგ აქეზებს, განსაკუთრებით ტაივანს, რომელიც თავს იცავს „ცისქვეშეთის“ ექსპანსიონიზმისაგან რეგიონში.

პუტინის თავდასხმა უკრაინაზე იმ აგრესიის ანალოგიურია, რომელსაც ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ განახორციელებს. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომლითაც სი ძინპინი პუტინზე ზეწოლას შეეცდება, საბოლოო ჯამში მასვე აზარალებს ტაივანთან მიმართებით. განა პეკინი თავის საზარალოდ იმოქმედებს? არ იმოქმედებს. ამიტომაც მისი საშუამავლო ობიექტურობა და ნეიტრალიტეტი საეჭვოა.

თუ ჩინეთი ტაივანზე დემოკრატიული რეფერენდუმის ჩატარებას დათანხმდება კუნძულის სამომავლო სტატუსის თაობაზე, მოსახლეობა, ბუნებრივია, არ მოისურვებს კომუნისტური დიქტატურის ქვეშ ცხოვრებას და თავისუფლებას აირჩევს. ეს პეკინმა კარგად იცის. ჰოდა, განა ჩინეთი ყირიმსა და დონბასში რეფერენდუმის ჩატარების წინადადებას კრემლს შესთავაზებს და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას მოახდენს? არავითარ შემთხვევაში.

სი ძინპინს უფრო მეტად შეიძლება დათანხმდეს მისგან მოშორებით მდებარე კუნძულის დათმობას, ვიდრე ვლადიმერ პუტინი თავის მოსაზღვრე ყირმსა და დონბასის უკრაინისადმი დაბრუნებას.

ყველაზე სასარგებლო, რის გაკეთებაც სი ძინპინს შეუძლია უკრაინაში ომის შესაწყვეტად, ისაა, რომ კარგი მაგალითი მისცეს ვლადიმერ პუტინს - ჯერ თვითონ თქვას უარი ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე და შემდეგ იგივე ათქმევინოს რუსეთის პრეზიდენტს უკრაინასთან მიმართებით.

დასავლეთი არ უნდა დაელოდოს, სანამ ეს მოხდება და ყურადღება არ უნდა მიაქციოს პეკინის  ყალბ სამშვიდობო ინიციატივებს. დასავლეთმა უნდა დააჩქაროს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის. იგივე უნდა გააკეთოს ტაივანის მიმართაც.

წყარო: https://thehill.com/opinion/international/3995108-why-china-cannot-be-trusted-on-ukraine/

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way